"ვინც ეკლესიის დანგრევაში მონაწილეობდა, ყველას ცუდად წაუვიდა საქმე" - გზაპრესი

"ვინც ეკლესიის დანგრევაში მონაწილეობდა, ყველას ცუდად წაუვიდა საქმე"

დედა ყველა შვილს უყვარს, მაგრამ ქალბატონმა ნანული (ნანა) გუნიამ სულ სხვანაირად შეძლო მშობლის მიმართ გრძნობის გამოხატვა: მან კრებული გამოუშვა, რომელშიც შესული 505 ლექსი მხოლოდ დედაზეა. მის ლექსებზე ცნობილმა კომპოზიტორებმა: რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძემ, რუსუდან ხორავამ, ვაჟა დურგლიშვილმა, ლეილა ლოლუამ შექმნეს სიმღერები, რომანსები, საგალობელი, აბაშის ჰიმნი... აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ნანას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მის მშობლიურ სოფელ მაცხოვრისკარში აშენდა მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია და რადგან ამ საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლო, ფიქრობს, რომ ეს უფლის წყალობაა.

- დავიბადე აბაშის რაიონის სოფელ ზანათში. დაქვრივების შემდეგ დედა საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან, სოფელ განათლებისკარში (რომელსაც ადრე თურმე მაცხოვრისკარი ერქვა და ღვთის წყალობით, შევძელით და ეს სახელი აღვუდგინეთ ამ სოფელს). 1966 წელს, ოქროს მედალზე დავამთავრე აბაშის პირველი საშუალო სკოლა და შემდეგ გავაგრძელე სწავლა თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ინგლისური ენის სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი და დღეს გახლავართ პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, 50-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 14 ნაშრომი წიგნად მაქვს გამოცემული. ესაა ინგლისურ-ქართული სასაუბროები, ლექსიკონები, ორი სახელმძღვანელო (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისთვის გამოშვებული) და ა.შ. სულ გამოცემული მაქვს 29 წიგნი და მათ შორის 13 ლექსების კრებულია.

- თქვენ მშობელს მიუძღვენით ლექსების კრებული, სადაც შესული 505 ლექსი - ყველა დედაზეა დაწერილი...

- ასეა, რადგან დედაა ყველაფრის საწყისი... ის ჩემთვის ყველაფერი იყო და არის... 3 თვიდან უმამოდ ვიზრდებოდი. ყველა დედა კარგია, თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩემი დედა ყველაზე ძლიერი მეგონა. ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა და ხომ შეეძლო, გათხოვილიყო, მეორე ოჯახი შეექმნა, მაგრამ - არა! მან მთელი ცხოვრება და ახალგაზრდობა შემომწირა ჯერ მე და მერე მოხუცებულობა - ჩემს შვილებს. მკვირცხლი, მშრომელი ქალი იყო. დედისერთა ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ის გახლდათ ჩემთვის დედაც, მამაც, დაც, ძმაც, სულიერი მეგობარიც. მისი ერთი შეძახილი, - შენ შემოგევლოს შენი დედა, მილიონად მიღირდა. გვერდით მდგომი, უშიშარი, შეუპოვარი, მებრძოლი სულის და რა თქმა უნდა, ღვთისმოსავი ადამიანი იყო.

GzaPress

- ლექსის წერა როდის დაიწყეთ?

- მაშინ პირველ კლასში ვიყავი. ყველა ბავშვს უხარია ახალი წლის დადგომა და მეც დამდეგს მივუძღვენი პირველი ლექსი. დედამ, რა თქმა უნდა, მოიწონა და შემაქო. ის ყოველთვის სტიმულს მაძლევდა, რომ რაღაც სასარგებლო მეკეთებინა.

მახსოვს, აბაშაში მუსიკალური სკოლა რომ გაიხსნა, მაშინ ამ სკოლისთვის "ასაკს გადაცილებულად" ვითვლებოდი, მაგრამ ვინაიდან იქ სწავლა ჩვენთვის ძალიან სასურვლი იყო, დედა რაიკომის მდივანთან შევიდა და დახმარება სთხოვა. იმას თავის მხრივ, მუსიკალური სკოლის დირექტორთან დაურეკავს. შედეგად, დედამ კერძო მასწავლებელთან მომამზადა და ამის შემდეგ ჩემთვის შესაბამის კლასში ჩამრიცხეს, ანუ დედის ვაჟკაცობის წყალობით, მუსიკალური განათლებაც მივიღე... მერე, როცა შვილი შემეძინა, მან ჩვენ გამო მიატოვა სამსახური, სახლში დაჯდა და შვილიშვილებს უვლიდა.

