მაკა ბლიაძის პოეზიის სამზარეულო - გზაპრესი

მაკა ბლიაძის პოეზიის სამზარეულო

ტიპური ფილოლოგია და ციფრებთან და წლებთან ვერ მეგობრობს, ამიტომ, თუ არ გადაამოწმა, ზუსტად ვერც ერთ თარიღს ვერ დაასახელებს, თუნდაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს. მის ლექსებზე დაწერილი სიმღერების რაოდენობა დიდი ხანია, 200-ს გასცდა. ნუნუ გაბუნია, მაცაცო სებისკვერაძე, ქეთი გაბისიანი, ლილიკო ნემსაძე, დათო არჩვაძე, მიშიკო რამიშვილი, თეა ჯინორია, - ეს იმ კომპოზიტორთა არასრული ჩამონათვალია, ვისთანაც თანამშრომლობს...

მის ლექსებზე ბევრი სიმღერა იყო უკვე შექმნილი, როცა პირველი კრებული გამოსცა. ძნელია ამ სიმღერებიდან რომელიმე გამოყო, თუმცა ალბათ, ქეთი გაბისიანის სიმღერები - "შვიდკაცას" რეპერტუარიდან "სატრფიალო" და დათო კიკაბიძის მიერ შესრულებული "ცის იქით კიდევ ცა არის" - უმრავლესობისთვის ცნობილია. მოხდა ისე, რომ ზაურ ბოლქვაძემ და "ქართული ხმების" ორივე თაობამ შეასრულა "სიყვარულის გამხელა", რომლის კომპოზიტორი დავით არჩვაძე გახლავთ და პოეტს ეს ფაქტიც აბედნიერებს. მის სატრფიალო პოეზიაში სტრიქონ-სტრიქონ შეიძლება ყველამ საყვარელი ფრაზები ამოკრიფოს, ხოლო საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა მათ მხარეზე დაწერილი არაერთი ლექსი წაიკითხონ: ბოლო კრებულში - "ლექსები საქართველოს ბილიკებზე" სამშობლოს ყველა რეგიონზე შექმნილი ლექსებია შესული. "მთელ საქართველოს მოვეფერე, აფხაზეთს, სამაჩაბლოს, მთასა და ბარს... მადლობა ღმერთს, რომ სიტყვასთან ყოფნის უფლება და სიმღერის ნაწილად ქცევის ძალა მომცა"... - ამბობს პოეტი მაკა ბლიაძე.

- მაკა, ჯერ დღევანდელობაზე გკითხავ: როგორ მოერგე პანდემიით გამოწვეულ რეალობას?

- პანდემია რომ დაიწყო, პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ კარგად, ჩვეულ ბუნებრივ მდგომარეობაში და სულ ვცდილობდი, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, ყველას შევშველებოდი და მათთვის ცხოვრება გამელამაზებინა. ბორჯომში დავიბადე და გავიზარდე, ახლაც იქ ჩავედი. საბავშვო ბაღებში პედაგოგებს ვეკონტაქტებოდი, ვიდეოგაკვეთილებისთვის სიმღერებს ვწერდით, ბუნებაში გავდიოდი, ულამაზესი ადგილებიდან საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის ჩემს ლექსებს ვკითხულობდი. ასევე ბიბლიოთეკიდან გაჩუქდა ჩემი წიგნები, ჩემს ლექსებზე დაწერილი 20 სიმღერა "ფლეშკაზე" ჩავწერე და ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო გადაეწერა.

- შენი პოეზიის სამზარეულოშიც შევიხედოთ...

- ძალიან საინტერესო ამბები ხდება ხოლმე. მაგალითად, ჩემი ბოლო კრებულია "ლექსები საქართველოს ბილიკებზე", რომელიც ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორიას ფოტოებითაა გაფორმებული. სხვადასხვა ფოტოს ვნახულობდი და მაშინვე ახალ-ახალი ლექსები იწერებოდა. საოცრად მიყვარს სამეგრელო. აგვისტოში, ცოტნეობაზე ყოველთვის იქ ვიყავი. იქაურ სივრცეს მთელი არსებით შევიგრძნობ და ემოციურად თითქოს ყველა მდინარეში ვარ შესული. მიყვარს კოლხეთის ამბები და იქ მეგობრები ჩემი ლექსებით შევიძინე. ასეთ ურთიერთობებს სულ სხვაგვარი სითბო ახლავს თან და უცხო ადამიანები ძალიან მალე შენიანები ხდებიან. ხობისწყალზე მაქვს დაწერილი: "აი, ნამდვილი პალიტრა, ფერთა სილაღეს გაჩვენებს. ხობისწყალს ფუნჯს დაასველებ, რითმასაც გადაარჩენდე!" ერთხელაც, შევდივარ სოციალურ ქსელში და ვხედავ, მდინარე ადიდებულა. იქვე მივაწერე: "ადიდებულხარ, გავიგე, აბა, ხობისწყალს გზა, გზა... ეტყობა, ისე გინატრე, სულ აგირიე თავგზა". ერთ წელს იქ "ქართულ ხმებთან" ერთად ვიყავი, მერე - "თეატრალურის კვარტეტთან". ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, როცა იმ სივრცეში დადიხარ, სადაც დადიანი დადიოდა. ახლა გულთან ახლოს არის დიდი სევდა, რომელიც ზურა ბაკურაძეს უკავშირდება. ახლა ის "ცის იქით" არის. მთელი ცხოვრება "ქართულ ხმებთან" ერთად ვარ და ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ ადამიანებთან. თითქოს ერთი ამბავი დასრულდა, ამ ტკივილით ვცხოვრობთ და ახალი ფურცელი ჯერ არ გადაგვიშლია. ზურა ისევ გულთან ახლოსაა, მაგრამ - ცის იქით...

