"გამოსავალი სიყვარულშია" - გზაპრესი

"გამოსავალი სიყვარულშია"

ლალი ბარძიმაშვილი 1988 წლიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი იყო. პროფესიით ფილოლოგი გახლავთ, მუშაობდა პედაგოგად, ასევე, წამყვანად ტელევიზიებში, ჟურნალ "მედიუმში". წერს ლექსებს, ესეებს, გახლავთ ავტორი 2 კრებულისა, რომელიც ძირითადად რეპრესიების პირობებში იქმნებოდა - თვითონაც და მისი ოჯახის წევრებმაც არაერთი განსაცდელი გამოიარეს 90-იან წლებში.

- სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, როდესაც ეროვნულ მოძრაობაში ჩავები. მალე სტუდენტიც გავხდი, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში სტუდენტური მოძრაობის ლიდერი ვიყავი. ჩვენს ოჯახს ციხე და რეპრესიები ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში დაებედა. ჩემი დიდი პაპა, მამის დედის მხრიდან, მიხა ავგაროზიშვილი იყო კახური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე და შემსრულებელი სოფელ გრემიდან. ცნობილია, რომ მისი და სხვა მომღერლებისგან შესწავლილი სიმღერებით საზრდოობდა საქართველოში პირველი პროფესიული - ლადო აღნიაშვილის ცნობილი გუნდი. მიხა ავგაროზიშვილმა მრავალი კარგი მომღერალი აღზარდა. კომუნისტებმა მას 27 წლის ვაჟი დაუხვრიტეს თელავში, ნადიკვართან, გოგიას მთაზე. ახალგაზრდა ვასილ ავგაროზიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულებს" თანაუგრძნობდა და თურმე საჭმელს უზიდავდა. მამაჩემი, ზურაბ ბარძიმაშვილი ზვიად გამსახურდიას აქტიური თანამებრძოლი და "ჰელსინკის კავშირის" წევრი იყო. ჩემს ოჯახში ხშირად საუბრობდნენ აკრძალულ თემებზე, მამა "ამერიკის ხმასაც" გვასმენინებდა. მახსოვს, "თვითმფრინავის ბიჭების" ამბავმაც როგორ იმოქმედა ჩემზე, ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ეროვნული მოძრაობის ავანგარდში აღმოვჩნდი.

- ზვიად გამსახურდია თურმე შვილობილად გთვლიდათ, ასეთი ახლო ურთიერთობა გქონდათ მასთან?

- 1988 წლიდან დავუახლოვდი. მახსოვს, პროკლამაციები ჩამივარდა ხელში, მიტინგზე მივიტანე კინოს სახლთან და მაშინ შევხვდი პირველად ზვიადსაც და მერაბსაც. მითხრეს, ხომ არ გამოვიდოდი სიტყვით, მაგრამ პატარა გოგო ვიყავი და მომერიდა. ზვიადის გადაწყვეტილებით, "ჰელსინკის კავშირში" გავწევრდი დედასთან და რამდენიმე სტუდენტთან ერთად, კრებები ტარდებოდა ლიტერატურის ინსტიტუტში, სამშაბათობით, 5 საათზე. გაგვაფრთხილა, რომ იქნებოდა თვალყური, დევნა, შეიძლებოდა მომხდარიყო მცირე პროვოკაციებიც და არ დავბნეულიყავით. ბევრს შეეშინდა, 15 სტუდენტიდან მხოლოდ სამნი დავრჩით. ვმონაწილეობდი ყველა საპროტესტო აქციაში, მიტინგებში, 1991 წლის 7 დეკემბერს თანამოაზრეებთან ერთად მოსკოვში მყოფ ედუარდ შევარდნაძეს მივმართეთ ღია წერილით, გამოვდიოდი ტელევიზიებით, რადიოთი. ყოველდღიურად მქონდა ურთიერთობა პრეზიდენტთან. 1991 წლის სექტემბრიდან, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ე.წ. ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად გვგზავნიდნენ - გახსოვთ ალბათ, უნივერსიტეტში ფიქრია ჩიხრაძე, გიგა ბოკერია, საშა რუსეცკი ელდარ შენგელაიასთან, თედო პაატაშვილთან, ავთანდილ იმნაძესთან და ზვიად გამსახურდიას სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად რომ დასხდნენ პროტესტის ნიშნად.

