"თავის ტვინს ყველაფრის დასწავლა შეუძლია" - გზაპრესი

"თავის ტვინს ყველაფრის დასწავლა შეუძლია"

როცა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა აქვს, როცა არ მოსწონს საკუთარ თავთან და გარემოსთან დამოკიდებულება, როცა უნდა არსებული ვითარების შეცვლა - დაწყებული სამყაროს ხედვიდან, დამთავრებული საკუთარ შეგრძნებამდე, ამ დროს საუკეთესო გამოსავალია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი. რა შემთხვევაში მიდიან ადამიანები კონსულტაციაზე, ყველაზე მეტად რა აწუხებთ და როგორ აღწევენ თავს პრობლემებს, ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი მაია ცქიტიშვილი გვესაუბრება.

- ზოგს ჰგონია, რომ პრობლემას თავად მოერევა და ხშირ შემთხვევაში, ასეც ვართ ადამიანები, ჩვენ თვითონ ვლახავთ სხვადასხვა ბარიერს. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც მარტო, ინდივიდუალურად ვერ ვუმკლავდებით ამა თუ იმ საკითხს. შეიძლება მეგობარიც ვერ დაგვეხმაროს, რადგან ის, რაც ჩვენს თავში ხდება, რთულია სხვას აუხსნა. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს: მოჭარბებული შფოთვა, გადაჭარბებული ემოციურობა, უარყოფითი აზროვნება და სხვა. უარყოფითი აზროვნება ნიშნავს ასეთ ფიქრებს: თუ ყველაფერი კარგად მიდის, აუცილებლად ცუდად დამთავრდება; თუ ვიცინი, რაღაცა მეწყინება, ჩემს შვილს ან ახლობელს ცუდი დაემართება და ა.შ. ზოგადად, ადამიანი რაზეც ფიქრობს, ხშირად ის ხდება კიდეც. ჩვენი ფიქრები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს ქცევას, ხოლო ჩვენი ქცევა სამყაროსა და გარემოს აღქმასთან უშუალო კავშირშია.

- ადამიანში ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და დეპრესია, თქვენ რომელს გამოყოფთ? - ძალიან დიდი სტრესია საყვარელი ადამიანის მიტოვება ან როცა თავად მიგატოვებენ. ასეთ დროს ხშირად, თავს იჩენს დეპრესია, შფოთვა, სასოწარკვეთა, დაბალი თვითშეფასება - მე არაფერი გამომივა, არაფრის ღირსი არა ვარ და ა.შ., რაც ადამიანის რეაბილიტაციას და ხელახლა ფეხზე წამოდგომას უშლის ხელს. ამ მიზეზებით ძალიან ბევრი მოდის ჩემთან, მათ შორის ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც სხვათა შორის, საკუთარი გადაწყვეტილებით შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდ ტრავმას იღებენ. დაშორება მტკივნეული მომენტია და ზოგჯერ დაღსაც ტოვებს ადამიანის ქცევასა და აზროვნებაში.

- ერთი სეანსი, ალბათ, არასაკმარისია... პაციენტები თქვენთან ურთიერთობას მკურნალობის მერეც აგრძელებენ და ხშირად გირეკავენ? - ფსიქოთერაპიული პროცესები განსხვავებულია მეთოდიკების მიხედვით. როგორც წესი, ერთი საუბარი არც ერთ მეთოდიკას არ ჰყოფნის. თუმცა არის მეთოდები, რომელთა გამოყენებისას შედარებით დაჩქარებული ტემპით შეიძლება მივიღოთ სასურველი შედეგი. ზოგს ურჩევნია ბევრი ისაუბროს თავის პრობლემაზე, ზოგი საერთოდ თავს არიდებს ამაზე ლაპარაკს ფსიქოლოგთანაც კი, ვიღაცას ინფორმაციისა და ტკივილის ვერბალურად გადმოცემის პრობლემა აქვს. როცა ვხედავ, პაციენტი სათქმელს ბოლომდე ვერ ამბობს, ვცდილობ მის პრობლემას იმ ეტაპზე თავი დავანებო და სხვა თემაზე გადავიდე ან დავიწყო იმ თემატიკის გაშლა, რასაც ვერ ამჟღავნებს. ყოფილი პაციენტები ხშირად რომ მირეკავდნენ და ელემენტარულ გადაწყვეტილებებს მითანხმებდნენ, ასე არაა, მაგრამ გარკვეულ ახალ ეტაპზე გადასასვლელად ხშირად მომმართავენ.

სხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებთან ერთად, ვიყენებ საავტორო მეთოდს, რომელიც 4 წლის წინ აღმოვაჩინე საკუთარ თავზე დაკვირვებით. დეპრესიული პერიოდი მქონდა, რომელმაც კარგა ხანს გასტანა. მაშინ ჩინეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი - ქართული ღვინის პოპულარიზაციას ვემსახურებოდი. ყველაფერი საუკეთესოდ იყო და მეც არაერთ წარმატებას მივაღწიე თავდაუზოგავი შრომის ფასად. ამის მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს, მივხვდი, რომ ჩემში არასასურველი მდგომარეობა მძლავრობდა. მინდოდა ისეთი მეთოდისთვის მიმეგნო, რომ პრობლემა სწრაფად მომეგვარებინა. სპონტანურად მივაგენი მეთოდს - ეს არის თავის ტვინის კონკრეტულ უბნებზე გონითი ვიზუალიზაცია. იმდენად სწრაფი შედეგი მომცა, გამიკვირდა. ყველაფერს ვიწერდი, რომ არ დამვიწყებოდა. იქამდე მივედი, აინშტაინის "ფარდობითობის თეორია" შევისწავლე (იცინის). მერე კვანტურ მექანიკას მივადექი, რა თქმა უნდა, ნეიროფიზიოლოგიას ჩავუღრმავდი და საინტერესო თეორიული მიმოხილვა გამომივიდა. ამის შესახებ, კვანტურ ცნობიერებაზე დაფუძნებული წიგნიც დავწერე - "შექმენი უკეთესი რეალობა". ჩემი მეთოდის არსი ასეთია - ადამიანს, რომელიც უარყოფითი აზროვნებისა და ფიქრების ჯაჭვშია გაჭედილი, შეუძლია უცებ ამოვარდეს იქიდან და ჩვეულებრივ, პოზიტიური აზროვნებით გააგრძელოს ცხოვრება.

- ავტოტრენინგების შესახებ რას გვეტყვით და კონკრეტულად, რომელი შეგვიძლია დავნერგოთ ჩვენს ყოველდღიურობაში? - ავტოტრენინგს ცოდნა და უნარ-ჩვევა სჭირდება. ადამიანის თავის ტვინი პლანეტაზე ყველაზე მრავალფუნქციური და მოქნილი ორგანოა. ის შედგება ნეირონებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ ელექტროიმპულსებით და ასევე, ქიმიურ გზავნილებს უშვებენ ორგანიზმში, მაგალითად: გულო იმუშავე, ფილტვო ისუნთქე, გაბედნიერდი, ინერვიულე და სხვა. როდესაც ნეირონული კავშირები აღგზნებულია, რაციონალური შეგონება, მაგალითად "რა მოგივიდა, რაზე ნერვიულობ", "საშიში არაფერია" არ მოქმედებს. თუმცა პოზიტიური აზროვნების მეთოდი ეფექტურია და აინშტაინიც ამბობდა: "სამყარო, როგორც ჩვენი შემოქმედება, ჩვენი აზროვნების პროცესია, მისი შეცვლა შეუძლებელია ჩვენი აზროვნების შეცვლის გარეშე". მთავარი ისაა, რომ რთულია პოზიტიური აზროვნება თავისთავად წარმოიქმნას ადამიანის გონებაში. თუ ჩვევად გადააქცევ, რომ ყოველ დილით გაიღიმო, საკუთარი თავი შეაქო და უთხრა "ყოჩაღ", ამას რა თქმა უნდა, დიდი ეფექტი აქვს. თავის ტვინს ყველაფრის დასწავლა შეუძლია.

