წნულები კასპიდან - გზაპრესი

წნულები კასპიდან

კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში 47 წლის რამაზ რევაზიშვილი ცხოვრობს, რომელიც 18 წელია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს წნავს. დიდი სურვილი აქვს, ირგვლივ ახალგაზრდების ჯგუფი შემოიკრიბოს, რომლებსაც ამ საქმეს ასწავლის და ყველანი ერთად ეკოლოგიურად სუფთა და ლამაზ პროდუქციას შექმნიან.

რამაზ რევაზიშვილი:

- ყოფილი სპორტსმენი ვარ, 22 წლამდე ვჭიდაობდი. შვიდჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, ძიუდოსა და სამბოში. აფხაზეთის ომი მოვიარე, შემდეგ სამაჩაბლოც - აგვისტოს ომში ვიყავი. რაც შეეხება ხელობას, მამა და პაპა მაგარ კალათებს წნავდნენ. მეც ძალიან რომ გამიჭირდა და პურის ფული რომ არ იყო, ამ საქმით დავიწყე თავის გატანა. ორი გოგონა მყავს. პირველად ჩემს 3 წლის შვილს კალათი დავუწანი. 7 წელი აგორავა ის კალათი, მერე სტუმრად მოსულმა პატარა ბავშვმა მოითხოვა, გინდა თუ არა, ეს კალათი გამატანეთო. მაშინ უკვე სხვაც მქონდა გაკეთებული, მაგრამ მაინცდამაინც ის პირველი ნამუშევარი მოინდომა. ვაჩუქე, აბა, რას ვიზამდი (იღიმის)?! თავიდან წნელის მოჭრაც არ ვიცოდი. პირველად მასალის შესაგროვებლად რომ წავედი, ყველა კარგი მეგონა და ნახევარზე მეტი ფიჩხი მოვჭერი. ბევრი რამ არ ვიცოდი, მამას ვეკითხებოდი, მარიგებდა და ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე. ადამიანი რამეს რომ მოიწადინებს, აუცილებლად გააკეთებს, შეუძლებელი არაფერია.

GzaPress

- მასალის მოპოვება როგორ ხდება?

- მასალისთვის სად არ ვყოფილვარ: მდინარის პირას მტკვრის ხეობაში, ყაზბეგში, წალკაში, გორის რაიონშიც, წნელი ალაზანზეც მოგვიჭრია, მაგრამ იმდენად ველურია, ადვილად იმტვრევა. ხელში კარგად არ "მოგდევს" და განსხვავებული ფორმის ნივთების გაკეთება ჭირს. ბევრი ვიბრძოლე და შემოვიტანე წნელის ჯიშები, რომელსაც ახლა ვამრავლებ. "სტანოკი" ავაწყვე, რომელიც წნელს გაარჩევს და ამით დროს იგებ. მერე წნელი იხარშება, იფცქვნება და იწყებ დაწვნას.

- მარტო მუშაობთ, თუ გეხმარებათ ვინმე?

- ბევრი შეკვეთა მაქვს, ვერ ავუდივარ. მინდა ჯგუფი შევქმნა, რომელიც დამეხმარება საქმეში. მაგარი ფანტაზიები მაწუხებს, მაგრამ ამისთვის დრო აღარ მრჩება. ის მახარებს, რომ ხარისხით უკმაყოფილო არავინ ყოფილა, პირიქით, მირეკავენ და მადლობას მიხდიან. სახელმწიფოსგან ცოტა დახმარება და ხელშეწყობა რომ მქონდეს, კარგი იქნება: პატარა ბავშვები მინდა დავაინტერესო და საქმე ვასწავლო. მეორე სახლი მაქვს, სადაც სამუშაო სივრცე მინდა მოვაწყო და იქ ვიმუშავებთ. ერთხელ, საახალწლოდ სასაჩუქრე 2 000 კალათის შეკვეთაც მივიღე და აქედან 1 000 თავად შევასრულე, დანარჩენზე სხვები დავიხმარე. ნიმუშები დავურიგე და შეკვეთა შევასრულეთ. ადამიანს პირობას რომ მისცემ, სიტყვა არ უნდა გატეხო. იმ შეკვეთისგან შემოსული ფული სოფელში გადანაწილდა.

GzaPress

- საკმაოდ მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ, ავეჯიც გაქვთ დაწნული...

- უფრო მაგარი რაღაცებიც მაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ რამე განსხვავებული რომ ააწყო, 1-2 თვე მაინც უნდა მოანდომო, არადა, სამოძრაო, ყოველდღიური ფული ხომ გჭირდება. რაც შეეხება ავეჯს, კი, შინ მაქვს მაგიდა, დივნები, სავარძლები. ეგ რომ გავაკეთე, დამწყები ვიყავი. რომ დავიწყე, გაჩერება მომიხდა და საბოლოოდ 7 წელი მოვანდომე დასრულებას. შეიძლება ისეთივე ავეჯი ვეღარ გავაკეთო, ალბათ უკეთესი იქნება, მაგრამ ეგ ერთია საქართველოშიც და მსოფლიოშიც. ნივთები ლაქით უნდა დაფარო, ჭია რომ არ გაუჩნდეს და ფორმა არ შეიცვალოს. ასე შეიძლება საუკუნეზე მეტხანს გაძლოს.

GzaPress

- პირველი ნივთი, რომელიც გაიყიდა, გახსოვთ, რა იყო?

- 11 ჩუქურთმიანი კალათი გავაკეთე, შემდეგ სკივრი დავიწყე, მაგრამ ნახევრამდე რომ მივედი, ისე გამომიყვანა წონასწორობიდან, დავახეთქე და დავჭეჭყე - წნელს აღარ ავიღებ ხელში-მეთქი. შრომატევადი საქმეა, ნერვებიც გინდა... 2 დღის შემდეგ მივუბრუნდი და სკივრი მაინც დავწანი. ამის შემდეგ ბავშვის საწოლი გავაკეთე. პირველად ის 11 კალათი გავყიდე. ძალიან მოეწონა იმ ქალბატონს, ვინც იყიდა. ისე გამიხარდა, ოჯახში ფული რომ გაჩნდა და "ორი კაპიკი" ვიშოვე, ვერ გადმოგცემთ. გავიქეცი და ბავშვებს ნაყინი და საზამთრო ვუყიდე (იღიმის). რა ვიცი, ბევრი იდეა მაწუხებს, ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა. საქმე მინდა რომ წინ წავიდეს და არ ჩამოვრჩე. ვნახოთ.

ანა კალანდაძე