- თანამედროვე პოეტებიდან და მწერლებიდან ვისი პოეზია ახდენს შენზე მძაფრ შთაბეჭდილებას?

- "ძველებიდან" დავიწყებ. ეს არის ვაჟა-ფშაველა. ერთ-ერთ კრებულში ვწერდი: დაძმობა იქნების გვეთქვა-მეთქი. ის ბუმბერაზია და ჯერ კიდევ დიდი გზაა მის შესაცნობად. ანა კალანდაძე მიყვარს ძალიან - შენი მოსახელე და მოგვარე. მის პოეზიას დიდი სითბო აქვს. ვფიქრობ, პოეტის დანიშნულებაა, სხვას ფრთები აჩუქოს, რომ ყველამ ლექსებში ის პატარა ნაპერწკალი მაინც იპოვოს, რაც ოდნავ მაინც ცხოვრებას გაულამაზებს. აქვე დავასახელებ პოეტებს: გივი ძნელაძე, ლაშა გვასალია, გიორგი ლობჟანიძე, აქამდე არ ვიცნობდი ლადო სეიდიშვილს და ახლახან გავიცანი. თუ აქამდე არ წაგიკითხავს, იცოდე, წინ დიდი სიამოვნება გელოდება. მას არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, ნატო, რომელიც მამამისის პოეზიის სამყაროში გაგიძღვებათ და შესანიშნავად წარადგენს ლადო სეიდიშვილს. საერთოდ, აჭარას დიდი პოეტები ჰყავს, ზღვასავით ღრმა და ემოციებით სავსე. რაც შეეხება პროზას, აკა მორჩილაძის იქით არავინ ვიცი. არ მაქვს დრო და მირჩევნია, რჩევა პოეზიაში უფრო გავცე, რადგან ვფიქრობ, ეს უკეთ ვიცი.

- როგორ გაჩნდა შენში წერის სურვილი? ჰყვები ხოლმე იმ სიმღერებს, რაც შენს ლექსებზე იწერება?

- ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი ან ვმღეროდი, ან ვცეკვავდი. ეს იმდენად მაქვს შინაგანად გამჯდარი დღემდე, "აჭარულის" ხმა რომ მესმის, ძალიან მიჭირს ხოლმე, ვიჯდე. მიყვარს ქართული ცეკვა, არწივივით რომ გაშლიან ხოლმე ხელებს... სიმღერებს ვყვები, როგორ არა?! ერთი სიმღერა მე და დათო არჩვაძემაც ჩავწერეთ, სამახსოვროდ რომ გვქონოდა. ისე, ძალიან ბავშვური ხმა მაქვს (იღიმის). რაც შეეხება პოეზიას - წერასთან ნელ-ნელა მივდიოდი. სკოლაში არაჩვეულებრივად საინტერესო ქართულის მასწავლებელი - მაყვალა გოგრიჭიანი მყავდა, მაგრამ მაშინ არ ვწერდი. სიყვარული ამოსათქმელი რომ გაგიხდება და შენში ვერ იტევ, მაშინ წერ, თუმცა, მე სულ მიყვარს... საერთოდ, ძალიან გამიმართლა პედაგოგებში. ლექციებს მიკითხავდნენ: ზურაბ კიკნაძე, რეზო სირაძე და გრივერ ფარულავა. მე რომ სულ არაფერი მეკეთებინა, მათი მოსმენაც მეყოფოდა... ბოლო ხანს ტელეფონში ვწერ. ვთქვათ, ვნახე ლამაზი ნახატი და იმწამს ვწერ ლექსს. თუმცა, სულ სხვა გამოდის ლექსი მაშინ, როცა კალამი მიჭირავს. ზუსტი სხვაობა რაა, არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება. ალბათ თვით პროცესია შთამბეჭდავი, როცა კალმით მადლიანი ქართული ასოები გამოგყავს და ცარიელ ფურცელს ავსებ შენი ამბებით.

- მართლაც შესანიშნავი პედაგოგები გყოლია...