ზოგჯერ დეპუტატებიც ვერ შედიოდნენ ზვიადთან, იმდენად გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ სტუდენტებს ყოველთვის გვითმობდა დროს.

GzaPress

- რა გასწავლათ ამ ადამიანებთან ურთიერთობამ?

- იმ ასაკში ჩავები ეროვნულ მოძრაობაში, როდესაც ჩემი პიროვნების ფორმირება ხდებოდა. ბევრი რამ შევითვისე. მთავარი ისაა, რომ ზნეობრივი ხაზით წარიმართა ჩემი ცხოვრება. მათ მომცეს მაგალითი, როგორი უნდა იყოს მოუსყიდავი პოლიტიკოსი. თავისუფლებისთვის ბრძოლა, გამბედაობა, შეურიგებლობა და უკომპრომისობა ვისწავლე, რამაც შემაძლებინა შემდგომ ბევრ ადამიანს დავხმარებოდი, ბევრი მათგანი დამეცვა. პატრიოტი ბავშვობიდანვე ვიყავი. მიყვარდა საქართველოს ისტორია, ლიტერატურა. როგორც უკვე ვთქვი, ეროვნული სულისკვეთებით ვიზრდებოდი, მაგრამ რასაც ჰქვია თავისუფლების რომანტიკული გაგება, ეს სწორედ მათ მასწავლეს. მერაბ კოსტავა ყოველთვის "მამაო ჩვენოთი" იწყებდა მიტინგს და ასრულებდა სიტყვებით "ჩვენთან არს ღმერთი". სულ სხვა მადლი იგრძნობოდა იმ მიტინგებზე, სულ სხვანაირი მუხტი იყო.

- გროზნოში ორჯერ ინახულეთ ზვიად გამსახურდია. გაიხსენეთ ეს შეხვედრები.

- დიახ, ორჯერ მქონდა ბედნიერება, მენახა გროზნოში. ერთხელ დაბადების დღე მივულოცე და სანთლები ჩავუტანე, 1992 წლის მარტში; მეორედ მაისში წავედი ეროვნული მოძრაობის რამდენიმე წევრთან ერთად, მამაც თან მახლდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მაშინ ცალკე გამიყვანა, გამომკითხა ჩვენი მომხრე სტუდენტების მდგომარეობა და როდესაც ვუთხარი, რომ მათი ნაწილი უცხოეთში წასვლას აპირებდა და მათ სთავაზობდნენ საცხოვრებლად გერმანიასა და ამერიკას, მუდარით მითხრა: იცოდე, ძალიან ბევრ რამეს შემოგთავაზებენ საცდურად, მაგრამ ანკესზე არ წამოეგოთ, ბოლომდე პრინციპულები იყავით და არ დატოვოთ სამშობლო, არაფერმა გაცდუნოთ, სული არ წაიწყმიდოთო. თითქოს ანდერძივით დაგვიბარა...

ზვიად გამსახურდიას "დამხობის" შემდეგ მამა დააპატიმრეს, აწამეს. 1993 წლის 5 ოქტომბერს კი, ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, მუხიანის პოლიციაში დააპატიმრეს დედაც. დედა ადგილობრივი მმართველობის დეპუტატი იყო, გლდანის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ მუშაობდა. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას აბრალებდნენ. იმ პერიოდში 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი. პოლიციის მაშინდელ უფროსს, გია გაგნიძეს ვეუბნებოდი, თუ "ჰელსინკის კავშირის" წევრობაა დაპატიმრების საფუძველი და თუ დაპატიმრება ეკუთვნის ვინმეს, ეს მე ვარ, რადგან დედა თავად გავაწევრე და მაშინ მე რატომ არ მიჭერთ-მეთქი?.. დედა 3 დღე იყო დაკავებული, მაგრამ ეს 3 დღე ჩემთვის სიკვდილს უდრიდა. თურმე კომენდატურაში გადაიყვანეს. ვერ ვიგებდი, სად იყო, ცოცხალი აღარ მეგონა. მაშინ ისეთი დრო გახლდათ, ადამიანები ქუჩაში იკარგებოდნენ. იმ რთულ პერიოდში ჩემმა უნივერსიტეტმა შემიფარა და გადამარჩინა სულიერად. ერთი წელი აკადემიური ავიღე, კონსპირაციულად ვცხოვრობდი სხვადასხვა ოჯახში.

