"ემიგრანტობამ უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გამხადა" - გზაპრესი

"ემიგრანტობამ უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გამხადა"

ომმა ჯერ თბილისში გადმოისროლა, შემდეგ კი პროფესიის წყალობით, ამერიკაში მოხვდა. ირაკლი რუსია საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, მოცეკვავე და მომღერალი. ცეკვავდა თავდაცვის სამინისტროს აკადემიურ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "მამულში". ასევე, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით - ქართული ხალხური და საეკლესიო გალობა. ფიქრობს, რომ წარმატების ერთ-ერთი საწინდარია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდე.

- ტრადიციული ქართული მუსიკალური ოჯახიდან ვარ, სადაც ყველა მღერის და ცეკვავს პროფესიონალურად. ბაბუაჩემი, გიორგი (ბარდღა) რუსია მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო, რემა შელეგიასა და ნოკო ხურციას ანსამბლში მოღვაწეობდა - უნიკალური სოლისტ-შემსრულებელი გახლდათ. მერე ეს ნიჭი გადაეცა მამაჩემს, დავით რუსიას, რომელმაც ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში იმუშავა 16 წელი, მურმან ლომთათიძის ხელმძღვანელობით. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, დაჯილდოებულია საქართველოს ბრწყინვალების ორდენითა და უამრავი ჯილდოთი, საქართველოს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებისთვის.

მეც მთელი ცხოვრება ვემსახურები ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ. კონცერტებით ოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი.

"სამი დღე საკანალიზაციო მილში ვიმალებოდით"

- დავიბადე სოხუმში და ომის მერე აღმოვჩნდი თბილისში. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. მაშინაც ვცეკვავდი და გავდიოდით ახალგაზრდები პოზიციებზე, ჯარისკაცებს კონცერტებს ვუტარებდით. მძაფრად მახსოვს, რომ დამბომბვის დროს სამი დღე საკანალიზაციო მილში ვიმალებოდით. ცუდი მოგონებები მაქვს ომთან დაკავშირებით და გახსენებაც მიჭირს ხოლმე. ერთი დღით გაიხსნა დერეფანი, 5 საათით და მაშინ გამოვედით კონფლიქტის ზონიდან.

"აკანკალებული ხმით ვცდილობდი, მთელი გულით მემღერა"

- ბავშვობიდან მკაფიოდ დამამახსოვრდა ჩემი პირველი სიმღერა: საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "რუსთავი" იმყოფებოდა სოხუმში და კონცერტის მერე მამამ ანსამბლის წევრები სახლში დაპატიჟა. გაიშალა უზარმაზარი სუფრა და თამადად დაინიშნა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ამ პერიოდში მე ჩემთვის ვმღეროდი მეგრულ სიმღერებს, რასაც ბაბუა მასწავლიდა; ის გამუდმებით მასმენინებდა ანსამბლ "რუსთავის" მიერ შესრულებით სხვადასხვა სიმღერას. გამორჩეულად აკვიატებული მქონდა - "თუ ასე ტურფა იყავი", ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით და სწორედ ეს შევასრულე იმ საღამოს, დიდი ჰამლეტის თანდასწრებით. აკანკალებული ხმით ვცდილობდი, მთელი გულით მემღერა და იქ მყოფი საზოგადოებისთვის გადმომეცა ამ სიმღერის სითბო. ეს იყო ჩემი პირველი მოწონება დიდი კორიფეების მხრიდან, რამაც მომცა დიდი სტიმული, რომ გავყოლოდი ხელოვნებას.

"ასე დავრჩი ამერიკაში..."

- თბილისში ცხოვრებისას შევქმენით ანსამბლი "ივერია" და ექვსჯერ ვიყავით გასტროლებზე ამერიკაში. 8 შტატში ჩავატარეთ კონცერტები. ამის შემდეგ ამერიკის ერთ-ერთმა კულტურის ცენტრმა, ლას-ვეგასიდან, თანამშრომლობა შემომთავაზა: სურვილი თუ გექნებათ, ჩვენს ცენტრში კავკასიურ განყოფილებას უხელმძღვანელეთო. გამიკეთეს სამუშაო ვიზა, ცხოვრების უფლება და ასე დავრჩი ამერიკაში.

