მიხეილ ზაქარიაშვილი: "ბევრი მეგობარი დავკარგე, ძალიან განვიცდი..." - გზაპრესი

მიხეილ ზაქარიაშვილი: "ბევრი მეგობარი დავკარგე, ძალიან განვიცდი..."

ალბათ წარმოუდგენელია, საქართველოში ცხოვრობდეთ და მიხეილ ზაქარიაშვილის რომელიმე სიმღერა ერთხელ მაინც არ მოგესმინათ. გადავწყვიტეთ, მსახიობის, რეჟისორისა და კომპოზიტორის ცხოვრების გზის საინტერესო დეტალები, რომლის შესახებაც ბატონ მიხეილს ვესაუბრეთ, მკითხველისთვის გაგვეზიარებინა...

- მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე: დედა მუსიკის მასწავლებელია, მამა ისტორიკოსი იყო, მაგრამ ძალიან კარგად მღეროდა. ჩემი ერთი ძმა გიტარისტია, მეორე - ანსამბლ "ლახტში" დრამზე უკრავდა... თავდაპირველად, მუსიკოსობა არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე აეწყო, რომ მესამე სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე, მერე კი - თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო და რეჟისურის ფაკულტეტზე... ბავშვობაში ბანაკებში ვმღეროდი - კარგი დრო იყო... ძალიან ცელქი ვიყავი. დედაჩემს ურჩიეს - პიანინოზე დაკვრა ასწავლეო. დედამ უპასუხა, - მაგის თავი არ მაქვს, ვერ ვასწავლიო (იღიმის). სკოლაში ძალიან სხარტი და "ხულიგანი" ბავშვი ვიყავი. ხომ იცით, ერთ-ერთ ფილმში რომ ამბობენ, - შენგან კაცი არ დადგებაო? ჩემ შესახებ ახლობლებსაც ასე ეგონათ, მაგრამ შემდეგ იმდენგან ვსწავლობდი, რომ მიხვდნენ - დიდი მუსიკალური ნიჭი მქონდა... ბავშვობაში ავად გავხდი. სახლში ვიჯექი. რა უნდა გამეკეთებინა? სიმღერების წერა მაშინ დავიწყე. ძალიან სევდიანი სიმღერები მქონდა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა სიკვდილზე ვფიქრობდი... შემდეგ, ცოტათი არასერიოზული სიმღერებიც დავწერე... ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც მსმენელებს მოეწონათ, "მზეო თიბათვისა" იყო. ის მეცხრე კლასის საბავშვო კრებულშიცაა (რომლითაც მოსწავლეებს მუსიკას ასწავლიან) შესული. ასევე ბავშვი ვიყავი, როცა "იმ ღამეს თოვდა" დავწერე...

"თურმე, ლელა წურწუმია რეპეტიციიდან გამიგდია"

- თეატრალურ ინსტიტუტში თითქმის ყველა მსახიობი ერთმანეთს ვიცნობდით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის პერიოდი კარგად მახსენდება, რადგან სულ კონცერტები მქონდა. საერთოდ, სოლო კონცერტების ჩატარება მარჯანიშვილის თეატრიდან დავიწყე. ჩემს ჯგუფში იყვნენ: ლელა წურწუმია, მაია და შორენა ყარყარაშვილები... ჯგუფის წევრების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სცენაზე თითქმის ბავშვები გამოვიყვანე, დღესდღეობით კი ყველა ვარსკვლავია... ახლა თითქოს აღარავის ვახსენდები... მაშინ მარჯანიშვილის თეატრში ჩემი მუსიკალური ჯგუფის - "ოდეონი" პირველივე კონცერტი ანშლაგით ჩატარდა. სხვათა შორის, წამყვანები მერაბ სანოძე და ირაკლი ფრანგიშვილი იყვნენ. კონცერტი ბათუმშიც გვქონდა, კახეთშიც... ხშირად ინსტიტუტის დარბაზში ვმართავდით... სამწუხაროდ, ჩემი კონცერტების ჩანაწერები დაიკარგა: "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მივედი, მაგრამ მითხრეს, აღარ გვაქვსო... ძალიან დამწყდა გული. აფიშები შენახული მაქვს... ლელა ჩემს კონცერტებში აქტიურად მონაწილეობდა - ცეკვავდა. "ღია კარის დღეებზე" "ივერიასთან" ერთად გამოვდიოდით. ძალიან კარგი, ერთგული მეგობარი გახლდათ. მერე რატომ ამითვალწუნა, ვერ გეტყვით. ამას წინათ, ჩემი ჩანაწერები (დღიურს ვაწარმოებდი, როცა მუსიკალური ჯგუფი მქონდა) ვნახე. აღმოჩნდა, რომ თურმე, დაგვიანების გამო, რეპეტიციიდან გამიგდია. შეიძლება, ეს დაამახსოვრდა, რა ვიცი...

