ელენე კოღუაშვილის ულამაზესი მოზაიკები და ელეგანტური სამკაულები - გზაპრესი

ელენე კოღუაშვილის ულამაზესი მოზაიკები და ელეგანტური სამკაულები

ხატვა მამამ შეაყვარა, ხელსაქმე - დედამ. 3 წლისაც არ იყო, აბსტრაქციებს რომ ხატავდა, შემდეგ მოზაიკით დაინტერესდა და ახლა უკვე სამკაულებსაც ქმნის, დახვეწილსა და ელეგანტურს.

როგორც ამბობს, მისი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც სიახლეებს არ უშინდებიან და უყვართ ორიგინალური დიზაინის ნაკეთობები; ვისთვისაც მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა. გარდა ამისა, არტ-ბლოგერიც გახლავთ და ცდილობს, ახალგაზრდა თაობას გააცნოს და შეაყვაროს ქართველი ხელოვანები.

- ხატვა და ხელსაქმე პატარაობიდანვე შემაყვარეს მშობლებმა. თავიდან მამამ დამაწყებინა ხატვა, პროფესიით იურისტია, მაგრამ კარგად ხატავს. დედამ კი კარგად იცის კერვა, ქსოვა, ქარგვა და ისეთი თვალი აქვს, ყველაფერს ამჩნევს და დეტალებს აკვირდება. მას თუ მოეწონა, ესე იგი, კარგადაა საქმე. ჩემს თოჯინებს ხშირად ვუკერავდი კაბებს, ვქარგავდი ჩანთებს, ბისერებითაც ვაფორმებდი. სამრევლო სკოლაში, ელისო არაბულთან შევისწავლე ქარგვა. საკმაოდ კარგი ნამუშევრები მქონდა, ვისწავლე თექაზე მუშაობის ხელოვნებაც. მახსოვს, მე-7 კლასში ვიყავი, ატელიეში ჩავაბარე ჩემი ნამუშევარი და იმ ფულით ვიყიდე პირველი ტელეფონი. მამას მსგავსად მეც, ძირითადად, აბსტრაქციებს ვხატავდი, ფიგურატიული ნახატების შექმნა ჩემი მოწოდება არასდროს ყოფილა. რატომღაც ემოციების, ფერებისა და ფორმების გადმოცემა ასე უფრო მომწონდა. 14-15 წლის ასაკში მივედი ქალბატონ ნელი არაბულთან, სადაც ხატვა პროფესიულ დონეზე შევისწავლე. პირველად იქ გავეცანი მოზაიკებსაც და ძალიან გამიტაცა. ვფიქრობდი, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა თუ არა, და ბოლოს მაინც ხელოვნებათმცოდნეობისკენ გამიწია გულმა. თუ გინდა, რაღაც ახალი და განსხვავებული შექმნა, აუცილებლად უნდა იცოდე ხელოვნების ისტორია, ეს ბევრ რამეში გეხმარება.

GzaPress

- ბისერებით მოზაიკის აწყობა ალბათ ძალიან რთული და შრომატევადია, ხომ?

- საკმაოდ შრომატევადია, რადგან ბისერი მცირე ზომისაა და ამიტომ თითოეულ დეტალს უნდა დაუკვირდე. 5-6 საათი ვმუშაობ დღეში და მაინც თვეები ვუნდები ერთი ნამუშევრის დასრულებას. სამუშაოდ აუცილებლად მჭირდება განწყობა. ერთხელ გადავწყვიტე, დღეს ნაყოფიერად ვიმუშავებ და ამ მოზაიკას დავასრულებ-მეთქი, მაგრამ დასრულებულს რომ შევხედე, არ მომეწონა. საკუთარ თავს რომ დააძალებ, სწორედ მაშინ არ გამოგივა სრულყოფილი და კარგი.

- ერთი წლის წინ სამკაულებითაც დაინტერესდით და წარმოადგინეთ ხელნაკეთი აქსესუარები როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.

- ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შევიტყვე თამუნა ლეჟავას ბიდინგის კურსების შესახებ, გავიარე და გადავწყვიტე, მეც მეცადა. შემდეგ შევისწავლე ბაზარიც და ვნახე, რომ საქართველოში ამ მიმართულებით არ გვქონდა ისეთი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს მომსახურების სრულ, დახვეწილ პაკეტსა და გარანტიას შესთავაზებდა. ამიტომაც შევქმენი ბრენდი და იმედი მაქვს, რომ ამ სტილის პროდუქციის წარმოება კიდევ უფრო განვითარდება... ჩემს პირველსავე კოლექციას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ასორტიმენტი მრავალფეროვანია: ვამზადებ ყელსაბამებს, საყურეებს, ბროშებს, სამაჯურებს. ბიდინგის ტექნიკით დავამზადე მამაკაცების აქსესუარებიც. ეს არის ახალი დიზაინი, რომლის ძირითადი ნაწილი ბუნებრივი ქვებით შევქმენი. სწორედ ამით განსხვავდება ჩემი ნაკეთობები - გამორჩეული დიზაინით, რომელიც არ არის არც ისტორიული ორნამენტების გამეორება და არც თანამედროვე სტილის ნაკეთობების ანალოგი. უნდა აღვნიშნო, რომ მამაკაცებისთვის ქალები იშვიათად ქმნიან სამკაულებს. ეს გამოწვევა იყო ჩემთვის და ვფიქრობ, გამომივიდა.

