"სახელმწიფოსგან დაპირებულ თანხას ვითხოვ" - გზაპრესი

"სახელმწიფოსგან დაპირებულ თანხას ვითხოვ"

გერმანიაში "ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე" ასი ათასზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ გაიარა რეგისტრაცია. მოლოდინის მიუხედავად, აქამდე მხოლოდ 180 კაცი გაემგზავრა. ნაწილი სამთვიან ვადაზე ადრე, უკან დაბრუნდა და ხელშეკრულებით კუთვნილ ანაზღაურებას სასამართლო გზით ითხოვს. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, ჯაბა ჩაჩანიძეს ვესაუბრეთ.

- დასაქმების სააგენტოში რეგისტრაციის გავლამდე ხაშურის ბაზარში ვმუშაობდი და ახლაც აქ ვარ (ქირით ვცხოვრობ). დილის ხუთიდან საღამოს ცხრა საათამდე ვწვალობთ, ოჯახში ორი "კაპიკი" რომ შევიტანოთ. ასე ოჯახსაც ვარჩენდი, ხარაგაულში - მშობლებსაც. ეს ნაბიჯი გაჭირვებამ გადამადგმევინა, კარგი რეკლამებიც კეთდებოდა. აქ დღეში სამოცდაათ ლარს ვერ იშოვი, იქ კი, დაპირების მიხედვით, 70 ევრო უნდა დარჩენილიყო: მაქვს პატარა ვიდეობმული, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენინგისას გამოკვეთილად აღნიშნავდნენ, რამდენი გვექნებოდა დღიური ანაზღაურება.

სახელმწიფო დასაქმების პროგრამით რომ არ წავსულიყავი და ამ თანხით კერძო დამსაქმებელი მომეძებნა, ბევრად კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. სულაც არ წავსულიყავი და ეს თანხა აქვე დამეხარჯა, უკეთესად ვიქნებოდი. აღებული 1.100-ევროიანი სესხიდან დღესაც თვეში 100 ევროს პროცენტს ვიხდი.

- მგზავრობა რა დაგიჯდათ?

- წარმოიდგინეთ, ბოლო ორ დღეში რომ გეტყვიან, ბილეთი იყიდეო... თითოეულმა 1.600 ლარი გადავიხადეთ, რადგან მაშინვე გაძვირდა. ცალკე "პისიარ" ტესტი, რომელიც გაფრენის წინადღეს ჩავიტარეთ. პლუს 300 ევრო ჯიბეში უნდა გვქონოდა, სანამ ხელფასს ავიღებდით. 9 მაისს, გაფრენამდე ორი საათით ადრე მოგვიტანეს კონტრაქტები. გარკვევით წერია, რომ საათობრივი ანაზღაურება 9,50 ევრო იქნება, 8 საათი სამუშაო დღე და კვირაში ექვსი სამუშაო დღე.

- სად ჩახვედით?

- მიუნხენში ჩავფრინდით. დაგვხვდა დამსაქმებლის ავტობუსი და სამხრეთ გერმანიაში, პატარა დაბა, ფრიდრიჰ შაფენში მიგვიყვანეს. მისვლიდან ათი წუთი არ იყო გასული, კონტრაქტები ჩამოგვართვეს და მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს.

- რა მიზეზით არ დაგიბრუნეს?

- დამსაქმებელმა თქვა, რაღაც შესასწორებელი მაქვსო. აქედანაც შეცდომა იყო გაპარული. კონტრაქტში 9 ევრო და 35 ცენტი იყო გაწერილი, გერმანიაში მინიმალური ანაზღაურების ზღვარი კი 9,5 ევროა, ეს უნდა ჩავასწოროთო. ფერმერი მამაა და უშუალოდ დამსაქმებელი - შვილი.

GzaPress

- კონტრაქტში ასეთი უხეში შეცდომა ვინ დაუშვა?

- ყურადღება არც საქართველოში მიაქციეს, არც მეორე მხრიდან, უცბად იყო გაკეთებული. რეალურად, თავიდან ბოლომდე ტყუილზე აგებული. შევცდით, ეს კონტრაქტები უფრო ადრე უნდა მოგვეთხოვა და ნორმალურად გავცნობოდით.

- ფიქრობთ, მექანიკური შეცდომა იყო დაშვებული?