GzaPress

როგორ იქმნებოდა პოპულარული სიმღერები

- ჩემთვის განსაკუთრებულად წარმატებული სიმღერა იყო "დავლევ", შემდეგ - "ნიკალა პაპა", რომელიც პოპულარული გახდა, მერე - "იასამანი"... ასევე პოპულარული იყო "მიყვარხარო", რომელიც მე და ლელა წურწუმიამ მეორე კურსზე, გამოცდაზე ვიმღერეთ. ყველა სიცილით დაიხოცა (იცინის)... წლების შემდეგ ერთ-ერთმა რადიომ მთხოვა, - რამე არასერიოზული სიმღერა თუ გაქვთ, მოგვეცითო. "მიყვარხარო" მივეცი, რომელმაც პოპულარობა ხელახლა მოიპოვა...

სიმღერის - "დავლევ" შექმნის პერიოდში სტუდენტი ვიყავი. ვერაზე მარტო ვცხოვრობდი - საკუთარი ბინა მქონდა. მე და ჩემს პირველ მეუღლეს, მსახიობ ნინო ლეჟავას შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა. ისე მოხდა, რომ რაღაცაზე ვიჩხუბეთ. მაშინ წარამარა ვსვამდი. ნინო მეუბნებოდა, - რატომ სვამ? ნუ ნერვიულობო. ეგონა, ვნერვიულობდი და ამიტომ ვსვამდი. ერთხელაც, როცა მისაყვედურა, რატომ დალიეო, ვუპასუხე: - დავლევ, აბა, რას ვიზამ-მეთქი?! მერე ვუთხარი, - მოიცა, ერთი წუთით, დამელოდე-მეთქი. კიროვის ბაღიდან უცებ სახლში გავვარდი, პიანინოსთან დავჯექი და დავიწყე: "დავლევ, აბა, რას ვიზამ? შენს ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე..." ბოლო სტროფზე "გავიჭედე". პეროვსკაიაზე ერთ-ერთ რესტორანში შევედი. სევდიან ხასიათზე ვიყავი. მუსიკოსებს ვუთხარი, - თბილისური შეუბერეთ, მომენატრა-მეთქი!.. ეს რომ ვუთხარი, გავიფიქრე - ვა, მორჩა, ეს სიმღერა დავამთავრე-მეთქი. ისევ სახლისკენ გავვარდი და სიმღერის წერა გავაგრძელე: "...წავიდა, ჰეე, ის ცხოვრება აღარ არის, რა დრო იყო, სამართალი, ღმერთო, სად არის?.." სიმღერა ამ ფრაზით დავასრულე: "შენ კი ძმაო, ძველებური, დარდიანი, ქალაქური, თბილისური შაუბერე (იცინის)..." სხვათა შორის, ასე რამდენჯერმე მოხდა: სიმღერა ერთ დღეში, ერთი ამოსუნთქვით დავწერე...

