"სპორტის ეს სახეობა საუცხოოდ მოქმედებს ახლომხედველებზე" - გზაპრესი

"სპორტის ეს სახეობა საუცხოოდ მოქმედებს ახლომხედველებზე"

ბადმინტონი, ერთი შეხედვით არაპოპულარული სპორტი, ოლიმპიურ სახეობებს მიეკუთვნება და წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველად პარა-ბადმინტონისტებიც ასპარეზობდნენ. საქართველოში ბადმინტონის ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. დღეს რა ამოცანები დგას ამ დარგის წინაშე, რა სირთულეებს აწყდებიან მისი წარმომადგენლები და რა პერსპექტივას ისახავს - საქართველოს ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტი თინათინ ბაღაშვილი გვიყვება.

- როგორ დაინტერესდით ბადმინტონით და რა მიღწევები გაქვთ?

- ბავშვობიდან სპორტული ვიყავი და სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი. ფრენბურთშიც კარგი შედეგები მქონდა. ჩვენი სკოლის ფრენბურთის გუნდი საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა, "არტეკის" (ყირიმი) ბანაკის საგზურით დაგვაჯილდოეს. მერე ეს გუნდი დაიშალა. ერთ დღეს, შემთხვევით "სკა"-ს სტადიონის მიდამოებში ჩოგნებით ხელში სპორტსმენები დავინახე, რომლებიც იქვე სპორტულ დარბაზში ასპარეზობდნენ, საბჭოთა კავშირის პირველობაზე იყვნენ ჩამოსული. ეს იყო 1968 წელს. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვხვდი ამ დარბაზში, სადაც მწვრთნელ ვლადიმერ ბორიაკის (უნგრული წარმოშობის თბილისელია) ხელმძღვანელობით ბადმინტონის სექცია ფუნქციონირებდა. ჩემთვის ასაკის გამო გვიანი იყო ვარჯიშის დაწყება, მაგრამ რადგან ფიზიკური მომზადება მქონდა, მაინც ვცადე. საერთოდ, 6-7 წლიდან შედიან ამ სახეობაზე. თავიდან გამიჭირდა, თანატოლებთან ვაგებდი, გული ამიცრუვდა და თავი დავანებე. მაგრამ მწვრთნელმა ვლადიმერ ბორიაკმა დამარწმუნა, რომ ვარჯიში უნდა გამეგრძელებინა. მეც მოვინდომე და დაახლოებით სამ თვეში (უკვე მეათეკლასელი ვიყავი) საქართველოს ნაკრებში მოვხვდი. მერე იყო საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრები, ჩემპიონი გავხდი და "B" ჯგუფიდან "A" ლიგაში გადავედი. საბჭოთა კავშირის "ბურევესტნიკის" ნაკრების შემადგენლობაში მოვხვდი და მიწვევდნენ შეკრებებზე, ასევე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და ტურნირებში ვმონაწილეობდი. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ყველა კატეგორიაში და საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. აქტიურ სპორტში 1985 წლამდე ვიყავი.

- რომელიმე დასამახსოვრებელი ტურნირი გაიხსენეთ.

- სპორტში ზოგჯერ ხდება ისე, რომ რაც დაგეგმილი გაქვს, ვერ ასრულებ. მაგალითად, მქონია შემთხვევა, ვიგებდი 8:0-ს (ქალები მაშინ 11 ქულამდე თამაშობდნენ) და ის პარტია წავაგე. ყოფილა პირიქითაც. ერთხელ, საბჭოთა კავშირის ტურნირზე ქალაქ გორკიში 8:0-ს ვაგებდი და მოვიგე - მეორე სუნთქვა გამეხსნა, როგორც ამბობენ. ძალიან მსიამოვნებს ბალტიისპირეთში (კლაიპედა) ჩატარებული ტურნირების გახსენება. საბჭოთა პერიოდი იყო და ცოტა უჩვეულო. ღონისძიებაზე თამაშდებოდა სპეციალური პრიზები, მათ შორის "მის ტურნირის" პრიზი. ეს ტიტული ორჯერ მოვიპოვე და საჩუქრებიც გადმომცეს, რასაც დღემდე ვინახავ.

- ბადმინტონსა და ჩოგბურთს შორის ასოციაცია თავისთავად ჩნდება. მათ შორის რა ძირითადი განსხვავებაა?

