ამბავი სკვერში - სპექტაკლი მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტით - გზაპრესი

ამბავი სკვერში - სპექტაკლი მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტით

სკვერში, კორპუსის მახლობლად, ქალი ჩვილს უვლის. ცოტა ხანში მას კაცი გამოელაპარაკება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ფურცელზე ქალის "ჯიუტი ნიკაპის" მოხაზვას ცდილობს. მათ დიალოგში ეტაპობრივად იკვეთება, თუ ვინ არიან ისინი ბავშვისთვის და რა მიზნები ამოძრავებთ ცხოვრებაში. რამდენიმე წუთში ეტევა თითოეულის წარსული, დღევანდელობა და ბიოგრაფიის მთავარი შტრიხები, და თუ მაღალფარდოვან შეფასებებს მოვერიდები, ასე უნდა ვთქვა: ორი ადამიანის ყოფა - არცთუ სახარბიელო...

გზა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ პრობლემებთან გასამკლავებლად ვირჩევთ, რთულმა ცხოვრებამ მოიტანა, არასასურველი ნაბიჯების გადადგმა გვაიძულა და ნელ-ნელა ამას ღირსების შეგრძნების დაკარგვა მოჰყვა თუ თითოეულ ჩვენგანში თვითგადარჩენის ინსტინქტია იმდენად დიდი, რომ ზოგჯერ შეიძლება ეს სწრაფვა უკიდურესი ფორმით ამოტივტივდეს ზედაპირზე - სადავო თემაა.

სხვების საქციელის შეფასებისას ბევრი მაინც კატეგორიულია და იტყვის, რომ "ასე არ მოიქცევა", "ამას არ იკადრებს!" სინამდვილეში თითოეული ჩვენგანი კარგად რომ დაფიქრდეს და ყველამ საკუთარ ცხოვრებას გადავხედოთ, მივხვდებით, ჩვენი ყველა ქმედება არც იდეალური ყოფილა ოდესმე და არც იდეალურთან მიახლოებული.

საკუთარ თავს მაინც გავუმხილოთ, რომ ცხოვრებაში არაერთხელ მოვქცეულვართ ისე, როგორც მანამდე არასდროს და რომ ზოგჯერ სხვადასხვა გარემოებას მივყავართ ჩვენთვის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებამდე. აქედან გამომდინარე, ხელის ერთი მოსმით ნუ მოვაწერთ ხელს ულმობელ განაჩენს, რომელიც ერთმანეთისთვის გამოგვაქვს. ალბათ არაეთიკური საქციელი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ ამავდროულად ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინასწარ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ვინ რისი ჩამდენია. ასეთი აზრებით წინასწარ კი არ ვიმართლებთ თავს და წავახალისებთ, უბრალოდ ფაქტია, ზოგჯერ ჩვენ ვაიძულებთ ცხოვრებას რამეს და ზოგჯერ - ის. ასე რომ, ვის რა უღირს და ვისთვის რა არის პრიორიტეტი, უაღრესად ინდივიდუალურია...

"სამნი 1 სკამთან" - ასეთი სახელწოდება აქვს ახალ სპექტაკლს, რომელიც გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგა. პიესა მანანა დოიაშვილს ეკუთვნის, დამდგმელი რეჟისორი ქეთევან-ხათუნა ბედელაძეა, მხატვარი - თამარ ყუფუნია. სპექტაკლის პერსონაჟებს (მერისა და სანდროს როლებს) ფიქრია ნიქაბაძე და გიორგი ჯიქია განასახიერებენ. ფიქრიასთვის ამ რეჟისორთან ეს უკვე მესამე პროექტია, ხოლო გიორგისთვის - პირველი. ვინაიდან სპექტაკლს სოციალურთან ერთად, ერთგვარი დეტექტიური ხაზიც გასდევს, მათი გმირებისა და ქმედებების შესახებ ჩვენი დიალოგის შინაარსის გაუთქმელობა გადავწყვიტე, რომ უნებლიეთ სპექტაკლის შინაარსი არ გავამჟღავნო და მაყურებელს ინტერესი არ დავუკარგო. ასევე შევეცადე, რეჟისორთან და დრამატურგთან დიალოგის დროსაც კონკრეტიკას გავქცეოდი.

GzaPress

- ქალბატონო მანანა, თოჯინების თეატრის ახალი სეზონის ახალი სპექტაკლია "სამნი 1 სკამთან". როგორც ვიცი, მის რეჟისორს ადრეც უმუშავია თქვენს ნაწარმოებზე. როდის და რა პიესით დაიწყო თქვენი პირველი თანამშრომლობა?

