"ლექსები ჩემი ბედისწერაა" - გზაპრესი

"ლექსები ჩემი ბედისწერაა"

"აღმოგაჩინე და განმაცვიფრე", - სწერენ მას სოციალურ ქსელში. ვინც მის პოეზიას იცნობთ, ალბათ იმავე განცდა გაქვთ, ვინც - არა, ეს ბედნიერება წინ გელოდებათ. შეხედეთ სამყაროს მისი თვალით და ბევრ რამეზე სხვაგვარად დაფიქრდებით. თავად ამბობს: "ლექსები ჩემი ბედისწერაა/ და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის"... იცნობდეთ, ეს პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილია.

- დუშეთის რაიონის სოფელ კობიაანთკარში დავიბადე და გავიზარდე. 32 წლის ვარ, დაცვის კერძო კომპანიაში, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დაცვაში ვმუშაობ. წერის მოთხოვნილება ბავშვობიდან მქონდა. სულ ვიცოდი, რომ უნდა მეწერა; წინასწარ ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ლექსების წერა დაახლოებით 8 წლის წინ დავიწყე, მაგრამ იმ ლექსებს, რომლებსაც მაშინ ვწერდი, რა თქმა უნდა, ლიტერატურული ღირებულება არ ჰქონდა. ამიტომ უმეტესობას ვხევდი. მოგვიანებით ჩემი სათქმელის ფორმად მინიმალისტური პოეზია იქცა.

- თქვენი მიგნებები მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. როგორ იკინძება სიტყვები, რომელიც ემოციის ზღვად იქცევა? ერთ სტრიქონში ასეთი ღრმა აზრების ჩატევას როგორ ახერხებთ?

- სანამ ლექსს გამოვაქვეყნებ, დაწერიდან 2 კვირა მაინც ჩემთვის მაქვს, მხოლოდ ჩემთან არის, ვუტრიალებ, ვუბრუნდები, უცხო თვალით ვკითხულობ და როცა საბოლოო სახეს იღებს, მერე ვაქვეყნებ.

- პირველი მკითხველი ვინ არის?

- პირველი მკითხველები ჩემი "ფეისბუკ"-მეგობრები არიან, მანამდე ოჯახის წევრებსაც კი არ ვაკითხებ.

- მკითხველისგან მიღებულ ემოციებზე რას იტყვით?

- ლექსების გამოქვეყნება რომ დავიწყე, ემიგრანტები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, კრებული გამომეცა, საამისოდ თანხას თავად გაიღებდნენ. ამ წინადადების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. არ მინდოდა, ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოდან შორს იყვნენ, თანხა გამომერთმია, მათი ოჯახებისთვის თუნდაც ლარი მომეკლო, ამიტომ უარი ვთქვი. მკითხველის მხრიდან ყოველთვის დიდ სითბოს ვგრძნობ. სწორედ მკითხველთა დამსახურებაა, რომ ლექსებს დღესაც აქტიურად ვაქვეყნებ. თავიდანვე ცუდი დამოკიდებულება რომ მეგრძნო, სავარაუდოდ, წერაზე ხელს ავიღებდი.

- თქვენი პოეზიის მთავარი ინსპირაცია რა არის?

- ბუნება. მთაში რომ არ წავიდე და მხოლოდ ქალაქში ვიცხოვრო, ვერაფერსაც ვერ დავწერ. სიმშვიდე და ბუნებაში ყოფნაა ჩემთვის აუცილებელი. ემოციით ვიმუხტები და მერე ქვეცნობიერში დარჩენილი განცდები გადმომაქვს. ბუნებაში ყოფნისას, იმ წუთში კონკრეტული ფაქტი შეიძლება სათანადოდ ვერც აღიქვა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის მომენტი გონებაში სხვაგვარი განცდით გიცოცხლდება და ფურცელზე გადატანა გინდება. სიმშვიდეში თუ არ ვარ, ერთი სიტყვის დაწერაც კი არ შემიძლია, ქაოსში ვერ ვიცხოვრებ. თბილისს ამიტომაც გარიდებული ვარ, სოფელში ვცხოვრობ. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მშობლები მეუბნებოდნენ, სკოლაში თბილისში უნდა შეგიყვანოთო. სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. ჩვენ თბილისში სახლიც გვქონდა, მაგრამ რომ ჩავდიოდი, სულ გამოქცევაზე ვიყავი.

- ლექსების გარდა, ჩანახატებსაც წერთ. როგორ ფიქრობთ, სად უფრო კარგად ამბობთ სათქმელს?

- პატარა მოთხრობები მაქვს, დაახლოებით 15-მდე. თავდაპირველად რითმიან ლექსებს ვწერდი (მათ შორის რამდენიმეს გამოქვეყნებაც შეიძლება). ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომ სათქმელის ჩემეული ფორმა მომეძებნა. მინიმალისტური პოეზია ჩემთან თავისით მოვიდა. ეს არ არის არც ტანკა, არც ჰაიკუ. მე ასე წერა და ჩარჩოებში მოქცევა არ მინდოდა.

- პოეზიაში არ ცნობთ ჩარჩოებს, ცხოვრებაში?

- თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ. ბავშვობიდანვე სულ ვცდილობდი, არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მთავარი "ჩარჩო" მაქვს - მორალის; მთავარია, იქიდან არ გავიდე.

- თქვენი ლექსების ნაწილი ალბათ, რეალური ამბიდანაა ნაკარნახევი, არა?

- ყველა ლექსი რეალური ამბითაა ნაკარნახევი. მთიულეთში ვცხოვრობ. მოგეხსენებათ, აქ ხატობის დღესასწაულს აღვნიშნავთ, ამ დღეს უამრავი საკლავი იკვლება, ამ სანახაობის შთაბეჭდილებამ დამაწერინა: "ხარის რქებზე/ რომ სალოცავად/ სანთელს აანთებ,/ ყელთან მიტანილ/ დანას როგორ/ არ მიენდობა?!/ ალბათ, ფიქრობს,/ რომ ამ დასაბმელ/ ბაწარს შეაჭრი". და კიდევ: "ხატს შეწირული/ ქორბუდას რქები,/ სხვა ირემმა/ რომ დაინახოს,/ რას წარმოიდგენს,/ რომ აქ ვლოცულობთ?!"

- თქვენს არაერთ ლექსზე ნახატიც შეიქმნა...

- დიახ, "ნატვრის ხეზე" ("ნატვრის ხეს/ რომ ყველა კვირტზე/ ნაჭერს მოუჭერ,/ შენი ცხოვრება/ როგორღა აყვავდება?") და "მოხუცის გარდაცვალების ამბავზე". სულ მინდოდა, ხატვის ნიჭი მქონოდა, სამწუხაროდ, არ შემიძლია.

- როდესაც თქვენს ლექსებს გავეცანი და ამასთანავე გავიგე, რომ ნადირობა გიყვართ, გაკვირვებული დავრჩი, ასეთ მგრძნობიარე ადამიანს როგორ შეგიძლიათ, სიცოცხლე მოკლათ?

- ბავშვობიდან სულ მქონდა მოთხოვნილება, ბუნებაში ვყოფილიყავი, ამის ერთ-ერთ გზად ნადირობა მიმაჩნდა. ვფიქრობდი, რომ მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. თავიდან ჩემში მონადირის ინსტინქტი გაცილებით მძაფრი იყო. წლები რომ გავიდა, იარაღთან გაუცხოება დამემართა, ფოტონადირობაზე გადავედი. ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია, ამ ცხოვრებით რომ არ მეცხოვრა, რომ არ მენადირა, ალბათ ასეთ პიროვნებად არც ჩამოვყალიბდებოდი. ვაჟა-ფშაველა, მუხრან მაჭავარიანი, ოტია იოსელიანი აქტიური მონადირეები იყვნენ; შოთა რუსთაველს ნადირობის სცენა ისე აქვს აღწერილი, მონადირე რომ არ ყოფილიყო, ასე ვერ დაწერდა. ნადირობას რაღაც განსხვავებული სევდა მოაქვს, სხვაგვარად გაფიქრებს, სხვა ემოციებს აღძრავს. იარაღის დაგდება და ხელში ფოტოაპარატის აღება ასე ადვილი არ არის, ამას ნელ-ნელა ვცდილობ. იარაღი ნარკოტიკივითაა. ტყეში ყოველთვის ძაღლები დამყავს, კინოლოგიაც მაინტერესებს.

- ერთ-ერთ მოთხრობაში გიწერიათ, ნადირობაზე წასვლის წინ დედას თმაზე ვკოცნიდი, ამ ფორმით თითქოს დანაშაულს ვისყიდდიო. ეს ამბავი თქვენს ცხოვრებაში რეალურად ხდებოდა?

- დიახ, მშობლები ჩემი ნადირობის წინააღმდეგი იყვნენ. ვიპარებოდი და მაინც მივდიოდი. ზოგჯერ გვიან ღამე ვბრუნდებოდი. შინ რა დროსაც უნდა მოვსულიყავი, დედას არასდროს ეძინა...

- მკითხველი ხშირად ვაჟა-ფშაველას და გოდერძი ჩოხელს გადარებთ, ამაზე თქვენი რეაქცია როგორია?

- ამ ადამიანების შემოქმედებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა. ქართულ პროზაში გოდერძი ჩოხელმა სულ სხვა ლექსიკა, სულ სხვა ფორმა შემოიტანა. შეუძლებელია, ამ გავლენას გაექცე, მაგრამ მთავარია, სახე შეინარჩუნო, შენი სტილი და ხელწერა შექმნა. მგონი, ეს შევძელი. მე და გოდერძი ჩოხელი ერთ დღეს, 2 ოქტომბერს ვართ დაბადებულები.

- პოეტებიდან გამორჩეულად ვინ გიყვართ?

- ვაჟა და გალაკტიონი, პოეზიის გვირგვინი შოთა რუსთაველია.

