"ასე მგონია, ჩემი სახლი რუსთავის შემოსასვლელიდან იწყება" - გზაპრესი

"ასე მგონია, ჩემი სახლი რუსთავის შემოსასვლელიდან იწყება"

რუსთავში თითქმის ყველამ იცის, სად არის რიტა ბებოს ბაღი. ამ ქალბატონმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბაღი გააშენა და დასასვენებელი სივრცე მოაწყო. როგორც იტყვიან, ქვეყანა შეყარა - ვინ აღარ შეაწუხა, ვის აღარ სთხოვა დახმარება და ქალაქზე მზრუნველი ადამიანების დახმარებით მიზანს მიაღწია.

თავდაპირველად ეზოდან ნაგავი გაიტანეს, შემდეგ ნარგავები დარგო, ხის სკამები დადგა, დეკორატიული ბილიკები გაიყვანა და საკუთარი ხელით, რაც ჰქონდა, იმ მასალისგან თოჯინებიც გააკეთა. ასე რომ, მის ბაღში მისულებს ვინ აღარ დაგვხდებათ მასპინძლად - ზეზვა და მზია, შვილიშვილების მომლოდინე ბებია-ბაბუა, ქალთევზა...

რიტა ფოჩხიძე აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილია. როდესაც იქაურობაზე ლაპარაკობდა, ვგრძნობდი, ცრემლების შეკავება როგორ უჭირდა და როგორ ებჯინებოდა ბურთი ყელში. მისი წინაპრები იქ რაჭიდან ჩაუსახლებიათ. პროფესიით მასაჟისტი გახლავთ. დღემდე აქტიურად მუშაობს, გარდა ამისა, სხვადასხვა უცნაური მასალისგან ულამაზეს კომპოზიციებსაც აწყობს.

- ყოველთვის ვამბობ - რიკოთს რომ გასცდები, იქ სულ სხვანაირი სიმწვანეა. ბუნება ჩემი სისუსტეა, ალბათ იმიტომ, რომ აფხაზეთში ვცხოვრობდი. 1979 წელს ჯერ სოხუმში გვქონდა ქორწილი, იქიდან წამოსულები ღამით შემოვედით რუსთავში და მოუთმენლად ველოდებოდი, როდის გათენდებოდა. მაინტერესებდა, როგორი იყო უცხო ქალაქი. დილით გავედი აივანზე და რას ვხედავ?.. მხოლოდ გადამწვარი მინდვრებია, არსად ხე და ბუჩქიც კი არ ჩანს. ბალახი ვინ გადაწვა-მეთქი? - ვიკითხე და, - გადახუნებულიაო. გამიკვირდა, აფხაზეთში ზამთარშიც კი მწვანეა ყველაფერი. სულ მაკლდა ის ფერები, თუმცა ყოველ წელიწადს მივდიოდი აფხაზეთში, იქაურობით ვიმუხტებოდი და ეს ემოცია მყოფნიდა ზაფხულიდან ზაფხულამდე. ნოსტალგია თუ არ მომასვენებდა, რა პრობლემა იყო - ავიღებდი მატარებლის ბილეთს და წავიდოდი.

- მომიყევით აფხაზეთზე, სად ცხოვრობდით?

