"ჩემპიონით" მთაში - გზაპრესი

"ჩემპიონით" მთაში

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ არაერთხელ დაწერილა და თქმულა. პარკს საფუძვლად დაედო ბორჯომის ნაკრძალის შექმნა (ეს სტატუსი ტერიტორიას აქვს 1935 წლიდან) და საბოლოო ფორმით ჩამოყალიბდა 1995 წელს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე წერია: "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა... ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს".

არის თუ არა სინამდვილეში მარკირებული ყველა ბილიკი ან არის კი ათვისებული ბოლომდე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამ პარკს? გაგონილსა და წაკითხულს საკუთარი თვალით ნანახი სჯობს და გადავწყვიტე, ლომის მთის მარშრუტი გამევლო.

რეპორტაჟი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანიდან. ვახანი მესხეთის (იგივე აჭარა-იმერეთის) ქედის განშტოებაზე მდებარეობს და ადგილობრივთა აზრით, უძველესია (ლეგენდის თანახმად, დავით აღმაშენებელსაც კი აქვს "ღამე გათეული" ვახანის ციხეში, რომელიც XV-XVI საუკუნისაა და ფაქტია, რომ რეალობას მოკლებულია აღმაშენებლის იქ სტუმრობა)...

ვახანი იმერეთის ან ქართლის სამეფოების ნაწილი იყო იმის მიხედვით, რომელი ქართული სახელმწიფო იმძლავრებდა და მიისაკუთრებდა. ამაზე, ისევე როგორც აღმაშენებლის "ვოიაჟზე" მასპინძელს არაფერს ვეუბნები. ზოგადად, ზემო იმერეთში აზნაურული ფსიქიკა მძლავრობს და ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც შინ მიწების შესყიდვის ნამდვილი გუჯარი უდევთ, არ უნდა ედავო მარტივი მიზეზის გამო: წინაპრებს ოქროთი აქვთ ეწერი მიწა ნაყიდი და გულსაც დასწყვეტ "ურწმუნოებით".

ჭიქავების ოჯახი მმასპინძლობს. დილის 5-ზე შეიძლება გავიდეთო, მაცნობეს. ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ დილაადრიან მომაყენებენ აღკაზმულ ცხენს და თვალშეუწვდენელ ქედს შევუყვები. ვიცი, ჭლაჭეს ცხენზე უნდა დავჯდე და გავუყვე 18-კილომეტრიან აღმართს, მაგრამ ჭლაჭე "პირს გვიცვლის". მასპინძელი ამბობს, რომ უკეთესს მიშოვის. დილის ხუთის ნაცვლად ცხრაზე, აღკაზმული ცხენებით კარზე მოგვადგა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მამა-შვილი - შალვა და ვალერი. ჩემთვის ულაყია გამოყოფილი, სახელად "ჩემპიონი". უკვე მეც გადამედო სიამაყე, სად ჭლაჭეს ცხენი, რომელიც არც მინახავს და სად ადგილობრივ დოღში რამდენჯერმე გამარჯვებული წაბლა? გადავნაწილდით 5 კაცი ტვირთით, ცხენებითა და იმედით, რომ გზად არც გაგვიავდრდებოდა, არც მზე ამოგვწვავდა სახეს. ვახანი გადავსერეთ ცხენოსნებმა, გზადაგზა თვალს ხვდებოდა უპატრონობით გულმოკლული სანახები, მინაჩამსხვერეული სახლები, ჩაქცეული სასიმინდე, ნასახლარი ბუხრის ყელით, ზარმაცი და მარჯვე გლეხების ყანები (სიმინდის მოვლის მიხედვით იოლად დაადგენდი პატრონის ზნე-ხასიათს!) და მერე დაიწყო უსასრულოდ გაგრძელებული აღმართი.

GzaPress

"ჩემპიონი" გრძნობს ჩემს გამოუცდელობას და მიფრთხილდება. შალვა, ზორბა ახალგაზრდა კაცი ნაცრისფერ ცხენზეა ამხედრებული, მაგრამ უმეტესად ვერ მისწრებს, რადგან გზად დათვის, ტახის, შვლის კვალს უყურებს (პარკის თანამშრომელია და ბევრი რამ ევალება). ჰო, შალვამ ქედის კალთაზე ერთი ძირი ტყემალი შეამჩნია და გადმოგვძახა, გარეული ღორებისთვის ეს მთავარი ხილია, უფრო ზევითაც იქნება მეორე ძირი, მისი ნაყოფი უნდა გავიყოლოთ, ლომის მთაზე ისეთი ბატკნის ჩაქაფული გაგასინჯოთ, გემო ვერ დაივიწყოთო (მის ვაჟს ცხენზე დაკრული ცხვარი მოჰყავს). ხუთეულში ასაკით უფროსი დავითი 18 წლის ფაშატზე ზის და თითქმის ერთი წონისანი არიან ცხენი და მხედარი. ფაშატს გაურავებული კვიცი მიჰყვება და დროდადრო დედას წოვს, რასაც მხედრის გაგულისება მოჰყვება, რადგან დისკომფორტი არავის უყვარს...

