რეგიონებში სპექტაკლად ქცეული "დედა ენა" გადაიფურცლა - გზაპრესი

რეგიონებში სპექტაკლად ქცეული "დედა ენა" გადაიფურცლა

"ძალიან მომეწონა", "სახალისო იყო", "გაგვიხარდება, კიდევ თუ ჩამოხვალთ", - ასე ამბობდნენ პატარები, როცა ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი "დედა ენა" ნახეს. ღია სივრცესა თუ დარბაზებში სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდნენ როგორც თოჯინა ბიჭუნასთან, ისე იმ მსახიობებთან ერთად, ვინც ბავშვების წინაშე მთელი წარმოდგენის განმავლობაში იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო გვერდების მიხედვით გადაფურცლა და პატარებს რამდენიმეწუთიანი შთამბეჭდავი სანახაობა აჩუქა.

1-დან 10 აგვისტომდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის თოჯინების თეატრი საგასტროლო ტურნეს მართავდა. გასტროლის მარშრუტი იყო: ჭიათურა, ტყიბული, ლიხაური, ურეკი, ნატანები, ხელვაჩაური, სუფსა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ტყვიავი და ვარიანი. პრიორიტეტი უმთავრესად ისეთ სოფლებს მიენიჭა, სადაც მოზარდებისთვის თეატრი ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ნერონ აბულაძე (თეატრმცოდნე, თოჯინების თეატრის დირექტორის მოადგილე):

- თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი თითქმის ყოველწლიურად ატარებს შიდა გასტროლს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მოკლედ შევეხები პანდემიამდე გასტროლს, რომელიც ასევე კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მაშინ აქცენტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებზე, მაღალმთიან რეგიონებსა და დასავლეთ საქართველოზე გვქონდა. წარმოვადგინეთ: ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლები - "საქართველო" და "შინელი" და თამაზ იმნაძის "ნაცარქექია". წელს მდგომარეობა შეიცვალა და პანდემიურ პერიოდში პირველად ჩავატარეთ გასტროლი. კულტურის მინისტრისა და სამინისტროს უშუალო პოზიცია იყო, რომ კულტურის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, გასტროლი ისეთ სოფლებში განხორციელებულიყო, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდობას თეატრალურ კულტურასთან არა აქვთ წვდომა. სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი: ლიხაური, ნატანები და ურეკი. ამავე პრინციპით შეირჩა გურიის კიდევ ერთი მხარე: ლანჩხუთი და სუფსა. რაც შეეხება აჭარას, საგასტროლო ტურნე განვახორციელეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხოლო შიდა ქართლში - სოფლებში: ვარიანსა და ტყვიავში. წაღებული გვქონდა სპექტაკლი "დედა ენა", რომელიც შესაძლებლობას გვაძლევდა გვეთამაშა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეშიც.

- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, დღევანდელ თეატრალურ ცხოვრებას კარგად იცნობთ და ამ თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა იმ ადგილებში, სადაც იყავით? ასევე გკითხავთ, რა საშუალებები არსებობს ბავშვებისთვის, ხელოვნების ამ დარგს ეზიარონ?

