ნანა ანდრონიკაშვილი: "ამერიკაში ჰოლივუდის ვარსკვლავების დონეზე ვცხოვრობდით" - გზაპრესი

ნანა ანდრონიკაშვილი: "ამერიკაში ჰოლივუდის ვარსკვლავების დონეზე ვცხოვრობდით"

წლების წინ ქართული მედია ალაპარაკდა "თავადის ასულზე", რომელიც გერმანელ ჰერცოგს გაჰყვა ცოლად... წლებია, ნანა ანდრონიკაშვილი, იგივე პრინცესა ფონ-საქსენ ალტენბურგი, მეუღლე - ჰანს პრინც ფონ საქსენ-ალტენბურგი და მათი შვილი - მარიამ პრინცესა ფონ საქსენ-ალტენბურგი გერმანიაში, ჰანოვერში ცხოვრობენ... გერმანიიდან სამშობლოში ცოტა ხნით ჩამოსული ნანა ანდრონიკაშვილი გულახდილად გვესაუბრა თავის წარსულსა და დღევანდელობაზე...

- თბილისის ცენტრში, ვერაზე გავიზარდე... ჩემთვის ძალიან ძვირფასია იქაურობა! რაც კი ულამაზესი და უძვირფასესია ამქვეყნად, ყველაფერს მოიცავს!.. მამა - ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი ცნობილი მსახიობი გახლდათ, შემდეგ პედაგოგი, ასევე სპორტის ოსტატი... დედა - ვენერა ანდრონიკაშვილი რეჟისორი, მწერალი იყო. ხელოვანთა ოჯახში ვიზრდებოდი და მშობლების მადლობელი იმისთვის ვარ, რომ მასწავლეს, რა არის ცხოვრებაში უმთავრესი! ისინი მუდამ ხელფასზე ცხოვრობდნენ და ძალიან ბევრი გაჭირვებაც გამოიარეს, მაგრამ ყველაფერს ღირსეულად გაუძლეს! მამა რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო და ყველა "სიკეთემ" მის თავზე გადაიარა, რაც კი იმ ავადსახსენებელ წლებში ხდებოდა... ოჯახის სიმდიდრე მხოლოდ სულიერება იყო, სხვა სიმდიდრე არ აინტერესებდათ. სახლში ყოველთვის იკრიბებოდნენ მამას მეგობრები, ნათესავები, ახლობლები: დიმა ერისთავი, ზურაბ წერეთელი, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე... ჩემი ნათლიები იყვნენ - გოგი ცაბაძე, დოდო აბაშიძე... ასეთი ხალხის გარემოცვაში გავიზარდე! ყველა მეუბნებოდა, - ძალიან ლამაზი, ნამდვილი პრინცესა ხარო. დაახლოებით 7 წლისას მამამ მითხრა, ყველა პატარა გოგოს ეუბნებიან, რომ პრინცესაა და მართლაც, ყველა გოგო პრინცესა და ყველა ბიჭი პრინციაო... გამიხარდა და ჩამებეჭდა თავში მამას სიტყვები.

ცოტა რომ წამოვიზარდე, მამამ მიამბო ჩვენს წინაპრებზე, როგორ გადაურჩნენ რეპრესიებს და განსაცდელის მიუხედავად, ადამიანებად დარჩნენ. ბაბუას მამა - ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი ცნობილი გენერალი იყო, პროფესიით იურისტი. ისეთი ფოტოც არსებობდა, სადაც მას ნიკოლოზის კარზე სპეციალური სავარძელი ჰქონდა, სადაც "პრინც ანდრონიკოვ" ეწერა... ცხოვრების ბოლო შვეიცარიაში გაატარა და იქ გარდაიცვალა 1905 წელს, იქვე დაკრძალეს... ბაბუა - ზაალ ანდრონიკაშვილიც იურისტი იყო, რომელიც პეტერბურგში, ევროპის სხვადასხვა ქალაქში სწავლობდა. საქართველოში იურისპრუდენციას ასწავლიდა უნივერსიტეტში და ამავდროულად, ყველა მეზობელს ფრანგულში უფასოდ ამეცადინებდა... როდესაც რეპრესიები დაიწყო, დახვრეტას თავისმა კეთილმა საქმეებმა გადაარჩინა... თავადები დასახვრეტად რომ დააყენეს, რამდენიმე ჯარისკაცი გამოყვეს ამ საქმისთვის. ერთ-ერთი ჯარისკაცი მისი სტუდენტი აღმოჩნდა. იგი თურმე მივიდა ბაბუასთან და ხელი ჰკრა, გაიქეციო...