- ჩემი მშობლები ჰყვებოდნენ, რომ 1937 წელს გადაუსახლებიათ რაჭიდან, როდესაც გუდაუთის რაიონში მიწების ათვისება ხდებოდა. ბევრი დაუსახლებელი ადგილი ყოფილა მაშინ, ერთი ხეც არ მდგარა თურმე იმ ადგილას და ედემის ბაღად გადაუქცევიათ იქ დასახლებულებს ახალსოფელი - ასე ერქვა ჩემს სოფელს. აფხაზებთან არ მქონდა ხშირი ურთიერთობა, ისინი გარე სოფლებში ცხოვრობდნენ. არ მახსოვს, კონფლიქტი გვქონოდა მათთან, თუმცა იგრძნობოდა დაძაბულობა. ერთი კაცი იყო, ოტელო ერქვა, ბევრად უფროსი ჩემზე, ქართულად გვესალმებოდა და თურმე იმხელა სიძულვილი ჰქონია ქართველების მიმართ, მერე გავიგეთ... დედას ნათქვამს გავიხსენებ. დაწყებითების მასწავლებელი იყო, ძალიან საინტერესო ადამიანი. დღიურებიც კი დაწერა აფხაზეთში მომხდარ ამბებზე. მან გვითხრა, რომ 1953 წელს შრომის წიგნაკში ჩაუწერეს: "გათავისუფლებულია სამსახურიდან აფხაზური ენის უცოდინარობის გამო". ამით იმის თქმა მინდა, რომ რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიებით არ ვსარგებლობდით, როგორც ქართველები.

ჩემი წილი აფხაზეთი ძალიან მტკივა, უსაზღვრო ნოსტალგია მაქვს. ჩვენს სოფელში ჩამოდიოდა მდინარე თეთრიწყალი, რომელზეც ხიდი იყო გადებული. სოფელში რომ შეხვიდოდი, ის ხიდი უნდა გადაგევლო. წლებია, სულ ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ - ამ ხიდამდე მივდივარ და მერე ვიკარგები. ვეძებ, ვკითხულობ გზას, მაგრამ სახლამდე ვერაფრით მივაღწიე. ერთხელ თითქოს მივედი ახლოს, ძალიან ბნელოდა, ბებია და მამა (ორივე იქ არის დასაფლავებული) ჭრაქით ხელში დადიოდნენ. მინდოდა, მათთან მივსულიყავი, მაგრამ ვერ ვახერხებდი...

ჩვენს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. მე, როგორც გითხარით, რუსთავში გავთხოვდი და ომის დროს აქეთ ვიყავი უკვე. ჩემმა დამ გაგრიდან ძლივს გამოაღწია. ჩემი ძმა იბრძოდა, მოახერხა ცოლ-შვილის გამოყვანა, ჩემთან დატოვა და ისევ უკან დაბრუნდა. მამაჩემის ძმას შეუვარდნენ სახლში, აწამეს, მერე მიაყენეს კედელთან და დაცხრილეს. დედა აქ გარდაიცვალა 2013 წელს. მაინც ბოლომდე ჰქონდა დაბრუნების იმედი, უიმედოდ ადამიანი წუთითაც ვერ იცოცხლებს. თანაც, არავინ წამოსულა იმ ფიქრით, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვეღარ დაბრუნდებოდნენ. დედა მაშინ წამოვიდა აფხაზეთიდან, როდესაც სიტუაცია გამწვავდა და დარჩენილი მოსახლეობის გამოყვანის ნება დართეს. უთხრეს, სახლები მოვლილი რომ გქონდეთ და არ განადგურდეს, აფხაზები შეუშვით და მიხედავენო. უხაროდა, ჩემი მოსწავლის შვილი შევიყვანე სახლშიო... ძნელია, სახლში მისვლა რომ არ შეგიძლია, ეს დიდი ტკივილია.

1991 წელს ვიყავი ბოლოს, როდესაც ჩემს დას შვილი ეყოლა. ასე მგონია, ისევ ისეთია ის ქუჩა, ის ხალხი. 65 წლის ვხდები ოქტომბერში და იქ რომ დავბრუნდე, ალბათ ისევ ახალგაზრდა ვიქნები... ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ სპეციალურად გაჰყავთ დრო, რათა მომავალ თაობას სულ აღარ ახსოვდეს ჩვენ შორის შუღლი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ყველაფერი-მეთქი... იმედი მქონდა, ვიღაც ნაბიჯს გადადგამდა შერიგებისკენ, მაგრამ ისევ ძველებურადაა ყველაფერი.

- მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი... ახლა კარგ ამბავზეც ვისაუბროთ: მომიყევით, როგორ გათხოვდით გუდაუთიდან რუსთავში?

