სპილენძისა და ხის ნაკეთობები მისაქციელიდან - გზაპრესი

სპილენძისა და ხის ნაკეთობები მისაქციელიდან

ვეფხვია გომურიშვილი მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში ცხოვრობს. 43 წლისაა და თავის ქარხანაში ხისა და სპილენძისგან ნაკეთობებს ქმნის. ხის სათამაშოებსაც ამზადებს. ბევრს მუშაობს და დროს ძალიან უფრთხილდება. დილით 8 საათზე რომ დაიწყოს საქმე, ღამის 12-ზე მაინც უნდა დაიძინოს, მაგრამ ზოგჯერ ეს რეჟიმი ერღვევა, რადგან ახალი ნივთის გაკეთების სურვილი ღამით უჩნდება და მაშინვე სახელოსნოში მიდის.

- ბავშვობიდან მიყვარდა ხისგან რაღაცების კეთება და ჩხირკედელაობა. 8-თვიანი დავიბადე და როგორც კი ფეხზე გავიარე, დამოუკიდებლად გავაგრძელე ცხოვრება. 5 წლის ვიყავი, თოფი რომ გამოვთალე. ჩემს გაკეთებულ ხის სათამაშოებს სხვებს ნაყიდ ნივთებში ვუცვლიდი - მეც კმაყოფილი ვიყავი და ბავშვებიც. თავიდან ხეზე მუშაობა დავიწყე, მერე - ტყვიაზე და შემდეგ სპილენძის ნივთებიც გავაკეთე - ჯვრებს ვასხამდი. ბევრს ვწვალობდი და რაღაცები გამომივიდა. თუ დააკვირდებით, არც ერთი ნივთი არ მეორდება. მუშაობას რომ ვიწყებ, არ ვგეგმავ და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მაინცდამაინც ბევრ ხალხს არ ვიცნობ, ამიტომ, ჩემი ნაკეთობები სოციალურ ქსელში იდება, ხანაც ნივთებს ავიკიდებ ხოლმე ჩანთით და დავდივარ ახორხლილი, ხან სანაპიროზე, ხან სად და ხან - სად: ნივთები მიმაქვს თბილისში, მცხეთაში. წელს ბათუმშიც ვიყავი და იქ სამი დღე დავრჩი. ჭრა-კერვაც ვიცი და ტყავის ჩანთებსაც ვკერავ, მთლიანად ხელით ვაკეთებ ყველაფერს. მეუღლეც მეხმარება. დიდი ინტერესი გამოიწვია ხის ქვევრებმაც... ჩემი რომელიმე ნივთი 100 ლარი თუ ღირს, ზოგჯერ 20 ლარადაც გამიყიდია, რადგან ოჯახი მყავს სარჩენი. ნივთებს მაღაზიებში არ ვაბარებ.

GzaPress

- ოჯახზეც მიამბეთ...

- მყავს მეუღლე და ორი შვილი: 22 წლის ნათია, 19 წლის ლაშა. გოგონამ საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯმენტზე სწავლა დაასრულა, ბიჭი "საჯარე" გვყავს. ნელ-ნელა ხელობას ვასწავლი, რომ არ შემიშინდეს. ახალგაზრდა რომ მოვთოკო და სახელოსნოში გამოვკეტო, სულ შეჯავრდება ეს ხელობა. მინდა, ჩემს შვილს არ მოერიდოს, თავისი ნაწვალები და ნაშრომი ხალხში გაიტანოს, ანახვოს და ასე იშოვოს ფული. სახელოსნოში ერთი კუთხე მაქვს გამოყოფილი მეგობრისთვის, რომელიც ხატებზე მუშაობს. ასე რომ, იქ ვართ ხოლმე: მე, ჩემი შვილი და მეგობარი. ოღონდ, ძალიან ბრაზიანი ვარ მათ მიმართ, ვინც გარშემოა. დროის დაკარგვა არ მიყვარს. სულ რეჟიმში უნდა იყო, რადგან ყოველი წამი ძვირფასია.

- რეგიონებში ბევრი ჩივის, რომ ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან ხელობით. მისაქციელში რა მდგომარეობაა?

- თითქმის იგივე. თუ ვინმეს მოიყვან და მის დაინტერესებას შეეცდები, ფული იქით უნდა უხადო... სადამდეც მყოფნის ძალა, ვუძღვები საქმეს. ისე, მყოლია მოსწავლეები, ადრე ვცადე, სხვებისთვის ხელობა მესწავლებინა, მაგრამ არა აქვთ ინტერესი. მაშინვე ყველას დირექტორობა უნდა. ამაზე ძალიან მწყდება გული...

- აღმიწერეთ თქვენი კარ-მიდამო...

- ღმერთმა გადმომხედა, სახლი და სახელოსნო გვერდიგვერდ მაქვს. ბანკის ვალებით ნაკვეთები ვიყიდე, რომ ერთი-ორი გოჯი მიწა გვქონდეს. პატარა ტრაქტორი მაქვს და პანდემია რომ დაიწყო, მიწა მოვხანი, რაღაცები დავთესე - კარტოფილი, მწვანილი, ხახვი, ნიორი და ა.შ., მაგრამ კალია შეესია და კინაღამ გული გამისკდა, ისე გაანადგურა მოსავალი. ყველაფერი ვცადე, რაც შეიძლება შეუწამლავად ხარობდეს და რისი მიღებაც იმუნიტეტს გვიძლიერებს. ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ამიტომ, იმუნიტეტის ასამაღლებლად სულ ნატურალური პროდუქტის მიღებას ვცდილობ. ერთ-ერთ შეძენილ ნაკვეთზე ჩემი მშობლები დავასახლე. საქონელი ჰყავთ: ორი ძროხა, თხა, იხვები, ქათმები. მათგან მიღებულ პრიდუქტს თავადაც იტოვებენ და მეც მინაწილებენ. სიამოვნებთ კიდეც ცხოველების მოვლა და სიბერეში ასეთ კარგ გარემოში მოხვედრა. მამაჩემი აგრონომია, ბრიგადირადაც მუშაობდა და ახლა ბაღებში ადგება თავისი ცოდნა. ბევრი ხეხილი გვაქვს.

GzaPress

- მანდ ყველაზე კარგად რა ხარობს?

- ბანანი არ გვიცდია, დანარჩენი ყველაფერი კარგად ხარობს (იღიმის): ქლიავი, ბალი, ალუბალი, ძველებური ატმებიც მაქვს, ქართულ ატამს რომ ეძახიან. კაკლის ხეებიც, თხილი, მაყვალი. ჭალის ნაპირზე ვარ და მაყვალი აქ ბუნებრივად მოდის. კუნელის ყვავილობის დროს აქ სეირნობას არაფერი სჯობს. მოდის მჟაუნაც, კოწახურიც. ყვავილობის დროს ცაცხვს ვკრეფ, ჩრდილში ვახმობ და როცა გაცივებულები ვართ, ვიყენებთ. სიცხის, ხველის დროს ცაცხვის ჩაის მიღება კარგია.

ანა კალანდაძე