სენი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ! - გზაპრესი

სენი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ!

ნარკოტიკებმა საქართველოში უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ თავი დააღწიონ მოჯადოებულ წრეს, რომელიც წამალდამოკიდებული ადამიანის ირგვლივ იქმნება. ნინო ა.-ძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ეს შეძლო: "ვისაც არ გამოუცდია, რამდენად მძიმეა ასეთი ცხოვრება, რა რთულია, როცა შენი მეგობრები და ნაცნობები "წამალში იპარებიან" ან საშინელი დაავადებებისგან იტანჯებიან, ის ჩვენ ვერასდროს გაგვიგებს! საკუთარი თვალით ვხედავდი, თანდათან როგორ ვიფიტებოდი, საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი და მომავლის შიში მტანჯავდა. ამ მდგომარეობამ ეკლესიაში მიმიყვანა, ხშირად დავდიოდი ჩემს მოძღვართან, თაბორის ტაძარში. ასე მოვხვდი ჯგუფში, რომელიც ამ ეკლესიაში იკრიბებოდა და ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობდა, სწორედ იქ გავიცანი ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილიც. უფლის წყალობით და მისი დახმარებით გამოვჯანმრთელდი და ახლა მე თვითონ ვეხმარები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს", - გვითხრა მან.

ქალბატონი მანანა სოლოღაშვილი იმ მეთოდზე გვესაუბრება, რომელმაც მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი იხსნა განსაცდელისგან.

- მე ამ პროგრამის გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს: 2005 წლიდან დავიწყე "12 ნაბიჯის" მეთოდით მკურნალობა, რომელსაც სხვაგვარად "მინესოტას მეთოდსაც" უწოდებენ. მაშინ, როცა ქვეყანაში სარეაბილიტაციო ცენტრებიც არ გვქონდა, ვმუშაობდი ქალთა ციხესა და მონასტრებში, სადაც მოძღვრები ნარკოდამოკიდებულ პირებს უშვებდნენ. თავდაპირველად 2 ცენტრი ავამუშავეთ: ერთი ქალთა ციხეში და მეორე - თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერში. 2015 წელს ქუთაისის ქალთა ციხეში და კიდევ რამდენიმე ადგილას, თუმცა, მეორე წელია ეს სარეაბილიტაციო პროგრამები რატომღაც შეჩერებულია. მიუხედავად დაბრკოლებებისა, მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ეს საკმაოდ ეფექტიანი და კარგი მეთოდია.

- რატომ დაარქვეს მას "12 ნაბიჯი"?

- იმიტომ, რომ ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს 12 ეტაპის გავლა უწევს. დაახლოებით 80-90 წლის წინ, ეს მეთოდი ანონიმური ალკოჰოლიკების ჯგუფმა შეიმუშავა ამერიკაში: იქ ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ადამიანებმა შექმნეს ჯგუფები, სადაც თავიანთ პრობლემებზე ჰყვებოდნენ და ფსიქოლოგების დახმარებით მკურნალობდნენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, "12 ნაბიჯი" ყველაზე ეფექტიანი მეთოდია არა მხოლოდ ალკოჰოლზე, არამედ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროსაც. ეს მეთოდიკა პიროვნულ განვითარებასა და სულიერების ამაღლებაზეა დაფუძნებული, ამიტომ შეიძლება უნივერსალურად მივიჩნიოთ.

ნებისმიერი სახის დამოკიდებულება სულიერი დაავადებაა და მისი დაძლევა სწორედ სულიერების ამაღლებით შეიძლება. ამერიკაში არა მარტო ანონიმურ ნარკომანთა და ალკოჰოლიკთა ჯგუფები მოქმედებს, არამედ ბევრი სხვაც: 200-მდე განსხვავებული ჯგუფი არსებობს, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის დამოკიდებულება აქვს ადამიანს. ამ მეთოდით თავის დროზე ფსიქიატრებიც დაინტერესდნენ, რომლებიც პაციენტებს წლების განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობდნენ. მერე "12 ნაბიჯი" მინესოტის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გამოცადეს. მასში ჩაერთნენ ექიმები, ფსიქიატრები, სოციოლოგები და რადგან პირველად მინესოტაში გამოიყენეს, ჩვენამდე "მინესოტას მოდელის" სახელით მოვიდა. ეს უნივერსალური მეთოდი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

- რა იგულისხმება ტერმინში - "დამოკიდებულება?"

