"რაკი დაიბადე, ვიღაცას უნდა გაუადვილო და გაულამაზო ცხოვრება"
დეპრესიაში არ ჩავარდნილა, პირიქით - ცდილობდა, ღირსეულად გამკლავებოდა თავს დამტყდარ განსაცდელს და ცხოვრება გაეგრძელებინა. სულიკო ჯამალაშვილი 62 წლისაა, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. 1991-1992 წლებში კიევში შშმ პირების მარათონში მონაწილეობდა, ეტლით საკმაოდ სწრაფად დაფარა გრძელი მონაკვეთი; მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა და მეორე ადგილზე გავიდა. წერს ლექსებს; მისი ლექსები "თანამედროვე ქართული პოეზიის" მრავალტომეულშიც შევიდა. პროფესიით საქონელმცოდნეა, თუმცა ამ სფეროში არასდროს უმუშავია.
სულიკო ჯამალაშვილი:
- 1985 წელს ავტოკატასტროფაში მოვხვდი, ნერვი დამიზიანდა და მას შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ბიჭებმა ვიქეიფეთ და სახლში რომ ვბრუნდებოდით, მაშინ მოგვიხდა ავარია, გადავვარდით მანქანით. ეს შემთხვევა კახეთში მოხდა. მაშინ 25 წლის ბიჭი ვიყავი. მოსკოვში წამიყვანეს სამკურნალოდ, დიდი სანატორიუმი იყო. მანამდე შშმ პირი არ მენახა. სასადილოში რომ ჩავედი და ამდენი ერთად ვნახე, გამიკვირდა. როგორ უნდა გაგიხარდეს ადამიანების ასეთ მდგომარეობაში დანახვა, მაგრამ მაშინ თითქოს გამიხარდა კიდეც, - მხოლოდ მე არ ვყოფილვარ-მეთქი ასეთ დღეში. ზოგს ხელები არ ჰქონდა და მშობელი აჭმევდა... ასეთი მიდგომა არასწორია. თავიდანვე უნდა შეეჩვიო დამოუკიდებლად ცხოვრებას. მშობელი რომ თავს არ განებებს და ყველაფერში გეხმარება, მუდმივად სხვაზე იქნები დამოკიდებული. მოსკოვში, პალატაში დედაჩემი მედგა თავზე და რომ ვეტყოდი, წყალი დამალევინე ან მშია-მეთქი, მაშინვე მომირბენინებდა ხოლმე. ერთი კაცი იწვა პალატაში ჩემთან ერთად და დედას ეტყოდა ხოლმე, შენ არაფერი მიუტანო, ცუდ საქმეს უკეთებ მაგით, გაზარმაცდება და მთელი სიცოცხლე მასე იქნება - წყალი მოუნდება და ვიღაცამ უნდა დაალევინოს, პური მოუნდება და ვიღაცამ უნდა აჭამოს, ასე დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ მიეჩვევაო. დღემდე მადლობელი ვარ იმ კაცის, სიმართლე რომ გვითხრა. ზოგს აძლიერებს ეს განსაცდელი, ზოგს - აბოროტებს და რაც დაემართა, სხვას აბრალებს რატომღაც.
- თქვენ თვითონ რამ მოგცათ ძალა, ამხელა განსაცდელი რომ გადაგეტანათ?
- არასდროს არ ჩავვარდნილვარ დეპრესიაში, პირიქით - აქტიურად ვცხოვრობდი. ვმართავ მანქანას, აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკაშიც. ამ ტრავმის შემდეგ დავიწყე კითხვაც და ლექსების წერაც. იმ პერიოდში ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. ერთხელ რომელიღაც გაზეთში პოეტ ანა სნეგინას ქართულად თარგმნილი ლექსი იყო დაბეჭდილი. ახლაც მახსოვს ერთი სტროფი: "ქარებს მივუშვერ მზედაკრულ ხელებს/ და ატყდებოდა სულში ავდრები,/ შენ კონიაკის ბოთლივით მერე/ გამომცლიდი და გადამაგდებდი". ადრე ვერაფრით წარმოვიდგენდი, ლექსებს თუ დავწერდი. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, ვიდრე არ შემაქეს და მითხრეს, ძლიერი ლექსები გაქვს, იქნებ გამოგექვეყნებინაო? ჩემს 2 ლექსზე სიმღერაც დაიწერა, დათო გასიტაშვილი ასრულებს, დათო ისრაელში ცხოვრობს. ზოგი ამბობს, დღეში 2-3 ლექსს ვწერო. შეიძლება გავიდეს რამდენიმე დღე და არაფერი დავწერო, მერე უცებ მოვარდება მუზა და მაწუხებს სათქმელი. სიტყვას, ლექსს დიდი ძალა აქვს ადამიანისთვის. მურმან ლებანიძის ერთი ლექსი მიყვარს განსაკუთრებით: "მე ლექსი მიყვარს, შიგ გულში გგლიჯო/ გამოვარდნილი, როგორც ზვიგენი,/ რომელიც ყვირის, მაცალე, ბიჭო,/ მე თვითონ ვიცი გზა, გავიგენი". მიხარია, რომ ჩემი ლექსები მოხვდა თანამედროვე ქართული პოეზიის მრავალტომეულშიც.
- წაგვიკითხეთ ერთი ლექსი, რომელიც გიყვართ.
- "მოგიძღვნი სამყაროს შეშლილი ფერებით,/ ზედ ლექსსაც დავურთავ, ლამაზს და შენმიერს,/ თუ ვერ ვთქვი ისეთი, როგორიც შედევრი,/ შემინდე, უფალო, უფალო, შემინდე./ წყაროზეც ჩაგიყვან, შეგასმევ პეშვებით,/ ჩანჩქერსაც დავხედავთ შენსავით თავნებას,/ აქ მარადისობავ, წამიერ შეჩერდი, /გაგანდობ ხვაშიადს და მეტი რა გნებავს./ ჩვენ რაღას დაგვაკლებს ზვავი და მეწყერი, /სიყვარულს გიტოვებ გულიდან წამოსულს/ და გინდაც ჯვარზედაც გამაკრან, გავუძლებ/ და ასე ვიგლოვებ ამ ლამაზ დასასრულს./ და სანამ ჩემს ხსოვნას შენ პატივს მიაგებ,/ მე ძალმიძს ვიყვირო სუყველას მაგიერ,/ იმერ და ამიერ მაისი გრიალებს,/ რა ძალა ჰქონია სიყვარულს წამიერს./ ტაძართან ჩაივლი, დაანთე სანთელი,/ არასდროს, არასდროს თავი არ დახარო,/ რომ ცოცხლობ, რომ სუნთქავ და რომ ხარ ქართველი,/ მადლობა უთხარი დღეიდან სამყაროს".
- ამ წლების განმავლობაში ალბათ ბევრი რამ გადაგაფასებინათ მომხდარმა?
- ახლა სულ სხვანაირად ვაფასებ სიცოცხლეს, ადამიანებსაც, ადრე სხვანაირად ვფიქრობდი. ასეთი განსაცდელი უფრო მეტად გვასწავლის, რომ თითოეული წამი გასაფრთხილებელია. რაკი დაიბადე, რაღაც კარგი უნდა გააკეთო, ვიღაცას უნდა გაუადვილო და გაულამაზო ცხოვრება...
ნინო ჯავახიშვილი