"ჩვენ ზოგჯერ გვაქვს ფიზიკური დაზიანებები, ბავშვის რთული ქცევის შედეგად მიღებული" - გზაპრესი

"ჩვენ ზოგჯერ გვაქვს ფიზიკური დაზიანებები, ბავშვის რთული ქცევის შედეგად მიღებული"

ქცევის თერაპია საკმაოდ ახალგაზრდა პროფესიაა, რომელიც ეყრდნობა კონკრეტულ მეთოდს - მას ქცევის გამოყენებითი ანალიზი ჰქვია. ეს ნიშნავს დაკვირვებას კონკრეტული ქცევის წინა პირობაზე, ქცევასა და ქცევის შედეგზე. შემდეგ, ამის მიხედვით ხდება ჩარევა ან წინა პირობაში, ან ქცევაში, ან ამ ქცევის წარმომშობ გარემოებებში. საბოლოო მიზანია, ქცევის შეცვლა ისე, რომ ადამიანისა და მისი გარემოსთვის საუკეთესო შედეგი დადგეს. დაწვრილებით ამ პროფესიის სირთულეებსა თუ საინტერესო ფაქტებზე, ქცევის თერაპევტი ეთო მაისურაძე გვესაუბრება.

- ქცევის თერაპიას სხვადასხვა სირთულის დასარეგულირებლად იყენებენ. ეს შეიძლება იყოს ნივთიერებაზე დამოკიდებულება (მაგალითად, ალკოჰოლიზმი), ქცევითი დამოკიდებულება (მაგალითად, თამაშდამოკიდებულება), იმპულსური შოპინგი (ყიდვაზე დამოკიდებულება), მაგრამ ჩვენში ამ მიმართულებებით ქცევის გამოყენებით ანალიზს აქტიურად არ იყენებენ. ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებთან მუშაობისას. საქართველოში აუტიზმის პროგრამა 2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ სწრაფად ვითარდება. თავიდან აუტიზმის სამი ცენტრი იყო თბილისში, ისინი იყვნენ ამ სერვისის პროვაიდერები და 325 ბავშვს ემსახურებოდნენ. დღეს თბილისში 7 ცენტრია, სადაც 1230 ბავშვი მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამით სარგებლობს. გარდა ამისა, არსებობს სხვა ცენტრებიც (მერიის პროგრამაში არ არიან ჩართული) - იქ ბავშვები თვითდაფინანსებით იღებენ იმავე სერვისს.

აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე ბავშვების გარდა, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აქტიურად მუშაობენ ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, ასევე სხვა ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებთან, როგორიცაა მაგალითად, ტანტრუმები (ემოციების სიჭარბე და აჟიტირებულად გამოხატვა).

- რა გზით მიხვედით ამ პროფესიამდე? როგორც ვიცი, საზღვარგარეთ სწავლობდით, ამის შესახებაც მოგვიყევით.

- სტომატოლოგი ვარ პირველი განათლებით და რამდენიმე წელი ვიმუშავე კიდეც, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, ამ სფეროში არ დავრჩებოდი. თავიდან სოციალური ფსიქოლოგია მაინტერესებდა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ბაკალავრიის პირველ კურსზე ჩავაბარე საფრანგეთში (ბლეზ პასკალის სახელობის უნივერსიტეტში). მერე ზრდასრულთა ფსიქოპათოლოგიამ გამიტაცა: შიზოფრენია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობები... მალე ჩემი ინტერესები ისევ შეიცვალა - ნეირობიოლოგიით დავინტერესდი და მეცნიერებას მინდოდა გავყოლოდი. თან, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებდი. მივხვდი, ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივა არ მქონდა. იმ პერიოდში დავინტერესდი გერონტოლოგიით, ჩავაბარე და გავიარე მაგისტრატურის ეკვივალენტი პროგრამა. ამის შემდეგ არჩევანი გავაკეთე ბავშვთა ფსიქოლოგიაზე. საფრანგეთში სტაჟიორად ვმუშაობდი აუტიზმის ცენტრში და ასევე ვიყავი სტაჟირებაზე მრავლობითი უნარშეზღუდვის მქონე ბავშვებთან. ეს მიმართულება მომეწონა, ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა კლინიკური ანუ პრაქტიკული საქმიანობა. მომწონდა უშუალოდ ბავშვებთან მუშაობა. ამ სფეროში ბევრი რამაა საკვლევი და აღმოსაჩენი, ამდენად, კვლევის შესაძლებლობაც არსებობს. გავარკვიე, რა იყო საჭირო, საქართველოში ამ მიმართულებით რომ დავსაქმებულიყავი. რაც მჭირდებოდა, იმ ცოდნის დიდი ნაწილი უკვე მიღებული მქონდა, მაგრამ საფრანგეთში დამატებით კიდევ რამდენიმე კონკრეტული ტრენინგი გავიარე, რომელიც პირადად მაინტერესებდა და ჩამოვედი.