- სასაცილოდ მოხდა ჩვენი დაქორწინება. სტუდენტი ვიყავი, როდესაც ნათესავებმა შეგვახვედრეს ერთმანეთს. უარზე ვიყავი, მაგრამ პირისპირ სიტყვაც ვერ ვთქვი და უსიტყვოდ დავთანხმდი. გავიდა რამდენიმე დღე, ვნერვიულობდი ჩემი ნაუცბადევი გადაწყვეტილების გამო და მივწერე წერილი, - მაპატიე, არ ვიცი, რა დამემართა, უარს გეუბნები-მეთქი. მომაკითხა, წერილი მივიღეო, და უცებ ვეუბნები, ჩათვალე, რომ ეგ წერილი არ მიგიღია-მეთქი. არ ვიცი, რა მემართებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე. გამიმართლა და კარგი მეუღლე შემხვდა. ის ჩემთვის არის მეგობარიც, ჩემი დარდისა და სიხარულის თანაზიარი.

- რატომ გადაწყვიტეთ ეზოს კეთილმოწყობა და ვინ დაგეხმარათ?

- 90-იან წლებში ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ინგლისში წავედი. იქაურმა სიმწვანემ აფხაზეთი მომაგონა. ჩემი უფროსი ბიჭი ახლაც იქ ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად, მე კი რამდენიმე წელში დავბრუნდი. აქ რომ გადმოვედით, ეზო ძალიან მოუვლელი იყო. გვეგონა, გააკეთებდნენ და გაალამაზებდნენ. გავიხედავდი ფანჯრიდან და ხრიოკს რომ ვხედავდი, ნერვები მეშლებოდა. გავიდა რამდენიმე წელი. 2017 წლის ბოლოს მონახაზი გავაკეთე და მივწერე მერს, ირაკლი ტაბაღუას, რომ ბაღის გაკეთება მინდოდა და იქნებ მომხმარებოდნენ ეზოს დასუფთავებაში: სხვა ნაგავთან ერთად, სინკარებიც ეყარა და შეუძლებელი იყო, თვითონ მომეგვარებინა ეს საკითხი. მერი მაშინვე დაინტერესდა და მხარში ამომიდგა. მოთიბეს, უამრავი სამშენებლო ნარჩენი და ნაგავი გაიტანეს. ერთი სიტყვით, დეპუტატი დავით იშხნელი, სერვისცენტრის უფროსი გიორგი გოროზია, ნინო ლაცაბიძე, ერეკლე ლაცაბიძე - ყველა გვერდით დამიდგა. ბევრი რამ შეძლეს და გააკეთეს სადარბაზოს მეზობლებმაც. წერტილის ოდენას რომ გაგიკეთებს ადამიანი, დიდხანს უნდა დაგამახსოვრდეს. მათ გარეშე გამიჭირდებოდა ამ ყველაფრისთვის თავის მობმა. ერთმა მეზობელმა გააკეთა წარწერა "რიტა ბებოს ბაღი". ვიღაც მორების გადაჭრაში დამეხმარა. ზოგს რა ნივთი მოჰქონდა და ზოგს - რა, ამას თვითონ რიტა მოუძებნის ფუნქციასო. ასე გაჩნდა ბაღში შეშის ღუმელი, თიხის ჭურჭელი, ქოლგა, სკამები... მცენარეები თვითონ დავრგე, ყვავილებმა კიდევ უფრო დაამშვენა აქაურობა. თოჯინები მე გავაკეთე, სკამები - ჩემმა მეუღლემ და მშვენივრად გამოუვიდა. ასეა, საერთო ძალით ბევრი სასიკეთო რამის შექმნა შეიძლება. სხვათა შორის, თავიდან ბაღში რომ მხედავდნენ, უკვირდათ, - რამდენი გაქვს ხელფასი, მერიაში მუშაობო? ვიბნეოდი, ჩემი სურვილით ვაკეთებ-მეთქი, და - რატომო? - იმიტომ, რომ ჩვენია, შენია, ყველასია. ასე მგონია, ჩემი სახლი რუსთავის შემოსასვლელიდან იწყება და ჩვენი სტუმარი, ქართველი იქნება თუ უცხოელი, რომ ნახავს აქაურობას, მოეწონება.

