კაცი, რომლის სიმღერითაც აფხაზეთის ტელე-რადიომაუწყებლობა იწყებოდა - გზაპრესი

კაცი, რომლის სიმღერითაც აფხაზეთის ტელე-რადიომაუწყებლობა იწყებოდა

ტრიფონ ხუხუა ის ადამიანი გახლდათ, რომლის სიმღერაც აფხაზებმა ისე ძლიერ შეიყვარეს, რომ აფხაზეთის ტელე-რადიომაუწყებლობა სწორედ მისი სიმღერით იწყებოდა... გარდა იმისა, რომ ბატონი ტრიფონი მუსიკალურ ნაწარმოებებს თავად ქმნიდა, ასევე, უძველესი ქართული ხალხური სიმღერების საინტერესო ნიმუშებს ეძებდა და აღადგენდა, ახალ თაობას ასწავლიდა და აყვარებდა... ამ საინტერესო პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მეტი დეტალის შესახებ მის შვილიშვილს - უმცროს ტრიფონ (ტატო) ხუხუას ვესაუბრეთ:

აბრაგის ნანატრი შვილი

- ბაბუაჩემი, ცნობილი ლოტბარი და მომღერალი - ტრიფონ ხუხუა 1911 წელს სოფელ კიწიაში (მარტვილის რაიონი) დაიბადა. მამამისი აბრაგი - დავით ხუხუა გახლდათ. დავითის ყურადღება ვარდო ჩავლეიშვილმა სიმღერით მიიქცია. ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ. დავითი უკვე ასაკში იყო, ვარდო კი მხოლოდ 18 წლის გახლდათ. დავითს ახალშერთული მეუღლე შინისკენ რომ მიჰყავდა, ნოქალაქევში, სადაც პატარა მდინარესთან ხალხი ბორნით გადაჰყავდათ, ვიღაცებს უთქვამთ, - ამ ასაკიან კაცს ასეთი მაგარი გოგო რად უნდა? წავართვათო!.. ერთ-ერთს უპასუხია, - ეგ აბრაგი დავით ხუხუააო, - და დაანებეს თავი... მოკლედ, დავითმა ცოლი შინ მიიყვანა და ცხოვრების ბოლომდე ერთად იყვნენ - ერთმანეთი საოცრად უყვარდათ. ვარდო ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა: ნათლისღების დღესასწაულზე, ნათლიას სტუმრობდნენ ხოლმე, ურმით ძღვენი მიჰქონდათ... იმ დღეს თბილი ამინდი იდგა. ნათლიასთან წასვლამდე ვარდომ მდინარეში იბანავა, გაცივდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა... დავითს მეუღლე ისე ძლიერ უყვარდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ერთი წელიც ვერ იცოცხლა... ტრიფონი დავითის და ვარდოს ნანატრი შვილი იყო (მანამდე წყვილმა გოგონა აიყვანა შვილად, რომელიც მალევე გარდაიცვალა). თურმე, დაბადებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტრიფონი თვალებსაც ვერ ახელდა. შემდეგ მიხვდნენ, რომ პატარას თვალებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. ის ცხოვრების ბოლომდე ახლომხედველი იყო. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ აბსოლუტური სმენა ჰქონდა - ახლობლებს ფეხის ხმით ცნობდა: ფიცრულ ოდაში ცხოვრობდა, სადაც თუ ვინმე გაივლიდა, ფეხის ხმის მიხედვით მისი ვინაობის გამოცნობა შეეძლო...

