ბიზნესად ქცეული ოჯახური ტრადიცია და თბილისში მოწყობილი მარანი - გზაპრესი

ბიზნესად ქცეული ოჯახური ტრადიცია და თბილისში მოწყობილი მარანი

მისი ოჯახი ღვინოს ათეული წლებია პირადი მოხმარებისთვის აწარმოებს, ხოლო ერთი წელია, ღვინის დამზადება კომერციული მიზნით დაიწყო. რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვაზი თელავის რაიონის სოფელ ართანაშია გაშენებული. სხვადასხვა მიზეზის გამო ყურძნის ადგილზე დაწურვა ვერ ხერხდება. პროდუქციის ტრანსპორტირება, დაბინავება და ღვინოდ ქცევამდე მთელი რიგი პროცედურების გავლა თბილისში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში მოწყობილ მარანში ხორციელდება. მიშას თავისი ახალი გატაცების, ამ გატაცების ბიზნესად ქცევისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.

- წარმოშობით კახეთიდან, თელავის რაიონის სოფელ ართანადან ვარ. სოფელი თელავიდან 21 კილომეტრში, კავკასიონის სამხრეთ კალთებთან მდებარეობს. ეს ადგილი კახეთის რეგიონში მევენახეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მიკროზონაა. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ოჯახის წევრებს ღვინის სიყვარული მამა-პაპიდან მოგვდგამს. ბავშვობაში პაპას ვეხმარებოდი, ვაზთან, ღვინოსთან მუდმივი შეხება მქონდა. პირადი მოხმარებისთვის ყურძენს ყოველ წელს ვწურავთ და ამ პროცესში ყოველთვის ვმონაწილეობ. ვაზის მოვლა, მოსავლის აღება, დაწურვა, ღვინის გადაღება - ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. 2020 წელს, როცა პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულება პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება და ოჯახური ტრადიცია კომერციული დანიშნულებითაც გამოგვეყენებინა. ნაფარეულის მიკროზონა რქაწითლითა და საფერავითაა განთქმული. ჩვენც ჯერჯერობით ამ ორი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი მაღაზია გავხსენით, სადაც ძირითადად ღვინის რეალიზაცია ხდება. წელს ვაპირებთ, მრავალფეროვნებისთვის სხვა ჯიშებიც შევიძინოთ.

- პროფესიით თუ უკავშირდებით მეღვინეობას?

- პროფესიით ეკონომისტი ვარ, ბიზნესადმინისტრირების სპეციალობით და ამავე მიმართულებით ვმუშაობ.

- რატომ გადაწყვიტეთ, მარანი სოფლის ნაცვლად თბილისში მოგეწყოთ?

- სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი მანძილია. რთულია თბილისიდან სოფელში საქმის წარმოება. თუ საქმეში პირადად არ ხარ ჩართული, საერთოდ არ გამოდის, ან ისე არ გამოდის, როგორც ჩაფიქრებულია. ღვინოს კი ყურძნის ჩაწურვიდან საბოლოო დავარგებამდე ყოველდღიური შრომა სჭირდება. მორიგი მიზეზი ჰიგიენური ნორმების დაცვაა. იმ ადგილას, სადაც წყალმომარაგება გამართული არაა, დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, ღვინის ჭურჭლის, ქვევრისა თუ მასთან დაკავშირებული სხვა ატრიბუტის უნაკლო სისუფთავის უზრუნველყოფა. მთავარი ღვინის დაყენებისას ჰიგიენის ნორმების დაცვაა. თუკი მასში რაიმე სახის ბაქტერიამ შეაღწია, შესაძლოა ღვინო ან სულ გაფუჭდეს, ან სხვა გემოები, არომატები შეიძინოს. თბილისში საკუთარი სახლი გვაქვს და მარანი სარდაფში მოვაწყვეთ. ახლა უკვე ახალ, უფრო დიდი ფართობის მარანს ვაშენებთ.

- ღვინის წარმოებისთვის საჭირო თეორიულ ცოდნას თუ ფლობთ?

- როგორც აღვნიშნე, პრაქტიკული ცოდნა ბავშვობიდან მქონდა. რაც შეეხება თეორიულს, მუდმივად ვეძებ და ვეცნობი საჭირო ინფორმაციას როგორც ინტერნეტში, ისე სხვადასხვა ლიტერატურაში. ვესწრები ონლაინლექციებს. ამ მიმართულებით კონკრეტული კურსების გავლასაც ვაპირებ.

GzaPress

- რაიმე ტიპის სახელმწიფო პროგრამაში თუ ხართ ჩართული?

- ჯერჯერობით ყველაფერს პირადი სახსრებით ვახერხებთ. საერთოდ, ღვინის წარმოება და მისი რეალიზაცია არ განეკუთვნება ბიზნესის იმ კატეგორიებს, რომლის საშუალებითაც გაწეული ფინანსური ხარჯების სწრაფი უკუგება და მოგებაზე გასვლაა შესაძლებელი. ამიტომ ამ საქმის წამომწყებს, პირველ რიგში, ღვინის და მასთან დაკავშირებული ყველა პროცესის მიმართ ინტერესი და სიყვარული უნდა ჰქონდეს. არავის არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ ამ საქმით მოკლე ვადაში რაიმე მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მიიღებს. ამ ტიპის ბიზნესის განვითარების პროცესი დროშია გაწელილი.

- თქვენი წარმოება ხარისხზეა გათვლილი და არა რაოდენობაზე?

- დიდი რაოდენობით წარმოება ჯერჯერობით არ გვაქვს დაგეგმილი, რადგან ღვინოს საჭირო პირობებში შენახვა სჭირდება. ამ ეტაპზე საჭირო რაოდენობის ფართობიც არ გვაქვს. ამიტომ, მცირე ოდენობით დავიწყეთ და ნელ-ნელა, მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად, ჩვენც გავზრდით რაოდენობას. რაც შეეხება ხარისხს - ეს ყოველთვის პრიორიტეტი იქნება, მიუხედავად წარმოების მოცულობისა.

- უცხოეთის ბაზარზე ნაწარმის გატანას თუ გეგმავთ?

- აუცილებლად, თუმცა, ეს საკითხი ჯერ პროცესშია. კონკურენციაც საკმაოდ დიდია.

- სამომავლოდ აგროტურიზმის მიმართულებითაც ხომ არ გეგმავთ ბიზნესის განვითარებას?

- ამისთვის ყველანაირი რესურსი გვაქვს. თუმცა ჯერჯერობით ძირითადი დრო გვინდა ღვინის წარმოებას დავუთმოთ. რა რაოდენობის ყურძენსაც ვწურავთ, უშუალოდ ჩვენს საკუთრებაში არსებული ვენახების მცირე ნაწილია, დანარჩენს ადგილობრივებისგან ვიძენთ. სამომავლო გეგმაც სწორედ საკუთარი ვენახების გაფართოებაა.

- წარმოების პროცესში ოჯახის წევრებიც მონაწილეობენ?

- საქმეს, ძირითადად, მე და მამა ვუდგავართ სათავეში. ჩემი ძმებიც მონაწილეობენ. ერთი ძმა პროფესიით მიკრობიოლოგია და შესაბამისი მიმართულებითაა ჩართული ამ საქმიანობაში, მეორე ძმა სარეკლამო ბიზნესშია, ბოთლის ეტიკეტებსა და სხვადასხვა პოლიგრაფიულ ნაწარმს გვიმზადებს.

შორენა ლაბაძე