- ალბათ მექანიკური. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელ ნინო ველთაურს გერმანიიდან ტელეეკრანზე ვუყურებდით, მანაც არ იცოდა, კონტრაქტში რა ეწერა. ერთ-ერთ ტელეარხზე პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილთან პაექრობდა. ველთაური ამბობდა, არც ერთ კონტრაქტში 9,5 ევროზე ნაკლები არ წერიაო. ჩემს კონტრაქტში 9,35 ევროა მითითებული. დამსაქმებლის მიერ კონტრაქტის ჩამორთმევაც ეჭვის შემცველი იყო. მანამდე ფოტო გადავუღე და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდე... შემდეგში, 19 მაისს გავრცელებული კადრები სწორედ 9 მაისს იყო გადაღებული, რომელიც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს გამოვუგზავნეთ, ეს სად გამოგვიშვით-თქო?! გარკვეული არ ჰქონდათ საცხოვრებელი პირობები, შრომის ანაზღაურება, საერთოდ არაფერი. ნინო ველთაურს დავუსვით კითხვა, - რატომ არ გაუშვით წინასწარ ერთი წარმომადგენელი მაინც (ამხელა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებაა), რამდენიმე ადგილზე ყველაფერი შეემოწმებინა? იცით, რა გვიპასუხა?.. ჩვენ თქვენ გამო ვერ შევამოწმებდით პირობებსო...

- რა პირობები დაგხვდათ?

- ანტისანიტარია. ორ გადაბმულ კონტეინერში ვცხოვრობდით, ციხე და კოლონია გეგონებოდა, ისეთი ადგილი იყო. რამდენიმე დღე ვარკვევდით სიტუაციას, საკონსულოსაც დავუკავშირდი. ფოტო, ვიდეომასალა ელფოსტით გამოგვიგზავნეთ, ვინ ხართ და რამდენიო. გავუგზავნეთ. 19 მაისამდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა არც საკონსულოდან, არც დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობისგან. იძულებული გავხდი, ყველაფერი ქართული მედიისთვის გადამეცა. დამატებით განვაცხადე გერმანულ მედიაში. იყვნენ ადგილობრივი ჟურნალისტებიც, მაგრამ მათ სამუშაო გარემოში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. გადაიღეს და აღნიშნეს, რომ ჩვენ მიმართ კანონი ირღვეოდა. სწორედ გერმანულ მედიასთან დაკავშირების შემდეგ მოვიდნენ ჩემთან დამსაქმებელი, ფერმერი და სამსახურიდან გაგდებით დამემუქრნენ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ...

- რა ტიპის სამუშაო გქონდათ?

- ვიცოდით, მარწყვის საკრეფად მივდიოდით, სადაც თვითონ დამსაქმებელს რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა. ყოველდღე ექვს საათზე ვდგებოდით, ექვსიდან ათამდე, ოთხი საათი ვმუშაობდით, დასვენება კვირასაც არ ყოფილა. არანაირი საათობრივი ანაზღაურება, გამომუშავებაზე ვიყავით: ერთ მოკრეფილ ყუთს, ხუთ კილოგრამ მარწყვში 3 ევროს იძლეოდა. მე ასე ვიხდი, ეს საათობრივი ანაზღაურება საიდან მოიტანეთ?! ჩვენ აქ იაფი მუშახელი გვყავსო... ყოფილი სამხედრო ვარ, ორჯერ ვარ ნამყოფი გერმანიაში, ასევე ორჯერ - ავღანეთში. ნაღდად არ მეგონა, გერმანიაში ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი. დამსაქმებელს იაფ მუშახელად რუმინელები და პოლონელებიც ჰყავს.

- ეს ყველაფერი კონტრაქტის პირობებთან შესაბამისობაში როგორ მოდიოდა?

- არანაირად! კონტრაქტში 8 საათი მუშაობა, კვირაში ექვსი სამუშაო დღე გვეწერა, რეალურად შვიდივე დღეს ვმუშაობდით, თანაც - დღეში მხოლოდ 4 საათს. მაქსიმუმი 15-დან 20 ევრომდე გამოდიოდა დღეში. სასმელ წყალს ვყიდულობდით, ონკანიდან არ ისმება. საჭმელს ვყიდულობდით. წესით, სადილი უნდა ყოფილიყო შუადღეს, ადგილზე ესეც შეგვიცვალეს, საღამოს რვა საათზე გვაჭმევდნენ: ერთი ნაჭერი რუხი პური, პატარა ნაჭერი შემწვარი სტეიკი და ცოტაოდენი მაკარონი. ეს იყო ყოველდღე მენიუში. წარმოიდგინეთ, დილის ექვს საათზე დგები, საღამომდე ხომ ვერანაირად ვერ გაძლებ!.. ჩვენივე ჯიბიდან თანხას ვკრებდით, ახლომდებარე მარკეტებში ვყიდულობდით. ინტერნეტის პრობლემაც გვქონდა. რამდენიმე კაცმა ბარათი ვიყიდეთ და სამ დღეში, სამ ტელეფონზე მხოლოდ ინტერნეტში 50 ევრო იხარჯებოდა.