"ნიკალა პაპას" შექმნის ამბავს რაც შეეხება, ცხოვრებაში არასოდეს დამიხატავს, მაგრამ ამ სიმღერაზე მუშაობისას ხატვა დავიწყე. მამაჩემს ვეუბნებოდი, - სახლში არანაირი საჭმელი არ მომიტანოთ-მეთქი. მინდოდა გამეგო, ჩვენი ნიკალა (ნიკო ფიროსმანი) რას გრძნობდა, როცა სურათებს ხატავდა და ორ "კაპიკად" ყიდდა... იმ პერიოდში, ჩემი რამდენიმე ნახატი გამოფენაზეც გავიტანე. ერთმა ძლიერმა მხატვარმა მითხრა, - აი, ესაა შემოქმედება, ძალიან მაგარი ნახატები გაქვსო!.. როცა ვიდექი და ნახატებს ვყიდდი, ხალხს ვაკვირდებოდი - ვინ გაივლიდა და ჩემს ნამუშევრებს ვინ შეხედავდა. მახსოვს, ერთხელ მიხეილ თუმანიშვილმაც გაიარა. ძალიან ინტელიგენტი კაცი გახლდათ - ინსტიტუტიდან ვიცნობდი. ჩემ მიერ შექმნილ სურათს შეხედა და გაჩერდა... ეს ეპიზოდი მთელი ცხოვრება მახსოვდა - რაღა მაინცდამაინც ჩემს სურათთან გაჩერდა-მეთქი?!. მერე დავწერე "ნიკალა პაპა": "ნიკალა პაპა ყველა დუქანში ღვინოს წრუპავდა, ნიკალა პაპა თბილისქალაქში ყველას უყვარდა..." რატომღაც, საზოგადოებამ ეს სიმღერა კარგად მიიღო...

ხანდახან ისე ხდებოდა, რომ სიმღერის ტექსტს ვწერდი, რომლისთვისაც მელოდია უნდა შემექმნა, მაგრამ ვერ შევქმენი. ახლახან წიგნი - "სევდის უფალი" გამოვუშვი, რომელშიც ჩემი ძველი ლექსები და სიმღერების ტექსტები შევიტანე...

GzaPress

"მცირე მონაკვეთში განსაკუთრებული მელოდიის შექმნა უნდა მოახერხო"

- საერთოდ, თეატრალურ ინსტიტუტში იმიტომ ჩავაბარე, რომ სპექტაკლებისთვის მუსიკა დამეწერა. თითქმის არ არსებობს რეჟისორი, რომლის სპექტაკლშიც არ ვმონაწილეობდი. ეპიზოდური როლების შესრულებას ვთანხმდებოდი, რადგან მაინტერესებდა, რეჟისორი როგორ მუშაობდა. ახლაც 3 საინტერესო სპექტაკლის (ვოდევილი) კომპოზიტორად ამიყვანეს, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა... სპექტაკლის მუსიკალური გაფორმების სპეციფიკას რაც შეეხება, ეს ძალიან რთულია: მცირე მონაკვეთში განსაკუთრებული მელოდიის შექმნა უნდა მოახერხო. მახსოვს, ჩემ მიერ შექმნილი მუსიკის შესახებ რუსულ გაზეთებში წერდნენ, ვარიაციები შოსტაკოვიჩის და პროკოფიევის დონეზეა გაკეთებულიო. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ეს ფრაზა გონებაში ჩამებეჭდა. ვიფიქრე, ეტყობა, მუსიკას კარგად ვაკეთებ-მეთქი... ბევრ საინტერესო ადამიანთან მიმუშავია. მაგალითად, ლილი იოსელიანთან "ჰამლეტზე" მუშაობა საინტერესო იყო. ვაპირებ, მასთან დაკავშირებული მოგონება დავწერო და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნო. რამდენიმე მსახიობის შესახებ უკვე დავწერე. ხალხს მოეწონა. მთხოვეს, წერა გამეგრძელებინა...

"გოგი დოლიძის არჩეული სიმღერები არავის ვამღერე"