GzaPress

- პარალელები გავავლოთ მაშინდელსა და დღევანდელ მდგომარეობას შორის...

- ჩვენ ყველანი ვიყავით იდეის გარშემო გაერთიანებულები. მას შემდეგ შეიცვალა საზოგადოებრივი ცნობიერება, ყოფიერებამ გაიმარჯვა, მაგრამ ესეც დროებითია. ერთიანმა ცნობიერებამ და თანადგომამ გადაგვარჩინა. ახლა ადამიანები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს... ერთხანს მიმყავდა გადაცემები ეროვნულ თემატიკაზე. 2011 წელს "ობიექტივში" დავიწყეთ პატიმრების თემაზე მუშაობა. ალბათ გახსოვთ არაერთი შემთხვევა, როგორ ექცეოდნენ და უსწორდებოდნენ პატიმრებს სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ლალი აფციაურმა გამოააშკარავა ასეთი შემთხვევა - პატიმარმა ითხოვა თავის ტკივილის წამალი და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავში დაუნდობლად ურტყეს. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი რამ ხდებოდა საპატიმროებში. ამბობდნენ, ვითომ წესრიგი დაამყარეს ყველგან, მაგრამ სინამდვილეში, არ ხდებოდა კარგი ამბები... წინა რეჟიმის დროს საკმაოდ კრიტიკული ვიყავი და ბევრ პრობლემას შევეჯახე. ბევრჯერ შესაბამისი უწყებებიდან პასუხსაც კი ვერ მიიღებდი ამა თუ იმ საკითხზე. ამ კრიტიკული დამოკიდებულების გამო იყო არაპირდაპირი ზეწოლა ჩემზე.

- პოლიტიკოსებმა დაკარგეს ამომრჩევლების ნდობა, თქვენი აზრით, რატომ?

- როდესაც იბრძვი ოჯახის გადასარჩენად და არ გაქვს იმედი, რომ ვინმე დაგიცავს, ნდობას კარგავ. ხელისუფალი უნდა იყოს მზრუნველი, თავს დაცულად უნდა გრძნობდე შენს ქვეყანაში. ხომ ხედავთ, რამდენი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ? უიმედო გარემო ჩამოყალიბდა. მე მყავდა კერძო მოწაფეები და ხშირად გამიგონია მათგან, კი ვისწავლი და დავამთავრებ უმაღლესს, მაგრამ სად დავსაქმდებიო?.. გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევს, კანონდარღვევა ბევრია, უსამართლობის განცდა გვაქვს და ამიტომაც დაკარგა ხალხმა ნდობა. ძალიან მენატრება ის სიყვარული, ნდობა და ერთიანობა, რაც 90-იან წლებში იყო. მერე დაუნდობლობამ და სისასტიკემ დაისადგურა: ჯერ იყო ძმათამკვლელი ომი, მერე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი. ახლა დღე არ გავა, რომ საინფორმაციოში მკვლელობის შესახებ არ გამოაცხადონ. დაჭრეს, მოკლეს, დააკავეს - ჩვენ ხომ ამისთვის არ ვიბრძოდით? ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ ამ ქვეყანაში თუ რჩებიან-მეთქი ახალგაზრდები?.. გული მწყდება, რომ მომავალ თაობაზე შესაფერისად არ ვზრუნავთ.

- ქალბატონო ლალი, ფართო საზოგადოება ნაკლებად გიცნობთ, როგორც პოეტს. თქვენი შემოქმედების შესახებაც ვისაუბროთ.

- სტუდენტობიდან დავიწყე ლექსების წერა, შემდეგ დავწერე რომანიც, მოთხრობებიც. გამოცემული მაქვს 2 კრებული: პირველი "და სიყვარულის ცრემლში დღესასწაულის მწამდა" 4 ნაწილისგან შედგება: პროზა, პოეზია, ლიტერატურული წერილები, ანუ პუბლიცისტიკა და ნაკვესები; მეორე კრებული ახლახან გამოვეცი და ჰქვია "გატეხილი სათამაშო ანუ გაქცევა მარტოობის სახლიდან".

GzaPress

- რამდენიმე ლექსი მიუძღვენით თქვენს მეუღლეს - ირაკლი წერეთელს. დიდი ხანი არ არის, რაც დაქორწინდით. გილოცავთ...

- ერთ-ერთი ბოლო ლექსი ეს არის: "იქნებ ზღაპარში სძინავთ ქიმერებს,/ და გაღვიძება ახლოა თითქოს,/ დამენანება უჟამო ჟამი,/ შორს მყოფი გვიან მოვედი ახლოს./ ყველაფრისათვის თავიდან გმადლობ./ წარსულის გზნებით იმ დღეებს ვნატრობ,/ ვატარებ სევდას არყოფნის გამო,/ საწუთროს არაკს ლექსად გიამბობ./ დრო ტკივილებსაც ვიცი, რომ ახშობს,/ დამზრალი სული კი ლხენას ლამობს,/ ციურ ერთობას ვერარა აქრობს,/ სიყვარულისთვის შენ და ღმერთს ვმადლობ".

მე და ირაკლი 1989 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ხანდახან მერაბ კოსტავას ეზოში ვიყრიდით თავს და იმდენად ცოტანი ვიყავით, ძნელი არ იყო ვინმეს შემჩნევა. როგორც ჩანს, მივიქციე მისი ყურადღება. რამდენჯერმე თავისი პარტიის წევრების სახელით შემომთავაზა პარტიაში შესვლა, მაგრამ ეს დაინტერესება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას მივაწერე და ვერ დავაკავშირე პირად სიმპათიასთან. უარი შევუთვალე და თურმე ამით გავანაწყენე. ვგრძნობდი ხოლმე მის მზერას, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი სხვა რამეს. გავიდა წლები და მოგვიანებით კვლავ შევხვდით ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგებზე, წინა ხელისუფლების დროს, შემდეგ - თამთა კოსტავას დაბადების დღეზეც და ისევ იფეთქა ამ გრძნობამ. ჩემი დევნისა და მშობლების დაპატიმრების ამბავმა ირაკლიზე ძალიან იმოქმედა. თავისი პირდაპირობის გამო, ყველას ბრაზიანი ჰგონია და ამ დროს, პირიქით, ძალიან დამთმობი და გულისხმიერია, ბავშვის გული აქვს. გავეცანი მის შემოქმედებასაც და სულ სხვანაირი ირაკლი დავინახე. ვიცოდი, ბევრს გააოცებდა ჩვენი ეს ნაბიჯი, მაგრამ ალბათ ყველაფერი ღვთის ნება იყო. 90-იან წლებში ჩვენ სხვადასხვა ბანაკში აღმოვჩნდით, მაგრამ მტრობა თუ არ დასრულდა, იქ სიყვარულიც არ დაიწყება. ხშირად ახსენებენ ირაკლის ძველ ამბებს, მაგრამ მას იარაღით ხელში, ძმათამკვლელ ომში მონაწილეობა არ მიუღია. ეს მის პატრიოტიზმზე მეტყველებს. სხვათა შორის, როდესაც ზვიად გამსახურდიასთან ჩავედი გროზნოში, ასეთი რამ თქვა: გაოცებული ვარ, სუკ-ის არქივში ისეთი ხალხი ფიგურირებს და მიხარია, რომ მათ შორის არ არის ირაკლი წერეთელი და მას დავალებაც კი არ შეუსრულებია. ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. გული მწყდება, რომ ისტორიული კონტექსტიდან ის პერიოდი საერთოდ ამოგლეჯილია, არადა, ხშირად უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენს გმირებზე, ძველებსა თუ თანამედროვეებზე. ვინატრებდი მეტ მადლს, ღვთისმოშიშობას. სწორედ უსიყვარულობამ და უღმერთობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. თუ სიყვარულით გაერთიანდება საზოგადოება, ყველაფერი შეიცვლება. ძალიან მიყვარს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი "მოტირალი და მოცინარი", სიმბოლურია - დიახ, არც ტირილშია გამოსავალი და არც ლხინში, გამოსავალი მოქმედებასა და სიყვარულშია.

ნინო ჯავახიშვილი