როდესაც პირველი რეპრესიები დაიწყო 1924 წელს, მამა მაშინ მხოლოდ ერთი წლისა იყო. ბებიას გაატანეს გურჯაანში, იქ ბავშვი უფრო უსაფრთხოდ იქნებაო... კახეთში ზუსტად მაშინ დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა თავადების მიმართ, ბავშვებსაც არ ინდობდნენ, გველის წიწილები არიანო... მამაჩემი და მისი ბებია ამხელა სისასტიკის წინაშე მარტო აღმოჩნდნენ. ბებია მეზობელთან გაქცეულა. გლეხის ქალს უთქვამს, სამი პატარა შვილი მყავს აკვანში, მომეცი შენი შვილიშვილი და მათ მივუწვენო... წარმოიდგინეთ, რამხელა გმირობა და ადამიანობა გამოიჩინა! ბებია დაბრუნდა სახლში იმედით, მოხუცს არაფერს დამიშავებენო, მაგრამ თურმე სულ თოფის კონდახები ჩასცხეს თავში, სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა... გლეხის ქალმა მამაჩემი მის მშობლებს თბილისში ჩამოუყვანა.

მამაჩემი უკეთილშობილესი პიროვნება გახლდათ, მთელი ცხოვრება სიკეთის თესვაში გაატარა... სტუდენტი რომ ვიყავი, ჩემს გვარს ყველა დიდი სიამაყით მახსენებდა. მშობლებმა კი მითხრეს, ნამდვილად საამაყო გვარი გაქვს, პატივს უნდა სცემდე, მაგრამ მხოლოდ ეს გვარი არაფერს გაძლევს, თეთრი ფურცელი ხარ და დანარჩენი შენ უნდა დაწეროო...

- ერთი პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდით...

- კი, ტეხასში ვცხოვრობდით... როგორც ამერიკაში ამბობენ - ტეხასი დამოუკიდებელი ქვეყანაა და მართლაც ასეა! მე და ჩემი მეუღლე ფინანსურად ყველაზე მძლავრად ამერიკაში ვიყავით. ეს სიმდიდრის და ამ მხრივ, ალბათ ემიგრანტებისთვისაც საოცნებო ქვეყანაა... ჩემი მეუღლე სამსახურში აიყვანეს, როგორც იურისტი, მაგრამ შემდეგ იმდენად მოეწონათ, წარმოიდგინეთ, დალასში ნავთობკომპანიის პრეზიდენტად დანიშნეს. ამაზე უმაღლესი თანამდებობა დალასში არც არსებობს! ზღაპრული ხელფასი ჰქონდა!

ჩემმა მეუღლემ იცოდა, როგორი აქტიური ვარ და რადგან ენები: ქართული, რუსული, ინგლისური ვიცოდი, კომპანიაში დამნიშნა უცხოელთა განყოფილების მენეჯერად... ორსართულიანი სახლი მოგვცეს აუზით, ასევე - სრულიად ახალი "ლექსუსები" და ჰოლივუდში რომ ცხოვრობენ, დაახლოებით იმ დონეზე ვყავდით... ძალიან საინტერესო ადამიანებთან გვქონდა ურთიერთობა...

თუმცა, ამერიკაში, ასეთ ზღაპრულ პირობებში, თავი სახლში ვერაფრით ვიგრძენი, ამას ვერ მოვერგე, ვერ ამოვისუნთქე! ჩვენ შეგვეძლო უდარდელად გვეცხოვრა და გვემუშავა, მაგრამ იქ ჩემი მეუღლეც არ ჩანდა ბედნიერი... ხუთი წელი გავძელით, მეტი ვერა... ხანდახან მიკვირს, ამ ყველაფერზე უარი როგორ ვთქვი, მაგრამ ეს ნაბიჯი არასოდეს მინანია! იქ ყველაფერი გვქონდა, მაგრამ მარტოსულები ვიყავით...

- ამერიკაში მცხოვრები ადამიანების გემოვნებაზე რას მეტყვით?

- გულახდილად გეტყვით, დიდად არ მომწონდა! დალასში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომიხდა ყოფნა და იმ დონის მდიდარ ხალხს ერთი რამ აერთიანებდა: შეიძლებოდა მშვენივრად ჩაეცვათ, მაგრამ ათივე თითზე ბრილიანტის ბეჭდები აესხათ... შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, ეს რატომ მოსწონდათ... რადგან ნავთობკომპანიაში მაღალ თანამდებობაზე ხარ, ბევრი ბრილიანტით უნდა წარდგე საზოგადოების წინაშე? იქნებ არ სურდათ, სხვების ფონზე არ დაჩრდილულიყვნენ - არ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან შორს გახლდათ ჩემი გემოვნებისგან!..

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სადაც უნდა წავსულიყავი, თბილისში დაბრუნებული ვამჩნევდი, რომ ქართველი ქალი ყოველთვის იყო სილამაზითა და გემოვნებით გამორჩეული. ამას მხოლოდ მე კი არა, ისტორიკოსებიც ამბობენ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული!

- ამერიკიდან საქართველოში ჩამოხვედით, არა?