- პირდაპირ გეტყვით - კატასტროფული მდგომარეობაა. თუმცა, ყველა რეგიონს შეფასების ერთი და იმავე კრიტერიუმით ვერ მივუდგებით. დავიწყოთ ჭიათურით. ეს თეატრალური ქალაქია. თეატრს დიდი ისტორია აქვს და შესაბამისად, მოსახლეობაც მოტივირებულია, სპექტაკლებზე იაროს. თეატრს რეპერტუარში აქვს როგორც საყმაწვილო, ისე უფროს თაობაზე გათვლილი წარმოდგენები. რაც შეეხება მეორე მუნიციპალიტეტს, ეს ტყიბული გახლდათ. იქ არის კულტურის ცენტრი და როგორც თეატრმცოდნე, ვიცნობ რამდენიმე სპექტაკლს, თუმცა ძალიან გამიჭირდება, მათი სრულყოფილი შეფასება. სხვათა შორის, მაყურებლის დაინტერესებაზე შემიძლია ვთქვა - ყველაზე მეტი დაინტერესება ტყიბულში იყო. დაახლოებით 600-კაციან დარბაზში მინიმუმ, 500 მაყურებელი იჯდა. აქვე დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ტყიბულის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მიუდგნენ ჩვენს გასტროლს და ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ მოსახლეობას ინფორმაცია ჰქონოდა. შემდეგ ლიხაურში გადავინაცვლეთ, არც იქ შეინიშნებოდა მაყურებლის სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ რაიონში არსებული კულტურის ცენტრები არ არის ბოლომდე ადაპტირებული სათეატრო ნაგებობასთან (ამაში სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მონაცემებს ვგულისხმობ) და სოფელ ლიხაურის კულტურის ცენტრში ვერ მოხერხდა დეკორაციის განთავსება შესასვლელი კარის სიმცირის გამო, სპექტაკლი ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში არაჩვეულებრივად წარიმართა. მაყურებელი ინტერესით შეგვხვდა და გვთხოვეს, რომ ამ ტიპის გასტროლი ხშირად განმეორდეს, რადგან ბავშვების ესთეტიკური აღზრდის, შემეცნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, იქ ბავშვებს თეატრალურ კულტურასთან წვდომა არა აქვთ. ოზურგეთში არის ერთი დრამატული თეატრი, სადაც თოჯინური წარმოდგენები იმართება, მაგრამ სოფლებში - არა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სპექტაკლზე დამსწრე ბავშვების უმრავლესობა საერთოდ არ იყო თეატრში ნამყოფი... მომდევნო გაჩერება გახლდათ ურეკი, სადაც აქტიურ ფაზაშია კორონავირუსი. სპექტაკლი ღია სივრცეში ვითამაშეთ, რადგან კულტურის ცენტრის შენობაში დეკორაცია ვერ განვათავსეთ. წარმოდგენამ ნორმალურად ჩაიარა მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით, რასაც ვერ ვიტყვით ნატანების კულტურის ცენტრზე, სადაც არც ერთი ბავშვი არ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული. აქვე გეტყვით, რომ ოზურგეთის მერიასთან გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც გულისხმობს ჩვენი მხრიდან სპექტაკლის ჩატანა-ჩატარების უზრუნველყოფას, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ვალდებულებას, მოახდინოს მაყურებლის მობილიზება, სხვადასხვა სოფლიდან ტრანსპორტით უზრუნველყოფა ერთ ლოკაციაზე, სადაც "დედა ენას" წარმოვადგენდით. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ნატანების კულტურის ცენტრის დირექტორს ამ პროექტის მიმართ ნდობა არ ჰქონდა. მან თქვა, ჩემი ფუნქცია მხოლოდ ის იყო, თქვენთვის კარი გამეღოო... უხერხული სიტუაცია შეიქმნა, თუმცა, მაინც ვითამაშეთ სპექტაკლი და მომდევნო დღეს ხელვაჩაურს ვესტუმრეთ. იქ ძალიან თეატრალური მაყურებელია. ფუნქციონირებს თოჯინების სახალხო თეატრი, თოჯინების დრამატული თეატრი (სახალხოს სტატუსის მატარებელი), ძალიან კარგი მეთოჯინეები ჰყავთ და შესაბამისად, ბავშვებს აქვთ საშუალება ეზიარონ თეატრალურ ხელოვნებას. თითქმის გადავსებული იყო დარბაზი. მაყურებელმა სპექტაკლი ძალიან კარგად მიიღო. სუფსაში რთული პანდემიური ვითარებაა. კულტურის ცენტრის დაახლოებით 8 თანამშრომელი იყო ინფიცირებული. ამ ლოკაციაზე სპექტაკლის ჩატარება საფრთხის შემცველი გახლდათ, ამიტომ შევცვალეთ ადგილი და სუფსისავე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში წარმოვადგინეთ. ასევე რთული ეპიდვითარებაა გურიაში, კერძოდ - ლანჩხუთში. მიუხედავად ამისა, პარტერი მაინც შეივსო და უპრობლემოდ გაიმართა ჩვენი წარმოდგენა. ჩოხატაურში ვიზიტი დაემთხვა 8 აგვისტოს - მოგეხსენებათ, ეს ჩვენთვის ისტორიულად რთული და ტრაგიკული თარიღია, შესაბამისად, კულტურის სამინისტროსთან უშუალო შეთანხმებით, ტაქტიკა შევცვალეთ, სპექტაკლის სანახავად მოსულ ბავშვებთან რამდენიმე სცენა გავითამაშეთ და შემდეგ შემეცნებითი შეხვედრა გავმართეთ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მე და ასევე მსახიობებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში საშუალება გვქონდა, ბავშვებისთვის თეატრზე, თოჯინების თეატრის ისტორიაზე მოგვეთხრო. თითოეულ პატარას ჰქონდა თოჯინასთან შეხებისა და მასთან თამაშის შესაძლებლობაც.