გზა იწელება, მზე მაღლდება. პირველი ხანგრძლივი დაყოვნება იმ ადგილზეა დაგეგმილი, სადაც გარდაცვლილი მეტყევის ხსოვნისათვის დადგმულია "პამიტნიკი". მხედრების სიმძიმისგან დროებით გათავისუფლებული ცხენები ხვიხვინით სვამენ წყალს და მივდივართ ისევ მაღლა. კოლხურ ტყეს ნელ-ნელა სიმაღლებრივად შეცვლილი ტყე მოჰყვა ჭნავებით, წიფლებითა და ნაძვებით. ზოგან ცაცხვიც ჩანს, უდროოდ შეყვითლებული ფოთლითა და დიდი ფუღუროებით. ლეკის ხეების მომრავლება იმას ნიშნავს, რომ მალე ალპური ზონა უნდა დაიწყოს, მაგრამ ჯერ კიდევაა ბარის ძლევამოსილება წარმოდგენილი: მჭადა სოკოებს შეუფარებიათ თავი ნეშოსთვის. სოკოს ვაგროვებთ, ყველაზე "მოხდენილებს" უმადვე ვჭამ და თან თუშეთისა და სვანეთის გზებს ვადარებ იმ სიპიანებს, რომლებზეც მიჩინდრიკობენ ცხენები. აბანოს და უღვირის უღელტეხილები, პირიქეთა ალაზანისა და ენგურის ხეობები ვაკეებად მოგეჩვენება აქაურ ფრიალოებთან. ვალერი მაფრთხილებს, თუ ცხენს ფეხი დაუსხლტება, უზანგიდან ფეხი გამოყოფილი სჯობს, პირუტყვს გაუშვებ და თან არ გაგიყოლებსო... ერთგული "ჩემპიონი" ისევ ფრთხილად მიმატარებს, ვერასდროს გაიმეტებ უფსკრულში ჩასაჩეხად...

"კიმოთეს ჩატეხილსაც" გავცდით. მანამდე ათიოდე მეტრის სიმაღლეზე თავგადახერხილ წიფელს მაჩვენებენ, ეგ წაიქცა, გადაჭრეს ბილიკის გასასუფთავებლად და "ფეხზე წამოდგაო". ასეა, სიცოცხლეს ყველა და ყველაფერი ვებღაუჭებით. აი, "კიმოთეს ჩატეხილზე" ცოტა უწმაწური ამბავი მოვისმინე: კიმოთეს ქალი მოუტაცებია და მდევრის დაწევამდე ქალი ამ აღმართში "დანებებიაო". ისეთი დაღლილი ვარ, ეს ისტორია უკვე არანაირ ემოციას არ იწვევს, თუმცა, მოგვიანებით, ქვაბისხეველმა მწყემსებმა მაინც გამახსენეს ქალის გადანახულება-მოტაცების ამბავი...

გამოჩნდა ლომის მთაც. 2250 მეტრის სიმაღლის შიშველი მთა, რომლის ერთ კალთაზე, ტაფობზე ლომის მთის წმინდა გიორგის ტაძარია აგებული. მიხარია, რომ მალე მივალ მწყემსების ბინამდე და 6-საათიან მგზავრობას დავასრულებ... ტაძრის ახლოს ორი ბორჯომელი მწყემსია, წითელ ღვინოს წრუპავენ. ჩამოდით, ჩამოსხედით, განა იმერლები არ გვიყვარსო? აქაო, ოდითგანვე იმერლები და თორელნი იკრიბებოდნენ, ეს იყო იმდროინდელი "ჯეობარი", ქალის გადანახულება, ნიშნობა და საქმის გაჩარხვა აქ იწყებოდაო, იმერლები ჩვენ მიგვყავდა, იმერლებს ჩვენებური ქალებიო... გზაგადაღმით ქვაბისხეველთა ნახირი ძოვს უმადოდ - სიცხეს პირუტყვიც დაუღონებია. საღამოს აცივდება ისე, ეს სიცხე ნატვრად იქცევაო, - მეუბნებიან. მწყემსების ბინა მომცრო ერთი ოთახია ფიცრის ნარითა და ყელმობრეცილი ბუხრით. ბინის გადაღმით წყაროა ხის მორების გეჯებით, რომლებითაც გაწალიკებული პირუტყვი რწყულდება შუადღისას. საკუთარ წონას ვეღარ ერევიან ნიკორები, ნიშები, წიქარები, ბუღიები. ალპური მიხაკი და უკვდავა ყვავის სამყურებისა და კულმუხოების გვერდით. დეკიანის ფოთლები რკინასავით გაუხეშებულა და კოღო-ბუზთა თავშესაფრად ქცეულა. მწყემსების ბინიდან ნახევარ კილომეტრში დგას ლომის მთის წმინდა გიორგის ტაძარი, ხის ნასაყდრალის ალაგას აშენებული სალოცავი, რომელიც აერთიანებდა თორელებსა და იმერლებს მოყვრობით, ზოგჯერ ნაღვინევი ჩხუბითა და მერე შერიგებით... ასეთია ერთი თვალის გადავლებით აქაურობა.

