გომბორის ტყის მასალისგან შექმნილი საყოფაცხოვრებო ხის ნივთები - გზაპრესი

გომბორის ტყის მასალისგან შექმნილი საყოფაცხოვრებო ხის ნივთები

გომბორში ერთი პატარა სოფელია, რუსიანი. ახლა იქ ცხოვრობს. მისი დილა ადრიანად იწყება. ყველა საოჯახო საქმეს რომ მოილევს, მერე ხის ნივთების შესაქმნელად ინსტრუმენტებთან მიდის. ზურაბ ბაღიაური 60 წლისაა და სხვადასხვა ხის მასალისგან საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებს.

- გომბორში, რუსიანში ვცხოვრობ. წარმოშობით ამ სოფლიდან ვარ. ბაღიაურები ფშავლები ვართ. რუსეთში დავიბადე და შემდეგ ჩემი მშობლები ისევ თავის სახლში, საქართველოში დაბრუნდნენ. ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებდი. პაპაჩემს ხეზე მუშაობა კარგად ეხერხებოდა. ხან სკამს გააკეთებდა, ხან - ჯამს. მისგან ვისწავლე ეს საქმე. 10-12 წლიდან პაპას ვეხმარებოდი. მაშინ ხარ-კამეჩი გვყავდა, უღელი გაფუჭდებოდა, გამოუცვლიდა, ურემს ახალ ნაწილს გამოუთლიდა ან შინ ტახტს ფეხს შეუკეთებდა. პირველი შეხებაც ამ საქმესთან ეს იქნებოდა, პაპას ხშირად ვეხმარებოდი და არ მახსოვს, რა გავაკეთე პირველად.

- რამდენი ხანია ხეზე მუშაობთ ასე აქტიურად?

- ერთხანს რუსთავში ვცხოვრობდით, სკოლა იქ მაქვს დამთავრებული. საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, 80-იანი წლების ბოლოს, ჩემი კლასელის ხის საამქროში მივედი და 3-4 წელი მასთან ერთად ვიმუშავე ავეჯზე, ჩუქურთმის გამოჭრა ვისწავლე. პროფესიით გეოდეზისტი ვარ და მოგვიანებით, 2001-2002 წელს, ცოტა რომ გამოსწორდა სიტუაცია, ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა. მაშინ უკვე თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი პროფესიით რამდენიმე წელი ვიმუშავე, მაგრამ მერე სამსახურს თავი დავანებე. მშობლები უკვე ასაკში იყვნენ შესული, მიხედვა უნდოდათ და მათთან სოფელში წავედი. 7-8 წელია, აქ ვარ. სოფელში სხვა რა უნდა მეკეთებინა და გადავწყვიტე, ხის ნივთების დამზადება დამეწყო.

- ტრადიციულ ქართულ სტილში არ არის გადაწყვეტილი თქვენი ნამუშევრები, მგონია, თანამედროვე იერი აქვს. წინასწარ ჩანახატებს აკეთებთ თუ ეს არ გჭირდებათ?

- არა, ჩანახატებს არ ვაკეთებ. დავჯდები და ინტერნეტში, "იუთუბზე" ვნახულობ სხვადასხვა ნამუშევარს. მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრია. რაღაც იდეა რომ მომეწონება, ვიმახსოვრებ და მერე ვცდილობ, ჩემებურად გავაკეთო.

GzaPress

- მეურნეობას მისდევთ? ცხოველ-ფრინველი გყავთ?

- რა თქმა უნდა, აბა, სოფელში უმაგისოდ როგორ იქნება?! 2 ძროხა, 2 ბოჩოლა, 4 ცხვარი, ქათმები... ცოტ-ცოტა ყველაფერი მყავს.

- ბოლო წლებში, რომ ვაკვირდები, სოფლებში საქონელი აღარ ჰყავს მოსახლეობას. თქვენთანაც ასეა?