ჩემს მეორე შვილს, ლაშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. თან, სადარბაზოში მისი ტოლიც აღარავინაა. მარტოდ გრძნობდა თავს, უფუნქციოდ. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეზოს გალამაზება გადავწყვიტე. ძალიან მეხმარება, ყოველ დილით ჩადის, იქაურობას ასუფთავებს.

244730191-1798333513705021-2202249200745402684-n-copy-1634634945.jpg

- სხვა კორპუსებიდანაც თუ მოდიან თქვენს ბაღში?

- როგორ არა, ბევრს შეუყვარდა აქაურობა. თითქმის მთელი მე-12 მიკრორაიონიდან მოდიან, განსაკუთრებით - ახალგაზრდები, ბავშვები, შეყვარებული წყვილებიც. გვიანობამდე სხედან ხოლმე, ზოგჯერ ხმაური აწუხებთ აქ მცხოვრებთ. ჩავდივარ და მშვიდად, ტკბილი ენით ვუხსნი, რომ უკვე გვიანია, რომ მეზობლები მე მაძლევენ შენიშვნას. კარგი, რიტა ბებო, აღარ ვიხმაურებთო, - მპირდებიან ხოლმე. თუ ვინმე რამეს აფუჭებს, იმასაც ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება. ბევრი მეხმარება კიდეც. ერთი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, გიორგი ჰქვია. რას აკეთებო? - ასე კი არ შეგეკითხება, არამედ - რა უნდა გავაკეთოთო? არადა, პატარაა, პირველკლასელი. სულ უნდა, დამეხმაროს, თან კითხვებს მისვამს, აინტერესებს ყველაფერი...

- პერსონაჟებიც გაგვაცანით, ვინც ბაღის სტუმრებს მასპინძლობს, ვინ არიან ან რისგან აწყობთ?

- პლასტმასის ბოთლებისგან. ხელ-ფეხისთვის ვიყენებ გრძელ, ფართო "შლანგს", თავისთვის - ქოთნებს, კოლჰოტს წამოვაცმევ ხოლმე და სახეს ისე "ვაწყობ" - თვალებს ვუხატავ, ცხვირს, ულვაშს ვუკეთებ. როდესაც შეშის ღუმელი მომცა მეზობელმა, გადავწყვიტე, ბებია-ბაბუის თოჯინებიც გამეკეთებინა და ასე შეიქმნა ქართული კუთხე: კეცები, დოქები, ყანწი, მაგრამ დაამტვრიეს ბავშვებმა. მეორე ოჯახიც "შევქმენი", პიკნიკზე არიან ვითომ. კიდევ - ქალთევზას, მზიას და ზეზვას, ჯარისკაცის, პატარა გოგოსა და ბიჭის თოჯინებიცაა.

- თქვენს სახლში უამრავი კომპოზიციაა, მათ რისგან ქმნით?

- თავდაპირველად ქარგვით დავიწყე. ბავშვობაში მეხერხებოდა კერვა, მერეც ჩემს შვილებს ვუკერავდი რაღაცებს. ამ კომპოზიციებისთვის მასალად რას აღარ ვიყენებ - სხვადასხვა ფორმის მაკარონს, ხილის კურკებს, პატარა გირჩებს, ნიჟარებს, ქვებს, ძაფებს, შემდეგ კი ვღებავ. აი, ხომ ხედავთ ამ მიმოზებს, გემებს, ზღვას - ეს ყველაფერი აფხაზეთს მაგონებს. მახრჩობს იქაურობის მონატრება...

ნინო ჯავახიშვილი