"მომწონს მოკლე ვარცხნილობა და შარვალი, ტანსაცმელს კი სქესი არა აქვს" - გზაპრესი

"მომწონს მოკლე ვარცხნილობა და შარვალი, ტანსაცმელს კი სქესი არა აქვს"

მისი განსხვავებული გარეგნობაც უეჭველად მოგხვდებათ თვალში. ეს მარიამ სარალიძეა. იტალიაში ცხოვრობს. ბლოგერობა პანდემიის დროს გადაწყვიტა და მას შემდეგ აქტიურად წერს ვიდეოებს. ამბობს, რომ ემიგრაციის მძიმე წუთებსაც ამით იმსუბუქებს. პოპულარობა მისი მიზანი არ ყოფილა, ხალხმა თავად შეიყვარა და თვითონაც უყვარს თავისი "გამომწერები":

- სხვა ბევრი ემიგრანტისგან განსხვავებით, ვალები და გაჭირვება არ გამხდარა ჩემი ემიგრაციის მიზეზი. მინდოდა, დამოუკიდებლად ცხოვრება მეცადა და გადავწყვიტე, ყველასგან შორს წავსულიყავი. ემიგრანტობა არ ნიშნავს იყო რკინა, არ გქონდეს ნერვები და იტანდე ყველაფერს. თავიდან ძალიან გამიძნელდა, საქართველოში დავტოვე ძმისშვილი, რომელზე ძვირფასიც არავინ მყავს. უცებ აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, უცხო სახლში მოხუცის მომვლელად, რომელსაც პამპერსი უნდა გამოვუცვალო. ამაზე რომ მეფიქრა, შეიძლება გადავრეულიყავი და ვისწავლე, რომ გონება უნდა "გავყინო", არ ვიფიქრო.

- რამ მიიქცია შენი ყურადღება და რა მოგეწონა ყველაზე მეტად იტალიაში?

- ისევე, როგორც ყველა ერს, იტალიელებსაც აქვთ ბევრი დადებითი და უარყოფითი თვისება. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს არის ჭამის რეჟიმი, რასთან შეგუებაც გამიჭირდა.

- ვიზუალის გამო ხშირად ხდები ბულინგის მსხვერპლი, როგორ რეაგირებ აგრესიულ კომენტარებზე?

- იუმორით ვპასუხობ. თავიდან უფრო განვიცდიდი, მაგრამ ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. ასეთი ვარ, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას - არა, მაგრამ არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, შეურაცხყოს მეორე მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს განსხვავებული გარეგნობა ან კანის ფერი. ეს კატეგორიულად მიუღებელია.

- "ტიკ-ტოკზე" ხშირად განიხილავენ შენს ორიენტაციას, რაზედაც იუმორით პასუხობ. შინაგანად მაინც არ განიცდი? ეს ხომ ძალიან პირადულია...

- არა ვარ ის ადამიანი, ვინმეს რამე ვუმტკიცო. ის, რომ მაცვია მათგან განსხვავებულად და გამოვირჩევი ვიზუალით, მათ არ აძლევს უფლებას, საჯაროდ განიხილონ ჩემი ორიენტაცია. ხშირად ვშლი მსგავს კომენტარებს, იშვიათად შეიძლება ვუპასუხო და რა თქმა უნდა, ისიც იუმორით. ეს ადამიანები არ არიან ღირსნი, რომ მათ გამო ვინერვიულო.

- ბავშვობაშიც თუ განსხვავდებოდი თანატოლებისგან, სკოლაშიც გამხდარხარ ბულინგის მსხვერპლი გარეგნობის გამო?

- თანატოლებისგან გამოვირჩეოდი მაშინაც და ამას კლასელები გაგებით ეკიდებოდნენ. ერთი შემთხვევაც კი არ მახსოვს, რომ ვინმეს დავებულინგებინე. ჩვეულებრივად ვცხოვრობდი მათ გვერდით, მეც მყავდა ბევრი მეგობარი და ის ფაქტი, რომ მათგან გარეგნობა გამომარჩევდა, არაფერს ნიშნავდა.

- თქვი, რომ გაიზარდე ძალიან ტრადიციულ ოჯახში იმერეთში. როგორ მიიღო ეს განსხვავებულობა ოჯახმა?

- ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. მომწონს მოკლე ვარცხნილობა და შარვალი, ტანსაცმელს კი სქესი არა აქვს. ვინ განსაზღვრა, რა უნდა გვეცვას?.. ის უნდა ჩავიცვათ, რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ და არა ის, რაც ჩვენს მეზობელს მოეწონება.

- ვინ არის გოგონა, რომელიც ხშირად ჩანს შენს ვიდეოებში?

- მე და მაკუნას ორწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ემიგრანტებმა იციან, როგორ გვიწევს აქ ცხოვრება - ქირაობ ოთახს დამსაქმებლის სახლში და სხვა ადამიანებთან ერთად ხარ. მაკუნაც იქ გავიცანი. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. როდესაც ემიგრაციაში მიდიხარ, არ გყავს არავინ, რჩები სრულიად მარტო და ეძებ ახალ მეგობრებს. სწორედ მაშინ გამოჩნდა მაკუნა, როდესაც ძალიან მიჭირდა ოჯახის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარეშე ყოფნა. მას შემდეგ მხარში მიდგას, მხოლოდ ნამდვილი მეგობრობა გვაკავშირებს და სხვა არაფერი - ეს მათთვის, ვისაც ასე აინტერესებთ ჩვენი ურთიერთობა...

GzaPress

- როგორ ფიქრობ, არის ეს პლატფორმა დაცული არასრულწლოვნებისთვის და რამდენად საფრთხის შემცველია?

- არანაირად არ არის დაცული, უფრო მეტიც, უტაქტო კომენტარების 90% იწერება ბავშვებისგან. თავად ბავშვები ხდებიან ერთმანეთისგან ბულინგის მსხვერპლნი. მინდა ვუთხრა ქართველ დედებს: ის, რომ თქვენი შვილი სახლშია, არ ნიშნავს, იყოთ მშვიდად; გამოართვით ტელეფონები და შეამოწმეთ. ხშირად მომისმენია დედისგან: ჩემი შვილი სხვას არ დააბულინგებს და ცუდ კომენტარს არ დაუწერსო. კარგი, თქვენი შვილი არ დაუწერს, მაგრამ იქნებ თქვენს შვილს უწერენ! თუ მშობელი არ გააკონტროლებს შვილს, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგამდე მივიდნენ, ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს ბულინგს და მით უმეტეს, მოზარდის.

- დღეს რომ საქართველოში იყო, შეძლებდი ისე მშვიდად ცხოვრებას, როგორც იტალიაში?

- რა თქმა უნდა, ვერა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ. იმის გამო, რომ საყურე ეკეთათ ბიჭებს და განსხვავებული ფერის მაისურები ეცვათ, დაზარალდა ბევრი ტურისტი. ვნახეთ ისიც, თუ როგორ გაუსწორდნენ ჟურნალისტებს; ვხედავთ, რა უფლებებით სარგებლობენ უმცირესობები და ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებიან ამ ბრბოსგან. საქართველოში მშვიდად ცხოვრება ვფიქრობ, შეუძლებელია. ამ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, განათლების მიღებისა და მუშაობის საშუალება ისე, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.

- გაიხსენე ყველაზე მძიმე პერიოდი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.

- ეს იყო პერიოდი, როდესაც სკოლაში მივედი. მშობლებს სოფელში დაბრუნება მოუხდათ, რომ ოჯახი ერჩინათ, მე დასთან ერთად დავრჩი თბილისში. ჩემი და ცამეტი წლით უფროსია და ის მზრდიდა. როდესაც პირველ კლასში შევედი, ის პირველი კურსის სტუდენტი იყო. როდესაც შინ ვბრუნდებოდი, მარტოს მიწევდა ჭამა, გაკვეთილების მომზადება და შემდეგ კლასელთან სათამაშოდ გავდიოდი. ძალიან რთული იყო ჩემთვის იმის ყურება, როგორ აჭმევდა მას დედა, როგორ ეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში, მე კი ამ ყველაფრის გაკეთება მარტოს მიწევდა. ეს ბავშვისთვის დიდი სტრესია, მაგრამ ამან გამაძლიერა და ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც დღეს ვარ.

ფიქრია რობაქიძე "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონადან