"ეს არის სამყარო, სადაც შემიძლია სრულყოფილად ვიცხოვრო" - გზაპრესი

"ეს არის სამყარო, სადაც შემიძლია სრულყოფილად ვიცხოვრო"

თეატრი ის ადგილია, სადაც დროებით სხვა სამყაროში ინაცვლებ და სცენაზე გათამაშებული ამბის მონაწილე ხდები. კორონავირუსის პანდემიამ ჩვენს რეალობაში ბევრი რამ შეცვალა და თეატრის მოყვარულ საზოგადოებას ეს სიამოვნება ნაწილობრივ მოაკლო. იმედი ვიქონიოთ, პანდემია მალე დასრულდება. ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეგიონებში არსებობდეს ასეთი სივრცეები, სადაც სხვადასხვა სახის უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ადამიანები ცდილობენ, ხელოვნებას ემსახურონ.

ამის საუკეთესო მაგალითია მხატვარ-დიზაინერი, მსახიობი, რეჟისორი და საჩხერის თეატრ "პაოლოს" სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი მეტონიძე. 2000 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს იყო მუშაობისთვის ხელის შემშლელი ბევრი პირობა: მინიმალური დაფინანსება, კრიზისული ეტაპები, როცა "ზემოდან" რეპერტუარს უწუნებდნენ (მაგალითად, ერთ-ერთ სპექტაკლში წამოჭრილი მუდმივი ყვარყვარიზმის თემა ბევრს არ მოეწონა)... საბედნიეროდ, შემდეგ ყველაფერი დალაგდა და თეატრმა მუშაობა გააგრძელა.

თეატრი საჩხერის კულტურის ცენტრში ფუქციონირებს. 15-კაციან ჯგუფში შედიან როგორც მსახიობები, ისე ტექნიკური პერსონალი. ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ. სპექტაკლების მხატვარი გიორგი მეტონიძეა, ხოლო მუსიკალური გამფორმებელი უმთავრესად - მისი მეუღლე. დღეს თეატრი მუნიციპალური, კერძო პროექტებითა და შემოწირულობით არსებობს. ამ მინიმალური სახსრებით, დასისა და მისი ხელმძღვანელის ნამუშევრებს სხვადასხვა ფესტივალზე კარგი გამოხმაურება აქვს, ხოლო შარშან, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, გიორგი მეტონიძეს "ამაგდარის" წოდება მიენიჭა.

გიორგი მეტონიძე:

- საჩხერეში დავიბადე და გავიზარდე. მეზობელ რაიონში, ჭიათურაში იყო თეატრი, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა და ბავშვობაში ამ სიამოვნებას მოკლებული ვიყავი. 17 წლისა, პირველკურსელი, როგორც მხატვარ-დიზაინერი, სპექტაკლის გასაფორმებლად ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრში მიმიწვიეს. მაშინ აღმოვაჩინე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ ეს არის სამყარო, სადაც შემიძლია სრულყოფილად ვიცხოვრო, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო და ვთქვა ჩემი სათქმელი. ალბათ ამ სამყაროზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ასე დაიწყო და აგერ უკვე 27 წელია, თეატრში ვარ, ამის გარდა, თავი ვერსად წარმომიდგენია.

GzaPress

- მხატვრობიდან რეჟისურაზე გადართვა როგორ მოხდა?

- ჯერ როგორც მსახიობი, ისე ჩამოვყალიბდი. ქუთაისში ჩემი პედაგოგი იყო ნუგზარ ლორთქიფანიძე. მასთან დიდხანს ვიმუშავე, 7-8 სპექტაკლზე როგორც მსახიობმა და მხატვარმა, 2000 წელს კი ქუთაისიდან საჩხერეში დავბრუნდი. როგორც გითხარით, აქ თეატრი არასდროს ყოფილა და მაწუხებდა ეს ფაქტი. კულტურის ცენტრში მივედი და თეატრის დაფუძნების სურვილი გამოვთქვი. მაშინდელი ხელმძღვანელობის მხარდაჭერის საფუძველზე, მოყვარულთა ჯგუფის შეკრება დავიწყე, იყო რამდენიმე პროფესიონალიც. ჩემი დებიუტი საჩხერეში, როგორც რეჟისორის, იყო მონოსპექტაკლი "დასასრულის მოლოდინში". ეს გახლდათ ჩემი მეგობრის, მალხაზ თავაძის პოემა აპოკალიფსურ თემაზე, რომელსაც თავადვე გავუკეთე ინსცენირება. არაორდინარული სპექტაკლი გამოვიდა, ცოცხალი მუსიკით და იმ პერიოდისთვის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი.

- როგორ შეფასდა თქვენი დებიუტი და მას შემდეგ როგორ არჩევდით რეპერტუარს?