- დიახ, ნამდვილი სამოთხიდან საქართველოში საშინელ პერიოდში - 2006-2007 წლებში ჩამოვედით და კოშმარს "შევეჯახეთ"... ჩემს მეუღლეს ეგონა, რაღაც კარგი შეეძლო ამ ქვეყნისთვის გაეკეთებინა, მაგრამ ყველაფერი "თავზე დაგვამხვეს"... ერთადერთი კარგი ის იყო, რომ დედასთან ვიყავი, მაგრამ აქ გაძლება უკვე აღარ შეიძლებოდა! ბოლო წვეთი იყო 2007 წლის 7 ნოემბერი და დეკემბერში უკვე გერმანიაში წავედით. ვთვლი, რომ ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება! გულწრფელად გეტყვით, გერმანიაში პირველივე დღიდან თავი სახლში მეგონა! ვიყავი ევროპაში, რომელსაც ჰქონდა ისტორია, ტრადიცია... იქაურობას რომ ვათვალიერებდი, სულ ვფიქრობდი, ეს არის ჩემი სამყარო-მეთქი!

- გამორჩეულად გემოვნებიანი ხართ... როგორია თქვენი ყოველდღიური ჩაცმულობა?

- ყოველთვის რაც მიხდებოდა, მხოლოდ იმას ვიცვამდი! სტუდენტობის დროს არ მქონდა დიდი მატერიალური შესაძლებლობა და ჩაცმულობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი... სამოსთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავს გიამბობთ: ამერიკაში განსაკუთრებული საღამო იყო და ნავთობკომპანიის დირექტორმა მკითხა, თუ როგორ ვემზადებოდი. მას ვერც წარმოედგინა, თუ სამოსი ამ დღისთვის საგანგებოდ შეძენილი არ მქონდა... როცა ამაში გამოვუტყდი, მითხრა, - თქვენთვის "ლუქს" მე ავარჩევო... წავედით დიორის მაღაზიაში, სადაც ჩემთვის გამორჩეული კაბა შეიძინა... ფასი არც მიკითხავს, ცუდად რომ არ გავმხდარიყავი (იცინის). კაბა ხომ იყიდა და მერე თქვა, ამას განსაკუთრებული ჩანთა მოუხდებაო და უკვე შანელის მაღაზიისკენ გავეშურეთ... მერე ფეხსაცმელზე მკითხა და ვუთხარი, რომ მქონდა ისეთი რამ, რასაც მე კარგ და დახვეწილ ფეხსაცმლად მივიჩნევდი... არა, კაბას სხვანაირი მოუხდებაო და შანელის მაღაზიაშივე რაღაც ბრჭყვიალა, შავი ფეხსაცმელი მიყიდა... ბოლოს აღნიშნა: ეს არის ჩვენი დრესკოდი და მომავალი მიღებებისთვის ასე მოემზადეო...

ვიქნები გულახდილი და გეტყვით, რომ ყველაფერი ძალიან მომიხდა და მომეწონა! მეც ხომ ადამიანი, ქალი ვარ და სარკეში ჩემი თავი ასე გამოწყობილი რომ დავინახე, ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა-მეთქი... ის კაბა ამერიკაში კიდევ რამდენიმე ადგილას მეცვა. მაგალითად, ერთხელ დალასში შეხვედრა გვქონდა ესპანეთის მაშინდელ მეფესთან - ხუან კარლოსთან და სოფიასთან. სამდღიანი მიღება იყო და ერთ დღეს ამ კაბით გახლდით. სხვათა შორის, სოფიას და ჩემს მეუღლეს საერთო წინაპრები ჰყავთ...

- შეგიძლიათ რაიმე ურჩიოთ ქალბატონებს, რომ მუდამ ფორმაში იყვნენ და მატერიალური კრიზისის დროსაც არ დანებდნენ?

- ქალმა თავი არასოდეს არ უნდა დაკარგო! მეც ბევრჯერ მქონია პერიოდი, როცა ვფიქრობდი, ნეტავ ხვალ კიდევ თუ გათენდება, როგორ ვიცხოვრო-მეთქი?... დედა დავკარგე, მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა, მქონდა ფინანსური კრიზისიც... რას ვიზამთ, ყოველთვის ერთნაირად ვერ ვიქნები!

როდესაც მიფიქრია, ხვალ ცხოვრება როგორ გავაგრძელო-მეთქი? მერე მიპოვია ძალა საკუთარ თავში. ასე დროს ვამბობ: ცოცხალი, ჯანმრთელი ვარ, ვაზროვნებ და შევეცდები, ყველანაირი სამუშაო შევასრულო, რაც არ არის უკანონო-მეთქი... ამის გამო არ შეიძლეGzaPressბა დეპრესიული გახდე და თავის მოკვლამდე მიხვიდე! ყველას ვურჩევ, ყველაზე დიდი უიმედობის დროსაც კი ნუ დაკარგავენ მთავარს: უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს!

- როგორც ვიცი, წიგნზე მუშაობთ...

- დიახ, ახლახან დავამთავრე ჩემი ცხოვრების წიგნი, "დაუმთავრებელი პორტრეტი" ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენაზე... ტრილოგიაა... მალე ვაპირებ პირველი წიგნის გამოცემას. ვისაც დააინტერესებს, შეუძლია ბიზნეს "ფეისბუკ"-გვერდზე დამეკონტაქტოს!

მანანა გაბრიჭიძე