- როგორც ყველა ქართველი, მეც გოგი დოლიძეზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა! ბევრ ადამიანს აქვს მუსიკალური სმენა, ხმა, მაგრამ გოგი ყველა სიმღერას გულით მღეროდა. მას ასეთი მიდგომა ჰქონდა: სიმღერებს ეძებდა, რომ მათ შორის საუკეთესო ამოერჩია. მახსოვს, ერთ-ერთ კონცერტზე სიმღერის შემდეგ, უკმაყოფილო ვიყავი (საერთოდ, საკუთარი თავით თითქმის ყოველთვის უკმაყოფილო ვარ). კულისებში გოგი დოლიძე იდგა. მითხრა: - კარგი, რა განერვიულებს? ხომ იცი, რომ მაგრად მღერიო?.. ისე შინაურულად მომმართა, რომ ვიფიქრე, თავისიანად ჩამთვალა (იღიმის). მთხოვა, დავრჩენილიყავი, - კარგი სიმღერები გაქვს, იქნებ რომელიმე ამოვარჩიოო... დავრჩი. როიალთან მივედით. სიმღერები მოვასმენინე. ერთ-ერთ სიმღერას ასეთი ტექსტი ჰქონდა: "ღვინის სმას რომ გადაჰყვება, ლოთად გადაიქცევა..." ფეხზე ხელი დამადო და მითხრა: - აი, ეს ზუსტად საჩემოა, მე უნდა ვიმღეროო!.. "გარეთ წვიმდა" რომ მოისმინა, თქვა: - ქართული ჯაზია! ამის გაკეთება როგორ მოახერხეო?!. 2 სიმღერა აარჩია... ამ ამბიდან კარგა ხნის შემდეგ შემხვდა. მითხრა, - ჩემთან რატომ არ მოდიხარ? რომ დარეკავ, უთხარი, მიშა ზაქარიაშვილი ვარ-თქო, და ტელეფონთან აუცილებლად მოვალო... ამ შეხვედრიდან 2 კვირაში გარდაიცვალა... როგორ მიყვარდა ეს ძალიან კარგი ქართველი კაცი!.. მის მიერ არჩეული 2 სიმღერა - "მივყვებოდი აღმა ქუჩას" და "გარეთ წვიმდა" არავის ვამღერე - გოგის სიმღერებია და მორჩა-მეთქი...

ქართული ვოდევილის თეატრი

- ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, თეატრი მქონოდა. დიდი ხანი არაა, რაც ქართული ვოდევილის თეატრი ჩამოვაყალიბე. მისთვის უკვე შენობის შერჩევის ეტაპს ვასრულებდით, როცა პანდემია დაიწყო. როგორც კი პანდემია დასრულდება, ქართული ვოდევილის თეატრს ოფიციალურად გავხსნი. მინდა, 5 მსახიობი მყავდეს. მაყურებლებს საინტერესო სპექტაკლებს შევთავაზებთ. ერთი სპექტაკლი - "სიყვარულის ჯალათი" უკვე დავდგით კიდეც. მასში მთავარ როლს თიკა ჯამბურია ასრულებდა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა...

"პოლიტიკაში გარეული რატომ ვარ, ვერ გავიგე"

- შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩენილა მომღერალი, ვისაც ჩემი სიმღერა არ შეუსრულებია. რატომღაც, ახლა ახალგაზრდები არ მღერიან: მირეკავენ, სიმღერები მიაქვთ, მერე კი არ ასრულებენ. როგორც შევიტყვე, ტელევიზია არ უშვებს. მაგალითად, თემურ წიკლაურს ტელევიზიები უარს ვერ უბედავდნენ. მან ჩემი 4 სიმღერა უმაღლეს დონეზე შეასრულა, როგორც სჩვეოდა!.. ერთმა ახალგაზრდა შემსრულებელმა მითხრა: - სიმღერა ტელევიზიაში მივიტანე, მაგრამ მკითხეს - მიშა ზაქარიაშვილისაა? არ გავუშვებთო... მგონი, პოლიტიკური ამბებია... ქართველებს ასეთი სიტყვა - "ნიჭიერი" გვაქვს: ადამიანმა შენი ნიჭი ერს უნდა მოახმარო. ჩემს ნათქვამში პოლიტიკური არაფერია. ხალხს რომ უჭირს და შია, ამის შესახებ არ უნდა ვთქვა? ეს პოლიტიკაა?!. საერთოდ, პოლიტიკა მეზიზღება, მაგრამ რატომღაც, მასთან მაკავშირებენ. უბრალოდ, ჩემი ერი, ქვეყანა მიყვარს, სხვა არაფერი. კენჭს ვიყრი, დეპუტატობის კანდიდატი ვარ თუ თანამდებობის პირი?!. ჩვეულებრივი ადამიანი გახლავართ, რომელიც მუსიკას წერს და უნდა, ხალხს სიმღერები მიუძღვნას, გაახალისოს... სიმართლე გითხრათ, პოლიტიკაში გარეული რატომ ვარ, ვერ გავიგე...

