ქართული აბრეშუმის მაესტრო - გზაპრესი

ქართული აბრეშუმის მაესტრო

ეს იმიტომ, რომ შემოდგომაზე, როცა სიმწვანე რბილი ფაჩუჩებით მიიპარება სამყაროდან, საზამთრო მოსვენებისთვის ემზადება დედამიწა. მახსოვს, ბავშვობისას როგორ ვბრაზობდი ხოლმე ამ "გაუმაძღარ ჭიებზე", რომელთა მადას ეწირებოდა დასამწიფებლად გამზადებული თუთისნაყოფიანი შხოლარები. ტკვარცალით მოსიარულე მეაბრეშუმე დედაკაცებს, ნამდვილად არ ვიცოდი, რატომ არ ეზარებოდათ ვეება ტომრების ავსება ფოთლებით. თხმელის ფოთოლი აჭამეთ-მეთქი, გამწარებული ბალღის მოძახილით დავყვირე ერთხელაც, როცა უკანასკნელი ტოტი მოაჭრეს ჩვენს ბჟოლას, მაგრამ არც ჩემი შეუსმენია ვინმეს, არც თხმელის მწარე ფოთლით გამოუკვებავთ აბრეშუმის ჭიები...

242864832-649529756028682-5078537117032365902-n-copy-1634647256.jpg

სიღნაღის მახლობლად ორი სოფელია, მაღარო და ილიაწმინდა. სწორი გითხრათ, დიდად ვერ ვარკვევ, პირველი ან მეორე სად იწყება ან მთავრდება. რთველში გაწეული შრომის "საკომპენსაციოდ" მეგობარმა ქალბატონი ლამარა ბეჟაშვილის გაცნობა შემომთავაზა. ქუჩიდან ქუჩაზე გადავედით, მივიკითხეთ, მოვიკითხეთ და გვითხრეს, ლამარა კანტორის შენობაში იქნებაო. კულტურის სახლად გადაკეთებულ კანტორის ეზოსთან ჩემი მომავალი რესპონდენტი განაწყენებული იდგა.

ეს კოლმეურნეობის შენობაა, 1997 წელს გამგეობის გადაწყვეტილებით გადმოეცა კულტურის სახლს, რომლის დირექტორიც მე ვარ, უთვალავი ადამიანი ჩამოყალიბდა პიროვნებად ამ სახლში, ყველა მიყვარს და მახსოვს. დღეს ამ შენობის ანგრევს მთავრობა. 400 ათასი ლარის ხარჯით სპორტკომპლექსს აშენებენ მის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, ვერ დავარწმუნე ხელისუფალნი, შენობა არ დაენგრიათ. ეზოში იმხელა ადგილია, თავისუფლად აშენდება სხვა ნაგებობა. ვითხოვდი შენობა მეაბრეშუმეობის აღსადგენად გადმოეცათ. აქამდე თუ 9 ქალი მყავდა დასაქმებული, ბაზა რომ გვექნებოდა, 50-ს და მეტსაც დავასაქმებდი. არადა, ჩემთან სტუმრობისას პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორს, დეპუტატს დაავალა, მეაბრეშუმეობის განვითარების საქმეში ძალა არ დაეზოგათ და დახმარებოდნენ. დავიჯერო, მარტო მე მტკივა ქვეყანა? წუხელ ვიჯექი შენობის ფოიეში და ცრემლები ღვარად მდიოდა... ჩემო შემონახულო და ჩემი ნახევარი წლის ხელფასით აღდგენილო კულტურის სახლო, ვერ ვივარგე შენს დამცველადო, - ჯერ მე და მერე სახურავგადახდილ შენობას ასე მოგვმართა ქალბატონმა ლამარამ.