GzaPress

რეპრესიები და რკინის მაღაროებში შექმნილი ანსამბლი

- ტრიფონი ჯერ კიდევ 15 წლის მოზარდი იყო, როცა მისი მუსიკის მასწავლებელი გარდაიცვალა და სკოლაში მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად გარდაცვლილი მასწავლებლის ნაცვლად დანიშნეს... შემდეგ ბაბუამ სწავლა სენაკში, პედაგოგიურ სასწავლებელში განაგრძო, სადაც მღეროდა ცნობილ მომღერლებთან - კირილე პაჭკორიასთან, რემა შელეგიასთან, კიწი გეგეჭკორთან ერთად... მეგობრობდნენ, ანსამბლი ჰქონდათ. როგორც ვიცი, ბაბუამ მათ ძველი სიმღერის - "ჰარირას" არაჩვეულებრივი ვარიანტი ასწავლა. ტრიფონმა ბევრი მეგრული (და არა მხოლოდ) სიმღერა აღადგინა. ასევე, უბადლოდ უკრავდა გიტარაზე, მაგრამ შემდეგ, როგორც კი ჩონგურზე დაკვრა დაიწყო, გიტარას თავი დაანება. მისი სიმღერების უმეტესობა ჩონგურზეა შექმნილი. ბაბუა ასევე წერდა პიესებს, ლექსებს, აგროვებდა შელოცვებს... რა თქმა უნდა, თავისი სიმღერებისთვის ტექსტებს თავად ქმნიდა... ბაბუა ორჯერ იყო რეპრესირებული. ერთი საინტერესო და ტრაგიკომიკური ფაქტის შესახებ გიამბობთ: ასეთი სახელწოდების - "ჩქიმ ტორონჯი" (ჩემი მტრედი) სიმღერა არსებობს. ბაბუა დააკავეს და მიზეზად ის უთხრეს, რომ ამ სიმღერის შესრულებისას თურმე მტრედად საქართველოს მოიაზრებდა, ძერაში კი რუსეთს გულისხმობდა (სიმღერის ტექსტი დაახლოებით ასეთი იყო: ჩემს მტრედს, უბედურს, დასცემია ბებერი ძერაო...). სწორედ დაკითხვის დროს რადიომ ბაბუის მიერ შესრულებული სიმღერა გადმოსცა და გაათავისუფლეს (იცინის)... რეალურად, "ჩქიმ ტორონჯის" ტექსტში ის აზრი მართლა არ ყოფილა "ჩადებული", რის გამოც ბაბუა დააკავეს - ჩვეულებრივი, ძველი მეგრული სიმღერაა...

სტალინის მმართველობის პერიოდში რაღაცნაირად, ცნობილ "მეგრელთა საქმესთან" დაკავშირებულ სიტუაციაში, გაუგებრობის გამო, ბაბუაც აღმოჩნდა. ტრიფონ ხუხუა უკრაინაში, კრივოი როგში გადაასახლეს. ბაბუამ რკინის მაღაროებშიც კი მუსიკალური ანსამბლი ჩამოაყალიბა (იცინის). რა თქმა უნდა, გადასახლებაში მყოფმა ჩონგური მოითხოვა. ბებიამ გაუგზავნა... მგონი, უკრაინიდან წელიწადსა და რამდენიმე თვეში გამოუშვეს...

მითვისებული სიმღერები

- შთამომავლობა ბაბუის გზას ვაგრძელებთ. პირადად მეც ვცდილობ, მისი სიმღერები არ დაიკარგოს. რა თქმა უნდა, ისე ხდება, რომ გარკვეული შემსრულებლები მის სიმღერებს მღერიან, ითვისებენ... ხან სიტყვებს გადააკეთებენ, ხან მელოდიას მოაკლებენ რამეს... მაგალითისთვის რამდენიმე სიმღერას დავასახელებ: ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესოა, რომ იმ პერიოდში, აფხაზეთის ტელე-რადიომაუწყებლობა ტრიფონ ხუხუას სიმღერის - "მარულას" მელოდიით იწყებოდა, ისე უყვარდათ... დღეს ბევრმა არ იცის, რომ ამ სიმღერის ავტორი ბაბუაა... ტრიფონის სიმღერაა "ნანა", რომელსაც ფანტასტიკური მელოდია აქვს. ტექსტი სიყვარულის შესახებაა დაწერილი: 1975 წელს ბაბუასთან ფოთიდან სტუმრები იყვნენ ჩამოსულები. ტრიფონმა ჩონგური აიღო და იქვე, სტუმრების გარემოცვაში, ულამაზესი ახალი სატრფიალო სიმღერა - "ნანა" შეასრულა. შემდეგ ეს სიმღერა ერთ-ერთ ქართულ ფილმშიც აჟღერდა, თუმცა ავტორად ბაბუაჩემის გვარ-სახელი მითითებული არ ყოფილა. ამ სიმღერის შესახებ თქმულება არსებობს - თითქოს მწყემსის სიმღერაა. სინამდვილეში, როგორც აღვნიშნე, სიყვარულის თემაზეა შექმნილი, მაგრამ მელოდიას სხვა ტექსტი დაუწერეს... ასევე არსებობს სიმღერა - "მიყვარს, სადაც დავიბადე", რომელსაც ახლაც მღერიან - "იუთუბზეც" დევს (სვანურად და მეგრულადაა). სინამდვილეში სიმღერას "ჩქინი ჩაი" ჰქვია, რომელსაც ბაბუა მეგრულად და ქართულად ასრულებდა, დღეს კი მის მიერ შექმნილ მელოდიას გარკვეული ნაწილები მოაკლეს და სხვა ტექსტი მოარგეს... ბაბუას საოჯახო ანსამბლიც ჰყავდა, რომელსაც ასე სახასიათოდ წარადგენდა ხოლმე: ახლა თქვენ წინაშე წარდგება 2 "მოხუცი" (ტრიფონის 2 უფროსი შვილი - თანილა და ომარი) და 1 "ახალგაზრდაო". "ახალგაზრდა" თავად გახლდათ, რა თქმა უნდა (იცინის). მაშინ უმცროსი შვილები - ზაური და ჯემალი მცირეწლოვნები იყვნენ, ამიტომ ანსამბლის გამოსვლებში ჯერ არ მონაწილეობდნენ... ტრიფონ ხუხუას მომღერალთა ოჯახის გამოსვლებში ბებიაჩემი, არიადნა არ მონაწილეობდა - ალბათ არ ეცალა, თორემ არიადნამ ტრიფონი სიმღერით მოხიბლა. ობლად გაზრდილი გოგო იყო...

"მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან ნიჭიერი პატარები შეიფარა"

- ტრიფონ ხუხუა საოცრად თავმდაბალი პიროვნება და რა თქმა უნდა, თავისი ქვეყნის, კუთხის პატრიოტი გახლდათ. ბევრი ადამიანი აღზარდა. მის მოსწავლეებს შორის იყო ცნობილი ტენორი - ბატონი ზურაბ ანჯაფარიძე. პატარა ასაკის ზურას ტრიფონმა მარტვილის კულტურის სარაიონო სახლის სცენა დაუთმო. ხელფასიც გამოუყო, რადგან ზურას ოჯახს ძალიან უჭირდა... საერთოდ, ბაბუა ბევრს ეხმარებოდა. მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან ბევრი ნიჭიერი პატარა შეიფარა, რომლებიც ცეკვავდნენ, მღეროდნენ... როცა წამოიზარდნენ, მარტვილშივე დაასაქმა. ის ბავშვები მარტვილში დარჩნენ და დღესაც აგრძელებენ საქმიანობას... ზოგმა აღზრდილმა ბაბუას ამაგი არ დაუფასა, ზოგმა - დაუფასა... ტრიფონი დინჯი, პატიოსანი, გულკეთილი ადამიანი იყო. მახსოვს, ბებია როგორ განიცდიდა, როცა ბაბუის საფლავზე წამიყვანდა ხოლმე... მეუღლეს ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა. ამაყობდა, რომ საუკეთესო მეუღლე ჰყავდა. ძალიან უყვარდა... ამჟამად მარტვილში არსებული კულტურის ცენტრი ტრიფონ ხუხუას სახელს სამართლიანად ატარებს. მარტვილში ასევე, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მუსიკალური სკოლა არსებობს...

უძველესი ჩონგური განსხვავებული ჟღერადობით

- ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის რელიკვიაა უძველესი, რამდენიმე ასეული წლის წინ შექმნილი ჩონგური, რომელიც წაბლის ხისგან ნაჯახითაა გამოთლილი. ამ ჩონგურს სპეციფიკური ჟღერადობა აქვს. სიმებიც განსხვავებულადაა განლაგებული. საერთოდ, ჩონგურის ტონალობას, დადგენილი ნორმის მიხედვით, მეჩონგურე ადგენს. ჩვენს უძველეს ჩონგურზე მეოთხე სიმს მეჩონგურემ სტანდარტული ადგილი მიუჩინა, მაგრამ საკრავმა ხმა დაკარგა. შემდეგ, ზუსტად იმავე ადგილზე დააბრუნა და ჩონგურს ხმაც დაუბრუნდა - ფანტასტიკური ჟღერადობა აქვს!.. ჩონგური თითქმის პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, მხოლოდ მისი გული - საკრავის ყველაზე თხელი ნაწილია რესტავრირებული... მძიმეა, დასაკრავად - რთული, ბოხი ხმა აქვს... საინტერესო იქნება, ეს ჩონგური საზოგადოებამ გაიცნოს, შესაბამისი პროფილის სპეციალისტებმა დაუკრან და მსოფლიომ ნახოს, ასეული წლების წინ როგორ უკრავდნენ საქართველოში... ბაბუა და ბებია ჩონგურის დიდი მოტრფიალეები გახლდნენ. შინ კიდევ ერთი უძველესი, თხმელისგან გამოთლილი ჩონგური გვაქვს, რომელსაც განსხვავებული ფორმა აქვს. ისეთ მდგომარეობაშია, რომ სასურველია, არ გამოიყენოს ადამიანმა, თუმცა ალბათ გამოყენებაც შესაძლებელია... სამეგრელოში, სახლში ჩონგურების კოლექცია გვაქვს, რომელშიც ბაბუაჩემისა და მამაჩემის 40-მდე ჩონგურია, მათ შორის - ცნობილი მეჩონგურის - გრიგოლ ცანავას მიერ ბაბუაჩემისთვის ნაჩუქარიც...