- საფრანგეთში კარგა ხანს გისწავლიათ. რამდენი წელი იყავით იქ? გაიხსენეთ პირველი ურთიერთობა აუტისტ ბავშვებთან.

- 7 წელი ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი საფრანგეთში. მახსოვს პირველი ბავშვი, რომელთანაც უშუალოდ მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. 7 წლის ალექსი, ვიეტნამური წარმოშობის ბავშვი, ორენოვან ოჯახში იზრდებოდა და ვერ საუბრობდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო. რამაც უზომოდ გამაკვირვა, ის იყო, რომ ჰქონდა წონასწორობის განსაკუთრებული შეგრძნება - დადიოდა მაგიდის, დივნის, კარადის თუ სხვა საგნების კიდეებზე. არასოდეს ეცემოდა, წონასწორობას იდეალურად იცავდა. პირველად როცა დავინახე, ალექსი რაღაცის კიდეზე ცალი ფეხით იდგა, შემეშინდა, მივვარდი და უცებ დავიჭირე. იქ მომუშავე პერსონალმა, რომელიც ალექსის უკვე კარგად იცნობდა, მითხრა, - ნუ გეშინია, არ ჩამოვარდებაო. ცენტრში სამი თვე ვიყავი, უამრავი მსგავსი სიტუაცია ჰქონდა ალექსის და მართლაც, ერთხელაც არ ჩამოვარდნილა. მისი სპეციფიკური უნარი სენსორულ თავისებურებებს უკავშირდებოდა. კიდევ ერთი ბავშვი იყო, 13 წლის, ფიზიკურად დიდი, მძიმე წონის ბიჭი, რომელსაც მოსწონდა ნაგვის პარკების შიგნით გაყრილი წვრილი ლენტებით თამაში. ეს იყო მისთვის ერთადერთი ინტერესის საგანი. რთული იყო მასთან ურთიერთობა, არ საუბრობდა; რასაც ეტყოდი, იმასაც ვერ იგებდა. მხოლოდ პარკის ლენტები წარმოადგენდა მთავარ ინსტრუმენტს მის ქცევაში ჩასარევად, რაც ჩემთვის საინტერესო იყო.

- რამდენად რთულია შედეგის მიღწევა და რა ემოციის მომგვრელია?

- შედეგის მიღწევა ძალიან ინდივიდუალურია. პირველ რიგში, დამოკიდებულია ბავშვის რესურსზე, გარემოზე, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს და რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაზე. არა მხოლოდ ბავშვებთან ვმუშაობთ, არამედ - ოჯახებთან, მშობლებთან, ძიძებთან, ბებია-ბაბუებთან, ბავშვზე მზრუნველ ყველა ადამიანთან. ჩვენ მთელი გუნდი ვართ, ქცევის თერაპევტების გარდა, არიან სენსორულ/ოკუპაციური, არტ (ხელოვნების), ენისა და მეტყველების, მუსიკოთერაპევტები. გვყავს ქეისმენეჯერები და სუპერვაიზერები, რომლებიც თითოეულ ბავშვზე დაკვირვებას ახდენენ და პროგრამას წერენ, მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ. ბავშვი ჩვენთან ატარებს თვეში ოც საათს, დანარჩენ დროს ის არის ოჯახში, სკოლაში, მეგობრებთან. შედეგის მისაღებად, საჭიროა კომპლექსურად და ერთობლივად მუშაობა. განსაკუთრებით ამ პანდემიის დროს, დისტანციურად მუშაობისას, მშობლები სრულად ჩაერთვნენ იმ აქტივობებში, რომლებსაც ვუგზავნიდით. მუდმივად გვაქვს უკუკავშირი და ინფორმაციის გაცვლა.

ორი ბავშვი განსაკუთრებულად მახსენდება, ვისაც პანდემიის პირობებში იმდენად დიდი წინსვლა ჰქონდათ, რომ აღფრთოვანებული ვიყავით. ცვლილებას კვირიდან კვირამდე ვხედავდით. ერთ-ერთია 7 წლის ბიჭი აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზით. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მშობელმა საოცრად მოინდომა და ზედმიწევნით ასრულებდა ყველა რეკომენდაციასა თუ აქტივობას. შვილის პროგრესს თავადაც თვალსაჩინოდ ხედავდა და ეს იყო წამახალისებელი ფაქტორი.

