ოლეანდრები და სხვა მცენარეები ხელით მოხატულ სარკის ჩარჩოებზე - გზაპრესი

ოლეანდრები და სხვა მცენარეები ხელით მოხატულ სარკის ჩარჩოებზე

ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სხვადასხვა ორიგინალური ნივთი სძენს. მათ შორისაა სარკე, რომელიც ყველას სჭირდება. თაკო ბავშვობიდან ხატავს, აქსესუარებს ქმნიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სარკის დიზაინმა გაიტაცა. ის ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობს, პერიოდულად ღია სივრცეში მუშაობს. "მთელი ზაფხული მშობლებთან, ბაბუასა და ნათესავებთან, სოფელ კარალეთში ვიყავი. ჩემთვის უფრო მოსახერხებელია ბუნებასა და კარგ ამინდში, მზის შუქზე მუშაობა. ღია ცის ქვეშ ფერები უფრო რეალური გამოდის, კარგად "ჯდება" და ნახატიც მალე შრება", - ამბობს მხატვარი თაკო დვალიშვილი.

GzaPress

- სარკეების დამზადება დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყე. მანამდე სამკაულებს ვქმნიდი. შვილებთან ერთად სეირნობისას, ქუჩაში ლამაზი ფერისა და ფორმის ქვებს რომ ვნახავდით, შინ მოგვქონდა. ქვებს ტყავზე ვამაგრებდი და ბისერებით, ყვავილებითა და თოკებით ვქმნიდი ყელსაბამებს, გულსაბნევებს, სამაჯურებსა და საყურეებს. თავიდან ეს ჰობი იყო, განტვირთვის კარგი საშუალება, მაგრამ შემდეგ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. მოგვიანებით, გამომდინარე იქიდან, რომ სარკე ყოველდღიურად გვჭირდება, ყველა ქალის განუყრელი ნივთია, ის მუდამ ჩვენს სამსახურშია და გვეხმარება ვიყოთ ლამაზები, გადავწყვიტე, ამ ნივთებზე მუშაობა დამეწყო. თავიდან 3 ვარიანტი გავაკეთე და სოციალურ ქსელში განვათავსე. როგორც კი ხალხის მოწონება ხვდა და ინტერესი დავინახე, სტიმული მომეცა, გავაქტიურდი. პირველი მოდელი იყო მრგვალი ფორმის, ასე ვთქვათ, გადაჭრილი, რომლის ერთი ნაწილი იყო მოხატული. ვფიქრობ, განსხვავებული დიზაინია და პირადად მე, აქამდე არსად მინახავს. შემდეგ უკვე სარკეებს დეკორი გარშემო გავუკეთე, მაქვს ოთხკუთხედი ფორმებიც. ვმუშაობ საბავშვო ხაზზეც. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო მოდელი იყო მზე, რომელიც დამკვეთის სურვილის მიხედვით შეიქმნა. სარკეებს ძირითადად, ხის ჩარჩოებს ვუკეთებ, მაგრამ ერთ-ერთ მოდელს "დევეპეს" საშუალებით ვქმნი. სარკის ჩარჩო ოლეანდრის ფოთლების დეკორია და ეს მასალა მაძლევს საშუალებას, კუთხეები სურვილისამებრ გამოვჭრა.

2 შვილი მყავს, 4 და 7 წლის აქტიური და ცელქი ბიჭები, რომლებიც ნაწილობრივ ჩართულები არიან ჩემს საქმეში და ერთად ვხატავთ ხოლმე. მათ მოსწონთ დედიკოსთან ერთად საქმიანობა (იღიმის).

GzaPress

- რამდენად უძლებს ეს სარკეები სინესტეს და შეიძლება თუ არა მათი სააბაზანოში დაკიდება?

- სარკის ხის ჩარჩოები აკრილის საღებავებით იხატება, შემდეგ ორივე მხრიდან ლაქით მუშავდება და შესაბამისად, როგორც სამზარეულოში, ისე სააბაზანოში, მისი გამოყენებაც შესაძლებელია.

- შინ თუ გაქვთ თქვენი ხელით მოხატული სარკე?

- დიახ. საერთოდ, მსიამოვნებს მოხატული ნივთების ყურება. მგონი, ყველაფერს ვხატავ, სკამებსა და სხვა ავეჯსაც. ასე მგონია, სუნთქვაზე ადრე, ხატვა დავიწყე. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, სულ ვცდილობდი ბებიის ნაქონი ნივთებისა თუ სამოსის გამოყენებას. აქედან გამომდინარე, გამორჩეულად გამოვიყურებოდი, როცა ისეთივე ტანსაცმელი არ მეცვა, რაც შეიძლებოდა ყველას სცმოდა.

GzaPress

- გამოდის, სამოსში ვინტაჟი მოგწონთ, თუმცა თქვენი სარკეების დიზაინი თანამედროვეა...

- დიახ, სარკეებს თანამედროვე სტილი აქვს, თუმცა მომავალში ვაპირებ ვინტაჟური ნივთების შექმნასაც. ჩარჩოებზე მცენარეები ჭარბობს და ვფიქრობ, ასეთი ნახატებიდან მეტი ჰაერი "მოდის" და სივრცე იკვეთება. საერთოდ, ყვავილები მომწონს. სამწუხაროდ, ბევრი ქოთნის ყვავილი არ მაქვს. მამას უყვარს, ბევრი აქვს და კარგად ახარებს. სწორედ მისი მცენარეებით ვქმნი კომპოზიციებს სარკეების ფოტოების გადასაღებად.

ანა კალანდაძე