იქ რაღად უნდა გავჩერებულიყავით?! წავედით ლამარასთან. ჭიშკრის გაღებისთანავე, კახეთის შემოდგომის პირობაზე ბევრად მწვანე ეზო გამოჩნდა. პირველივე ნაბიჯზე ფეხქვეშ დაკროლილი კაკლის ნაჭუჭმა გაიტკაცუნა. მარგალიტის მძივის გაწყვეტისას რომ დაიბნევა თვლები, ისე ეყარა ნაყოფი. აქაურობის გაყიდვისა და გადაკარგვის სურვილი მაქვსო, - მასპინძლის ხმაში ტრაგედია გაისმა, მერე სახლის კარი მაინც გახსნა და მოიბოდიშა, მცოდნოდა, მოდიოდით, შევემზადებოდიო (ამ სიტყვების ტონალობამ "გაყიდა" ლამარა: არსად წამსვლელი არაა და არც აბრეშუმს გაანებებს თავს!). კედელზე აბრეშუმზე დატანილი რუსთაველის პორტრეტია, იქვეა ჯარა და ათასი რამ, რაც მეაბრეშუმეს აქვს მხოლოდ. წელმოწყვეტილივით დავეშვი დივანზე. მასპინძელმა მორიდებით მთხოვა, ბებოს ნამზითევ ხალიჩას 150 წლის ისტორია აქვსო და გამარიდა.

ქართველ და არაქართველს, ბევრს უკითხავს, ბევრმაც ჩაწერა ლამარა აბრეშუმის შესახებ. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, თუმცა, ამ სტატიაში მაინც ნახავთ სხვაობას: ლამარასეული ყველა გულწრფელი წინადადების გამოქვეყნება ვცადე...

242804042-1211934492642118-8334287606476259762-n-copy-1634647283.jpg

"უფლის საჩუქარი, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარია ქართული აბრეშუმხვევია, ოდითგან გამორჩეული ლიდერი მსოფლიო ბაზარზე თავისი სინაზითა და ბრწყინვალებით. ის კურნავს სისხლიდან მომდინარე 38 დაავადებას, არის ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, ანტირადიაციული, შეიცავს 18-მდე ამინომჟავას, მიკრო და მაკროელემენტებს, ცილებს, დედის რძესთან გაიგივებულ ქიტინს, რომლებიც ბავშვებისთვის შეუცვლელი პროდუქტია. აბრეშუმხვევია იკვებება თუთის ფოთლით, თუთის ხე კი საოცრებაა ფოთლიან-ნაყოფიანად. მხოლოდ საქართველოში გვხვდება უნიკალური თუთის ხეები, რომლის ფოთლიდანაც რძე გადმოდინდება. ჩვენი წინაპრები დანაყილ ფოთოლს ძაღლის ნაკბენზე იდებდნენ, ამით ასაცრელი შრატის ჩანაცვლება ხდებოდა. უფლის წყალობით და კეთილი ადამიანების თანადგომით ვინარჩუნებთ აბრეშუმხვევიას და მისგან ვიღებთ შემდეგ სამკურნალო და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებს: აბრეშუმის წყალს (უალკოჰოლო სადეზინფექციო სითხე), აბრეშუმის ჭუპრის ზეთს, აბრეშუმის ქსოვილს, აბრეშუმით დავარგებულ ღვინოს, ჩლიქოსნების, ფრინველების, თევზების საკვებს, ბიოსასუქს, თუთის ფოთლის ჩაის, ცილებს, აბრეშუმის ბამბას, სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ მალამოს, სამედიცინო ძაფს. ყველა ეს პროდუქტი უნიკალური და შეუცვლელია, მათი მიღება შეიძლება, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მოხმარებისთვის. ამ საოცრებას გადარჩენა, შენარჩუნება და განვითარება სჭირდება ჩვენთვის და მომავლისთვის".

კომუნისტების დროს საქართველოს ყველა საბჭოურ აგროგაერთიანებას ევალებოდა აბრეშუმის მოყვანა. პოსტსაბჭოური პერიოდიდან აბრეშუმის უზარმაზარი კომბინატებისგან, პარკის მიმღები პუნქტებისგან აღარაფერი დარჩა. შენობები დაინგრა, დაზგა-დანადგარები ჯართად გაიყიდა და ამით ქართული აბრეშუმის ისტორიაც უნდა დასრულებულიყო, რომ არა ერთეული ადამიანების თავდადება, შენარჩუნებულიყო ეს უძველესი დარგი...

