"ახლა ჩემს გინებას დაიწყებენ" - გზაპრესი

"ახლა ჩემს გინებას დაიწყებენ"

მიშო გრძელიშვილმა პაროდიის ნიჭი საკუთარ თავში ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩინა. მაშინ უმეტესად მასწავლებლებისა და მეგობრების პაროდიებს აკეთებდა. მისი ინტერესების სფერო მრავალმხრივია - სწავლობს მუსიკალურ ათწლედში, თამაშობს კალათბურთს, წელს სტუდენტი გახდა, მომავალ პროფესიად დიპლომატობა აირჩია. ამ ინტერესებთან ერთად, მუდამ თან სდევდა სურვილი, მსახიობი გამოსულიყო, ახლახან ეს სურვილიც აიხდინა: "კომედი შოუსგან" შეთავაზება მიიღო, რომ მათი გუნდის წევრი გამხდარიყო. მაყურებელმა ის გიორგი გახარიას პაროდიით გაიცნო.

- სულ რამდენიმე საათია, რაც ინტერნეტში "ნიკა არაბიძის შოუდან" გიორგი გახარიას პაროდიის მონაკვეთი დაიდო და უკვე ძალიან, ძალიან ბევრი ნახვა აქვს. ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი.

- გაგვეცანი და გვითხარი, "კომედი შოუში" როგორ მოხვდი?

- 18 წლის ვარ, წელს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მუსიკოსი გახლავართ, კალათბურთს ვთამაშობ.

მე და თიკო ბულია "კომედი შოუს" ასაკით ყველაზე პატარა წევრები ვართ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მე და თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტიკ-ტოკისთვის" ტრენდი გადავიღეთ. ეს "ფორმულის" მენეჯერებს უნახავთ და "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელი, ალეკო მალხაზიშვილი დამიკავშირდა. მაგ დროს ბათუმში მივდიოდი, გზაში ვიყავი. წარსულში ბევრ არტისტს უთქვამს, სამსახიობოზე რატომ არ აბარებო? გულის სიღრმეში ეს სურვილი სულ მქონდა. ალეკომ მითხრა, მიშო, ამის შანსი ახლა გაქვს და ხელიდან არ გაუშვაო. ზღვა მიყვარს, ყოველ ზაფხულს ბათუმში დავდივარ დასასვენებლად, იქ დიდხანს ვრჩები და წელს პირველად მქონდა სურვილი, ბათუმიდან მალე წამოვსულიყავი, შემოთავაზებით ისეთი აჟიტირებული გახლდით. თბილისში რომ დავბრუნდი, მე და ალეკო ერთმანეთს შევხვდით, პირობები გამაცნო. ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა, მაგრამ დატვირთული რეჟიმი მექნება: ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობ, ჰობოიზე ვუკრავ, კალათბურთს ვთამაშობ და უნივერსიტეტში სწავლა მეწყება-მეთქი. მოკლედ, იმ დღეს შევთანხმდით, ერთ კვირაში "კომედი შოუს" წევრების შეკრებაზე უნდა მივსულიყავი. ამ ერთი კვირის განმავლობაში სულ მათ ვიდეოებს ვუყურებდი, თავს გუნდის წევრად წარმოვიდგენდი.

- პირველი დღე როგორი იყო?

- ყველანი ტაშით შემხვდნენ, როგორც ახალ წევრს და ძალიან, ძალიან მალე გავშინაურდი. მეგობრული, შეკრული გუნდია. ისეთები არიან, ურთიერთობისას მცირე დისკომფორტსაც რომ არ იგრძნობ. "ნიკა არაბიძის შოუზე" დავიწყეთ მუშაობა.

- შენგან მაყურებელი კიდევ რომელი პოლიტიკოსების პაროდიას უნდა ელოდოს?

- გახარიას გარდა, გიგა ბოკერიას და ირაკლი კობახიძის პაროდიებსაც ვაკეთებ. პაროდია ისეთი რამ არის, ამის ნიჭი ან გაქვს, ან - არა. მხოლოდ ვარჯიშით შედეგს ვერ მიაღწევ.

- საკუთარ თავში ეს უნარი როდის აღმოაჩინე?

- მეორე კლასიდან მასწავლებლების პაროდიებს ვაკეთებდი. კალათბურთში სხვადასხვა გუნდში ვთამაშობდი, ჩემი თანაგუნდელების პაროდიებსაც ხშირად ვამზადებდი, მეგობრებსაც ვბაძავდი...

