რას ნატრობს ქართველი ვარსკვლავბიჭუნა, რომელიც ახლა სტამბოლის კლინიკაშია
ირგვლივ ტრაგედიები თითქოს არავის უკვირს, უსიამოვნო ამბები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მაგრამ პატარა ნიკა აბრამიშვილის ისტორია ნებისმიერ ადამიანს შეძრავს: ეს მოღიმარი, ლამაზი ბიჭი რამდენიმე თვის წინ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა - ცელქობდა, ფეხბურთს თამაშობდა და ოჯახის წევრების გულს ახარებდა, მაგრამ გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს სისუსტე და მოთენთილობა იგრძნო... ასე დაიწყო დიდი განსაცდელი 12 წლის ვარსკვლავბიჭუნას ცხოვრებაში, რომელზეც მისმა დამ - თეონა აბრამიშვილმა გვიამბო:
- ნიკუშაზე 17 წლით უფროსი ვარ. შეიძლება ითქვას, ჩემს ხელში იზრდებოდა და მასთან სულ სხვა გრძნობები მაკავშირებს. მეორე ძმაც მყავს, რომელიც 20 წლისაა. ნიკა ჩვენი ნაბოლარა ძმაა და ორივეს გამორჩეულად გვიყვარს. თანაც, ის საოცრად თბილი და საყვარელი ბიჭია, რაც ამ სიყვარულს კიდევ უფრო აძლიერებს. მარტო ჩვენ კი არა, მის მიმართ ყველა განსაკუთრებულ ემოციებს ავლენს, მეგობრები, მეზობლები, კლასელები - მოკლედ, ყველა, ვინც იცნობს. ჩემი ძმა რომ არის, იმიტომ კი არ ვამბობ, ნიკუშა განსაკუთრებული ბავშვია. სანამ ავად გახდებოდა, სულ ფეხბურთს თამაშობდა. აქტიური ბავშვია და სულ ვეჩხუბებოდი, მოისვენე და ეგ ბურთი ცოტა ხნით მაინც მოასვენე-მეთქი... ამავე დროს, არაჩვეულებრივად უკრავს პიანინოზე და ძალიან წარმატებული მოსწავლეა. მე ორი პატარა შვილი მყავს და ორივეს თავისუფლად ვანდობ. მიუხედავად თავისი ასაკისა, ამქვეყნად ყველაზე მზრუნველი ბიძაა, ამიტომ ჩემი შვილები მასზე გიჟდებიან. ის ყველას მიმართ თბილი და ყურადღებიანია - მოკლედ, საოცარი ადამიანია და ირგვლივ ყველას უყვარს.
- როგორ დაიწყო მისი ავადმყოფობა?
- მარტი იყო, როცა შეუძლოდ გახდა: თავდაპირველად სისუსტე და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. გვეგონა, ნაღველი ჰქონდა გაღიზიანებული და ყველანაირი ანალიზი ჩავუტარეთ. გასტროენტეროლოგთან მივიყვანეთ, რომელმაც მკურნალობა დაუნიშნა. როცა ამ მკურნალობას შედეგი არ მოჰყვა, მივხვდით, რომ შინაგანი ორგანოები არაფერ შუაში იყო, თანაც შევნიშნეთ, რომ ბავშვი სიარულის დროს წონასწორობას კარგავდა. მთელი 2 კვირა საწოლში იწვა და ისევ გამოკვლევებზე წავიყვანეთ. მერე "კოვიდზეც" გავუკეთეთ ტესტი და აღმოჩნდა, რომ უსიმპტომო "კოვიდი" გადაუტანია. ჩვენც ეს ყველაფერი პოსტკოვიდურ მდგომარეობას დავაბრალეთ და იაშვილის კლინიკაში მივიყვანეთ, სადაც ბავშვები "კოვიდის" შემდგომ რეაბილიტაციას გადიან. საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარეს. ნეიროქირურგ ედიშერ მაღალაშვილის რჩევით, ე.წ. კატესთან ერთად, "ემ-ერ-ტეც" გადაუღეს და დათესვის შემდეგ მივხვდით, რომ ყველაფერი თავის ტვინის ბრალი იყო. გვითხრეს, რომ სერიოზული მკურნალობა დასჭირდებოდა, რადგან მისი ასაკისთვის შეუფერებელი დიაგნოზი ჰქონდა - თავის ტვინის სიმსივნე, რომელიც ბავშვებში ასიდან ერთ შემთხვევაში აქვთ. სიმსივნე უკვე მესამე-მეოთხე სტადიაში იყო და სწრაფად პროგრესირებდა. სიტყვით ვერ გადმოვცემთ, რა გამოიარა ჩვენმა ოჯახმა...
- ამის შემდეგ მისი მკურნალობა როგორ წარიმართა?
- ნიკუშას სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნეს, რომელიც პირველ აპრილს გაკეთდა. სიმსივნური წარმონაქმნი ძალიან რთულ ადგილას ჰქონდა, მაგრამ ოპერაცია ფანტასტიკურად ჩატარდა და ნეიროქირურგმა შეძლო, ის ადგილი მთლიანად გაეწმინდა. სიმსივნე მოაშორეს და როგორც ოპერაცია, ასევე შემდგომი მკურნალობა კარგად ჩატარდა - მთელი ზაფხული სხივურ და ქიმიოთერაპიას დასჭირდა, მაგრამ ოპერაციიდან 5 თვეში აღმოჩნდა, რომ სიმსივნე კიდევ განვითარდა და გაიზარდა. ამის შემდეგ გვირჩიეს, ბავშვი თურქეთში წაგვეყვანა და ნიკუშა ახლა სტამბოლშია დედ-მამასთან ერთად.
