ქართველების ჯვრისწერა დიდ ამერიკაში - გზაპრესი

ქართველების ჯვრისწერა დიდ ამერიკაში

ამერიკაში რომ უამრავი ქართველია, ამაზე არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ დაიწერა ამერიკაში ჯვარი ქართველმა წყვილმა. კარგი დასანახავია, როცა არა მარტო ქველმოქმედების მიზნით, არამედ ლხინის დროსაც ერთ მუჭად შეკრულ ემიგრანტებს ხედავ. ჩვენ ამბის მთავარ გმირს, პატარძალს - ია მოწერელიას დავუკავშირდით...

- ახმეტაში დავიბადე, მაგრამ ბათუმელი ვარ. მამა სამხედრო გახლდათ და შესაბამისად, მთელი ბავშვობა სამხედრო დასახლებაში გავატარე. ჯარის ფორმის გარდა, სხვა ტანსაცმელიც თუ არსებობდა, არ მეგონა. ჩემთვის ფორმა იყო ყველაფერი. თავდაპირველად, რუსულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, მოგვიანებით ქართულ სასწავლებელში გადამიყვანეს. წლების შემდეგ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია - ვიდრე ემიგრაციაში წასვლას გადავწყვეტდი, ბათუმის "აქვარიუმში" ვიყავი დასაქმებული და ჩემი პირველი ხელფასიც მანდ ავიღე. შემდეგ რაღაც პერიოდი ე.წ. საბერძნეთის ოფისში ვმუშაობდი, სადაც საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე გადასასვლელ პასპორტებს ვამზადებდით.

- ანუ სამსახური გქონდათ, საკმაოდ შემოსავლიანიც, მაგრამ ემიგრაციაში წასვლა მაინც გადაწყვიტეთ...

- კი, ეს ნაბიჯი უკეთესი მატერიალური პირობების შესაქმნელად გადავდგი. 2006 წელი იყო. სტამბოლში ჩასულმა შევისწავლე თურქული ენა, ბავშვთა ფსიქოლოგია და სულ მალე ანტალიაში ორ საბავშვო ბაღს ერთდროულად ვხელმძღვანელობდი. ცხადია, ამ ყველაფრის მიღწევა იოლი არ იყო, ამისთვის მართლა ბევრი ვიშრომე... 2013 წელს ბათუმში დავბრუნდი და ოფისი გავხსენი, რომლის წყალობითაც ვფიქრობ, ბევრი ადამიანის გადარჩენა შევძელი და ამით ვამაყობ.

- რას გულისხმობთ?

- როდესაც საქართველოში ექიმები პაციენტებს ოპერაციას ან გამოკვლევას ვერ უტარებდნენ რაღაც მიზეზების გამო, მე ეს ავადმყოფები ტრაბზონის კლინიკაში მიმყავდა, სადაც ერთი თვის მანძილზე სპეციალური პრაქტიკა გავიარე, რათა ექიმებსა და აპარატურას გავცნობოდი, მათ შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი.

- კონკრეტული მაგალითი თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?

- ერთ ასაკიან მამაკაცს გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ვინაიდან დიაბეტით იყო დაავადებული და ეს პროცედურა გარკვეულ რისკთან გახლდათ დაკავშირებული, ქართველი ექიმები ორჭოფობდნენ, ხელი მოეკიდათ თუ არა. მე მისი ანალიზები, დასკვნები ტრაბზონში გადავგზავნე და იქაური ექიმებისგან თანხმობა მივიღე, ჩამოიყვანეო. გაუკეთდა ოპერაცია. კაცს გულ-სისხლძარღვები ისე ჰქონდა დახშული (ვნახე სურათი), რომ ნაბიჯსაც ვერ დგამდა, მერე სუნთქვა უჭირდა. ოპერაციის შემდეგ, ორ კვირაში სიარული კი არა, სირბილი დაიწყო (იცინის). არასდროს დამავიწყდება, ხელებს მიკოცნიდა, შენი დახმარებით გადავურჩი სიკვდილსო და მერე კარგა ხანი მირეკავდა, მკითხულობდა... ეს ბედნიერებაა.