- დამოკიდებულება ბევრნაირი არსებობს: ქიმიურ ნივთიერებებზე, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე... არსებობს სხვაგვარი დამოკიდებულებაც, კერძოდ: აზარტულ თამაშებზე, ემოციებზე, ჭამაზე, სექსზე... ნებისმიერი დამოკიდებულების საფუძველი არის ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა რაღაცაზე. ამ დროს ადამიანი თავისუფლებას კარგავს და ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა მის მდგომარეობას ქრონიკულად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სრული განკურნება ვერ ხერხდება. დგება მხოლოდ გამოჯანმრთელება - მყარი რემისია. იმისათვის, რომ რემისია ხანგრძლივი იყოს, დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ ამაში ეხმარება ადამიანს "12 ნაბიჯის" მეთოდიკა. როდესაც ადამიანი ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე ან სხვა რამეზეა დამოკიდებული, ეს მისი ცხოვრების ყველა სფეროს აზიანებს, სოციუმში პრობლემები ექმნება და უმეტესად, ოჯახით დაწყებული, სამსახურით დამთავრებული, ყველაფერს კარგავს. ასეთ ადამიანს სულიერი სიცარიელე ეუფლება, რომელსაც "12 ნაბიჯის" მეთოდის მიხედვით ვმკურნალობთ და ვეშველებით. დაავადება ხშირად თინეიჯერულ ასაკში იწყება: მოზარდები ხშირად ხდებიან დამოკიდებული მოსაწევზე, ფსიქოტროპულ საშუალებებსა თუ აზარტულ თამაშებზე. მოზარდის ფსიქიკა ამ მდგომარეობას თანდათან ეჩვევა და სხვა აღარაფერი აინტერესებს.

- მოხმარება ყოველთვის ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანი ავადაა?

- რა თქმა უნდა, არა - ეს ორი რამ უნდა გავარჩიოთ: ზოგი ასე გართობის მიზნით იქცევა, მაგრამ წამალზე დამოკიდებული არ ხდება, მაგრამ თუ წამლის გარეშე ვეღარ ძლებს, ეს უკვე დამოკიდებულებაა.

GzaPress

- თამბაქოზე დამოკიდებულებაც ამავე კატეგორიას ეკუთვნის?

- მიჩნეულია, რომ ხშირად ყველაფერი სიგარეტით იწყება: მოზარდი ჯერ სიგარეტს ეჩვევა და მერე უფრო ძლიერ ნივთიერებებზე გადადის. ჩვენი პაციენტები ზოგჯერ, ყველაფერს თავს ანებებენ, მაგრამ სიგარეტზე უარის თქმა ყველაზე მეტად უჭირთ. ვისაც ჰგონია, რომ ეს უვნებელი მოვლენაა, ცდება, რადგან ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90 პროცენტი სწორედ მწეველებზე მოდის.

- "12 ნაბიჯს" დავუბრუნდეთ: როგორ ხალხს იღებთ ჯგუფში?

- ადამიანს მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი, რომ ნარკოტიკს (ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს და სხვ.) თავი უნდა დაანებოს. ზოგიერთი ამას თავადაც ახერხებს: სახლში ჩაიკეტება და ე.წ. ლომკას თავისით უმკლავდება. იმისათვის, რომ მიღწეული შედეგი შეინარჩუნოს, მას უკვე შეუძლია, "12 ნაბიჯის" მეთოდს მიმართოს. როდესაც ადამიანი თავის მდგომარეობას გააცნობიერებს და გადაწყვეტს გამოჯანმრთელდეს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მისი ფსიქორეაბილიტაცია. ზოგს ჰგონია, ნარკოტიკს თუ გადააგდებს, მერე დახმარება აღარ სჭირდება, მაგრამ თუ რეაბილიტაცია არ გაიარა, ძველ ჩვევას ადრე თუ გვიან ისევ დაუბრუნდება. ადამიანმა მტკიცედ უნდა გადაწყვიტოს: "მე აღარ მოვწევ, აღარ გავიკეთებ!" სწორედ "მინესოტას მოდელი" ეხმარება ამ დროს ყველაზე კარგად. როგორც პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, ნაბიჯების გადადგმით, ასევე უნდა მოიქცეს ნარკოტიკზე ან სხვა მავნე ჩვევაზე დამოკიდებული ადამიანიც. ამ პროცესში ოჯახის წევრების ჩართულობა აუცილებელია. როცა ადამიანი თანდათან იწყებს რთული მდგომარეობიდან გამოსვლას, ახლობლებიც მხარს უნდა უჭერდნენ. სხვათა შორის, ხშირად ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ სპეციალისტების დახმარება.

