ბოსტნეულის ცუკატები - ნუგბარი დიდებისა და პატარებისთვის - გზაპრესი

ბოსტნეულის ცუკატები - ნუგბარი დიდებისა და პატარებისთვის

ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს, პროფესიით ექიმი გახლავთ, წარმოშობით კი სოხუმიდანაა და, ბუნებრივია, ამ თემას გვერდი ვერ ავუარეთ.

- წარმოშობით სოხუმიდან ვარ. 31 წლის ვიყავი, იქაურობა რომ დავტოვე. ხომ ამდენი წელი გავიდა და დღესაც მიჭირს ამ თემაზე საუბარი. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ჩემი ცხოვრების ნახევარი სხვაგან, სხვა ქალაქში გავატარე. ღამე სიზმარში ვხედავ ხოლმე იქაურობას, სულ იქ ვარ ფიქრებით. ყველა სოხუმელი ასეა. სამწუხაროდ, დღეს ეს თემა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფუნქციონერებისთვის, თითქოს უმნიშვნელო გახდა. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილე საბუთებს რომ აკეთებდა, უთხრეს, რაკი იქაური იყო, აფხაზეთში მოეძია საბუთები. როგორ, აფხაზეთში ხომ ვერ გადავალო?! - მაგ დროს მე პატარა ვიყავი და არ მახსოვს, რა მოხდაო, - ასე უპასუხეს. - დიდგორის ომის დროს საერთოდ არც ერთი არ ვიყავით, მაგრამ ხომ ყველას გვახსოვსო?! - უთხრა იმ სოხუმელმა კაცმა... ეს არის შედეგი არასწორი პოლიტიკისა და საინფორმაციო მიდგომებისა. ისევ ძირძველი სოხუმელები თუ მოინდომებენ თავიანთ ფუძეზე დაბრუნებას, თორემ არა მგონია, სხვას ვინმეს ადარდებდეს ეს ამბავი. სამწუხაროდ, ასეა. რამე რომ იყოს, მეც უყოყმანოდ დავბრუნდები, ჩემი მეუღლე გაგრელია და მასაც ისე უნდა დაბრუნება, დაუფიქრებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. ბევრჯერ მქონდა წასვლისა და იქაურობის ნახვის შესაძლებლობა, მაგრამ არ მინდა ჩავიდე და ისევ უკან დავბრუნდე. ეს უფრო მტკივნეული იქნება ჩემთვის. მამაჩემი დაბადებულია იმ სახლში, რომელშიც ვცხოვრობდით და დავტოვეთ, ბაბუაჩემის ბაბუაც იქ არის დაკრძალული. სხვათა შორის, ბაბუა პირველი ქართველი სამხედრო კომენდანტი იყო მეფის რუსეთის დროს. მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ ჩვენს სახლში კარგა ხანს ინახებოდა მისი ნაქონი ნივთები. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი რამ მაკავშირებს ჩემს სახლთანაც და ქალაქთანაც...

GzaPress

- პროფესიით ექიმი ბრძანდებით. თუ მუშაობდით ამ სფეროში?

- ექიმობა ბავშვობის ოცნება იყო. ჩემს სანათესავოში თითქმის ყველა ექიმი იყო და არ მოსწონდათ ჩემი გადაწყვეტილება. თავიდან იურისტობა მინდოდა და დედაჩემმა, - "პაგონებიანი" ქალი რა მოსაწონიაო?!. გადამაფიქრებინა, მაგრამ სამედიცინოზე უკვე ვეღარ მათქმევინეს უარი. თერაპევტი ვარ, 30 წლის განმავლობაში საავადმყოფოში, ამბულატორიაში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, ბოლოს - გადაუდებელი დახმარების სამსახურში. ეს არის ძალიან მძიმე და დაუფასებელი საქმიანობა. დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე მეტად სწორედ ჩემი კოლეგები მეცოდებიან. ყველას ჰგონია, რომ თავისუფალია თავის ქცევაში, რასაც უნდა, იმას გააკეთებს, არ დაიცავს რეგულაციებს, თვითონ არა აქვს არანაირი პასუხისმგებლობა და მხოლოდ ექიმს აქვს ვალდებულება, თავისი საქმე აკეთოს და ყველა ავადმყოფი გადაარჩინოს. ისიც ადამიანია და მისი რესურსიც ამოწურვადია. ჰიპოკრატეს ფიცი არ ნიშნავს, რომ ექიმი ზედ უნდა დააკვდეს ავადმყოფს და ამას ანგარიშს არ უწევდე. როდესაც მოგვიწოდებენ რეგულაციების დაცვისკენ და გვირჩევენ, დავიცვათ დისტანცია, არ ჩავეხუტოთ ერთმანეთს, არ გავმართოთ ღრეობები, ხომ შეიძლება გავითვალისწინოთ? ჩვენი უგუნურობის შედეგია ის, რაც დღეს გვჭირს - ამდენი გარდაცვალება, და მხოლოდ ექიმებს ვაბრალებთ ამ ყველაფერს. რამდენია სანაცნობოში კოვიდინფიცირებული, ვინც მალავს ამას და მაინც მუშაობს!.. როდესაც მძიმდებიან, მერე იჯერებენ ამ ვირუსის არსებობას. რატომღაც თვლიან, რომ ექიმისთვის გარდაცვალება მხოლოდ სტატისტიკაა. ექიმისთვის ყველა პაციენტი ღირებულია და ძალიან განიცდის თითოეულის დაკარგვას.