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: 42 წლის ქალბატონს შვილი არ ჰყავდა, უკვე კლიმაქსის პერიოდში დაეწყო და იმედი არ ჰქონდა, ოდესმე დედა თუ გახდებოდა. ამ ქალს უმკურნალეს, დაუბრუნეს ციკლი, გაუკეთდა ინვიტროგანაყოფიერება და საოცნებო შვილიც ეყოლა. ესეც სასწაული იყო...

- თუმცა, თქვენ ეს საქმეც მიატოვეთ და ამერიკაში გაემგზავრეთ.

- დიახ, ასე მოხდა. 2014 წელს დავქორწინდი. ჩემი მეუღლე, ალექსანდრე კაკაჩია ბორჯომელია, ყოფილი სამხედრო, სერჟანტი. ქორწინებიდან 10 თვეში გადავწყვიტეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში წავსულიყავით. მერე რატომღაც გიჟური იდეაც გაჩნდა, - ჯერ ამერიკაში წასვლა ხომ არ გვეცადაო? ცდა ხომ ბედის მონახევრეა და ჩვენც ვცადეთ. არადა, იმ მომენტში საკონსულოში შესასვლელად და მოსამზადებლად საჭირო თანხაც არ გვქონდა, ამიტომ მანქანა გავყიდეთ მიზერულ ფასად. საკონსულოში რიგში მეცამეტე ვიყავით და დაცვამ შემოგვთავაზა, თუ გინდა, შეგიცვლითო. უარი ვუთხარი, - 13 ჩვენი რიცხვია-მეთქი. ჩვენ წინ მდგომ ისეთ ადამიანებს უთხრეს უარი, რომ იქიდან გამოპარვას ვაპირებდით, არანაირი იმედი არ გვქონდა. არადა, 60-70 კაციდან იმ დღეს სამი გამოვედით ვიზით ხელში. კონსულის ერთ-ერთი კითხვა იყო: ცოლ-ქმარი ხართო? - კი-თქო, ვუთხარით, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი რომ მოეთხოვა, ვერ ვუჩვენებდით, არ გვქონდა. ხელი ამერიკაში მოვაწერეთ. სასაცილო და საპანიკო ამბავი მერე დაგვემართა: ხალხს ფული აქვს და ვიზას ვერ იღებენ, ჩვენ ვიზა გვქონდა და წამოსასვლელი ფული - არა (იღიმის). თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი შევძელით და დღეს ამერიკაში ვართ...

GzaPress

- როგორ დაიმკვიდრეთ თავი თქვენთვის უცხო ქვეყანაში?

- პირველ ეტაპზე ნამდვილად გაგვიჭირდა. ვიზით ჩამოსულს მუშაობის დაწყების უფლება ხომ არ გაქვს! თან, ენის ბარიერიც პრობლემად გვექცა, ეს კოშმარი იყო. ერთი პერიოდი ისე გაგვიჭირდა, საქართველოდან მოგვაშველეს ფული, რომ ბინის ქირა გადაგვეხადა... ბოლოს ებრაელებთან დავიწყე მუშაობა, ვალაგებდი. გამიმართლა და ამ ოჯახს მოვეწონე. ჰოდა, ჩემი ქება მოედო მთელ მის სანაცნობოს და ცოტა ხანში რამდენიმე ოჯახმა დამასაქმა. მადლობა უფალს, კარგი ადამიანები შემხვდნენ, არ დამდევნენ კუდში, არც მაკონტროლებდნენ, არადა, მე ხომ სრულიად უცხო ვიყავი მათთვის. ამ საქმეს ერთადერთი მინუსი ჰქონდა, მუხლებზე დამდგარს მიწევდა იატაკის დასუფთავება, იატაკის ჯოხს არ იყენებენ...

ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა სამსახურის შოვნა. ახალჩამოსულმა თურმე, ქუჩაში ქართული ლაპარაკი გაიგონა, გაუხარდა და მათთან მივიდა. როგორც კი სალამი უთქვამს, ეგრევე აქციეს თურმე ზურგი და ისე გააგრძელეს ლაპარაკი, თითქოს მათ გარდა იქ არავინ იყო. ძალიან დასწყდა გული ამის გამო და დღეს, თუ ვინმე გამოელაპარაკება, არ არსებობს ქუჩაში დატოვოს... ნელ-ნელა შევძელით ჩვენ ფეხზე მყარად დგომა. მეუღლემ იშოვა სამუშაო ჯერ "უბერზე", მერე ტრაილერზე. მოგვიანებით მეც ვისწავლე სადისპეტჩერო საქმე და გადამზიდი კომპანია გავხსენი.

