"რაც უფრო კარგ ტანზე ხარ, მით უფრო მეტი გინდა"
ცხოვრებაში სიახლეების შეტანა არასდროსაა გვიან, თუმცა დასახული მიზნისკენ სწრაფვას როგორც ძლიერი ფიზიკური მონაცემები, ისე ფსიქოლოგიური მზადყოფნაც სჭირდება და ვერ ვიტყვით, რომ ამას ყველა ერთნაირად ართმევს თავს. ახლახან 52 წლის გახდა. "ასაკს არ ვმალავ. ვერავინ იტყვის, რომ 52 წლის ვარ, ყველა მაქსიმუმ 35 წელს ასახელებს. მხოლოდ ერთი-ორს თუ უთქვამს 38-ის იქნებიო", - ამბობს მოცურავე, ბოდიფიტნესის მიმდევარი და ფიტნესინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი, წარმატებული სპორტსმენი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.
- ბავშვობაში ჯირკვლები მაწუხებდა, ხშირად მქონდა სიცხე, ძალიან გამხდარი, უჭმელი ვიყავი და ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩემს მშობლებს ურჩიეს ცურვაზე მივეყვანე. ასეც მოიქცნენ და მართლაც, მადაც მომემატა, ჯირკვლებიც გამიქრა და ყველა პრობლემა 1 წელიწადში მოგვარდა. 14 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ ქალთა წყალბურთის გუნდი ჩამოყალიბდა. იქ ისე გადავედი, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ. ქალი და წყალბურთი, "ცოტა ისეთი" თემა იყო და თან იმ დროს. ჩვენი გუნდის პირველი მოგებისა და წარმატების შესახებ გაზეთებში რომ დაიბეჭდა, სწორედ მაშინ გაიგეს, წყალბურთზე რომ დავდიოდი. თავიდან მეჩხუბნენ, მაგრამ შემდეგ იმდენი წარმატება გვქონდა, ჩემით ამაყობდნენ.
- 14 წლისას საკმაოდ თამამი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიგიღიათ...
- 7 წლიდან დავდიოდი ცურვაზე, დავყავდით შეკრებებზე, შეჯიბრებებზე და დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიე... 7-დან 14 წლამდე დავდიოდი ცურვაზე, პირველი თანრიგი მქონდა, წყალბურთი გუნდური სპორტია და ეს უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. 17 წლისამ "ლაგუნაზე" ცურვის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.
- როგორც ვიცი, ვარჯიში 41 წლიდან დაიწყეთ. მანამდე რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
- ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე გასვლა აკრძალა. საქართველოში მარტო ჩვენი გუნდი იყო და ფაქტობრივად, ის ამ მიზეზით დაიშალა. ვერ წარმოვიდგენდი, ეს თუ მოხდებოდა. სხვა ქვეყნის გუნდებში მთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ უარი ვთქვი. მერე დაიწყო გაჭირვების წლები... მოგვიანებით ბიზნესი დავიწყე, 13 წელი ქალისა და მამაკაცის თეთრეულის 6 მაღაზია მქონდა. მაღალი ხარისხის პროდუქცია შემომქონდა თურქეთიდან. პარლამენტარები, მსახიობები, სპორტსმენები თეთრეულს ჩემთან ყიდულობდნენ. 2010 წელს დავკეტე მაღაზიები, გავკოტრდი და დეპრესიაში ჩავვარდი. მეგობარმა მირჩია ვარჯიში დამეწყო. "ლაგუნაზე" ჩვენი წყალბურთის გუნდი შექმნა მწვრთნელმა ვოვა გოიაშვილმა, ის ამავდროულად იყო ამ აუზის დირექტორიც და იაფად გამიკეთა აბონემენტი. დავიწყე ფიტნესში ვარჯიში. იქ დაგვხვდა ტრენერი კარენა, რომელიც უკვე 10 წელია მავარჯიშებს და მისი დამსახურებაა წარმატებებს რომ მივაღწიე.
- ფიზიკური აქტივობა დეპრესიიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. როგორი იყო ვარჯიშის პირველი წლები, კვების რეჟიმის შეცვლა და ა.შ?
- 2 თვე დამჭირდა მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად. კვების თვალსაზრისით წესების დაცვა გამიჭირდა. ტრენერს ვატყუებდი. ახლა ჩემთან რომ მოდიან სავარჯიშოდ და პარალელურად კვების სწორ რეჟიმს ვერ იცავენ, არც მიკვირს, რადგან ეს ყველაფერი თავად გავიარე. თავიდან არც ვფიქრობდი, რომ ფიტნესს სერიოზულად გავყვებოდი. 6 თვეში შევიცვალე, სხეულის ფორმებიც შემეცვალა. მერე რაღაც პრობლემების გამო ცოტა ხნით შევწყვიტე ვარჯიში და როცა გავაგრძელე, უკვე ჩემს ტრენერთან ერთად დავიწყე მუშაობა ფიტნესინსტრუქტორად.