- დიახ, საბედნიეროდ ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვინც არასდროს დამავიწყდება: იუზა ხუსკივაძე, ელენე ყიფშიძე, ავთო ვერულეიშვილი, მიშა თუმანიშვილი, გოდერძი ჩოხელი... უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე რომ ვსწავლობდი, ჩოხელზე პირველად მე გავაკეთე საკურსო. ბატონი მიშა "უცნობ ნაცნობს" მეძახდა და ძალიან საინტერესო იყო ჩვენი მეგობრობა. მან იცოდა, რომ ვწერდი და ჩემი ლექსების პირველი შემფასებელიც იყო. ერთხელ მითხრა, 100 ლექსს რომ დაწერ და იქიდან 1 მაინც კარგი იქნება, ჩათვალე, რომ კარგად გიმუშავიაო. ეს კიდევ ცალკე ისტორიაა და ამბად მოყოლა თითქოს მენანება.

GzaPress

- არა, მოყევი. როგორ გაიცანი და როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

- პატარა ვიყავი, წლების განმავლობაში ტელეფონით ვურეკავდი, პრემიერებს ვულოცავდი, ზოგჯერ ყვავილებს ვუგზავნიდი, ხანაც დაბადების დღეს - ტორტებს (იღიმის). ხმაზე მცნობდა. ერთხელაც მისმა მეუღლემ მითხრა, - ქუჩაში რომ დადის, ვისაც მისი მზერა შეხვდება, ყველა შენ ჰგონიხარ; მიშას არ ეჩვენები, მოდი, მე გაგიცნობო... უხერხული იყო, უარი მეთქვა. მახსოვს, დეკემბერი იყო. წავედი. კარი მიშამ გამიღო. აი, მაშინ შევხვდით პირველად, თუმცა განცდა მქონდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. მერე იყო დაბადების დღეები, როცა ვისხედით და ვყვებოდით ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას. არასოდეს მინდოდა, ეს საუბრები დასრულებულიყო. მერიდება ამის თქმა, მაგრამ ამის შემდეგ, სადაც უნდა შემხვედროდა ბატონი მიშა, ყოველთვის ხელზე მკოცნიდა.

- რა სპექტაკლების ნახვის შემდეგ მოიხიბლე ამ ადამიანით?

- ეს ის პერიოდია, როცა "დონ ჟუანი" უყვარდა ყველას, მე კი არა, ამ სპექტაკლით პიტერ ბრუკიც გადაირია. და ასევე, დიდი რეჟისორის ჩემთვის კიდევ ერთი საყვარელი სპექტაკლი იყო "ჩვენი პატარა ქალაქი". ეს ორი, ჩემთვის გამორჩეული სპექტაკლი, არც ვიცი, რამდენჯერ მქონდა ნანახი.

- დღეს მობილურითაცაა შესაძლებელი ფოტოს გადაღება, მაგრამ მაშინ ასე არ ხდებოდა. ერთად გადაღებული ფოტოსურათები ხომ არ შემოგრჩა?

- არა, სამწუხაროდ, არც მასთან, არც ელენე ყიფშიძესთან, არც სხვა დიდ ადამიანებთან, რომლებთანაც მეგობრობა მაკავშირებდა, არც ერთი ფოტო არ მაქვს. აღარც ის ჩანაწერები, რომელსაც იმ დროს ბატონ მიშასთან დაკავშირებით ვაკეთებდი. სამწუხაროდ, მეგონა, რომ არც ერთი სიტყვა არ დამავიწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

- თუ გიფიქრია ისეთ საქმიანობაზე, სადაც შემოქმედებასთან შეხება არ გექნებოდა?

- კარგი კულინარი ვარ და ამბობენ, გემრიელობებს ვაკეთებ. რაც იმ მომენტში მოიპოვება შინ, იმისგან ვქმნი კერძს და მიხარია, რომ ამით სხვებს ვასიამოვნებ. მიყვარს სტუმრების გამასპინძლება, კერძების განაწილება. ბავშვობაში მეგონა, რომ რესტორანში ყველაზე დიდი ჩამჩა ვისაც ჰქონდა, ის ყველაზე ბედნიერი იყო და ეს განცდა დღემდე მომყვება (იღიმის).

- მაკა, ყოფილა პერიოდი, როცა წერის სურვილი გამქრალა?

- რაც უნდა ცუდი ხდებოდეს, ჩემ გარშემოც ეს არავინ იცის, იმდენად ვცდილობ, სულ დადებითი გავცე. შესაბამისად, ყოველთვის ვწერ და ყოველდღე ვისტუმრებ სამყაროს ვალს. "ფეისბუკში" განთავსებულ ლექსებზე თბილი კომენტარებიც ძალიან მათბობს, ის გულებიც კი მიყვარს, რომლითაც მკითხველები მოწონებას გამოხატავენ. შინაგანად დღემდე მაქვს ბავშვური სიხალისე და მგონია, ეს მარცვლები არც ერთ ასაკში არ უნდა ჩააქრო. რაც კარგი გადაარჩინე შენში, სხვასაც ის უნდა მიაწოდო, გაუნაწილო. ასე რომ, მე რომ ვსუნთქავ, ე.ი. ვწერ და ვიდრე ვარ, ასე იქნება!..

ანა კალანდაძე