არის კიდევ ერთი პატარა ბიჭუნა, ჩვენს ცენტრში თითქმის 6 წლისა მოვიდა, დიაგნოზის დადგენის პროცესში იყო. კარგად ჰქონდა განვითარებული ნატიფი და მსხვილი მოტორიკა - შეეძლო თითებით მანიპულირება, სირბილი, ხტომა, მაგრამ სუსტი იყო მიმართულ მეტყველებაში - ძალიან ცოტა რამ ესმოდა იქიდან, რასაც ვეუბნებოდით. ბევრ რამეს კონტექსტით ხვდებოდა. ამ ბიჭუნასთანაც სწრაფი პროგრესი დავინახეთ. ასეთი შემთხვევა ჩვენს სფეროში იშვიათია. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მცირე ცვლილებას ვხედავთ.

GzaPress

- უკმაყოფილო მშობლები თუ გყოლიათ?

- ძალიან ბევრი, რადგან ამ სფეროში ცვლილებები (პროგრესი) ძნელი დასანახავია, მშობლების მოლოდინი კი ზოგჯერ არარეალურია. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ, პროფესიონალები სათანადოდ და საკმარისად არ ვმუშაობთ. ამ მხრივ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, რისთვისაც პასუხისმგებელნი, პირველ რიგში, ისევ ჩვენ, ამ სფეროს წარმომადგენლები ვართ. ეს ახალი მიმართულებაა განათლების, ფსიქოლოგიისა და მედიცინის მიჯნაზე - არც განათლების, არც ფსიქოლოგიის და არც მედიცინის სფერო არაა, სადღაც შუალედშია.

- კიდევ რა სირთულეები ახლავს ამ პროფესიას და როგორ ხედავთ მის განვითარებას?

- ბევრი სირთულეა ამ სფეროს ორგანიზებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რომლის უარყოფითი შედეგები პირველ რიგში, ბავშვებზე აისახება. საქართველოში ამ დარგში დიდი პროფესიული რესურსია, ბევრია ძლიერი, გამოცდილი სპეციალისტი, მაგრამ არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი, რაც მერე ადამიანურ რესურსზე აისახება. ხშირია თერაპევტის პროფესიული "გადაწვა". რთული სფეროა და ითხოვს უდიდეს ფიზიკურ, მორალურ, ფსიქიკურ რესურსს. ბევრი სპეციალისტი 1-2 წლის შემდეგ ამ პროფესიიდან მიდის, კადრი გაედინება.

ჩვენ ზოგჯერ გვაქვს ფიზიკური დაზიანებები, ბავშვის რთული ქცევის შედეგად მიღებული - შეიძლება იყოს ჩქმეტა, კბენა, დაკაწვრა, მძიმე ნივთების სროლა. ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, მაგრამ ასეთი ფაქტების გამო ანაზღაურებადი ბიულეტენი არ არსებობს. ჯანმრთელობის დაზღვევასაც არავინ უზრუნველყოფს. არ ანაზღაურებენ თერაპევტების ზეგანაკვეთურ სამუშაოს (თვეში დამატებით 20-30 საათი). ეს სამუშაოები აუცილებელია იმისთვის, რომ პროფესიული პასუხისმგებლობები შევასრულოთ. სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ თერაპევტის მუშაობას ბავშვთან ერთი ერთზე. არადა, გარდა ამისა, საჭიროა გუნდში კომუნიკაცია, ჯგუფური შეხვედრები, ქეისების განხილვა, ოთახის მომზადება-მოწესრიგება. დავუშვათ, ერთ ბავშვთან თუ ბრინჯით სავსე კონტეინერი მჭირდება, მეორესთან ეს კონტეინერი ხელს შემიშლის. ზოგჯერ წვერის საპარს ქაფთან მაქვს შეხება და სეანსს რომ დავამთავრებ, ოთახი თავიდან უნდა მოვამზადო. ეს ყველაფერი არ არის გათვალისწინებული მერიის პროგრამაში. მენეჯმენტისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა იკისროს. ამავე დროს, არასტაბილური პროფესიაა. შარშან პანდემიის დროს აუტიზმის ცენტრები დროებით დაიხურა და თერაპევტები უმუშევრები დარჩნენ. ამ პერიოდში შეიქმნა თერაპევტთა პროფკავშირი და კვლევა ჩატარდა, პირველ რიგში, სამუშაო პირობების, შრომის ანაზღაურების (600-800 ლარი) და სხვადასხვა საკითხის შესახებ. მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგროვდა, თუმცა ამას ჯერჯერობით გაგრძელება არ მოჰყოლია.

ნანული ზოტიკიშვილი