- სწორ კვებაში ყოველდღიური რაციონიდან ცომეულისა და ტკბილეულის გამორიცხვას გულისხმობთ, ხომ?
- დიახ, ცომეულს, ტკბილეულს, გაზიან სასმელებს. მარილის შეზღუდული რაოდენობით მიღებას. ზოგიერთს ბრინჯი, წიწიბურა დიეტური ჰქონია და დიდი ულუფებით ჭამენ. ესეც არასწორია, დიდი რაოდენობით ყველაფერი ასუქებს. დღესდღეობით ეს ყველაფერი გამორიცხული მაქვს, რადგან შეჯიბრებისთვის ვემზადები. 2019 წელს გავხდი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი ამერიკელების მიერ გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბოდიფიტნესში. თუ რამე ხელის შემშლელი არ იქნება, შეჯიბრების ჩატარება საქართველოში, ნოემბერში იგეგმება და ქართველებიდან მხოლოდ მე მივიღებ მონაწილეობას, სწორედ ამისთვის ვემზადები.
- ვარჯიში ბოლო წლებში აქტუალური გახდა. დღეს რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ უფრო ხშირად?
- ყველაზე უმცროსი 15 წლისაა, უფროსი 42-ის. ვავარჯიშებ ყველას. ვარჯიშის დაწყება გვიან არასდროსაა, ნებისმიერ დროს შეგიძლია სხეულის სასურველ ფორმებს მიაღწიო. ბევრს არ მოსწონს დაკუნთული ქალი, მაგრამ ვისაც როგორ უნდა, ისეთი ფორმები შეუძლია დაიყენოს.
- განსხვავებულის მიმართ ყოველთვის არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. უწინ თქვენზე როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი?
- დიდი რეაქცია არ მქონია. ქუჩაში რომ გავდიოდი და მესმოდა: "ქალია თუ კაცია?" "ცოტა ისეთი" იყო, მაგრამ ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას.
- არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური სიძლიერეა ამისთვის საჭირო...
- კი, რა თქმა უნდა. რადგან გადავწყვიტე, ამ გზას გავყოლოდი, ფსიქოლოგიურად თავიდანვე მზად ვიყავი ამისთვის. ჩემს შვილსაც არ უნდოდა შეჯიბრებებზე გამოვსულიყავი, მაგრამ მერე შეეგუა.
- ერთი შვილი გყავთ?
- დიახ, ბიჭი, რომელიც ახლა 31 წლის ხდება და ასევე მყავს ტყუპი 5 წლის შვილიშვილები.
- თქვენი შვილი თუ მისდევს სპორტს?
- ადრე ფეხბურთზე დადიოდა, მერე თავი დაანება და დიჯეი იყო. ვარჯიშობდა, მაგრამ მერე დაეზარა (იღიმის).
- თქვენ რა დაგეხმარათ სიზარმაცის დაძლევაში?
- ვარჯიში დეპრესიიდან გამოსასვლელად საუკეთესო გზაა. ყოველდღიურ რეჟიმში ფორმების ცვლილებას რომ ხედავ და რადიკალურად სხვანაირ ვიზუალს, ეტყობა ამანაც იმოქმედა. დღეს ჩემთან რომ მოდიან, ყველას ვეკითხები, არიან თუ არა მზად კვების რეჟიმი დაიცვან, ვარჯიში არ გააცდინონ და ა.შ. თავიდან ყველა გეთანხმება, მაგრამ ბევრი ბოლომდე ვერ მოგყვება. ზოგი ერთ თვეში ანებებს თავს და ზოგიც - ექვსში. სხვათა შორის, კაცები უფრო მოგყვებიან ბოლომდე, ვიდრე ქალები.
- არადა, ნებისყოფით თითქოს ქალები მეტად გამოირჩევიან...
- ჩემი დაკვირვებით მამაკაცები უფრო მეტად აქცევენ გარეგნობას ყურადღებას, ვიდრე ქალები. სასურველია კვირაში 5 დღე მაინც ივარჯიშოს ადამიანმა, ეს იდეალური ვარიანტია. ვარჯიშად არ ითვლება მხოლოდ დარბაზში მისვლა, ნებისმიერ ტრენაჟორს "მისკდომა", თან მესიჯობა, ჭორაობა, ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგე. პირადად მე, შაბათ-კვირას ვისვენებ. კვირა დღე ხელშეუხებელია, ის მეგობრებთან ერთად უნდა გავატარო, აუზზე ან ქალაქგარეთ, არ აქვს მნიშვნელობა.
- სითხეს რა რაოდენობით იღებთ და ჭიქა წყლით იწყება თქვენი დილა?