5 წლის ასაკიდან ლამარა ოლღა ბებოს ეხმარებოდა. რომ არა კიკონიშვილის ქალის აკადემიურობა, დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი, დღეს ერთით ნაკლები გულშემატკივარი ეყოლებოდა აბრეშუმს.

- ბებო უნიკალური ცოდნის მქონე იყო. 1897 წელს იყო დაბადებული და თითქმის ას წელს იცოცხლა. დილას, როცა ავდგებოდი, აბრეშუმხვევიას პირველი კვება დასრულებული ჰქონდა. უხარისხო პარკისგან, რომელიც ოჯახში გვრჩებოდა, გვიქსოვდა თითქმის ყველაფერს. ტანსაცმელი მთლიანად აბრეშუმისა მქონდა... თავის ტკივილიც კი არ იცოდა, რა იყო. უკიდურესად უყვარდა წესრიგი. სუფრასთანაც წესების დაცვას მოითხოვდა - მაგიდას მაჯებამდე შეხება იყო მხოლოდ დასაშვები... ბაკურციხიდან პაპას გაკულაკების მერე მაღაროში გადმოსახლდა, შვილები წამოიყვანა და გაზარდა. ორივე ვაჟი ადრე გარდაეცვალა. ერთი 38 წლის ასაკში დაიღუპა, მეორე - ჯარში ყოფნის დროს დაინვალიდდა. მდინარეში გადავარდნილი ჯარისკაცი გაყინულ წყალში ეძება რამდენიმე საათი, მოყინული ფეხები მოჰკვეთეს და ამის გამო ეტლითღა გადაადგილდებოდა მხოლოდ. ბიძაჩემი იყო კაცი, რომელიც მაღაროში ცნობილი ფალავანიც გახლდათ, სახალხო მთქმელიც და მუსიკოსიც. თავიდან ინვალიდთა სახლში ცხოვრობდა, მერე ქუთაისში ბინა მისცეს. დედა როცა გათხოვდა, ბებო ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად.

ერთხელ მითხრა, სეტყვა როცა წამოვა, სარკე აიღე, მოძებნე ღრუბლებში მზე და მისი მიმართულებით დაიჭირეო. ასეც ვაკეთებდი. ვსველდებოდი, მაგრამ ორიოდე წუთში სეტყვა სუსტდება და მერე წვიმად მოდის. მართალია, ვსველდებოდი, მაგრამ ეს არაფერი... 1890-იან წლებში დაბადებულები ასეთ ცოდნას ფლობდნენ. ერთხელაც, ლეღვს ესხა ჯერ ისევ, მწიფდა პომიდორი და საოცრად თბილოდა. ღორი ფესვებს თხრიდა და აგროვებდა. ბებომ თქვა, ამაღამ მოთოვსო. გამეცინა, წარმოუდგენელი იყო, ამნაირ ამინდს თოვა მოჰყოლოდა... დილით, გამოღვიძებულს 15 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი დამხვდა! რჩევებსაც საოცარს მაძლევდა: მეგობრის ასარჩევად სამი კვერცხი მოხარშე და განაწილება დაავალეო. თუ ორი მოგაწოდა, იცოდე, პირმოთნე იქნებაო, თუ ორი თავად დაიტოვა - მაშინ ხარბიო, თუ თითო-თითო გადაანაწილა, მერე ერთიც შუაზე გაყო, ეგეთი ცხოვრების ბოლომდე გესაგზლებაო. დიდ ხუთშაბათს ხეებს დააშინებდა, ბოსტნეულისადმიც თავისებური მიდგომა ჰქონდა, წვიმის ჩიტის მოსმენაც მასწავლა, ნახევარი საათით ადრე გვატყობინებს ეს ჩიტი წვიმის დაწყებას.