- გარდა "12 ნაბიჯისა", კიდევ არსებობს პროგრამა, რომელიც ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხვედრს შეამსუბუქებს?

- ამჟამად "ზიანის შემცირების პროგრამით" ვართ დაკავებული, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან დავნერგეთ. ამ პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ. ის ნარკოტიკების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებას ითვალისწინებს. პროგრამაში სულ 26 ორგანიზაციაა ჩართული. ის გულისხმობს თანმხლები ვირუსული დაავადებების მკურნალობას, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას მოჰყვება ხოლმე: აივ შიდსი, ჰეპატიტები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათი სწრაფად გამოვლენა და მკურნალობაში ჩართვა. საერთო ჭურჭლის და ზიარი ნემსის გამოყენებისას, ამგვარი დაავადებების რისკი ძალიან მაღალია, ჩვენ ვეხმარებით მათ გამოვლენას და პროვაიდერ კლინიკებში ვგზავნით, სადაც სახელმწიფო პროგრამებში ვრთავთ და მკურნალობენ. ამავე დროს, პაციენტებთან ჩვენი ფსიქოლოგები მუშაობენ და აცნობენ, როგორ შეიძლება ზიანის შემცირება. ისინი ზოგჯერ ჩვენი ყოფილი პაციენტები არიან, რომლებმაც ნარკოდამოკიდებულება დასძლიეს და ახლა სხვებს ეხმარებიან. მათ ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ და კარგად იციან, როგორ მიხედონ და მოუარონ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მათი მდგომარეობა შევამსუბუქოთ.

- ბევრმა დაამარცხა ნარკოდამოკიდებულება?

- ყველაზე მთავარი ამ დროს პაციენტის სურვილი და მონდომებაა. ბევრი რამ არის დამოკიდებული მის ხასიათზე, ნებისყოფაზე, პიროვნულ თვისებებზე. ერთობლივად კარგ შედეგსაც ვიღებთ ხოლმე. მაგალითად: რამდენიმე ჩემი პაციენტი სასულიერო პირია, რამდენიმე - ჩემი თანამშრომელია. ჩემი ყოფილი პაციენტები უკვე სარეაბილიტაციო ცენტრებშიც მუშაობენ და ახლა სხვებს ეხმარებიან, რაც იმედს და მუშაობის სტიმულს გვაძლევს, თუმცა უსიამოვნო ფაქტებიც მახსენდება, როცა ჩვენი ყოფილი პაციენტები ზედოზირებით დაიღუპნენ. ისინი რაღაც პერიოდში გამოჯანმრთელდნენ და 8-10 წლის შემდეგ ისევ დაიწყეს ნარკოტიკის მოხმარება. ერთმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობითაც დაასრულა, ერთმა კი, ყველაფერი დაკარგა - ოჯახი, სახლ-კარი, მთელი ცხოვრება. ჩვენ მათ ასეთი არჩევნის წინაშე ვაყენებთ - ან შპრიცი და ქიმიური წამლები, ან - სიცოცხლე. ის, ვინც შპრიცს ირჩევს, ყველაფერს კარგავს, მაგრამ თუ სიცოცხლეს აირჩევს, მაშინ გამარჯვების შანსი უფრო მეტია. სამწუხაროდ, ნარკოტიკებისგან თავის დახსნას ძალიან ცოტა ახერხებს. ძირითადად, ისეთი ხალხი აღწევს მიზანს, ვინც კარგად იცის: ამ საშინელი სენისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია და მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ებრძოლო.

ხათუნა ჩიგოგიძე