"დღეს მე მეომარი ვარ, დღეს მე შემდგარი ადამიანი ვარ" - გზაპრესი

"დღეს მე მეომარი ვარ, დღეს მე შემდგარი ადამიანი ვარ"

ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში საუკეთესო ტიტულის მფლობელმა ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მის გამარჯვებაში: მწვრთნელებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს, მადლობა გადაუხადა: "პირველ რიგში, მადლობა. ახლაც ემოციებში ვარ და მინდა, ყველაფერი გაგიზიაროთ. მადლობა აურაცხელი მოლოცვებისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალიან მიყვარხართ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი, ყველას გამარჯვებაა და ამ გამარჯვების უკან უამრავი ადამიანი დგას. ქედს ვიხრი ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის წინაშე, ჩემი მაესტროების, ჩემი გოგონების. უდიდეს მადლობას გიხდით თქვენ, რომ გამზარდეთ, რომ მასწავლეთ. დღეს მე მებრძოლი ვარ, დღეს მე მეომარი ვარ, დღეს მე შემდგარი ადამიანი ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა; თქვენი დამსახურებაა, რომ მე ჩემს პირველ პარაოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ჩამომაქვს საქართველოში. მადლობა საქართველო, რომ შენი ქვეყნის შვილი ვარ, ვამაყობ და ბედნიერი ვარ..."

ნინამ ფარიკაობა 17 წლის ასაკში დაიწყო, 4 თვის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეებში ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი (ხმალსა და რაპირაში) გახდა. 2017 წელს პოლონეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში.

- ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, მოსიყვარულე ოჯახში და არაჩვეულებრივი მეგობრების გარემოცვაში გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. ასე რომ, პროფესიით არქიტექტორი ვარ, თუმცა სპორტმა მთლიანად მოიცვა ჩემი ცხოვრება. ვთვლი, რომ ეს ორი საქმიანობა - სპორტი და ხელოვნება მეხმარება გავუმკლავდე ცხოვრებისეულ სირთულეებს. რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ გარშემო მყოფი ხალხი ყოველთვის უდიდეს სტიმულს მაძლევდა. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებსაც არასდროს უთქვამთ, რომ მე რაღაცას ვერ შევძლებდი, პირიქით, ყოველთვის მაგრძნობინებდნენ, რომ ყველაფერს მივაღწევდი, რასაც მიზნად დავისახავდი.

- ერთხელ თქვით, არასდროს წარმომედგინა, ოდესმე სპორტსმენი თუ ვიქნებოდი, მით უფრო, ფარიკაობაში თუ ჩავერთვებოდიო. როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

- საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, ჩემმა მწვრთნელმა და გუნდმა შემაყვარა სპორტის ეს სახეობა. ყოველი ჩემი წარმატება მათი დამსახურებაა. საკმაოდ რთულია. ფიზიკურად ძალიან მოქნილი და სწრაფი უნდა იყო, ამასთანავე მნიშვნელოვანია სიზუსტე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ფიქრსაც მოითხოვს და რაც უფრო ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, მით შედეგიანია შენი ფარიკაობა, ამ უნარ-ჩვევების შეძენას კი წლები სჭირდება. რამდენიმე შეჯიბრების მოგება არ ნიშნავს, რომ უკვე კარგი მოფარიკავე ხარ.

GzaPress

- პირველი წარმატების შესახებაც მოგვიყევით.

- ჩემი პირველი წარმატება 23 წლამდელთა შორის იყო, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და შემდეგ სამი წელი ვინარჩუნებდი ამ ტიტულს, თუმცა პარალელურად დიდებშიც გამოვდიოდი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ჩემი მედალი სენიორებში, ასევე ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ გუნდური ასპარეზობა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი ავიღეთ, ხოლო წელს ოქროთი ჩავანაცვლეთ. წლევანდელი ოლიმპიური ვერცხლი ყველაზე მეტად მიხარია.

- შეგიშალათ თუ არა ხელი პანდემიამ ტოკიოს თამაშებისთვის მომზადების პროცესში? ვინ იყო თქვენთვის ძლიერი მეტოქე და როგორი ემოციები გქონდათ?

- რა თქმა უნდა, პანდემიამ ისევე, როგორც ყველა სფეროზე, სპორტზეც არასასურველი ზეგავლენა მოახდინა. წელიწად-ნახევარი ფაქტობრივად, შეჯიბრებების გარეშე ვიყავით, პარაოლიმპიადამდეც საკმაოდ შეგვიშალა ხელი. პირადად მე, შეკრებაზე უნდა წავსულიყავი და "კოვიდი" დამიდასტურდა, რის გამოც ჩემს გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ჩავედი იაპონიაში. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.

პარაოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, იქ მხოლოდ საუკეთესოები მიდიან. ყველა სპორტსმენისთვის უკვე დიდი გამარჯვებაა ოლიმპიადაზე მოხვედრა. მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო თითოეულს თავდაუზოგავი ბრძოლისა და ღირსეული მონაწილეობისთვის. პირადად ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, რომ არა ჩემი არაჩვეულებრივი მწვრთნელები და არაჩვეულებრივი გოგონები, დღეს მე შემდგარი სპორტსმენი ვერ ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან კიდევ უამრავი ადამიანი დგას, მაგრამ პირველ რიგში, მადლობა ამ არაჩვეულებრივ ხალხს, რომლებმაც ეს ბედნიერება და ისეთი ცხოვრება მაჩუქეს, რომელსაც ვერც კი ვინატრებდი.

ნინო ჯავახიშვილი