ძველი ქართული ცოდნა აბრეშუმხვევიას შესახებ უნიკალურია. ჭუპრის ზეთის, მონასტრული წესით აბრეშუმით დავარგებული ღვინის ტექნოლოგიას მხოლოდ იმ ადამიანს ვასწავლი, ვისაც ძალიან ეყვარება ეს საქმე. დის შვილიშვილები არიან დაინტერესებულები. პატარა ლაზარე ერთხელ შეუძლოდ იყო, მაგრამ მაინც დამეხმარა. სიყვარული თუ პატარაობიდანვე ჩაენერგა ბავშვებს, მერე აბრეშუმხვევიისადმი ეს გრძნობა აღარ ნელდება. ჩემთან ავსტრალიიდანაც კი ჩამოსულან ქალბატონები, "ბიბისიმაც" გადაიღო ფილმი ჩემზე, "იმედის გმირიც" ვიყავი. თურმე "გმირებს" მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ათასი ლარით აჯილდოებდნენ, ჩვენს მუნიციპალიტეტს კი ეს თანხა არ აღმოაჩნდა და ისიც თქვეს, რომ ამ საქმის კეთებაში ვაძლევთ ხელფასსო... 98 ლარს!

მერმა ადრე ჩინელებიც მოიყვანა, მაგრამ ქმედითი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა თვითმმართველობისგან. ეს შენობა, რომელიც ახლა ინგრევა, შეიძლებოდა ქართულ აბრეშუმს მოხმარებოდა. მსურველთა ნაკადებს ვერ ვიტევდი სახლში და რომ არ დანგრეულიყო ეს შენობა, რა მოხდებოდა? ერთი კვირაა, ვითხოვ მხარდაჭერას, არ დანგრეულიყო კულტურის სახლი - შენობა მუზეუმი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც აბრეშუმისა და ამ სოფლის პოპულარიზაციის საქმეში მხარს დამიჭერდა. მორალურად გავნადგურდი... ეს ხალიჩა, რომელიც 150 წლისაა, სრულიად ბუნებრივი საღებავებითაა შეღებილი და ხედავთ, ფერი ხასხასაა. ენდრო, ქრისტესისხლა ან ღოლოს ძირი, მთის ქვა არის ამ ფერების მომცემი. ერთადერთი ვარ, ვინც აბრეშუმის ყველა სტადიას ხალხური წესებით ვაწარმოებ. თითისტარი, ჯარა, ხელით ქსოვა - ყველაფერი ძველებურია. ჭიის კვერცხით მზადდება პროტეინით გამდიდრებული უშვილობის წამალი, ჭიისგან ნაჭამი თუთის ფოთლის ჩაი უდიდეს ენერგეტიკულ წყაროს წარმოადგენს... ამერიკელი პროფესორი ჯენ ბერვინი მეუბნებოდა, რომ მასაჩუსეტის უნივერსიტეტში მიმდინარეობს კვლევები, რომელიც აბრეშუმხვევიას სამკურნალო თვისებებს შეეხება. დღიურად ერთი პარკის მიღებაც კი ცვლის ადამიანის საერთო მდგომარეობას. აბრეშუმხვევიას ყველა პროდუქტი, ისევე როგორც ფუტკრის, სამკურნალოა. განსხვავება ისაა, რომ ფუტკარი ინესტრება, სხვადასხვა ოჯახები ესხმიან ერთმანეთს, ასობით აბრეშუმხვევია კი, ერთ ფოთოლსაც რომ შეექცევიან, არასდროს "ჩხუბობენ"; როგორაც უნდა გააღიზიანოთ, მხოლოდ თავებს აქნევენ, რა დაგიშავეთ, რად გვაწუხებთო... ბევრი რამე გვაქვს სასწავლი ამ ღვთის საჩუქრისაგან. ქართული აბრეშუმის უნიკალურობა აქაური კლიმატისა და თუთის დამსახურებაა. ჩვენი თუთის ფოთოლს რძე გადმოსდის, უზბეკებმა მთხოვეს, ქართული თუთის კალმებს წავიღებო.