- თურქეთში წაყვანა რატომ გირჩიეს?
- საქმე ის არის, რომ მედიკამენტი, რომელიც ნიკას თურქეთში უნდა გაუკეთონ, საქართველოში არ არის, ამ მეთოდით მკურნალობა ჩვენთან ჯერჯერობით არაა დანერგილი. თანაც, ბავშვს იმ დონის სხივური თერაპია ჩაუტარდა, რომ მისთვის სხივები უკვე აღარ შეიძლება. ასე დაიგეგმა უცხო ქვეყანაში მისი წაყვანა. ნიკუშას ახლა სტამბოლში, ამერიკის ჰოსპიტალში მკურნალობენ. იქ მას ყველანაირი კვლევა თავიდან ჩაუტარეს და კონსილიუმმა გადაუდებელი ქიმიოთერაპია დაუნიშნა. ოპერაცია ჯერჯერობით არ შეიძლება, ამიტომ ქიმიოთერაპიის 12 პროცედურა უნდა ჩაუტარონ - კვირაში ერთი პროცედურა აუცილებელია და ბავშვი 3 თვის განმავლობაში იქ უნდა დარჩეს. მკურნალობა 70 ათასი დოლარი ჯდება. ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ და ახლა ვეძებთ გზას, რომ ეს თანხა შევაგროვოთ, ბინაც ბანკში გვაქვს ჩადებული, მაგრამ ეს ფული 4 პროცედურის თანხასაც ვერ ფარავს. ამავდროულად, განცხადება შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში, თბილისის მერიაშიც უნდა მივიტანოთ, სადაც სპეციალური ფონდი ყოფილა ასეთი ბავშვებისთვის. გული მტკივა, როცა ვფიქრობ, რომ სრული თანხა არა გვაქვს და ჩემი პატარა ძმა ამხელა განსაცდელშია!
დედაჩემი მასწავლებელია და სტამბოლიდან დისტანციურად მუშაობს, გაკვეთილებს ატარებს, მაგრამ მარტო ხელფასით ამხელა თანხას ვინ შესწვდება?! ახლა მხოლოდ სასწაულის იმედი გვაქვს... ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენი თხოვნა საზოგადოების მიმართ ტელევიზიითაც გამოცხადდა, სოციალურ ქსელშიც აზიარებენ და იმედია, ნიკუშას მკურნალობის თანხას როგორმე შევაგროვებთ. იქნებ ჩემი ძმა თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, რაც ყველაზე მეტად ენატრება.
- თავად ნიკა როგორ გრძნობს თავს?
- რაღაც პერიოდები გვაქვს, როცა ძალიან უჭირს. მაგალითად: როცა სხივური თერაპია დაასრულა, ძალიან სუსტად იყო, მაგრამ საოცრად პოზიტიურია: როცა ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს, ჯერ კიდევ 11 წლის იყო, მაგრამ ერთხელაც არ დაუწუწუნია. ამ 6 თვის განმავლობაში სულ ელოდება, რომ გამოჯანმრთელდება, კარგად იქნება და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება. ჩემი ძმა ლამის ტაძარში გაიზარდა, წირვა-ლოცვაზე ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა და ეზიარებოდა. ზოგჯერ ვფიქრობ, მხნეობა სწორედ რწმენის დახმარებით შეინარჩუნა. ძალიან ძლიერი აღმოჩნდა - არც კი მეგონა, თუ ასეთი იყო! მოკლედ, მაგარი ძმა მყავს და მეამაყება, როცა ვხედავ: მისი კლასელები, ფეხბურთის თუ სკოლის მეგობრები - ყველა მის მკურნალობაშია ჩართული, ყველა მასზე ზრუნავს და ფიქრობს!
- ხომ არ იცით, რას ნატრობს ახლა, გამოჯანმრთელებასთან ერთად?
- მისი ოცნებაა, ახალ წელს საქართველოში, თავის სახლში შეხვდეს და იმედი გვაქვს, რომ ეს ოცნება აუსრულდება - ახალ წელს ისევ ერთად შევხვდებით. ბოლოს, მადლობა უნდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ამ განსაცდელში ჩვენ გვერდით დგას, ვინც გვამხნევებს, გვეხმარება და გვაგრძნობინებს, რომ მარტონი არა ვართ, ვისაც ჩვენი ნაბოლარას მკურნალობაში თავისი წვლილი შეაქვს.
P.S. ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ მკითხველსაც უნდა ვთხოვოთ: დაეხმარეთ ოჯახს, რომელსაც არანაირი ფინანსური რესურსი აღარ დარჩა ბავშვის სამკურნალოდ! დღეს ამ ოჯახისთვის 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია.
ანგარიში:
GE48TB7515236010300012 -
TBC ბანკი,
მიმღები - ნათია ნანავა (დედა)
საქართველოს ბანკი,
GE56BG0000000525225993
მიმღები - ნიკოლოზ აბრამიშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე