ჰემინგუეის ხობელი მოხუცი - გზაპრესი

ჰემინგუეის ხობელი მოხუცი

ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში მამის ფოტოს აქვეყნებდა. ჭაღარა კაცს მოზრდილი თევზი ეჭირა ხელში და მეთევზე ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვის" მთავარ გმირს საოცრად ჰგავდა. შვილი სიხარულით წერდა, რომ მამას ახალგაზრდობიდან უყვარს თევზაობა ანკესით, ყველაზე დიდი თევზი, ანუ აი, ის ლოქო, ბევრჯერ რომ გაექცა, ჯერ არ დაუჭერია და ერთხელაც აუცილებლად მოუგრეხს კისერსო...

ვახტანგ აბრამიას "ანგარიშზე" 7 შვილი, 11 შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და 89 ასტრონომიული წელია. ასაკის მიუხედავად, მხნედაა, ბევრს შრომობს, ცხოვრობს უმცროს ვაჟთან ერთად, რომელიც დასაოჯახებელია. 60-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, სულ ახლახან გარდაეცვალა მეუღლე. დიდს და პატარას უყვარს, არასდროს არავისთვის უწყენინებია, შემოაბერდა სოფელს ისე, რომ მომდურავი არ ჰყავს. ახალგაზრდობის დროინდელ თავქარიანობას როცა უხსენებენ, ეშმაკურად იღიმის და ამბობს, რომ მაშინ სხვა დრო იყო... მართლა და სხვა დრო იყო, აბა, ახლა სადღა ნახავთ ასეთ სცენას: სამეგრელოში ახალგაზრდა კაცს "კალიასკიანი" მოტოციკლით აკითხავს რუსის "ნაშები", რის გამოც ვახტანგის მეუღლე გაცეცხლებული გაიქცა და ქმარს მამასთან "უჩივლა" - "აღვირახსნილი და სრულიად უზნეო ცხოვრების" გამო.

"ნაშების" ეპიზოდი ყველას ახსოვს ვახტანგის ცხოვრებიდან, სამაგიეროდ, ცოტას ან საერთოდ აღარავის ახსოვს ის, რომ 7 ტონა სიმინდს აბარებდა კოლექტივს და იქიდან მესამედს უბრუნებდნენ...

ლაურა აბრამია, ვახტანგის ერთ-ერთი შვილი გვიამბობს:

შიფერი და მედალი

"მამამ თვითონ ააშენა სახლი. ბევრს მუშაობდა, დედა მეურნეობას უძღვებოდა, ერთმანეთს მხარში ედგნენ. დედა ულამაზესი ქალი იყო, 9 წლით უმცროსი მამაზე, დედით უკრაინელი, უცხო გარეგნობის, მუდამ მოწესრიგებული. მამას და დედას საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ, ათწლეულების მანძილზე უერთმანეთოდ არსად წასულან. სკეტჩად ქცეული ერთ-ერთი ამბავი, რომელიც უცხო ადამიანისგან მოვისმინე ტელევიზიით, სინამდვილეში მამას შეემთხვა, ამბავს ცოცხალი მოწმეებიც ჰყავდა. იმ თაობიდან თითქმის არავინ შემორჩა ახლა სოფელს... ბევრს ეხსომება საბჭოეთის პერიოდში ორდენებით დაჯილდოება. დედას ყოველ წელს საზეიმოდ გადასცემდნენ რაღაც მედლებს მრავალშვილიანობის გამო. იმხანად მამა სახლს აშენებდა თურმე (მე პატარა ვიყავი ძალიან) და სახელმწიფოსთვის დახმარება უთხოვია, ანუ ასე ყოფილა: ადგილობრივ საბჭოში განცხადება უნდა შეგეტანა. მამას მიუმართავს განცხადებით, რომ სახლის გადასახურად ე.წ. შიფერი გამოეყოთ მრავალშვილიანი ოჯახისთვის. ველოდები, ველოდები პასუხს და შენც არ მომიკვდე, არაფერიო. ჰოდა, წასულა სოფლის თავმჯდომარესთან. იმან, - მიმიკიბ-მომიკიბაო, უჭირს ქვეყანას, ვერ დაგეხმარებითო. რა გაეწყობოდა, დავემშვიდობო მინდაო და მოიცადეო, რაღაც პრიალა პატარა ყუთი მომაწოდა, ეს შენს მეუღლეს გადაეცი, ჯილდოა მორიგიო. კარში გამოვედი თუ არა, გავხსენიო და გაბანტული ლენინისთავიანი "მენდალი" შემრჩა ხელში. ცოტა კაჭიჭია ღვინო მქონდა დალეული და ეს მედალი შარვლის უბეზე დავიბნიე, გავდი-გამოვდივარ მისაღებში, იქ მომუშავე ქალები იატაკზე ეყარნენ სიცილისგან, სულს ძლივს ითქვამდნენ, მე კი ასე პროტესტი გამოვხატე, აბა, სხვა როგორ მეპასუხა წუწურაქი მთავრობისთვისო?.. სახლიც საკუთარი ძალებით და ხელებით ააშენა და ამბობდა: მაგათი არც მედალი მნდომებია და არც არაფერი მას შემდეგო".