თურქეთმა სამი წიგნი დამიკვეთა, მაგრამ უარი განვაცხადე გასაგები მიზეზის გამო. ინდოეთიდანაც შემომეხმიანენ და უცნაურია, რომ საქართველოში ინტერესი ძალიან დაბალია. ჩემთან იყო მოსული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივ ხელისუფლებას მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მაგრამ კი ხედავთ, ძველი შენობაც არ გამოიმეტეს ამ საქმისთვის და დაანგრიეს!

პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეში ხელი გამომიწოდა, ამერიკელი ჯონ უერდემანი, სულისკვეთებით ქართველია ეს ადამიანი ჩემთვის. მან სახლი არ გამაყიდვინა და ფინანსური რესურსები მოიძია, რითაც დავიწყე აბრეშუმის წარმოება ცხრა ქალთან ერთად, "სტრატეგიული კვლევების ცენტრი", "ქალები საქართველოსთვის", "ელკანა" დამეხმარნენ. ყველას ვეუბნები ამ ინფორმაციას, რომ მათი დახმარებით მოვედი აქამდე! ყველა ჟურნალისტს ვეუბნები, რომ მათზე ჩემი სამადლობელი გამოაქვეყნონ და რატომღაც არავინ ახსენებს ქართული აბრეშუმის მხარდამჭერებს...

სახლში, სადაც აბრეშუმის ქსოვილია, რადიაცია ნულდება. ჩემთან ცხოვრობდა იაპონელი მწერალი და ჟურნალისტი კურაშიტა, რომელმაც ტელეფონის შალითა შემიკვეთა, რათა ტელეფონის გამოსხივება შემცირებულიყო. ადრე ცხვრებს ვკვებავდი ექსკრემენტებით. არასდროს ვყიდულობდი თივას, 19 გრამმა ჭიამ უნდა შეჭამოს 1200 კილოგრამი თუთის ფოთოლი, ამიტომ ექსკრემენტებიც დიდი რაოდენობით რჩება. ეს იმდენად ძვირფასი საკვებია ცხოველებისთვის, რომ ნედლ ბალახსაც კი ამჯობინებენ. ჩემი ცხვრები გამორჩეული იყვნენ წონით, მატყლის ხარისხით. ასევე, ამ პროდუქტით შეიძლება გამოიკვებოს ფრინველი, თევზი. საუცხოო სასუქია მცენარეებისთვის. მისგან ადრე ამზადებდნენ ბალიშებსა და ლეიბებს ავადმყოფებისათვის.

ნედლეულის სიმცირის გამო გვეზრდება პროდუქტების თვითღირებულება. საპნისა და მალამოების წარმოების ხაზიც გვაქვს. სამკურნალო მიმართულებით საუცხოო შედეგები გვაქვს, თუმცა...

P.S. საუბრის ბოლოს თითისტრითა და ჯარით მოვსინჯე ყაჭის ჩამორთვა, ჯარა ფრიად გამიჭირდა, თითისტარით რთვა - ნაკლებად. ფარო (ფთილა) არ ესაჭიროება აბრეშუმის რთვას, მატყლისგან განსხვავებით. ვიხალისეთ ჩემი ფეიქრობის მცდელობისას. არასტანდარტული რამდენიმე მეტრი ძაფი დავართე და ამით ამოიწურა ჩემი მსუბუქი მრეწველობაში ჩართვა. თურმე აბრეშუმს ჩრჩილიც არ ეტანება, მხოლოდ თაგვი ემტერებაო, ლამარამ... არ უთქვამს, მაგრამ ადამიანებიც ვემტერებით გაუაზრებლად, უსულგულობით ღვთის დიდ საჩუქარს. გამომშვიდობებისას ერთი მოქალაქის პოზიციიდან კი ვუთხარი აბრეშუმის ქსოვილივით ნაზ ქალბატონს მადლობა მასპინძლობისა და მეაბრეშუმეობის თავდადებისთვის, მაგრამ რამდენად ჰყოფნის მადლობა დიდი საქმეების ერთგულებას?!

როლანდ ხოჯანაშვილი