- რატომ, მამაკაცის აქსესუარების დამზადება უფრო რთულია?

- თუ მხოლოდ კომერციულად გათვლი, ინტერნეტიდან გადმოიღებ გარკვეულ მოდელებს და მცირე დეტალებს შეცვლი, მაშინ ადვილია, მაგრამ ქვებისთვის ადგილის შეცვლა ხომ არ ნიშნავს დიზაინერობას?! ახალი მოდელების შექმნა კაცისთვის - ეს მართლაც რთული საქმეა. ქალებს უფრო თავისუფალი ბუნება გვაქვს, ბრჭყვიალა და თვალში საცემი ნივთები გვიზიდავს. კაცს რომ მოეწონოს, კარგად უნდა იცნობდე მის გემოვნებას, ფსიქიკას. ქალის კოლექციისგან განსხვავებით, მამაკაცის აქსესუარები უფრო სადაა. თავდაპირველად მასიური სამკაულები გავაკეთე მათთვის, ყოველდღიურად რომ ვერ გამოიყენებ, ისეთი. ლიმიტირებული კოლექცია იყო, მხოლოდ თითო მოდელი და, სხვათა შორის, მოცეკვავეებმა შეიძინეს, ესპანელმა ფლამინგოს მოცეკვავემ იყიდა. უფრო ხელოვან ადამიანებს მოეწონათ ის პირველი კოლექცია. ბიდინგის ტექნიკა მრავალფეროვნების შესაძლებლობას გაძლევს. მოვიძიე ინფორმაცია და ამ ტექნიკით მსოფლიოში არავინ არ ქმნის მამაკაცების აქსესუარებს. რომ ვუკვირდები, უფრო დიდი მოთხოვნა და აქცენტი სამაჯურებზეა.

GzaPress

- ხატავთ, მუშაობთ თექაზე, ქარგავთ, მოზაიკებსა და აქსესუარებს ქმნით. თქვენს სათქმელს რომლით უფრო ამბობთ?

- ალბათ უფრო მოზაიკებით, თუმცა ცეკვაც ძალიან მიყვარს. საერთოდ, ბევრი რამ მაინტერესებს - ხელოვნებათმცოდნე და მოზაიკოსი ვარ, მაგრამ პიარისა და ბიზნესის ადმინისტრირების კურსებიც მაქვს გავლილი. სულ ვსწავლობ, სულ რაღაცას ვეძებ, მუდმივად განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. მოყვარული მოცეკვავეც ვარ, უმცროს ფრიდონ სულაბერიძესთან დავდივარ უკვე რამდენიმე წელია. რაც მთავარია, ზერელედ არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს ძირფესვიანად ვსწავლობ. ქართული ცეკვით რომ დავინტერესდი, ბევრი რამ წავიკითხე. როდესაც გაიგებ, რომ, მაგალითად, "ხორუმის" ილეთების გამოსახულება გვხვდება 3000 წლის წინანდელ ნაბაღრევის ბრინჯაოს სარტყელზე, ეს ყველაფერი აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას იძენს და სხვანაირად იაზრებ. გეცვლება მსოფლმხედველობა და ბევრი რამის გადაფასებას იწყებ. დასანანია, რომ ახალგაზრდებმა ნაკლებად იციან ეს ინფორმაციები, არ იცნობენ იმ ქართველ არტისტებს, ვისაც მსოფლიო ტაშს უკრავდა და უკრავს. ამიტომაც გავაკეთე ბლოგი და, შეიძლება ითქვას, პირველი არტ-ბლოგერი ვარ, ვინც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ვცდილობ, საინტერესო კუთხით დავანახვო ახალგაზრდებს ის თემები, რომლებიც უნდა იცოდნენ. სხვათა შორის, გამოხმაურება კარგია. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა მიმიწვიეს ლექციის ჩასატარებლად, ასევე სხვებმაც გამოთქვეს ინტერესი და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ პროექტმაც გაამართლა.

ნინო ჯავახიშვილი