ამავდროულად, დავიწყე პლედების ქსოვა. ჩემს ნამუშევრებს ძირითადად ამერიკელები ყიდულობენ. ახლა საიტიც მინდა გავაკეთო, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, რას ვქსოვ.

ასევე ვმუშაობ 88 წლის იტალიელ ბებიასთან. ისეთი ჯანმრთელია, ვამბობ ხოლმე: გონებრივად და მახსოვრობით მგონი, მე მჯობნის-მეთქი. კვირაში ერთხელ ვისვენებ და ვნახულობ მეუღლეს... მოკლედ, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ პირველი ეტაპი უცხო ქვეყანაში ყველასთვის რთულია, მაგრამ მშრომელი ადამიანი 1-2 წელიწადში ყველაფერს მიაღწევს.

- ამერიკაშიც ერიდებიან ქართველების დასაქმებას?

- აქაური ხალხი მუდამ მოღიმარი და მეგობრულია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული: როგორც მოვიქცევით და რასაც დავიმსახურებთ, იმას მივიღებთ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართველები მოვწონვართ. ბევრი ვიცი, სხვა ეროვნების მომვლელს, ქართველი რომ ურჩევნია. ის კი არა, ბებიის რძლის ძმისთვის მთხოვდნენ ქართველი გოგოს მოძებნას. ლამაზები, საქმიანები და კარგი მზარეულები ხართო (იცინის).

- მიიჩნევთ, რომ ამერიკაში ოცნებების ახდენის რეალური შანსია?

- რა თქმა უნდა, თუ მშრომელი, მიზანდასახული და პატიოსანი ხარ, ამერიკაში აუცილებლად შეძლებ ოცნებების ასრულებას. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დრო და მოთმინებაც სჭირდება. აბა, ზოგს რომ ჰგონია, აქ ფული ხეზე იკრიფება, ასე ნამდვილად არ არის. შრომა არ უნდა დაგეზაროს და მიზანს მიაღწევ.

- ახლახან ჯვარი დაიწერეთ და ქართული ქეიფიც გამართეთ შუა ამერიკაში...

- სულ მინდოდა ჯვარი დაგვეწერა, მაგრამ აქამდე ვერა და ვერ მოვაბით თავი. 7 წლის შემდეგ, როგორც იქნა, მოვახერხეთ. ბევრი დაიბნა, ზოგს კითხვა გაუჩნდა: ეს გოგო გათხოვილი მეგონა, რა ხდება, "ფეიკი" ქორწილი ხომ არააო?.. ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ეს დღე... ყველას ეცინებოდა, - პატარძლები თვეების მანძილზე ემზადებიან და შენ სულ რაღაც სამი დღე დაგჭირდა, კაბაც გეყიდა და ბევრი სხვა რამეც მოგეგვარებინაო. ამ სამზადისში ნერვიულობაც არ ამცდა, არადა, სულ მიკვირდა, რატომ ნერვიულობენ პატარძლები... 50 წელიც რომ იყოს ქორწინებიდან გასული, თურმე მაინც ინერვიულებ... სტრესზე ხან თითი ამტკივდა, ხან წელი და ხანაც ყელი... ცხოვრებაში რომ გრიპი არ მქონია, ესეც კი დამემართა. ამ კორონას გადამკიდემ, სურდოს სიმპტომებიდან მეხუთე დღეს ტესტიც კი ავიღე, არავის გადავდო-მეთქი... ვისაც ვარცხნილობა და მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა, იმას კორონა დაუდგინდა და მათი შეცვლაც ჯვრისწერის წინადღეს მომიხდა... მოკლედ, ბევრი დაბრკოლება შემექმნა, მაგრამ ეშმაკებს ვაჯობე და ექსტრემალურ სიტუაციაში ჯვარი დავიწერეთ.