- ბადმინტონის თამაში მოყვარულის დონეზე, ჩოგბურთთან შედარებით, გაცილებით ადვილია. ჩოგბურთი უნდა იცოდე, რომ ითამაშო. ბადმინტონს, ჩვენი ბავშვობიდან დაწყებული, ეზოში ყველა თამაშობდა და ერთ-ერთ გასართობ სახეობას წარმოადგენდა. პროფესიული თვალსაზრისით, ჩოგბურთელს უფრო შეუძლია ბადმინტონი ითამაშოს, პირიქით თუ არის - გაუჭირდება. ფიზიკური დატვირთვა საკმაოდ დიდია ბადმინტონში, ოღონდ ერთი თამაში გაცილებით ნაკლებ ხანს გრძელდება, ვიდრე ჩოგბურთში. ორივეგან საჭიროა სისწრაფე და ფიზიკური გამძლეობა, მაგრამ ბადმინტონის ფრთიანი ბურთის - ვოლანის სიჩქარე გაცილებით დიდია. ათვლის შედეგად დადგენილია, რომ ვოლანის ფრენის რეკორდული სიჩქარე დღეს 493 კმ/სთ-ს შეადგენს. წარმოიდგინეთ, რა სისწრაფით დაფრინავს! ამიტომ ხშირად ტყდება და ფუჭდება. ერთ თამაშში ზოგჯერ ათჯერ შემიცვლია ბურთი. დარბაზში დარტყმების დროს ისეთი ხმაურია, წუილი ისმის. საერთაშორისო ტურნირებზე ბუმბულის ვოლანით თამაშობენ, ხოლო დამწყები სპორტსმენები პლასტიკურით ვარჯიშობენ, რადგან უფრო დიდხანს ძლებს და ორჯერ იაფია.

GzaPress

- საქართველოში ბადმინტონის პირველი წლები როგორ განვითარდა, ვინ იყვნენ პირველი ჩემპიონები?

- ოფიციალურად ბადმინტონი 1960-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა და მალე გაიხსნა ჯგუფები სხვადასხვა ქალაქში. 1991 წელს შეიქმნა საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია, 19 ივლისს 30 წელი შესრულდა ამ თარიღიდან. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მალევე გახდა ბადმინტონის მსოფლიო ფედერაციისა და ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის წევრი. საქართველოში საუკეთესო შედეგი მამაკაცებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე დავით კავილაძეს ჰქონდა. პირველი თაობის წარმომადგენლებიდან აბსოლუტური ჩემპიონი ალექსანდრე დავიდოვი იყო. ქალებში საუკეთესოები იყვნენ იულია კონდრატიევა - პირველი სპორტის ოსტატი და რიტა ოკინაშვილი. მე ვიყავი მეორე საქართველოში, ვინც საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება დაიმსახურა. ეს იყო 1979 წელს.

- წელს რომელ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველო?

- პანდემიის გამო სპორტის ყველა სახეობაში კალენდარში ცვლილებები მოხდა, უქმდებოდა როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ღონისძიებები. რთული ვითარების მიუხედავად, ივნის-ივლისში ფედერაციამ მაინც მოახერხა ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის "რეგიონული პროექტი 2021"-ის (ასაკი 15-17) ჩატარება და მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით ორი პროექტის განხორციელება. საქართველოში დაგეგმილი გვქონდა სამი ქვეყნის - უკრაინის, სომხეთისა და ჩვენი მონაწილეობა, მაგრამ პანდემიის გამო უკრაინის ნაკრები ვერ ჩამოვიდა. თუმცა, ტურნირი მაინც ჩატარდა. 17-23 ივლისს ასევე, ერევანში გაიმართა იმავე ეგიდის რეგიონული ასპარეზობა, რომელშიც საქართველოს იუნიორთა ნაკრები (ასაკი 13-15) მონაწილეობდა სომხეთისა და რუსეთის ბადმინტონისტებთან ერთად. ამ პროექტის მიზანია, ახლო რეგიონებმა შეკრება შეძლონ საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, სადაც სპორტსმენები და მწვრთნელები ერთმანეთს გაეცნობიან, გამოცდილებას გაუზიარებენ.

- თქვენ როდის მოხვედით ფედერაციაში?