- დიახ. სოფელში ჩემს ბავშვობაში 35 კომლი იყო, ახლა 20-მდეა. აქედან ნახევარზე მეტი პენსიონერია. შვილები ზოგს უცხოეთში ჰყავს და ზოგსაც ქალაქში. არის ჩემი ტოლი ხალხი და ჩემზე უფროსი. შვილები კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ აკითხავენ. სასმელ-საკვებს, წამალს მოუტანენ და ეგრე არიან. სოფელი ნელ-ნელა კვდება. ბავშვი თითქმის არ დარბის სოფელში. ყველგან ასეა. როგორც გითხარით, პროფესიით გეოდეზისტი ვარ და მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, ყველგან იგივე სურათია. სოფლებში საქონელი გაწყდაო, აღნიშნეთ, და ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფომ ისეთი რეგულაციები შემოიღო, აზრი არა აქვს მის ყოლას. გლეხმა ძროხა რომ დაკლას, გომბორიდან მანქანით უნდა წაიყვანოს მარნეულის სასაკლაოზე, იქ უნდა დააკვლევინოს, ორივეგან ფული გადაიხადოს და მერე მას აღარაფერი რჩება. ასეთ პირობებში საქონლის ყოლა არ გიღირს. აზრი მითხარი, რისთვის ვიყოლიო, თუ უნდა ვიზარალო?!

- შინ დაკვლა აღარ შეიძლება?

- არა, შინ რომ დაკლა და გზაზე გაიტანო, ორი ძროხის ფული ჯარიმა მოგიწევს. ასეა რძის პროდუქტზეც: ძროხა რომ მოვწველო, ყველი ამოვიყვანო და ქალაქში ჩავიტანო, 10-12 ლარად გადამყიდველს უნდა ჩავაბარო. ამ დროს ვინმე თბილისში მცხოვრები 1 ტომარა რძის ფხვნილს იყიდის, გახსნის და 2 წუთში აქვს 20 კილო ყველი. წავა და იმავე ფასში გაყიდის... მომხმარებელი ვერ ხვდება, ნამდვილი რძით ამოყვანილ ყველს ყიდულობს თუ ფხვნილით დამზადებულს. სახელმწიფოს ამის რეგულაცია არა აქვს და... მოკლედ, ბევრი წვრილმანია. ახრჩობენ გლეხობას, ახრჩობენ (იღიმის).

- თქვენი დღე ალბათ ადრიანად იწყება...

- 6-ის ნახევარზე (იღიმის), მაგრამ ადრე ვწვები - 10-11 საათზე, თორემ ვერ გამოვიძინებ. საქონელს მივხედავ, მივალაგებ, მერე იარაღებთან მივდივარ. თუ რამე ახლის დაწყება მინდა, მასალებიდან ვირჩევ, თუ არა და წინადღის ნამუშევარს ვაგრძელებ. ტყეში დავდივარ, წაქცეულ ხეებს ვნახულობ. დიდი მასალა მე არ მჭირდება, მაქსიმუმ ნახევარ მეტრამდეც საკმარისია. იქვე ადგილზე გამოვჭრი, გამოვთლი და შინ მომაქვს, ვამუშავებ.

- სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს ძირითადად რა მასალისგან ამზადებთ?

- რცხილა, ნეკერჩხალი, კაკალი, ტყემალი, თელა... გომბორში შერეული ტყეა და მასალაც მრავალფეროვანია. ვინაიდან სოფელი დაცლილია, შეშას არავინ ჭრის და მასალის შოვნა არ ჭირს. თან ამ ბოლო დროს ამინდი გიჟურად იქცევა, ხან ძალიან ცხელა, ხან ცივა, ხანაც ისეთი ქარი დაუბერავს, ზოგჯერ ჯანმრთელ ხეებსაც აქცევს. არადა, ამ ადგილას ქარი არ იცოდა ჩემს ბავშვობაში... ზოგჯერ მდინარე ადიდდება და მოაქვს ხის ნაჭრები, ფესვები. იქიდანაც შევარჩევ ხოლმე რამეს. პურის, ხორცის, მწვადის, ყველის დაფებს ვაკეთებ, თეფშს, ჯამს, ფიალას. სხვადასხვა ტკბილეულისა თუ თხილეულის ორ-ოთხნაწილიან თეფშებს. ყავის, შაქრის ჩასაყრელიც მაქვს და გეგმაში ცოტა მოზრდილის დამზადებაც - მარცვლეულის ჩასაყრელად.

- გეხმარებათ ვინმე თუ მარტო მუშაობთ?

- ხანდახან მეხმარებიან, მაგრამ მაინცდამაინც დიდ ინტერესს არავინ იჩენს ამ საქმის მიმართ. სოფელში 2 პატარა ბიჭია, 13-14 წლის, რომლებიც ზოგჯერ შემოვლენ ეზოში და დამისხდებიან გვერდით. თავისთვის რაღაცებს თლიან. მეტყვიან ხოლმე, დანის ტარი გაგვაკეთებინე, ზურა პაპაო, და მეც ვეხმარები.