GzaPress

ვახტანგის დაქორწინება

"მამას მშობლები ძალიან წუხდნენ, რომ ძმებს შორის უფროსი ქალაქში, პორტშია დასაქმებული, დროა ოჯახს მოეკიდოსო. მიმდგარ-მომდგარან და მეზობელ სოფელში ულამაზესი გოგო შეუგულებიათ ვახოსთვის. საშუალო სიმაღლის, ულვაშგადაწკეპილ, ქალაქურ სტილში გამოწყობილ მამაჩემს აუვლ-ჩაუვლია ჩაის პლანტაციებთან, მოუხიბლავს იმ მხარის ყველაზე ლამაზი გოგო. - გრძელი ლაბადა მეცვა, საყელოებაწეული გავდი-გამოვდიოდი, ორ ყმაწვილქალს იქვე წაუვიდა გული ჩემს დანახვაზე და ჩაის ბუჩქებზე გაწვნენ გულწასულებიო. აი, შენო, დედას ეტყოდა ხოლმე, თვალი აქეთ დამადგიო. დედა ძალიან გულჩვილი იყო და წიწმატდებოდა, - მე ბავშვი ვიყავი და რას იგონებო. მოკლედ, აცრემლებამდე მისულ დედას უთქვამს ხოლმე, უმამოდ გაზრდილი ვიყავი და დედაჩემს შეუჩნდნენ, თორემ შენზე უკეთესს გავყვებოდიო. ცოტა ხანში ავიწყდებოდათ ეს კინკლაობა და თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს".

ჯვრისწერა...

- შვილებმა დავგეგმეთ, რომ მამას 85 და დედას 75 წლის იუბილე გრანდიოზულად აღგვენიშნა, შევკრებილიყავით ყველა (პირველ და ორ სექტემბერს აქვთ დაბადების დღე). მიხვდნენ, რომ ვფაციფუცობდით და ჩუმად უხაროდათ. წინადღეს, რადგან ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი, მოვიფიქრეთ, ჯვარიც დაგვეწერა. დედას გაუხარდა ძალიან. მამას შევაპარე, მეგონა იორჭოფებდა, იტყოდა, - ამ ასაკში რა დროს ჩემი ჯვრისწერააო, მაგრამ უსიტყვოდ დაგვთანხმდა. დედას თავისი საყვარელი კაბა ჩავაცვით და ნოჯიხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მივაბრძანეთ ამალით. არაჩვეულებრივმა მამა ილიამ სიხარულით დასწერა ჯვარი, შიგადაშიგ მეგრულად გადაულაპარაკებდა მამას, პატარძალს ხელი მოკიდე, ეს რა ლამაზი წყვილი მეწვიეთო. მამამაც, - დაღლილია პატარძალიო. დედას ოპერაციის შემდგომ გული ეღლებოდა და სკამზე ჯდებოდა, მამა მხნედ იყო, თვალები უბრწყინავდა. ტაძარში ჯვრისწერისთვის განკუთვნილი ბეჭდები არ აღმოაჩნდათ და მამა ილიამ სანთლისგან გაუკეთა ორთავეს, რომელსაც ვინახავდით და დედას თავისი იმ ქვეყნად გავატანეთ. სახლში მოსვლისას დიდი ჟრიამული ატყდა, თეფშიც კი დაამტვრევინეს ზღურბლთან..."

შეშინებული მამა

"ზემოთ ვახსენე, რომ დედა და მამა თანაცხოვრების მანძილზე არსად წასულან დასარჩენად. ერთ ჭერქვეშ, შრომასა და სიამტკბილობაში დაზარდეს შვილები, ყველას ასწავლეს შეძლებისდაგვარად და გზაზე დააყენეს, შვილიშვილებიც შემოეხვიათ და შვილთაშვილებითაც გაიხარეს. დედას გული აწუხებდა. 7 წლის წინ გულის შეტევით რეანიმაციაში მოხვდა, ზუგდიდში. გადარჩა, "სასწრაფო" დროულად მისულა. დაბნეული მამა შუა ეზოში იდგა თურმე მოკაკვული. ალბათ ფიქრობდა, რომ უკანასკნელად ხედავდა ცოლს. მიყვებოდნენ მეზობლები, რომ ასეთი შიში მის თვალებში პირველად ნახეს... ჰყვებოდნენ ასევე სცენას, როცა გადარჩენილი მძიმე ოპერაციაგადატანილი დედა სახლში დაბრუნდა, მამა შუა ეზოში იდგა ისევ და მაშინ კი ბავშვებივით აქვითინებულან ორთავე. დადგა მძიმე რეალობა და იანვარში დედა დაიღუპა... ისე უცებ მოხდა ყველაფერი... მამას თვალებში სხივი გაუქრა, შეიცვალა, რაღაც უსუსურია თითქოს. თავს დასტრიალებენ შვილები, ხან ერთი შვილიშვილი მოაკითხავს, ფოთში მიჰყავს რიონზე სათევზაოდ, გოგონა შვილიშვილები აკითხავენ მანქანით, გამოპრანჭავენ, წინ დაისვამენ და ხან რომელიმე შვილთან წაიყვანენ, ხან შვილთაშვილების სანახავად..."