- იმ მუქარის შემდეგ როგორ გააგრძელეთ მუშაობა?

- ტელეფონით მცირე ნაკლოვანებებსაც კი ვიღებდი, რათა სასამართლო პროცესზე გამომეყენებინა. იქნება წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალა, თუ სად გვიწევდა მუშაობა. ჯიბესა და ხელებში მიყურებდნენ, ხომ არაფერს იღებო?! თვე-ნახევარი დავყავით, საიდანაც 20-25 დღე საშინლად წვიმდა, ჩვენ ცუდ ამინდშიც კი გასვლა გვიწევდა. მარწყვი ღია მდელოზეც ჰქონდა, სათბურებშიც. არც რეზინის ჩექმებს, არც საწვიმარს არ გვაძლევდნენ. პირდაპირ გვითხრა, - წადით და იყიდეთო.

GzaPress

- საკონსულოში ან აქ, თბილისში, ამაზე რას გეუბნებოდნენ?

- არავინ დაგვხმარებია. ისევ ჩვენი პროტესტის შედეგად, მხოლოდ ერთხელ 50 ევრო ავანსის სახით მოგვცა; ჯიბეში ფული საერთოდ აღარ გვებადა. შემდეგ მოგვცა 300 ევრო. რასაკვირველია, იქვე დაგვეხარჯა. მანამდე რაც გვქონდა, ორი კვირის განმავლობაში ამოგვეწურა. პროტესტი გამოვაცხადეთ, - სანამ ხელფასს არ გადაგვიხდით, სამუშაოდ არ გავალთ-თქო... შეგინახავთ და ბოლოს, წასვლის წინ მოგცემთო. ჩვენ უკან ოჯახებია, სამი თვე ასე ვერ გავჩერდებოდით, რაღაც ხომ უნდა გამოგვეგზავნა?!. ადგილობრივ ორგანიზაციას - "მირას" დავუკავშირდი. ემიგრანტები მეხმარებოდნენ, ვისთვის უნდა მიმეწვდინა ხმა. ეს ორგანიზაცია ფერმერებს ამოწმებს, დასაქმებულ ხალხს რა პირობებში ამყოფებენ, როგორ ექცევიან და ა.შ. პირველ ივნისს მივწერე და სამ დღეში "მირას" წარმომადგენლები ჩვენთან მოვიდნენ. ერთი რუსულენოვანი თარჯიმანი ჰყავდათ. ნახეს სიტუაცია. მათი საჩივრის წერილი მეორე დღესვე დამსაქმებელსა და ფერმერს გაეგზავნა, რათა ეს პირობები გამოესწორებინა და ნორმაში ჩაეყენებინა.

- როგორ უპასუხეს?

- არ შეასრულეს. ეს ფერმერი, ვალტერ კლინკი ძალიან დიდი ფულის პატრონია, უზარმაზარი რეგიონი უკავია. არ ვიცი, ფულს რატომ არ იხდიდა. ორგანიზაცია "მირა" დაჯარიმებით დაემუქრა, მაგრამ ყურად არ იღო. შემდეგ ტელეკომპანია "ფორმულას" დავუკავშირდი, მათი ჟურნალისტი - სალომე ჩადუნელი ბერლინში იმყოფებოდა. ჩვენ გამო ჩამოვიდა. აქ რომ ამბობდნენ, გერმანიაში ყველაფერი გამოსწორდაო, სულ ტყუილს ავრცელებდნენ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელები. დამსაქმებელმა მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საშუალება დაამატა: სარეცხი მანქანა მოგვიტანა, მცირე დეტალები, სამუშაო პირობები არ შეცვლილა. სალომეს პირადად დავხვდი. რისკის ქვეშ ვიყავი, უცხო პირის შეყვანა კანონით იკრძალება; მალულად შევიყვანე, ყველაფერი გადავაღებინე. 17-18 ივნისს "მირას" წარმომადგენლები ხელახლა წამოვიდნენ და უკვე მეორე დამსაქმებელთან გადაგვიყვანეს.

- "მირამ" 24-ვე კაცი გადაგიყვანათ?

- სამმა წინადღით გერმანია დატოვა, ადგილზე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ერთს ტუალეტში ფეხი ჩაუვარდა - იატაკი თაბაშირმუყაოთი იყო შეკრული, ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი დაიზიანა; არც სამედიცინო მომსახურება გასწევია. მეორეს ნეკნი დაუზიანდა მუშაობის დროს. ჩვენივე საშუალებებით გავუწიეთ დახმარება. ყოფილი სამხედრო ექიმი ვარ და კიდევ კარგი, მესმის ეს ყველაფერი. ამ სამმა კაცმა ადგილზე ვერაფერი რომ ვერ მიიღო, დატოვეს გერმანია, სანამ ჩვენ მეორე დამსაქმებელთან გადაგვიყვანდნენ.