- ეს ჩემი მესამე პიესაა, რომელზეც ხათუნამ იმუშავა. პირველად 1999 წელს დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა სპექტაკლით "3+3". კარგი ნამუშევარი გამოვიდა. სხვათა შორის, ეს ჩემი ყველაზე გაყიდვადი პიესა აღმოჩნდა, ორჯერ დაიდგა თბილისში, ასევე: პოლონეთში, მოსკოვსა და ყაზახეთში, სულ ახლახან კი ოზურგეთში რეჟისორმა ვახო ხუციშვილმა განახორციელა. რაც შეეხება იმ პიესას, რომელიც ახლა თოჯინების თეატრში დაიდგა, ტრილოგიის - "აქ, ამ სავანეში" ნაწილია, ანუ სამი ორკაციანი პიესიდან ერთ-ერთია. თემურ ჩხეიძის სახელოსნოში ვსწავლობდი და მაშინ მისი თხოვნით დავწერე ორკაციანი, მინიპიესები და მათ შორის ესეც. მას სხვა სახელი აქვს, თუმცა, რეჟისორთან შეთანხმებით, სპექტაკლს "სამნი 1 სკამთან" ეწოდა. ნამუშევარი პირველად რომ ვნახე, ძალიან მომეწონა. მასში ორი არაჩვეულებრივი არტისტი მონაწილეობს: ფიქრია ნიქაბაძე და გიორგი ჯიქია. ფიქრიას ვიცნობდი, ჩემს პიესებში ნათამაშები აქვს, მაგრამ გიორგი პირველად ვნახე სცენაზე. ისე თამაშობს იმ პერსონაჟს, როგორიც წერისას მყავდა ჩაფიქრებული, ზუსტად "აიღო" ტიპაჟის გრძნობათა ბუნება. ძალიან ნიჭიერი ბიჭია, აღფრთოვანებული ვარ.

- პიესის ერთ-ერთი დომინანტი სოციალური თემაა და ჩვენთვის ნაცნობი ვითარებები. ნამდვილი ამბის გავლენით ხომ არ შეიქმნა?

- ეს პიესა 20 წლის წინ დავწერე. სოციალური პრობლემები ჩვენს ქვეყანას მაშინაც ჰქონდა და ახლაც აქვს. სულ ვფიქრობდი და მაწუხებდა, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი გაჭირვების გამო. წერა რომ დავიწყე, არ ვიცოდი როგორ განვითარდებოდა სიუჟეტი, მისმა ორმა გმირმა მომიყვანა იქამდე, რაც პიესაში საბოლოო ჯამში ხდება. ეს არ იყო ნამდვილი ამბავი, თუმცა, 1 წელიწადში შევიტყვე ზუსტად ასეთი ამბავი, რაც პიესაში ხდება. ჩემთვის მთავარი იყო, მეჩვენებინა, როგორ შეიძლება გაჭირვებამ ადამიანს სახე დააკარგვინოს, ამ დროს თავიდან ბოლომდე შიშვლდები. ალბათ იშვიათია პიროვნება, ასეთ დროს შეინარჩუნოს ღირსება.

- ქალბატონო ხათუნა, რატომ შეჩერდა თქვენი არჩევანი ამ პიესაზე?

- მანანას პიესები ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ძლიერი, სერიოზული დრამატურგია. ის მაძლევს ფრენის საშუალებას და მადლობა მას ამისთვის. აქვე მინდა ვთქვა მხატვარზე, თამარ ყუფუნიაზეც: ეს არის ფენომენი, რომელთანაც დამთავრებული არ მქონდა ახსნა, თუ რა მჭირდებოდა ამ სპექტაკლში, რომ ის უხმოდ, ჩუმად აკეთებდა საქმეს და საოცრებას მახვედრებდა. რაც შეეხება მსახიობებს, ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ტანდემია.