თევზაობა და საქმე

"თავიდანვე გატაცებული იყო თევზაობით. ყველაზე ახლოს, მდინარე ხობისწყალია, თუმცა შორსაც მიდის. ადრე ცხენი ჰყავდა და შემდეგ ველოსიპედზე გადაჯდა, რომელიც განუყრელი ტრანსპორტია მისთვის. თვალიც ძველებურად უჭრის და გონებაც, ქეიფშიც ტოლს არ უდებს თანასუფრელებს. "ის" დიდი თევზი ბევრჯერ გაექცა, მაგრამ ამბობს, რომ მაინც დაიჭერს. წუხს და ბრაზობს, რომ ბრაკონიერები მომრავლდნენ, დენით თევზაობენ და ლიფსიტებიც არ დატოვეს ხობისწყალში. ადგილობრივი ძალოვანები მფარველობენ და არც არავის იჭერენ, აბა, თვითონვე სჩადიან ამას და თავიანთ თავებს ხომ არ დაიჭერენო. ერთხელ სოციალურ ქსელში ვიღაც წერდა სოფლად არსებულ სიდუხჭირეზე, მაშინ მამაზე დავწერე კომენტარი, რომელმაც მოიარა მთელი ინტერნეტქსელი: "მამაჩემი 88 წლისაა. იმდენს შრომობს, რომ ყველაფერი აქვთ, ტონობით სიმინდი მოჰყავთ, აურაცხელ შინაურ ცხოველს და ფრინველს უვლიან. გუშინ ველაპარაკე და მითხრა, რომ ვიღაც ჭიშკართან მოადგება ხოლმე და 70 ლარის კვერცხს აბარებს, ძმასავით უდგას მხარში შვილს, მასავით შრომობს. ახალგაზრდა ოჯახებიცაა ირგვლივ, შრომა რომ ეზარებათ... იმხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ კომენტარს, რომ მეუხერხულა კიდეც. მართლა ასეა, დილას ადრე დგება, ველოსიპედით საძოვარზე მიერეკება საქონელს, შემდეგ გზაჯვარედინია იქ, ცოტა ხანი შეჩერდება, გამვლელ-გამომვლელს გამოელაპარაკება, დაგმობს კიდეც ცუდ დროებას, მთავრობებს და მოდის..."

GzaPress

სათვალე

"მამას აუხირებია, როცა ვთევზაობ, "პაპლაოკს" (ტივტივა) კარგად ვერ ვხედავ და თვალის ექიმთან მიმიყვანეთო. მიუყვანია ჩემს ძმას ოფთალმოლოგთან, გამოუწერეს სათვალე. ამაზე თავად ჰყვება ხოლმე: შევედი თვალის ექიმთან, დავიხედე ძირს, ათთეთრიანი აგდია. დავიხარე, ავიღე და მაგიდაზე დავუდე. ექიმი წამოხტაო, - კაცო, შენ რისთვის მოხვედი აქ, ეს ხურდა მე ვერ დავინახე და რად გინდა სათვალე შენო?.. გამომიწერა რაღაც, რომლის გარეშე უფრო ვხედავო. რაც შეეხება ექიმს და წამლებს, ანალგინიც კი არასდროს დაულევია, წნევა არასდროს გაუზომავთ მისთვის. მხოლოდ მეუღლის დაკრძალვიდან მესამე დღეს გახდა ცუდად... ლევან ქავთარაძე ჰყავთ ხობში, საუკეთესო ნევროპათოლოგი, ყველაზე გულისხმიერს და იმედს ეძახიან ამ ადამიანს. მასზე ამბობს: ექიმმა მითხრა, საერთოდაც, იდეალური ანალიზები გაქვს, მომეფერა, გამამხნევა, მეტად არ ინერვიულო, ახლა წადი და კარგად რომ დაბერდები, მერე მოდი ჩემთან, რომ ერთად ვითევზაოთ ერთხელაცო..."

P.S. ჰემინგუეის ხობელი მოხუცი იმ ლოქოს აუცილებლად დაიჭერს. უბრალოდ, ჯერ ადრეა. ლოქო კიდევ უნდა გაიზარდოს, ვახტანგსაც წლები უნდა მოემატოს თუნდაც იმისთვის, რომ აჩვენოს ხალხს, ასაკი მხოლოდ რიცხვებია და გული, რომელიც იტევს გარდაცვლილი მეუღლის სიყვარულს, დიდხანს უნდა აცოცხლოს სანიმუშო ცოლქმრული ურთიერთობისა და ხსოვნის დეკლარირებისთვის...

როლანდ ხოჯანაშვილი