- ახლახან დაოჯახდით. რჩეულზე მიამბეთ. თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ჩემი მეუღლე გახლავთ მაგდა შუკვანი. წარმოშობით სვანეთიდანაა, ახლა ოჯახი გარდაბანში ცხოვრობს. მაგდა ჩემი რძლის ჯგუფელი იყო, პირველი შეხვედრიდანვე გაჩნდა სიმპათია, მერე დაახლოება ვცადე, ურთიერთობა კარგად აგვეწყო და იანვარში შევუღლდით. ბედნიერი ვარ.

- მეუღლეს ლექსებს უძღვნით?

- რამდენიმე ლექსი მაქვს მიძღვნილი. ქალვაჟური სიყვარულის თემატიკა ქართულ პოეზიაში დიდი დოზითაა. უმეტესად სამშობლოსა და სიყვარულზე წერენ, ხშირია "ურა-პატრიოტიზმიც". ეს ბანალური მგონია, მრავალფეროვნებისკენ ამანაც მიბიძგა.

- ადამიანურ სევდაზე, სისასტიკეზე, სიკეთეზე, ტკივილზე წერთ; იმაზე, რაც ჩვენი ყოველდღიურობაა; თოვლში ამოხეთქილ ყვავილზე, რომელსაც მოხუცები საჭმლის ფასად ყიდიან; გუმბათმორღვეული ტაძრის ხატებზე, რომლებსაც ათოვთ და მიუხედავად ამისა, ადამიანები კეთილდღეობას ვთხოვთ... ბევრი რამ ყურადღების მიღმა გვრჩება.

- სულ ვცდილობ, რაღაც ახალი დავინახო. იმაზე, რაც უკვე დანახულია, შეიძლება რამე ახლებურადაც დაწერო, მაგრამ ახალი მიგნებების აღმოჩენა მირჩევნია. წერის დროს ერთი პრინციპი მაქვს: არც ერთი ლექსი, რომელიც სიყვარულს, სიკეთეს, ჰუმანურობას არ ემსახურება, არ გამოქვეყნდება. შეიძლება, წერის დროს ფრაზა გამექცეს, მაგრამ გამორიცხულია, არ გამოვაქვეყნებ.

- მკითხველი უკეთეს ადამიანად გინდათ აქციოთ?

- ხმამაღალი ნათქვამია...

GzaPress

- თქვენი ყველაზე დიდი ტკივილი რა არის?

- ჩემი და კაცობრიობის ყველაზე დიდი ტკივილი ომია. ამაზე დიდი საშინელება პლანეტაზე არ არსებობს. მარტო ქვეყნებს შორის ომი კი არა, ყველა ომი, რომელსაც ზოგჯერ შეცვლილი სახელიც ჰქვია...

- მაგალითად?

- შური, დაუნდობლობა, ბოროტება, ბოღმა... "ხის ფუღუროდან/ თაფლი თუ წვეთავს,/ "ჯანსაღ" სხეულში/ რატომ გვიდგას/ ამდენი გესლი?!" და კიდევ: "ეკალი/ ტკივილით/ გვასწავლის/, რომ/ ფეხი/ არავის/ დააბიჯო".

- მითხარით, ევროკავშირის ელჩის დაცვაში ვმუშაობო. კარლ ჰარცელის თქვენდამი დამოკიდებულება როგორია?

- 1 თვეა, რაც აქ ვმსახურებ. კარგი ადამიანები არიან, ჯანსაღი გარემოა. კარლ ჰარცელი ყურადღებიანი ადამიანია, ყოველ დილით რომ არ მოგვესალმოს, მოგვიკითხოს, არ იქნება. მისი მხრიდან ყველა თანამშრომლის მიმართ დიდი პატივისცემა იგრძნობა.

- იციან, ლექსებს რომ წერთ?

- აქ არ იციან.

- ჩვენგან გაიგებენ...

- ლიტერატურული კონკურსებისადმი ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება მქონდა. მეგობარმა ჩემი ლექსები ერთ-ერთ კონკურსზე გაგზავნა, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემია მომანიჭეს და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. შემდეგ ჟურნალ "ცისკარს" ჰქონდა ბარდაველიძის სახელობის პრემია; ნომინაციაში "ცისკრის" პოეზია 2020" გამარჯვებულად დამასახელეს და ფულადი ჯილდოც გადმომცეს; ბოლოს ლიტერატურულ კონკურს "მაჩაბელის" ფინალისტებში ვიყავი. ამ ყველაფერმა დიდი სიხარული მომიტანა.

- ახლა თანახმა ხართ, კრებული გამოსცეთ?

- რა თქმა უნდა. ახლა დიდი მასალაც დაგროვდა. ხშირია მოპარვის მცდელობა და ეს ამბავი ძალიან მაღელვებს. ვისთვისაც არ მოუპარავთ, ის ჩემს ტკივილს ალბათ ვერც იგრძნობს.

- იმედია, გამომცემლები დაინტერესდებიან. წარმატებებს გისურვებთ! მკითხველს კი თქვენი ლექსით დავემშვიდობები: "ერთხელ მაინც/ თუ გაახსენდება/ არწივს ის დილა, -/ ახოდან რომ ნუკრი წაიღო,/ მდევარი დედა,/ ცაში ცქერით/ ქარაფში/ რომ გადაიჩეხა?!"

თამუნა კვინიკაძე