ბავშვობიდან ვოცნებობდი თეთრი კაბის ჩაცმაზე და თურმე, თეთრკაბიან გოგოს რომ დავინახავდი, დედაჩემს მივადგებოდი, - გინდა თუ არა, გამათხოვე-მეთქი (იცინის). მოკლედ, არაფერია გვიან, გოგონებო!!! რამდენი წლის დაქორწინებულიც უნდა იყოთ, თუ სურვილი გაქვთ, ჩაიცვით თეთრი კაბა და გაიხარეთ გულები! თანაც, ახლა მარტო სახელმწიფოს წინაშე კი არა, უფლის წინაშეც ოჯახი გვქვია. ყველას გისურვებთ თქვენი ოცნებების ასრულებას!

GzaPress

- ყველაზე მეტად, რა გენატრებათ?

- ძალიან მინდა ვიყო საქართველოში, ჩემს ხალხთან, ოჯახთან. მინდა ჩავდიოდე ახმეტაში, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. იცით, რა მომენატრა: ბათუმის ზღვა. შიშის გარეშე რომ შეხვალ წყალში და მუხლებამდე შესული არ ელოდები, როდის ამოხტება ზვიგენი. კიდევ, მენატრება რთველი, თონესთან პურის ჭამა, ტალახიანი ბილიკები, სიმინდისა და ატმის ქურდობა... როცა ემიგრაციაში ხარ, ყველაფერი გენატრება და ოცნებებით ხშირად ბავშვობაში ბრუნდები. მოგონებების გარდა რა დაგვრჩენია?

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებსაც ემიგრაციაში წასვლა აქვთ გადაწყვეტილი. რა პლუს-მინუსი აქვს არჩევნის ამერიკაზე გაკეთებას?

- თუ გინდათ მოიწყოთ ცხოვრება, შეიქმნათ ნათელი მომავალი, ჩემი გადმოსახედიდან გეუბნებით, რომ თუ მოახერხებთ, ჩამოდით. აქ ყოფნას ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ შრომის შემთხვევაში უკეთესი მომავლის იმედი არ გაგიცუვდებათ, ხოლო მინუსი - მონატრება და სიშორეა იმ გარემოსი, რომელიც გიყვარს.

- ემიგრანტებისგან თითქოს ხშირად მოითხოვენ ქველმოქმედებას...

- ტვირთად ვერ ჩავთვლი, როდესაც დედას რამით ვეხმარები. მან უმამოდ გაგვზარდა მე, ჩემი და ნატალია და ძმა ილია. მხოლოდ მე და ჩემმა დედმამიშვილებმა ვიცით, როგორი წვალებით გაგვზარდა. შეძლებისდაგვარად, არაფერს გვაკლებდა. ცდილობდა ღირსეულ ადამიანებად აღვეზარდეთ. ის ჩემთვის გმირი ქალია, ჩემი ღმერთი და მის ამაგს ვერასდროს გადავიხდი. ამქვეყნად მარტო დედა მყავს საფიცარი...

ქველმოქმედებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას შეძლებისდაგვარად ვეხმარები, პერსონალურად თუ ჯგუფის - "ემიგრანტების დღიური ამერიკიდან" - წევრებთან ერთად (ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორი ვარ). როცა ვიღაცას უჭირს, ემიგრანტები ერთ მუშტად შეკრულები ვცდილობთ მის დახმარებას, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ გადამოწმების გარეშე. ვფრთხილობთ, რომ ვინმემ ხალხის გულმოწყალებით ცუდად არ ისარგებლოს.

- დაბოლოს, დაბრუნებას არ აპირებთ?

- ოპტიმისტი ვარ. თუმცა, არის ჩავარდნები, დეპრესიაში ყოფნის წუთები, მაგრამ ეს არაფერი. ამერიკაში რომ ჩამოვედით, ჩემი მეუღლე მეუბნებოდა: შენ რომ არა, უკან დავბრუნდებოდიო. რაც უნდა რთული პერიოდი იყოს, ვცდილობ, ყველაფერს ყოველთვის იუმორით, თამაშით, სიცილით და იმედიანად შევხედო... ძალიან მენატრება სამშობლო, მაგრამ არა მგონია, ახლო მომავალში დავბრუნდე. სანამ არ დავინახავ, რომ საქართველოში ყველაფერი თავის ადგილს არ დაუბრუნდება და სიტუაცია არ დალაგდება, მანამდე მხოლოდ სტუმარი თუ ვიქნები საკუთარ ქვეყანაში, სამწუხაროდ. ისე კი, საბოლოო გაჩერება საქართველოა.

ლიკა ქაჯაია