8 წელია, უკვე აქ ვარ, მეუღლესა და შვილებთან ერთად. თავიდან რთული იყო შეგუება. სამშობლოში გიცნობენ, ასე თუ ისე, სახელი გაქვს მოხვეჭილი, აქ კი არავინ ხარ. დრო სჭირდება ნდობის მოპოვებასა და სახელის მოხვეჭას. ასევე, რთულია სანდო ადამიანების პოვნა (ქართველებზე მაქვს ლაპარაკი). იყო შემთხვევები, როცა მატყუებდნენ, არასწორ ინფორმაციას მაწვდიდნენ და ეს ძალიან რთული გახლდათ. როცა რამდენიმე წელი გავიდა და უკვე ამერიკელებთან დავიწყე კონტაქტი, ყველაფერი გაცილებით გაიოლდა.

"ჩვენც მივეჩვიეთ კარნავალის რიტმში ცხოვრებას"

- ახლა ვასწავლი ხელოვნებას, ვართ ჩართული ფესტივალებსა და შოუებში, უამრავ ღონისძიებას ვატარებთ. სტუდიაში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები დადიან. სწავლობენ ქართულ ცეკვას, სიმღერას, საკრავებს. ძალიან მოსწონთ ქართული, ემოციური ცეკვები და მათი შესწავლით დაინტერესებული არიან.

მათ ძალიან უჭირთ, ისეთივე ცეცხლით, განწყობით, ხასიათით იცეკვონ ქართული ცეკვები, როგორიც საჭიროა. გენში რომ არ აქვთ ჩვენი ეთნოკულტურა, არ გამოსდით. მოწადინებულები არიან, ძალიან უნდათ, რომ სრულყოფილად იცეკვონ, მაგრამ "ცეცხლი" არა აქვთ. ვერ ვხვდები, რა აკლიათ, მაგრამ ისე ვერ ცეკვავენ, როგორც ქართველები. გულის ფეთქვა არ იგრძნობაო თითქოს.

მაგალითად, ცეკვა "ხანჯლური" არ არის კანონით ნებადართული ამერიკაში, რადგან მიაჩნიათ, რომ საფრთხის შემცველია. "ფარიკაობა" გვაქვს, მაგრამ ხანჯლების დარჭობას კანონი კრძალავს. ხშირად ქამარზე ხანჯალსაც კი არ ვიკიდებთ, რადგან ბევრ დაწესებულებაში ხმალს არ შეგატანინებენ. მოგეხსენებათ, ყოფილა შემთხვევები, როცა ხმლის ჩარჭობის დროს იატაკიდან ასხლეტილა ხანჯალი და უბრალოდ, მაყურებელი გადარჩა და არ დაზიანდა, რადგან სცენიდან მოშორებით იჯდა. ამიტომ, აქაური კანონი თავს იზღვევს მსგავსი შემთხვევებისგან.

გვყავს 20-კაციანი ანსამბლი, რომელიც ჩართულია ლას-ვეგასის შოუპროგრამებში...

ლას-ვეგასი საერთოდ სხვა სამყაროა. აქ ყოველი დღე დღესასწაულია და არასოდესაა სიწყნარე. მხიარული და ხმაურიანი ქალაქია. ჩვენც მივეჩვიეთ კარნავალის რიტმში ცხოვრებას.

სამშობლო...

- საქართველოში დასაბრუნებელი გეგმა გვაქვს. გვინდა, კულტურის ცენტრები გავხსნათ, რაც უფასო იქნება ნიჭიერი ბავშვებისთვის. მართლა ბევრ ნიჭიერ მოზარდს არა აქვს საშუალება, სწავლის ფული გადაიხადოს, ფორმა შეიკეროს. ჩვენ ძალიან გვინდა, მათ დავეხმაროთ და თუ ამას განვახორციელებთ, მერე დავბრუნდებით კიდეც საქართველოში.

პატრიოტობას ადამიანს ვერ დააძალებ, თუ ბუნებამ არ უშველა! პატრიოტობა არის ყოველდღიური ფიქრი და სიყვარული! მადლიერი ვარ ამერიკის - ზუსტად აქ მივხვდი, რა მინდა და რა ფასეულობებს უნდა მიექცეს ყურადღება.

ძალიან მახარებს კეთილი საქმეების კეთება, ეს მაბედნიერებს. მენატრება ჩემი სახლი აფხაზეთში. ემიგრანტობამ უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გამხადა. მწამს ღმერთის და ხვალინდელი დღის. ვოცნებობ დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიებზე ძირძველი მოსახლე ადამიანების დაბრუნებაზე! ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდე ბედნიერ სახეებს.