- ზურა პაპა, ისე, ამა თუ იმ რეგიონში რომ მისაუბრია ხელსაქმით დაკავებულ ადამიანებთან, მეუბნებიან, სიამოვნებით ვასწავლიდით ახალგაზრდებს, მაგრამ მსურველები არ არიანო. მანდაც ასეა?

- აქაც, კი. რაღა შორს წავიდე, ჩემი შვილიშვილებიც ასე არიან. ოღონდ ტელეფონი დაანახვე, წაართმევ და მორჩა, ცხოვრება გაშავდა (იღიმის).

- რამდენი შვილიშვილი გყავთ?

- სამი შვილი და 7 შვილიშვილი.

- არც ერთს არ სურს თქვენი ხელობის შესწავლა?

- ერთი მყავს, დემე ჰქვია, ჩემი შუათანა გოგოს შვილია. ჯერ პატარაა, 8 წლის, მაგრამ რაღაც-რაღაცებს ცდილობს, აკეთებს. შეიძლება რამე გამოვიდეს.

- თქვენთან ვინმე თუ მუშაობს კიდევ ხეზე?

- ერთი სოფლის ბოლოში მე ვარ და მეორეში კიდევ ერთი ჩემი ხნის კაცია. ისიც ცოტ-ცოტას მუშაობს ხეზე. აქ ისეთი ადგილია, ან საქონელი უნდა გყავდეს, ან ხეზე მუშაობა შეგეძლოს. საწარმო აქ არ არის და არაფერი, პატარა "ჩიხია".

GzaPress

- სკოლა თუ აქვს თქვენს სოფელს?

- არა. ადრე იყო დაწყებითი, 4 კლასამდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოფელმა დაცლა დაიწყო, 2-3 ბავშვისთვის მასწავლებლები ვერ ივლიდნენ, ამიტომ გადაიტანეს გომბორში. ამ სოფლიდან გომბორამდე 2,5 კილომეტრია, ბავშვები იქ დადიან. ბოლო წლებში სახელმწიფომ ამ მოსწავლეებისთვის მანქანა გამოყო. ბავშვებს მძღოლი დილით ჩაიყვანს და გაკვეთილების შემდეგ ისევ რუსიანში ამოიყვანს. ეს ამბავი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია.

- გზების საკითხი როგორ არის?

- გზა სანატრელი გვაქვს. თან ბოლო წლებში ისეთი წვიმებია და ნიაღვრები მოდის, გზას სულ რეცხავს.

- რა ხარობს კარგად თქვენს მხარეში?

- ხილი: ქლიავი, მსხალი, ვაშლი. ლობიო და კარტოფილი კარგად მოდის. ცოტ-ცოტა მარცვლეულიცაა დათესილი. ყურძენი ვერ ხარობს, მაღალია, 1300 მეტრზე ზღვის დონიდან. პატარა ხეივანი კი მაქვს, ადესაა დარგული, მაგრამ უბრალოდ სილამაზისთვის ან საკომპოტეთ თუ გამოდგება, თორემ მისგან ღვინო ვერ დადგება. შაქრიანობა არ ყოფნის.

- ბატონო ზურა, ნივთების რეალიზებას როგორ ახდენთ - ადგილზე, თბილისში მოგაქვთ თუ ინტერნეტით?

- ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ხდება რეალიზება. ფოსტით გაგვიგზავნია ქუთაისში, ბათუმში. თბილისში მსურველებისთვის სახლშიც მიგვაქვს. 8 თვეა რაც ეს საქმე წამოვიწყეთ, ნელ-ნელა კიდევ ვამატებ ხელსაწყოებს და ვფიქრობ, სახელოსნოც გავაკეთო. ეს უკვე მომავლის პერსპექტივაა.

- დედაქალაქში საცხოვრებლად დაბრუნებას აღარ აპირებთ?

- არა. ქალაქში რომ ჩამოვიდე, უსაქმოდ ვერ დავჯდები. მუშაობას კი დავიწყებ, მაგრამ ჯობს, ახალგაზრდებმა იმუშაონ გეოდეზიაში და მე სოფელში ვიყო (იღიმის).

- თან, როგორც ვგრძნობ, მოგწონთ და გსიამოვნებთ ის საქმე, რასაც აკეთებთ...

- რა თქმა უნდა. რასაც აკეთებ, თავად თუ არ მოგწონს, სხვასაც არ მოეწონება.

ანა კალანდაძე