"შვილებისთვის ბანკომატებად ქცეულები, საკუთარი თავისთვის წამალსაც არ ყიდულობენ" - გზაპრესი

"შვილებისთვის ბანკომატებად ქცეულები, საკუთარი თავისთვის წამალსაც არ ყიდულობენ"

სურდა, დედისთვის შრომა შეემსუბუქებინა და და-ძმებსაც დახმარებოდა. მარიამის დედაც და ბებიაც წლებია, საბერძნეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. "ყველაზე მძიმეა უყურო ემიგრანტ დედებს, რომლებიც საკუთარი ოჯახის სარჩენად მძიმე სამუშაოს ასრულებენ და შვილებისგან ვერ ისმენენ სიტყვებს: "მიყვარხარ" და "სახლში დაბრუნდი". ეს დედები ბანკომატებად გადაიქცნენ თავიანთი შვილებისთვის", - გულისტკივილით აღნიშნა საუბრისას.

- როდესაც მივხვდი, რომ საქართველოში მუშაობით ოჯახს ვერ დავეხმარებოდი, გადავწყვიტე, დედასთან წავსულიყავი საბერძნეთში და იქიდან დავხმარებოდი მათ. რთული გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის დედისგან შორს ყოფნა, უმისობას ვერ ვეგუებოდი. მეგონა, რომ დედა ასე არ მოიქცეოდა, ვერ შეძლებდა ექვსი შვილის დატოვებას, მაგრამ იმაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. დაამტკიცა, რომ შვილებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებდა, თავისი გრძნობები და პირადი ცხოვრება გვერდზე გადადო, აიღო ჩემოდანი, ჩემს უმცროს დას ხელი ჩაჰკიდა და წავიდა. მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი: ჯერ უდედობა მტკიოდა, შემდეგ - დედის ტკივილი, ამხელა ტვირთი რომ აიღო საკუთარ თავზე, და მერე კიდევ ჩემი პატარა და-ძმის ტკივილი, მათ დედა ჩემზე მეტად სჭირდებოდათ. ოჯახის სათავეში აღმოვჩნდი. მეც პატარა ვიყავი, მაგრამ ვალდებულებას ვგრძნობდი მამის წინაშე. მას დახმარება სჭირდებოდა, მარტო თავს ვერ გაართმევდა ყველაფერს. ასე დაიწყო უდედოდ ცხოვრება. დროთა განმავლობაში თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება, მაგრამ სულ გტკივა უდედობა. გინდა, "დედა" დაიძახო, მაგრამ სიტყვა გეყინება...

- რამდენჯერმე აღნიშნე, რომ გული გტკივა, რადგან შვილები ვერ აფასებენ ემიგრანტი დედების შრომას...

- შვილს ფულზე მეტად დედა სჭირდება. ვერ გავამართლებ დედებს, რომლებიც შვილებს ტოვებენ და მიდიან. ვიცი, ეს რამხელა ტკივილია. მესმის, დედებსაც სტკივათ და უჭირთ უცხო ქვეყანაში ოჯახის გარეშე ცხოვრება, მძიმე სამუშაოს შესრულება, მაგრამ შვილის ტკივილთან ეს მოსატანიც არ არის. ფული ვერ შეცვლის დედის სითბოს და სიყვარულს. რაც შეეხება ემიგრანტობას, არც უცხო ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობაა იოლი. ყველას არ შეუძლია გაუძლოს ემიგრანტულ ცხოვრებას. ხშირად ქალები ერთი სამსახურიდან გარბიან მეორეში, საკუთარი ჯანმრთელობის, ნერვების, დამცირების ფასად იღებენ იმ გასამრჯელოს, რომელსაც ბოლო თეთრამდე გზავნიან ოჯახებში, საკუთარი თავისთვის კი ერთ ევროდ ღირებულ წამალსაც არ ყიდულობენ.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული, როდესაც ახალ ცხოვრებას იწყებდით საბერძნეთში?

- პატარა ვიყავი, ბებო ემიგრაციაში რომ წამოვიდა და წლები ისიც არ მენახა, მხოლოდ ვიდეოზარით ვიცნობდი. თავდაპირველად ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემთვის საყვარელი, დიდი ხნის უნახავი ადამიანები ვნახე, თუმცა მალე ჩემი პატარა და-ძმა მომენატრა. ჩემთვის საყვარელი ადამიანები არიან საქართველოში და მიჭირს მათ გარეშე. ჩემი სახლიც მენატრება, სადაც მთელი ბავშვობა და-ძმებთან გავატარე. შეიძლება, მაშინ ბევრი რამ გვაკლდა, მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ფუფუნებაში გვეცხოვრა, მაგრამ მაინც... მამა ყოველთვის მუშაობდა, მაგრამ მისი ხელფასი დიდ ოჯახს არ ჰყოფნიდა თვიდან თვემდე და ბევრ რამეზე გვიწევდა უარის თქმა, ამ დანაკლისს კი ერთმანეთის სიყვარული გვივსებდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით.

- ვიცი, უარი თქვი უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზეც. რა იყო ამის რეალური მიზეზი?

- როდესაც სკოლა დავამთავრე, საკუთარ თავს ვკითხე, ვიყავი თუ არა მზად იმისთვის, რომ ჩემი და-ძმა დამეტოვებინა სოფელში და მე თბილისში გადავსულიყავი განათლების მისაღებად? ეს ვერ შევძელი, ვერ დავტოვე. მარკეტში დავიწყე მუშაობა და ასე ვცადე ოჯახის დახმარება. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი სტუდენტობაზე, მაგრამ არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, ოცნებები სრულდება და სწავლას სექტემბერში, ათენში დავიწყებ.

- რა გასწავლა ემიგრანტობამ?

- დამოუკიდებლობა მასწავლა. დავაფასე ის, რაც მაქვს და ვისწავლე ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. "რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს". ჰოდა, ემიგრანტობა არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. თავი უნდა გაიტანო, უნდა იბრძოლო გადასარჩენად; ან შენ შეჭამ, ან სხვები შეგჭამენ. ამიტომაც უფრო ძლიერი და მებრძოლი გავხდი.

- რაზე ოცნებობ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი?

- ხშირად ვოცნებობ სახლში დაბრუნებაზე. მინდა, ჩემი სოფლის სახლში მთელი ოჯახი ისევ ერთად შევიკრიბოთ, როგორც წლების წინ; მინდა, ჩვენი სახლიდან ისევ ექვსი ბავშვის სიცილი ისმოდეს.

- უკვე კარგად იცი, რას ნიშნავს ემიგრანტი დედის შვილობა და ემიგრანტობაც. რას ეტყვი ემიგრანტების შვილებს?

- დააფასონ დედების შრომა; მათგან მხოლოდ ფულისა და ამანათების მიღებას ნუ დაელოდებიან; ხშირად გაუმეორონ, რომ უყვართ და შეეცადონ, შინ დააბრუნონ, თუნდაც დანაზოგის გარეშე. ყველა შვილს მინდა ვუთხრა, თქვენს დედებს ძალიან მძიმე შრომის ფასად უწევთ იმ ანაზღაურების მიღება, რასაც გიგზავნიან თქვენივე კეთილდღეობისთვის. დააფასეთ და პატივი ეცით მათ შრომას.

ფიქრია რობაქიძე