- რატომ დაგაინტერესათ ბიზნესმა და როგორი იყო ამ სფეროში თქვენი პირველი ნაბიჯები?

- თანდათანობით მივიღე ბიზნესში გამოცდილება, ჯერ ყვავილების მაღაზია გავხსენი. მერე ისე მოხდა, რომ სახლში მომიწია დროის დიდი ნაწილის გატარებამ, ავადმყოფს ვუვლიდი, და სწორედ მაშინ ინტერნეტში ვუყურე ვიდეოს, როგორ უკეთებდა დედა თავის ჭირვეულ შვილს, რომელსაც ბოსტნეული არ უყვარდა, გოგრისა და სტაფილოს ცუკატებს. ბავშვი მათ კანფეტებს ეძახდა. ისე მომეწონა, რამდენჯერმე ვუყურე. საერთოდ, მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, თან, დეიდები, მამიდები, ბებიები - ყველანი კარგი დიასახლისები იყვნენ, პროფესიონალი კულინარი გახლდათ მამიდა, კულინარიას ასწავლიდა. მოკლედ, განებივრებული ვიყავი გემრიელი სადილებით, მეც მიყვარდა ახალ-ახალი რაღაცების მომზადება და გადავწყვიტე მეცადა. გოგრის შემოსვლას ველოდებოდი. ცუკატის მომზადებას რამდენიმე დღე სჭირდება, ჯერ სიროფში უნდა გამოიყვანო, მერე გაწურო, გააშრო. არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ჩემი მეუღლე პროფესიით კულინარია და საღამოს რომ დაბრუნდა, მკითხა, რას ვაკეთებდი? ძალიან პროფესიული ცხვირი აქვს (იცინის), ცხვირით შეუძლია მიხვდეს, კერძს მარილი აკლია თუ არა, ახდის ქვაბს და სურნელით გრძნობს. მესამე დღეს მივიღე მზა პროდუქტი და ძალიან მოეწონა. ეს იყო შემოდგომაზე.

ყვავილების მაღაზია რომ მქონდა, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან აქტიურად ვმონაწილეობდი ზუგდიდში ჩატარებულ გამოფენებზე, სადაც ხელნაკეთ ნივთებს, ასევე, სხვადასხვა სახის ფერმერულ ნაწარმს უწევდნენ პოპულარიზაციას. წინასაახალწლო პერიოდი იყო, ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე წავედი და ჩემი გოგრის ცუკატები წავიღე. მაინტერესებდა, ვინ მიხვდებოდა, რა იყო. ყველას ძალიან მოეწონა, მაგრამ მხოლოდ ერთი ახალგაზრდა კაცი მიხვდა, რომ გოგრა იყო. ჩემმა მეგობრებმა რომ დააგემოვნეს, აღფრთოვანდნენ. ერთ-ერთი მათგანი ყოველთვის კრეატიული იდეებით გამოირჩევა და მან მითხრა, ასეთ რამეს საქართველოში არავინ არ აკეთებს, მართლაც ძალიან გემრიელია და ღირს სცადოო. მანვე დაარქვა სახელიც, რომელიც მეგრულად გოგრას აღნიშნავს. პირველად ლამაზ-ლამაზ ფორმებად დავჭერი გოგრები, მინდოდა, ლამაზიც ყოფილიყო და გემრიელიც. დიდად მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც სწორი რჩევები მომცა და სწორ გზაზე დამაყენა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ შევძელი ამ ყველაფრისთვის ხორცის შესხმა. თავიდან ინტერნეტიდან მოვიძიე ინფორმაცია, შემდეგ იყო ტრენინგები. მანამდეც მეგობრები დამეხმარნენ და მათვე მომაწოდეს ინფორმაცია, როგორ მომეპოვებინა გრანტი. პირველი გრანტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტიდან მივიღე, ფერმერთა ასოციაციის კონკურსი იყო. შემდეგ იყო რამდენიმე სხვა პროექტი და გრანტი, რომლითაც საოჯახო საშრობები ვიყიდე, მერე - კამერა-საშრობი, ინფრაწითელი საშრობი და სხვა დანადგარებიც შევიძინე, მაგალითად, ბოსტნეულის სარეცხი დოლურა, რამაც ხელით რეცხვის პროცესი მოხსნა. ფერმერთა ასოციაციას ძალიან კარგი ტრენინგები ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში. ეს არის სკოლა, სადაც მართლაც ბევრი რამ შევისწავლე ბიზნესის შესახებ. ესეც დამეხმარა ჩემს საქმიანობაში.