GzaPress

ოჯახი

- მეუღლე და 2 შვილი მყავს. უფროსი ვაჟი - ნიკუშა პირველ ცოლთან - ნინო ლეჟავასთან შემეძინა. 27 წლის ხდება. ბინა ვუყიდე, რომ ცოლი მოიყვანოს, შვილიშვილი მყავდეს (იცინის). კარგი ბიჭია. პროფესიით მსახიობია. ახლა ფოთის თეატრშია დაკავებული - რამაზ იოსელიანმა აიყვანა. დიდად მადლობელი ვარ, რომ ჩემი შვილი ასე დააფასეს. ნიჭიერი და სიმპათიურია. სხვა თეატრებთანაც თანამშრომლობს - სულ მოძრაობს... უმცროსი ვაჟი - ოთო 14 წლისაა. "სუხიშვილებში" ცეკვავს. სერიოზული კაცია, არ ვეხუმრები (იღიმის)... მეუღლეს რაც შეეხება, პირველი ცოლის მსგავსად, მასაც ნინო ჰქვია, რის გამოც მაშაყირებენ. თან, გარეგნობითაც ერთმანეთს ჰგვანან, როგორც ამბობენ. პირადად მე, მათ შორის მსგავსებას ვერ "ვიჭერ". უბრალოდ, თვალის ფერი ერთნაირი აქვთ...

"ახლანდელი მღვდლების უმრავლესობა მგელივითაა"

- ამჟამად ქობულეთში, ჩემს სახლში ვიმყოფები. გვინდა თუ არა, პანდემიაზე ვართ ორიენტირებული, გვეშინია. ორივე, მეც და ჩემი ცოლიც ავიცერით. მინდა, ყველას აცრისკენ მოვუწოდო, ანტივაქსერებს კი ვეტყვი: ეშმაკს თუ უნდა, ისედაც "დაგითრევს", ამისთვის ნემსი და ინიექცია აუცილებელი არ არის. საერთოდ, მორწმუნე კაცი ვარ. ეკლესიაში სტიქაროსანი ვიყავი. მღვდელი ცხვარივით უნდა იყოს, მაგრამ ახლანდელი მღვდლების უმრავლესობა მგელივითაა. მილიონერები არიან. როგორ შეიძლება? მღვდელი ქუჩურად კი არ უნდა ლაპარაკობდეს, სიკეთით სავსე უნდა იყოს, რომ მიხვიდე, შენი სატკივარი უთხრა, დაგეხმაროს. მეგობრებს შორის მღვდლებიც მყავს, რომლებსაც "მამაოს" ვერ ვუწოდებ, "ბატონო მამაოთი" მივმართავ, რადგან ისე არ იქცევიან და არ ლაპარაკობენ, როგორც მღვდელს შეჰფერის... მღვდელი სიკეთის განსახიერება, ძალიან თავმდაბალი, კარგი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველას ქრისტეს გზაზე წაგვიყვანს... ყოველდღიურად სანთლებს ვანთებ, შინ ხატების კუთხე მაქვს და იქ ვლოცულობ. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, ეკლესიაში არ ვყოფილვარ. რაღაც მაბრკოლებს, განსაკუთრებით - ის, რომ ზოგი მღვდელი ხალხს მოუწოდებს, არ აიცრათო. ეს იგივეა, რომ კაცი მოკლა. ჩემი მოძღვარი ამბობს, თუ ადამიანი გადაწყვეტს, უნდა აიცრას, არ უნდა დააძალოო. ვეთანხმები, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ყველა უნდა აიცრას. ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა. დროშები უნდა დაუშვან. დღეში 50 კაცი მაინც კვდება. წარმოიდგინეთ, საქართველოში ეს რამხელა ტრაგედიაა! სიმართლე გითხრათ, ახლა მუსიკაზე მეტად ის მაინტერესებს, როდის გაივლის პანდემიის პერიოდი. თემურ წიკლაურიც პანდემიას შეეწირა... კიდევ ბევრი მეგობარი დავკარგე, ძალიან განვიცდი...

ეთო ყორღანაშვილი