- წინააღმდეგი ვარ, რომ ყველა ადამიანმა ყოველდღიურად 2-3 ლიტრი წყალი დალიოს. ვფიქრობ, რამდენსაც ითხოვს ორგანიზმი, მხოლოდ იმდენი უნდა სვა. ჩვენთან წყალი ონკანიდან შეიძლება დალიო, მაგრამ საზღვარგარეთ, არაერთ ქვეყანაში მისი შეძენა გიწევს, ამიტომ ეს არის ბიზნესი. დიდი რაოდენობით წყლის სმაც სწორედ ამ ბიზნესების ასაყვავებლად არის მოგონილი. საერთოდ, ადამიანს თუ მუქი შარდი აქვს, მაშინ არის ორგანიზმში გაუწყლოების პროცესი, თუ ღია ფერია, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმაშია. რაც შეეხება დილას, 6-ის 15 წუთზე ვიღვიძებ, 7-ის ნახევარზე უკვე დარბაზში ვარ და ვვარჯიშობ. 8 საათიდან ვიწყებ მუშაობას და მოდიან "პერსონალურები". ღამით უმთავრესად 11-12 საათზე ვიძინებ.
- ალბათ ბევრი გწერთ სოციალურ ქსელშიც. ეს ძირითადად რჩევის თხოვნაა, კომპლიმენტი თუ?.. რა დაგამახსოვრდათ და რა შინაარსის მესიჯები ჭარბობს?
- არის შეფასებაც, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. "მომერევი?", "ხელს გადამიწევ?" - ასეთი გოიმური საუბარიც დაუწყიათ. ერთმა დაწერა: საკეისრო აქვს გაკეთებული და ესეთი მუცელი საიდანო? მეკითხებიან რჩევებსაც და სულ ვცდილობ, პასუხი გავცე, რითაც შემიძლია, ყველას დავეხმარო.
- სასურველი ფორმების მიღწევა და ზოგადად ვარჯიში, აუცილებელია თუ არა ინსტრუქტორის დახმარებით, თუ ეს ყველას შეუძლია ინტერნეტში განთავსებული ვიდეოების მიხედვით?
- ინსტრუქტორი აუცილებელია. ამდენი წელია ვვარჯიშობ, სხვასაც ვავარჯიშებ და დღემდე მყავს მწვრთნელი. როცა იღლები, არასწორად აკეთებს ვარჯიშებს, ეს კი ტრენერს არ გამორჩება, სულ გაკონტროლებს. ამავდროულად, სტიმულს გაძლევს. არასწორად გაკეთებულმა ვარჯიშმა შეიძლება წელი კი არ დაგიწვრილოს, არამედ პირიქით - გიფართოვდება, ამიტომ ყველა მოქმედებას სჭირდება ყურადღება. ზოგს 1 თვეში უნდათ კარგ ტანზე დადგომა. ორ კვირაში მცირე შედეგი უკვე ჩანს, მაგრამ როცა უკვე დიდი ხანია ვვარჯიშობ, მით უფრო უკმაყოფილო ხარ შენი თავით, მეტი გინდა. მე მაგალითად ახლა ასე ვარ (იღიმის). კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო. ფეხი, საჯდომი და ზურგი არ მაქვს ისეთ ფორმაში, როგორც უნდა მქონდეს...
- კოსმეტიკურ ოპერაციებს მიმართავთ?
- მხოლოდ ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ, სხვა არაფერს. არც ბოტოქსსა და ფილერს, ძალიან თხელი სახის კანი მაქვს და არც შეიძლება. აუზის რუჯი მაქვს, არასოდეს ვყოფილვარ სოლარიუმში. ასე რომ, "ნატურალი" ვარ (იღიმის).
- სამსახურიდან გამომდინარე, ალბათ სულ სპორტულ ფორმაში გიწევთ ყოფნა. გიყვართ გამოსასვლელი კაბები, ქუსლიანი ფეხსაცმელი?
- ქუსლიან ფეხსაცმელზე რომ ვიარო, შეჯიბრების წინ, თვე-ნახევრით ადრე ვიწყებ ვარჯიშს, რადგან სცენაზე პოზირება ასე მიწევს. საერთოდ, კლასიკურად ჩაცმა და "ქუსლზე" დგომა არ მიჭირს, მაგრამ ყოველდღიურად ქუჩაში ასე ვერ ვივლი, კლასიკურად ჩაცმული დღესასწაულებსა და კორპორაციულ საღამოებზე დავდივარ.
- პანდემიის გამო ბევრმა სამსახური დაკარგა, ბევრს ურთიერთობები დააკლდა და არაერთი ნევროლოგიური პრობლემა გაჩნდა. ასეთ ადამიანებს ურჩევთ, რომ ვარჯიში ის გზაა, რომელიც მძიმე მდგომარეობიდან გამოგიყვანს?
- ეს ერთადერთი გზაა, სხვა ვერაფერი გიშველის. წამლებიც დროებითია და სხვა ყველაფერიც. არაფერს აზრი არ აქვს, შენი თავის ხელში აყვანა თავად უნდა შეძლო.
ანა კალანდაძე