- ეს სპექტაკლი 2002 წელს, ქალაქ ვანში გამართულ სახალხო თეატრების ფესტივალზე ვითამაშეთ. მაშინ ჟიურიში იყო თეატრმცოდნე ქალბატონი ხათუნა წულაძე, რომელმაც "დასასრულის მოლოდინში" ძალიან კარგად შეაფასა, საინტერესო და კარგი რეცენზია მიუძღვნა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო პირველივე სპექტაკლის წარმატება, დღემდე დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები საქმეს და სულ დიდი განცდის ქვეშ ვარ ხოლმე. მინდა, ყოველ მორიგ ჯერზე მაყურებლის წინაშე განახლებული სახით წარვდგე. პირველ ეტაპზე ყოველთვის ვცდილობდი, ცნობილი და მრავალჯერ დადგმული პიესები არ ამერჩია, შედარების მომენტი რომ არ ყოფილიყო და ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მეშინოდა (იღიმის). რთულ საქმეს მოვკიდე ხელი და ეს შიში დღემდე თან დამდევს.

- დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ და სპექტაკლებშიც თამაშობთ...

- დიახ, ბოლო პერიოდში ვცდილობ, ნაკლებად ვიდგე სცენაზე, მთავარი როლი სხვამ შეასრულოს, მაგრამ მაგალითად, ახლა ჩვენს ბოლო სპექტაკლზე, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. თომას ელიოტის "ფუტურო ადამიანებში" მთავარ გმირს "კოვიდი" შეხვდა, ამიტომ მთლიანად მომიწია სპექტაკლის გადაწყობამ და მისი როლის შესრულებამ.

- მიზერული თანხებით ცდილობთ, თეატრმა ფუნქციონირება არ შეაჩეროს.

- საჩხერეში ჩემ შემდეგაც უნდა გაგრძელდეს ეს საქმე და ზუსტად ვიცი, ასეც მოხდება. თეატრს ცალკე შენობაც ექნება, მრავალფეროვანი რეპერტუარიც და ყველა საჭირო ნიუანსიც მოგვარებული.

GzaPress

- დღეს რამდენი სპექტაკლი გაქვთ რეპერტუარში და როგორია ხოლმე დასწრება?

- ეს რთული პრობლემაა. წელიწადში 1 ან 2 სპექტაკლს ვდგამთ, მაგრამ რეპერტუარს რთულად ვინარჩუნებთ. შეიძლება ითქვას, დღეს სამი სპექტაკლი გვაქვს რეპერტუარში, მაგრამ მსახიობების ხშირი როტაცია მიდის. პროფესიონალი მსახიობები ნაკლებად მყავს, ძირითადად, მუდმივად 8 ადამიანი ვართ, ვინც დაწყების დღიდან დღემდე ვმუშაობთ, დანარჩენები სულ იცვლებიან. ზოგი სამსახურს შოულობს და მიდის, ზოგს სხვა მიზეზი აქვს. ამ ეტაპზე მოლაპარაკება გვაქვს მუნიციპალიტეტთან, იქნებ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ 15-კაციანი ჯგუფისთვის ხელფასის სახით გარკვეული თანხა გამოიყოს. ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება მაყურებელს, საჩხერის კულტურის ცენტრში 400-კაციანი დარბაზია. თავიდან დაინტერესება ნაკლებად იყო, რადგან, როგორც აღვნიშნე, რაიონში თეატრალური კულტურა არ არსებობდა, მაგრამ დღეს უკვე, როცა თვეში ორჯერ მაინც ვთამაშობთ სპექტაკლებს, დაინტერესება უფრო მეტია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძირითადად გასვლით წარმოდგენებს ვმართავთ და ვცდილობთ, საქართველოს მასშტაბით მოვაწყოთ ტურნე. დღემდე თითქმის არ დარჩენილა სცენა, სპექტაკლი რომ არ გვეთამაშა. შარშან თბილისში, თუმანიშვილის თეატრშიც უნდა წარმოგვედგინა "ცხოვრება იდიოტისა", მაგრამ პანდემიის გამო ეს ვიზიტი ჩაიშალა.

- პანდემიის გამო ბევრი პროექტი ვერ განხორციელდა...

- სამწუხაროდ... ბოლო პერიოდში ვიმუშავეთ და დავდგით "ფუტურო ადამიანები", მაგრამ საჩხერეში მისი პრემიერა არ გვითამაშია, ალბათ ეს სექტემბერში მოხდება. ასევე გვაქვს პროექტი "თეატრი კუბში", რომელიც მოძრავი თეატრის იდეას ატარებს და სპექტაკლის წარმოდგენას გულისხმობს ნებისმიერ ადგილას, სადაც ელექტროენერგია შეგიძლია ჩართო. კულტურის სამინისტრო ხშირად აცხადებს კონკურსს და ვფიქრობთ, ამ პროექტის განაცხადი შევიტანოთ. ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრით, მაინც ვმუშაობთ. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში საჩხერეში ფინანსურად წელში გამართული თეატრი გვექნება, რომელსაც არც რეპერტუარის პრობლემა ექნება, არც საგასტროლო თანხების მოძიება გაუჭირდება და არც მაყურებელთან კომუნიკაციის ნაკლებობა შეაწუხებს.

ანა კალანდაძე