GzaPress

- როგორი იყო ბავშვების შთაბეჭდილებები?

- ეს მათთვის დიდი ზეიმი, დღესასწაული იყო - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბავშვების ემოციები და აზრები თოჯინების თეატრის "ფეისბუკ"-გვერდზე მოკლე ვიდეოებზე ავსახეთ. იყო შემთხვევა, როცა სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ბავშვმა მშობელს "დედა ენის" შეძენა სთხოვა. ვფიქრობ, ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სკოლამდელი, ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, მათი გემოვნების დახვეწის, თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების, შემეცნებისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ საბაშვილის სარეპერტუარო პოლიტიკა მრავალფეროვანია, მასში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ სცენაზე იმ ნაწარმოების განხორციელება, რომელიც სასწავლო პროგრამაშია. შესაბამისად, რეპერტუარში არსებული სპექტაკლები გახლავთ სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით სრულად ინტეგრირებული სასწავლო პროცესთან, როგორც "დამხმარე სახელმძღვანელო"...

- ტყვიავსა და ვარიანში იყო თქვენი პროექტის დასკვნითი დღე...

- დიახ. ტყვიავის კულტურის ცენტრში კარგად მობილიზებული იყო მაყურებელი, ხოლო პროექტისა და გასტროლის დასკვნით წარმოდგენაზე ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში მაყურებელთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მთელი ეზო სავსე იყო. გვთხოვეს კიდევ ერთხელ სტუმრობა. ღია სივრცეში მაყურებელთან ურთიერთობითა და სპექტაკლების გამართვით მსახიობებიც კმაყოფილები არიან. კულტურის სამინისტრომ დაგვიფინანსა მეორე პროექტიც, რომელსაც "მოძრავი თეატრი" ჰქვია და მისი პრინციპია ნებისმიერ სივრცეში ადაპტირება - იქნება ეს სასკოლო დარბაზი, სკვერი თუ მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილი. ის იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიით და მომდევნო სეზონიდან თავისუფლად შევძლებთ სხვადასხვა ადგილას გასვლას. რეპერტუარშიც შევიტანთ ისეთი ტიპისა და სპეციფიკის სპექტაკლებს, რომლის გამართვის შესაძლებლობა იქნება ყველგან, მათ შორის ღია სივრცეში.

ჩვენი თეატრის პრიორიტეტი იყო, არის და სამომავლოდაც დარჩება აქტიური შიდა გასტროლი, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა იმ სოფლებსა და რეგიონებში, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს საშუალება არა აქვთ, თეატრალურ ხელოვნებას ეზიარონ.

ანა კალანდაძე