GzaPress

- ხშირად აღნიშნავენ, რომ ცუკატები არ არის ნატურალური პროდუქტი. ამის შესახებ რას გვეტყვით?

- 100%-ით ნატურალური პროდუქტია, სულაც არ არის ქიმია. არ შეიცავს არც ემულგატორებს, არც საღებავს, არც კონსერვანტს. არაფერს ისეთს არ ვამატებ, რომ ჯანმრთელობას ავნოს, გემოს ვუმატებ, ოღონდ, ისევ ნატურალურსა და მცენარეულს - ზოგს დარიჩინს, როზმარინს, ვანილს. თანდათანობით ბევრმა გაიცნო ჩემი ახალი პროდუქცია და მიხარია, რომ ყველას მოსწონს. ნედლეულის თერმული დამუშავება და შემდგომი შრობა მიმდინარეობს ხარშვის პროცესის გარეშე, დაბალ ტემპერატურაზე. ეს კი საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ნედლეულის სასარგებლო თვისებები. შრება ინფრაწითელ სითბურ საშრობში, რაც უნარჩუნებს ნატურალურ ფერსა და გემოს, ახდენს ნედლეულის სრულ დეზინფიცირებას და ზრდის შენახვის ვადებს. ასევე გამოიყენება მცირე დოზით შაქარი და სხვადასხვა მცენარეული არომატიზატორი: ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, ილი, როზმარინი, ლიმონი.

- რამდენ სახეობას ამზადებთ?

- 7-8 სახეობას, ესენია: თაფლიანი სტაფილო, მწვანე პომიდორი მიხაკით, სტაფილო ლიმონით, გოგრა დარიჩინით, გოგრა ვანილით, ჭარხალი მიხაკით და ილით, ბადრიჯანი ვანილით. ახლა პანდემიის გამო ასორტიმენტი შევამცირე. ყველა განსხვავებული გემოს მქონე საინტერესო პროდუქტია, თუმცა გოგრა დარიჩინით უფრო მოსწონთ, მოთხოვნადია.

- მიირთმევა როგორც დესერტი, თუმცა საუბრისას აღნიშნეთ, რომ ღვინოსა და ლუდთან ერთადაც გემრიელია.

- ეს დამოუკიდებელი ნუგბარია დიდებისა და პატარებისთვის, ასევე, გემრიელი სასუსნავი ტკბილეულით წახემსების მოყვარულთათვის. ბოლო 2 წელია, პასქებს მხოლოდ ამ ცუკატებით ვაცხობ. ხომ უცნაურია, ბოსტნეულიანი სააღდგომო პასქა, მაგრამ უგემრიელესი გამოდის. უმატებენ ტკბილ ფლავშიც, მიირთმევენ ნაყინთან, ყავასთან, ჩაისთან, ცხელ შოკოლადთან და სასმელთან ერთადაც კი. ერთი სიტყვით, ყველაფერს უხდება. მეღვინე ქალბატონებმა ტრენინგებზე იდეა მომაწოდეს, მშრალ ღვინოებს ტკბილი ცუკატები არ უხდება და იქნებ მარილიანი სცადოო. ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოვიდა. ღვინოსა და ლუდთან ერთად ყველს, კარტოფილს, კიტრისა და პომიდვრის სალათსაც უხდება. ლუდთან მისაყოლებლად კიტრის მწნილის ჩირიც კი გავაკეთე და ამანაც გაამართლა. ბროკოლის ცუკატის დამზადებაც ვცადე. როგორც მზესუმზირა, ისე ხრაშუნობს და ძალზე გემრიელია. დავჩირე თეთრი ბოლოკიც და ყვავილოვანი კომბოსტოც, დიაბეტიანებისთვის არის კარგი. ბავშვებს, რომლებსაც არ უყვართ ჭარხალი, სტაფილო ან სხვა ბოსტნეული, ძალიან მოსწონთ ცუკატები, განსაკუთრებით - სტაფილოს ცუკატი ლიმონით. მყავს ჩემი მუდმივი მომხმარებლები. ასე რომ, ჩემი ცუკატები განკუთვნილია ბოსტნეულის ყველა მოყვარულისა თუ არამოყვარულისთვის, განსაკუთრებით - ვეგანებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვისაც უყვარს ახალი გემოები და შეგრძნებები.

ნინო ჯავახიშვილი