- პაციენტების ბავშვობის ტრავმებში ჩაღრმავება დაგჭირვებიათ? - ეს არის ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული მიმართულება, რომელიც პროცესს აანალიზებს და მართავს. მე უფრო ორიენტირებული ვარ იმაზე, რა ხდება ამჟამად. ამას "წადილის თერაპია" დავარქვი. პირველ რიგში, უმთავრესია აღმოაჩინო, რა არის კონკრეტული ადამიანისთვის სასურველი, რა არის მისი მოთხოვნილება, რადგან ხშირად სხვის სურვილებს ვიწებებთ ხოლმე. მაგალითად, ერთმა ბიზნესმენეჯმენტი შეისწავლა, კარგად ცხოვრობს და ვიღაცა ფიქრობს, მეც დავამთავრებ ამ ფაკულტეტს და წარმატებული ბიზნესი მექნებაო. ანდა მშობლებმა ურჩიეს შვილს, რომ მსახიობობა არაშემოსავლიანი პროფესიაა და დავუშვათ, იურისტობა სჯობს და ისიც თანხმდება. ამ გზით ვინც მიდის, ის საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს. ნიჭი, რითაც დაიბადნენ, ყურადღების მიღმა დარჩათ, რაც ყოველთვის აწუხებს ადამიანს.

- უფრო რა ასაკის ხალხი მოდის თქვენთან? ქალები სჭარბობენ თუ კაცები? - ჩემთან პერსონალურ სეანსებზე, 18 წლის ზემოთ, ყველა ასაკის ადამიანი ყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ კაცების ნაკლებობაა. ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი მოდის, რომელთა უმეტესობა შემდგარი და წარმატებული ადამიანია, მაგრამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დგანან ხოლმე. იყო ერთი კაცი, დაახლოებით 40 წლისა, რომელსაც ოჯახი ჰყავს, თავისი ბიზნესი და კარგი შემოსავალი აქვს, მაგრამ ვერ გრძნობს იმ აღტაცებას, რასაც ელოდა. ახალგაზრდობაში ფიქრობდა, რომ თუკი ეს ყველაფერი ექნებოდა, უბედნიერესი გახდებოდა. მიაღწია იმას, რაც უნდოდა და აღმოჩნდა, რომ არც არაფერი, მერე რა? დავარქვათ ამას იმედგაცრუება. ეს იყო წამყვანი პრობლემა, რაზეც ვმუშაობდით, რომ ამდენმა შრომამ ბედნიერება არ მიანიჭა. ერთობლივად მივაღწიეთ მისი რესურსების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინეთ.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველებს? - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ვიყოთ ახლა და ამჟამად. როგორც წესი, როცა საკვებს მივირთმევთ, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ვსაუბრობთ, ტელევიზორს ვუყურებთ თუ კონცერტს ვესწრებით, რატომღაც მუდმივად წარსულთან ან მომავლისკენ მიდის ფიქრები. ახლა და ამჟამად, ამ მოცემულობას არ ვირგებთ. ვერ ვტკბებით და ვკმაყოფილდებით იმ შემოთავაზებით, რისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ. რაღაცას მივაღწევთ და ისევ ახალ გეგმებს ვისახავთ. ვისწავლოთ ტკბობა და სიამოვნება იმით, რაც ახლა გვაქვს. მეგობარს ელაპარაკები? მიიღე ამით სიამოვნება. ფილმს უყურებ? მასში იყავი ჩართული. სამყარო ძალიან მოქნილია, ის არ არის სტატიკური და ჩვენი მომავალი ახლა იქმნება, ამიტომ წარსულსა და მომავალზე ორიენტაცია არასწორ გადაკვეთის წერტილებს გვიყენებს და თავის ტვინსაც შესაბამისად ძველ ინსტრუქციებს აწვდის. სჯობს ახლა და ამჟამად ვიყოთ ორიენტირებული და საკუთარი თავის იმედი გვქონდეს, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე დიდი მონაპოვარი მაინც სიმშვიდე და სტაბილურობაა.

ნანული ზოტიკიშვილი