- ბოკერიას პაროდიაზე ჩერგოლეიშვილი ან თავად გიგა რას გეუბნებიან?

- მოსწონთ. ჩვენ სამივეს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამ თემაზე მე და გიგა ერთად ხშირად ვხალისობთ.

- გიორგი გახარია როგორ "გახდი"?

- მის ბრიფინგებს რომ ვუყურებდი, მანერებს, ხმის ტემბრს ვიჭერდი, პირველსავე ცდაზე გამომივიდა. თამარმა შემიქო და ვიდეო ჩავწერე. მისი დიდი დამსახურებაა, "ფორმულის" თანამშრომელი რომ გავხდი. მე არც "კავეენის" სკოლა გამივლია, არც რაიმე გამოცდილება მაქვს. მაყურებლების უმრავლესობა არ იჯერებს, რომ მსახიობი არა ვარ; არც ის სჯერათ, რომ 18 წლის გახლავართ.

- სამსახიობოზე რატომ არ ჩააბარე?

- ჰობოიზე ვუკრავ დიდი ხანია. დედა და მამა ნიკოლოზ რაჭველთან მუშაობდნენ. ვაპირებდი კონსერვატორიაში ჩაბარებას, მაგრამ ეს სპეციალობა საქართველოში, ისევე, როგორც მსახიობის, სათანადოდ არ ფასდება, თავი შევიკავე.

- კალათბურთს ახლაც თამაშობ?

- 12 წლის ვიყავი, თამაში რომ დავიწყე. ახლა "მართვეში" ვარ, გუნდთან ერთად მაქვს მიღწევები, რაც ძალიან მახარებს.

- სიმაღლეში რამდენი ხარ?

- 199 სანტიმეტრი. არასდროს ვამბობ, 2 მეტრი ვარ-მეთქი, ამ ერთ სანტიმეტრსაც არ ვიტყუები (იცინის). გახარიას პაროდია რომ გავაკეთე, ზოგს ეგონა, შემაღლებულზე ვიდექი... კალათბურთში ვარჯიშს ჩვეულებრივად ვაგრძელებ. კვირაში 5 დღე ვვარჯიშობთ. ტელევიზიაშიც კვირაში 5-ჯერ უნდა მივიდე, უნივერსიტეტშიც 5 დღე უნდა ვიარო. ახლა მთავარია, დროის სწორად განაწილება მოვახერხო.

- წლების შემდეგ სად უფრო ხედავ საკუთარ თავს - დიპლომატიაში, კალათბურთში თუ ეკრანზე?

- ბავშვობაში, როცა ძალიან აქტიური ვიყავი და მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო? ვპასუხობდი, არ ვიცი, დრო მიჩვენებს-მეთქი. ახლაც არ ვიცი. დღეს ძალიან კარგი შეგრძნება მაქვს; ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში ვუყურებდი, ახლა ვემეგობრები და მათი გუნდის წევრი გავხდი. ზუსტად არ ვიცი, რომელ სფეროში გავაგრძელებ საქმიანობას, მაგრამ აუცილებლად ვიქნები აქტიური. ამ ეტაპზე კამერის წინ დგომა ძალიან, ძალიან მომწონს. ალეკო მალხაზიშვილს დიდი მადლობა, ამის შანსი რომ მომცა.

GzaPress

- რადგან პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩიე, პოლიტიკიდან შორს არ უნდა იყო. ქართველი პოლიტიკოსებიდან შენი ფავორიტი რომელია?

- გიგა ბოკერია.

- სუბიექტური ხომ არ ხარ?

- შეიძლება ასეა.

- ობიექტურად რომ მიპასუხო?

- ვერავის დავასახელებ, ფავორიტი არ მყავს.

- გახარიას პაროდიის ტექსტზე თავად იმუშავე?

- არა, ჩვენი გუნდის სცენარისტებმა იმუშავეს.

- კრიტიკული აზრის მოსასმენად მზად ხარ?

- კი. როცა პაროდიას ვწერდით, ვამბობდი, ახლა ჩემს გინებას დაიწყებენ-მეთქი. ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ 100-დან 100 კომენტარი რომ ნეგატიური იყოს, ყურადღებას არ მივაქცევ, ჩემთვის არანაირი დატვირთვა არ ექნება, თუმცა დადებითი კომენტარები სტიმულის მომცემია.

თამუნა კვინიკაძე