GzaPress

"დადიანური"

- ბაბუა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. მშობლებმა მისი სახელი - ტრიფონი დამარქვეს, რომელსაც მოფერებითი ფორმა ვერაფრით მოუფიქრეს (იცინის). შემდეგ, დედ-მამა და მეგობრები "ტატოთი" მომმართავდნენ... თავდაპირველად, როცა პატარა გახლდით, სკოლაში, საკლასო ჟურნალში მასწავლებელი "ტრიფონ ხუხუას" რომ წაიკითხავდა, პროტესტის განცდა მეუფლებოდა - ტატო ვარ-მეთქი! ახლა პირიქით - მეამაყება, რომ ბაბუის სახელი მქვია. თან, "ტრიფონი" ერთ-ერთი წმინდანის სახელია... ტრიფონ ხუხუას შთამომავლობა მის გზას ვაგრძელებთ: ჩემი ბიძაშვილი - ზვიად ხუხუა, ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალია. ძალიან მაგარი ხმა აქვს!.. მე ხალხური სიმღერების შესრულებას ვცდილობ, მონდომებული ვარ. მიმაჩნია, რომ თუკი ერთ ქართულ ხალხურ სიმღერას მაინც ასწავლი ახალ თაობას, ქალაქში თუ სოფლად, დიდ საქმეს გააკეთებ ადამიანი, რადგან ქართული ხალხური სიმღერა გენოფონდია, რომელიც იუნესკომ აღიარა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. წარმოიდგინეთ, თუ გვინდა, მსოფლიოს ვესაუბროთ, ამის საშუალება ჩვენი ერთ-ერთი საგანძურით - ქართული ხალხური სიმღერით შეგვიძლია. სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა ბაბუაჩემი, მისი შვილები - ომარი და ზაური, შვილიშვილები - ზვიადი და მე, თქვენი მონა-მორჩილი...

სიმღერებს თავადაც ვწერ. ანსამბლიც - "დადიანური" - 2010 წელს შევქმენი. თავდაპირველად, ანსამბლში ხუთნი ვიყავით, ახლა სამნიღა შემოვრჩით: დიმიტრი კაკულია, ლადო შონია და მე. კონცერტები გვქონდა გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში... 2019 წლის მარტში, თბილისში სოლო კონცერტი წარმატებით ჩავატარეთ. მას ქართული ფოლკლორის მოამაგეებიც ესწრებოდნენ: რამინ მიქაბერიძე, ვარლამ გუდიძე, დავით გველესიანი... ვფიქრობ, ჩვენი კონცერტი იმ მხრივ იყო საინტერესო, რომ ბევრი, თითქმის მივიწყებული სიმღერა შევასრულეთ. დღესდღეობით, რასაც ვაკვირდები, 90% "გადამღერებული" სიმღერები სრულდება - ყველა ერთსა და იმავეს მღერის. არადა, უამრავი ფოლკლორული ნიმუში გვაქვს... გვინდა, ბევრი მათგანი აღვადგინოთ, ჩავწეროთ, მომავალ თაობას გავაცნოთ და ამით ჩვენი საგანძური, გენოფონდი გავამდიდროთ. ყველა ის ადამიანი დასაფასებელია, ვინც ერთ ფოლკლორულ სიმღერას მაინც აღადგენს ან მომავალ თაობას ასწავლის...

ეთო ყორღანაშვილი