- 2014 წლის მარტში ჩატარდა არჩევნები, მოვედი და ფაქტობრივად, ისტორიის ათვლა ხელმეორედ დავიწყეთ, რადგან თითქმის 25 წლის განმავლობაში ბადმინტონს დიდი ჩავარდნა ჰქონდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. ეს სახეობა კრიზისის შედეგად საქართველოში დაკარგული იყო. თვით სპორტულ სამყაროში, სპორტის სამინისტროშიც, ფედერაციად არ აღიარებდნენ. უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ პირველი წელი როგორღაც გაგვევლო, უცხოელი მეგობრები დაგვეხმარნენ. განსაკუთრებით გამოვყოფ ბულგარეთის ბადმინტონის ფედერაციისა და ამავე დროს, ბალკანეთის ქვეყნების ბადმინტონის ასოციაციის პრეზიდენტის, პუზანტ კასაბიანის დიდ წვლილს და მხარდაჭერას. იგი არის ბადმინტონის ფანატი და ცდილობს, განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს. საინტერესოა, რომ ბატონმა პუზანტმა ბადმინტონი ბულგარეთში საქართველოდან შეიტანა. სომხური წარმოშობის კასაბიანი ბულგარეთში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ საქართველოსა და სომხეთთან კონტაქტები მუდმივად ჰქონდა. 60-იანი წლების დასაწყისში სოხუმში იმყოფებოდა, აქ გაეცნო ბადმინტონს, დაესწრო შეჯიბრებას, გაიცნო პირველი თაობის სპორტსმენები და მას შემდეგ დიდი მეგობრობა აკავშირებს ჩვენი ქვეყნის ბადმინტონისტებთან. ბატონი პუზანტის დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენმა ფედერაციამ რთული პერიოდი დასძლია და საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. მსოფლიო ბადმინტონის სფეროში იგი საკმაოდ გავლენიანი და დაფასებული პიროვნებაა და მის აზრს იზიარებენ. ჩვენც დავაფასეთ მისი ღვაწლი, თანადგომა და საქართველოს ბადმინტონის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად ავირჩიეთ.

- ბადმინტონის პოპულარიზაციისთვის, რა თქმა უნდა, ბავშვების მოზიდვაა საჭირო.

- ძალიან კარგია ეს სახეობა ბავშვებისთვის, ჰარმონიულად ავითარებს მთელ სხეულს, სისწრაფეს, სისხარტეს, მოქნილობას, კოორდინაციას, ხელს უწყობს ძვლების გაძლიერებას - ვურჩევთ მშობლებს, რომ შვილები აზიარონ ბადმინტონს. სხვათა შორის, საუცხოოდ მოქმედებს ახლომხედველებზე და ვინც სათვალეს ატარებდა, იმ ბავშვებს კარგი შედეგი ჰქონდათ. ამას ადასტურებს სამეცნიერო კვლევებიც.

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

- ვცდილობთ, ფედერაციის წინსვლისთვის ავამაღლოთ წევრების კვალიფიკაცია და მივავლინოთ თანამშრომლები (მსაჯები, მწვრთნელები, ადმინისტრატორები) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე. წარმატების შემთხვევაში ისინი საერთაშორისო სერთიფიკატს იღებენ. ასევე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოს სასკოლო ფედერაციასთან, რადგან ბადმინტონი შეტანილია სასკოლო ოლიმპიადაში. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობდნენ ევროპის პირველ სასკოლო ოლიმპიადაში, რომელიც 2016 წელს საფრანგეთში ჩატარდა და ბადმინტონისტებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. ვატარებთ სკოლის სპორტის მასწავლებლებისთვის სემინარებსა და ტრენინგებს, რათა მეტი მოსწავლე დაინტერესდეს ბადმინტონით. გვსურს Airbadminton-ის (თამაში ღია სივრცეში) განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ესეც ერთ-ერთი წინსვლა იქნება, რადგან ყველა მსურველი შეძლებს ბადმინტონის თამაშს როგორც დარბაზში, ასევე გარეთ - ღია სივრცეში. წელს შემოდგომაზე ვაპირებთ მოვაწყოთ Airbadminton-ის ფესტივალი, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის 30 წლის იუბილეს (თუ პანდემიის გამო შეფერხება არ გვექნება) და ყველა მსურველს საშუალება ექნება, ითამაშოს ბადმინტონი პარკებსა და სკვერებში. კარგი იქნება, თუ ამ წამოწყებაში მხარს დაგვიჭერს მერია და ადგილობრივი თვითმართველობები. ვცდილობთ, ბადმინტონი მასობრივ სპორტის სახეობად ვაქციოთ.

აღიარებისა და დაფინანსების კომისიამ ჩვენი ფედერაცია უკვე აღიარებულ ფედერაციათა რიგს მიაკუთვნა - კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გვაქვს დაფინანსება. ბიუჯეტი მცირეა, მაგრამ იმედია, ჩვენი შრომით მოვახერხებთ სამომავლოდ მაღალი კლასის სპორტსმენების გაზრდას და შედეგების საფუძველზე, ბიუჯეტის მომატებასაც.

ნანული ზოტიკიშვილი