პიესის შერჩევაზეც ვიტყვი: წლების წინ, სამეფო უბნის თეატრში მანანას პიესები თემურ ჩხეიძის მიერ განხორციელებული ვნახე. თითოეული თავისებურად საინტერესო იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეს მომეწონა. როცა წავიკითხე, სწორედ მაშინ, 2008 წელს ახმეტელის თეატრში მიმიწვიეს და სამი პატარა პიესის მიხედვით სპექტაკლი დავდგი. ერთ-ერთი იყო ჩემი, მეორე - მანანას ეს პიესა. ახლა სულ სხვანაირია, კონცეფციაც სხვაა და ტექსტიც მანანასთან შეთანხმებით ძალიან შეცვლილია... ამჯერად გადავწყვიტე, სპექტაკლში ბიჭი ყოფილიყო მხატვარი. განათლებული, შემოქმედებითი ნატურაა, მაგრამ შეუმდგარი პიროვნება. ეს რეალობაა, ტრაგედიაა და არა მარტო ჩემთვის და პიესის ავტორისთვის, არამედ საუბედუროდ, გლობალური ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის.

- სამწუხაროდ, რეალიზების პრობლემა დგას ჩვენს ქვეყანაში და ისე გამოდის, რომ 20 წლის წინ დაწერილი პიესიდან დღემდე, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა - ადამიანებს სამსახურის პოვნა უჭირს, ათასგვარ გზას მიმართავენ თავის სარჩენად...

მანანა:

- დიახ, თქვენ ზუსტად გაუსვით ხაზი ამ საკითხს. ეს თემები ისევე აქტუალურია დღეს, როგორიც 20 წლის წინ იყო. ღმერთმა არ ქნას, 20 წლის შემდეგაც ასე დარჩეს. სულ ყველაფერს დავწვავ, ოღონდ ოდესმე ეს რეალობა შეიცვალოს... აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი და ხათუნას თანამშრომლობა ყოველთვის კარგი და ბევრის მომცემია ჩემთვის. იმითაც დავინტერესდი, ხათუნამ რომ მითხრა, შენი პიესის დადგმას თოჯინების თეატრში ვაპირებო. ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკა საბაშვილის კონცეფცია მომწონს, რაც გულისხმობს სპექტაკლებს როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსი ასაკის მაყურებლისთვის. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თოჯინების თეატრის სივრცეც - თუ როგორ წარმოჩინდებოდა აქ ჩემი პიესა და ასევე ისიც, რომ ნიკა იქნებოდა ჩვენი მასპინძელი, რომელსაც თავად აქვს ფენომენალური რაღაცები გაკეთებული.

- ქალბატონო ხათუნა, თოჯინების თეატრში ეს თქვენი პირველი ნამუშევარი არ არის...

- დიახ, 2 წლის წინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკა საბაშვილის ინიციატივით "სამი გოჭი" დავდგი. ჩვენთან მგელი ოპერის მომღერალია, აქვს ენციკლოპედიები, ვეგეტარიანელია და ხილით იკვებება. უფროსი გოჭი არქიტექტორია, უნდა სახლი ააშენოს, სადაც ყველა ერთად იცხოვრებს... რთულია საკუთარ სპექტაკლზე კარგის თქმა და შეფასება, მაგრამ ფაქტია, 2 წლის განმავლობაში ანშლაგით მიდიოდა, თუმცა, პანდემიამ შეგვიშალა ხელი. სამომავლოდ, ალბათ ამ სპექტაკლს აღვადგენთ. ჩემთვის თოჯინების თეატრი ის ადგილია, რომლის მიმართაც მადლიერების განცდას ვერასოდეს გადმოვცემ, "გადაუხდელი" და უზღვავი მადლობა მას.

- დაბოლოს, ორივემ მითხარით თქვენ-თქვენი ვერსია: როგორ დაასათაურებდით ამ სპექტაკლზე დაწერილ სტატიას, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ?

GzaPress

ხათუნა:

- "გაჭირვებამ შუბლის ძარღვი არ უნდა გაგიწყვიტოს".

მანანა:

- მე კითხვით ფორმას ავირჩევ: "სადამდე შეგვიძლია მივიდეთ ადამიანები?!" თუმცა, აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა: მე არასდროს არ მყავს ცუდი და კარგი გმირები, მათ შავად და თეთრად არ განვიხილავ. მე ისინი ყველანი მიყვარს და თანავუგრძნობ...

- მესმის, ჩვენ ვართ ადამიანები, ყველა ჩვენი სისუსტით, დადებითი და უარყოფითი თვისებით და სწორედ ამის გადმოცემას შეეცადეთ ამ პიესაში. ახლა ჯერი მაყურებელზეა, ვნახოთ, ვინ როგორ აღიქვამს სპექტაკლს. წარმატებას გისურვებთ!..

ანა კალანდაძე