ღამის მოახლოება მთაში სხვა განზომილებაა. დაქანცულ მწყემსებს ფარღალალა ფარეხში (ბაკში) თვლით შეჰყავთ პირუტყვი. ჩამორჩენილ სასუქებს მწყემსთაგან ერთი ცხენდაცხენ გაუდგება... როცა მზის უკანასკნელი სხივი ჩაიწურება დასალიერში და მნათობი მეორე დილამდე მთვარეს უთმობს საუფლოს, ძლიერი ქარი იწყებს ქროლას. გზით გატანჯვის მიუხედავად, როცა დაძინება უპირველესად გეჩვენება, მაინც ცოცხლდება მისტიკა ფიქრებში. გეჩვენება, რომ ლომის მთიდან დღისით წმინდა გიორგი უყურებს ქვეყანას, სითბოსა და სიკეთეს ანაწილებს ყველგან. მერე, საღამოს, მთას ტოვებს, ბარს ეწვევა, რათა ნაკლები ბოროტება მოხდეს ხალხმრავლობაში... მთის ნაპრალებში შემალული ეშმაკი დროს იხელთებს ბინდში და აღძრავს ცივ, ქარაქვეტა წვიმას ან სულაც სეტყვას, რათა უსაგნო პატივმოყვარეობა ღამით მაინც დაიკმაყოფილოს... ეს მხოლოდ დილამდე! მერე მზე აღმოსავლეთიდან ამოგორდება, წმინდა გიორგიც ცოდვებით დამძიმებული ბარიდან ისევ თავის საუფლოს ააკითხავს და ეშმაკიც იმალება სადღაც ნაპრალებში...

მწყემსის ცხოვრება რუტინულია. დილიდან საღამომდე ვეება საძოვარზე გაშვებული პირუტყვის ყურისგდებით არ სრულდება მისი მოვალეობა. ღამითაც ხშირად უნდა შემოუაროს ბაკს ხმაურით, დააფრთხოს ნადირი, თუ ახლომახლოა... არავინ იცის, როდის მოუნდება დათვს ტყიდან ამოსვლა, მგელსა და ტურასაც შეუძლია ზარალის მიყენება. საზვარაკე ცხვარი მწყემსის ბინაში უკანასკნელ ღამეს ათევს, მეორე დილას ლომის მთის წმინდა გიორგის უნდა შეეწიროს. ეს ბატკნის უკანასკნელი კომფორტის ზონაა...

მწყემსურ სუფრას ძველი ამბების მოსმენაც ალამაზებს: როგორ შევიდა ადრე წათხის სუნზე ირემი ქოხში ან როგორ დაეკიდა ერთი ვახანელი ქორბუდას რქებზე და ხელი მანამდე არ გაუშვა, ვიდრე რჩოლისგან დაღლილი ცხოველი ძირს არ დაეცა!

GzaPress

მესამე დღეს ბარისკენ წამოვედი. არც მეგონა, თუ ასე იოლი იყო ბარში დაბრუნება. ცხენები სწრაფად მოაბიჯებდნენ, თითქოს მხედრების სურვილს იგებდნენ. ზურგს უკან რჩება ცამდე აწვდილი ლომის მთა, წმინდა გიორგის ტაძარი, "კიმოთეს ჩატეხილი"... ალბათ ის ნაკლებადაა საინტერესო, ხის დაბლა დაწეული ტოტის ზემოთ აწევისას როგორ გამიძვრა ფეხქვეშ ცხენი, როგორ ატყდა ჯერ მალული სიცილი ამ უხერხულობის გამო, მერე ხარხარად რომ მოედო წიფლნარს და საბოლოოდ ნახევარმა ვახანმა გაიგო ხის ტოტზე სარეცხივით დაკიდებული ჟურნალისტის შესახებ.

სრულად ცოდვამიტევებულად თავჩათვლილი დავბრუნდი ბარად და არასდროს ვიზამ პირს ლომის მთისკენ-მეთქი, ვთქვი, მაგრამ ლომის მთის წმინდა გიორგის სურვილი თუ იქნება, ეგებ ისევ ავუყვე "ჩემპიონით" აღმართებს.

ჰო, ერთმა მწყემსმა მითხრა, თემურ-ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში, სამ თვეს ცხენიდან ჩამოუსვლელად მოისწრაფოდა აქეთ და შენ რა გჭირსო?..

P.S. თუ თემურ-ლენგი საქართველოსკენ სამ თვეს ცხენიდან ჩამოუსვლელად მოდიოდა, ჩვენ რამ უნდა დაგვაბრკოლოს და ვერ ვნახო ჩვენივე სამშობლო თავისი კუთხეებით? თუ ახვალთ ლომის მთაზე, ეგებ თქვენ მართლა იგრძნოთ, რომ დღისით წმინდა გიორგი მთიდან უყურებს ქვეყანას, სითბოსა და სიკეთეს ანაწილებს ყველგან. მერე, საღამოს, მთას ტოვებს იმისთვის, რომ ბარში ღამით ნაკლები ბოროტება მოხდეს...

როლანდ ხოჯანაშვილი