- ამ სამმა კაცმა კუთვნილი ხელფასი თუ მიიღო?

- მიზერული, ყველას ასე, 100-დან 150 ევრომდე შეგვხვდა პირველი დამსაქმებლის დატოვებისას. გადაგვიყვანეს ჩრდილოეთ გერმანიაში. ბრემენთან ახლოს მივედით. ანალოგიურ სიტუაციას შევეჩეხეთ. საცხოვრებელი პირობები შედარებით კარგი იყო, მაგრამ პირველი დამსაქმებელი ერთ ყუთზე სამ ევროს თუ იხდიდა, ეს უკვე 2,5 ევროს გვეუბნებოდა. პირდაპირ გამოგვიცხადა, თუ გინდათ, იმუშავეთ, თუ არა და, იაფი მუშახელი მყავსო. ორი დღის შემდეგ უკვე მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ჩემთან ერთად 9 ადამიანი წამოვიდა.

- დარჩენილებმა დროზე მიიღეს შეპირებული ანაზღაურება?

- არ მიუღიათ. საქართველოში 5 აგვისტოს დაბრუნდნენ და დღემდე არ მიუღიათ გამომუშავებული თანხა.

- თქვენ რა მოიმოქმედეთ?

- ორი დღის ნამუშევარი არ აგვინაზღაურა, - თქვენი ჩამოყვანა ძვირი დამიჯდაო. ის ავტობუსიც მისი გამოგზავნილი იყო. ჰაგენში (საიდანაც მოვფრინავდით) ქართველმა ემიგრანტმა შეგვიფარა. პირველ რიგში, "პისიარ" ტესტები იყო გასაკეთებელი. პლუს ახალი ბილეთები ვიყიდეთ, ადრე ნაყიდი ვერ გადავცვალეთ. თითოს 150 ევრო დაგვიჯდა. რა თქმა უნდა, ესეც საქართველოდან გადმოვარიცხვინეთ. დამატებით 300 ევრო ვისესხე, რომ ჩამოვსულიყავი...

- რას გულისხმობთ?

- ტესტები გავაკეთეთ, მაგრამ აეროპორტში მისვლისას პასუხები არ გვქონდა და ჩვენი თვითმფრინავი გამოფრინდა. დაგეგმილ დღეს, 24 ივნისს ვერ წამოვედით. დავუკავშირდი საკონსულოს, საელჩოს, ყურადღება რომ მოექციათ: ღია სივრცეში დავრჩით, დამატებითი თანხა არავის ჰქონდა. ჩვენთან ვიცე-კონსული მოვიდა, ერთადერთი ღამე ჰოსტელის ტიპის დაწესებულებაში გაგვათენებინა. კონსულ ლევან იზორიას ჩართულობით მოხერხდა, რომ ბილეთები გადაგვიცვალეს და უკვე 25-ში გამოვფრინდით. "პისიარ" ტესტებიც თან გვქონდა.

- აქ ვის მიმართეთ?

- მედიისთვის მიმართვისას, პირველივე დღიდან პროფკავშირის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. ერთადერთი ირაკლი პეტრიაშვილია, რომელიც "ვოცაპის" საშუალებით ხშირად მკითხულობდა, - ჯაბა, როგორ ხართ, რამე ხომ არ შეცვლილაო? ელემენტარული მოკითხვაც ბევრს ნიშნავს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ მედიას, რომელმაც ჩვენს საქმეში დიდი როლი ითამაშა.

11 კაცის სარჩელი საქალაქო სასამართლოშია შეტანილი და პროცესი 20-21 დეკემბრისთვის არის დანიშნული. სხვისი თეთრიც არ მინდა, სახელმწიფოსგან დაპირებულ თანხას ვითხოვ, რომელიც ამ სამი თვის შემდეგ უნდა ჩამოგვეტანა. ეს არის 15 ათასი ლარი, პლუს 3 ათასი ლარი მორალურ-ფსიქოლოგიური ზარალის ასანაზღაურებლად. პასუხისმგებლობა უპირველესად, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს უნდა დაეკისროთ, რადგან ეს ყველაფერი მათი თაოსნობით მოხდა... საქართველოში სამართალს თუ ვერ ვნახავ, სარჩელს აუცილებლად წავიღებ სტრასბურგის სასამართლოში, რა თქმა უნდა, პროფკავშირების დახმარებით.

გელა მამულაშვილი