- როცა თხოვდებოდით, თქვენი არჩევანი თუ მოიწონა?

- არასდროს ჩარეულა ჩემს პირად ცხოვრებაში უხეშად, მხოლოდ რჩევებს თუ მაძლევდა. ხომ გეუბნებით, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, გარშემო მყოფებს უფრთხილდებოდა.

- თქვენს შვილებზე მიამბეთ...

- ვცდილობ კარგი დედა ვიყო. ორი ძალიან მაგარი შვილი მყავს: უფროსი, ედუარდი ეკონომიკის დოქტორია, გეპეიში პროფესორი გახლავთ (მისი ცოლი ნინოც პროფესორია, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კითხულობს ინგლისურ ენას); გიორგი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესმენია. ორივე საოცრად მორწმუნეა და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო... სხვათა შორის, უფროს ვაჟს და მის მეუღლეს 13 წელი არ ეყოლათ შვილი და ბოლოს, ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ, უფალმა ისინი 2 არაჩვეულებრივი ბავშვით დააჯილდოვა. ერთდროულად ორი ანგელოზი გაჩნდა ჩვენს სახლში: გიორგი და ნიკოლოზი. ეს უფლის დიდი წყალობაა! ამ ანგელოზებმა ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა, ახლებური სინათლე შემოიტანეს.

- უნივერსიტეტში მუშაობის რამდენწლიანი სტაჟი გაქვთ?

- უნივერსიტეტში 1975 წლიდან ვმუშაობ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ახალი თაობა. ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს რაღაც დადებითი და რაღაც - უარყოფითი. შენ თუ კარგი პიროვნება ხარ, ყველაში მხოლოდ დადებითი უნდა ეძიო და მეც ვცდილობდი, ყველა სტუდენტში დადებითი მხარე მომეძებნა. როცა სწავლას ამთავრებდნენ, მათ ვაწერინებდი შეფასებას: "ურთიერთობა ჩემს ყოფილ ლექტორთან", მე კი მათ სამახსოვრო შეფასებას ვუწერდი. მეგობრობის პარალელურად, მომთხოვნიც ვიყავი. სიმკაცრე და ლმობიერება დოზირებულად უნდა გამოიჩინო, როცა ახალგაზრდებთან გიწევს ურთიერთობა. ერთმა დამიწერა: "ნანა მასწავლებელო, ძალიან მკაცრი ხართ, მაგრამ დედასავით საყვარელი, ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს", - აი, ამ სიტყვებს რამე შეედრება?..

- ერთი წიგნი მაცხოვრის შობის ეკლესიას მიუძღვენით, რომელიც თქვენი წყალობით აშენდა იმ სოფელში, სადაც ბავშვობის წლები გაატარეთ. რამ გაგიჩინათ ტაძრის აგების სურვილი?

- ბებია, დედის დედა ძალიან მორწმუნე იყო. მახსოვს, დილა-საღამოს ლოცულობდა, ღმერთს მადლობდა ყოველ წუთას. შვილიშვილებს დაგვსხამდა საღამოობით და ცდილობდა ჩვენთვის შთაეგონებინა, რომ უფლის გზაა ჭეშმარიტი. ცდილობდა უფლისთვის სათნოდ ეცხოვრა და შვილიშვილებსაც ამ სიყვარულს გვინერგავდა.

GzaPress

- კომუნისტების დროს არ იყო ადვილი, ღვთისმოსავი ყოფილიყავი...

- ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ არც მალულად ანთებდა სანთელს. სახლში ყველას დასანახავად ლოცვას ნამდვილად არ ერიდებოდა... ჩვენს სოფელში თავის დროზე იყო ხისგან აგებული ეკლესია, რომელიც თურმე კომუნისტებმა დაანგრიეს. გადმოცემით ვიცოდი, რომ ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა, ყველას ცუდად წაუვიდა საქმე. ის კი არა, ამ ეკლესიის მეზობლად მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ნგრევაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ უკვე დაშლილი ეკლესიის ეზოდან კარი შინ წაიღო, მთლიანად ამოწყდა. ამიტომ, ასეთი მაგალითები ყველამ უნდა გაითვალისწინოს. უფლის უნდა გვეშინოდეს. ის ყოვლის შემძლეა! აქვე მინდა წაგიკითხოთ ლექსი, "უფალს":

"ღმერთო შენი იმედი გვაქვს/ დიდებსა თუ პატარებს,/ მთელი სიცოცხლის მანძილზე/ გთხოვ, წმინდა გზით გვატარე./ გზა, რომელიც წმინდაა და/ ჭეშმარიტი, ნამდვილი,/ თუმც ამ გზაზე სიარული/ ძნელია, არ ადვილი./ გზას, რომელსაც/ გადარჩენა-ცხონებისკენ მივყავართ,/ შენი წყალობის გარეშე/ ღმერთო, განა ვინა ვართ./ ჩვენ უშენოდ არვინ ვართ/ თუ რამ ჩვენში კარგია,/ მხოლოდ შენი წყალობაა,/ მხოლოდ შენი მადლია./ ყველაფრისთვის დიდო ღმერთო/ მადლობელი ვარ შენი,/ შენ ხარ ჩვენი ამ ცხოვრების/ წმინდა წყარო და მშვენი./ გთხოვ წყალობა არ მოგვაკლო/ ქვეყნის ჭირისუფალო,/ იდიადე, დიდება შენ!/ დიდება შენ უფალო!"

სულ მქონდა სურვილი, სოფელში ეკლესია აღმედგინა, მაგრამ ეს არ გახლდათ იოლი საქმე. ბოლოს მაინც შევძელი, ხალხის დახმარებით და უფლის წყალობით, სურვილი საქმედ მექცია. ღმერთმა მომცა ძალა ტაძრის ასაშენებლად, სადაც ახლა ჩვეულებრივად აღევლინება წირვა-ლოცვა და ეს მახარებს... სხვათა შორის, ეკლესიას დაუბრუნდა ის ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდა მღვდელს, რომელიც კომუნისტების დროს მსახურობდა ხისგან აშენებულ ეკლესიაში. სანამ მას მოკლავდნენ, ნივთები გადაუმალავს და მისმა შვილიშვილმა ტაძარში დააბრძანა წინაპრის გადამალული სახარება, ხატები და ა.შ.

- დედათქვენის საფლავის ქვაზე, მის უკანა მხარეს დატანილი გაქვთ ფოტო, სადაც დედასთან ერთად ხართ აღბეჭდილი და მიწერილი გაქვთ ტექსტი, სადაც ასეთი ფრაზაა: "ო, როგორ მინდა, დედაშვილობის ჩვენი ამბავი, უკუნისამდე შემოინახოს ჩემმა ლექსებმა". რატომ ამოატვიფრინეთ ქვაზე თქვენი ფოტოც?

- იმიტომ, რომ ჩვენ - მე და დედა განუყრელები ვართ.

"ამ საწუთროს ვერვინ ვპოვე/ შენებრ თბილი, შენი დარი,/ ჩემთვის მუდამ ღია გქონდა/ დედა, შენი გულის კარი./ შენით ვიდექ ფეხზე, ჩემთვის/ იყავ ძალა სულ სხვა გვარი,/ იყავ საძირკველი მყარი,/ იყავ იმედი და ფარი./ დღეს ცხოვრება ჩემო დედავ,/ ჩემი გახდა სულ სხვაგვარი,/ ადრე გული მთელი მქონდა,/ დღეს კი გაჩნდა გულში ბზარი./ სულ დღითი დღე ფართოვდება/ გაჩენილი გულს იარა,/ ეჰ, თერთმეტმა წელმა დედი,/ ო, რა სწრაფად გაიარა./ რაც დრო გადის, მით მატულობს,/ დარდი, ნაღველი და სევდა,/ დრო მკურნალი არ ყოფილა,/ საყვარელო ჩემო დედა./ სულ მახსოვხარ, მენატრები,/ შენთან რა დამილევს სათქმელს.../ შენი სული ნათელს რომ ჰყოს/ შევთხოვ უფალს... გინთებ სანთელს".

ყველას გთხოვთ, გიყვარდეთ მშობელი და ეცადეთ, მას პატივისცემით მოეპყრათ! დაბოლოს, რა თქმა უნდა, გქონდეთ უფლის შიში, სიყვარული და იმედი, რომ ის აუცილებლად შეგეწევათ!

ლიკა ქაჯაია