რით მოიხიბლა მე-10 კლასელი ბიჭი არქეოლოგიურ გათხრებზე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გონელი არახამია წლებია იკვლევს სხვადასხვა თემას: ისტორიული წყაროთმცოდნეობის საკითხები, ქართული დიპლომატიკა, ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები... ბოლო ხანს გამოვიდა ახალი "ქართლის ცხოვრების" ვახტანგისეული რედაქციის სამტომეული. ტექსტი გამოსაცემად მან მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო. ამჟამად მუშაობს საკითხზე - "მოქცევაი ქართლისაი - ისტორიული ქრონიკის არქიტიპის აღდგენა". ბატონი გონელის ინტერვიუდან გაიგებთ, სოფელ ინგირში აღმოჩენილი წარწერიანი ქვის შესახებ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე რა სახის მასალა შევიდა ენციკლოპედიაში და სხვა საინტერესო ამბებს.
- თქვენი მშობლიური სოფლის, ინგირის (ზუგდიდის რაიონი) ისტორიიდან რომელიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გაგვაცანით.
- სოფელი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, საშუალო სკოლა დავამთავრე და მამაპაპეული სახლ-კარი მაქვს, არ გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით. თუმცა, რაც შემოგვრჩა, მნიშვნელოვანია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ინგირის ტერიტორიაზე ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდა, რომელიც ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა გავწმინდეთ და გავასუფთავეთ, მაშინ იქ ვმუშაობდი. ნანგრევებში მოყოლილ ჩუქურთმიან ქვებს შორის აღმოჩნდა წარწერიანი ქვა, სადაც იხსენიება ეწერის წმინდა გიორგის ეკლესია. ე.ი. ამ ადგილს ადრე ეწერი ერქვა. იქვე, იმ წარწერაზე აღნიშნულია საინტერესო გვარი - ხუროთმოძღვარი ბირთველისი. თარიღი არაა მითითებული, მაგრამ ზოგი ასო ნუსხურია, ზოგი - ასომთავრული. წარწერის პალეოგრაფიულმა შესწავლამ საფუძველი მოგვცა, რომ ის დაგვეთარიღებინა X-XI საუკუნეებით. ასეთი მთავრულ-ნუსხურის შერევით წარწერები იშვიათია და მათ რიცხვს, ისტორიული გეოგრაფიის, ტოპონიმიკის თვალსაზრისით ძალიან საყურადღებო და კიდევ ერთი, ახალი მასალა შემატა სოფელმა ინგირმა.
- ბავშვობის დროინდელი მოგონებებიდან გაიხსენეთ ადამიანები, ვინც კვალი დატოვა თქვენზე?
- როგორც ყველა სოფელს, ინგირსაც ჰყავდა გამორჩეული პიროვნებები და ოჯახები, რომლებიც თემის საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ისინი არ იყვნენ არც სახელმწიფო მოხელეები, არც თანამდებობის პირები. გამოირჩეოდნენ განათლებით და მდიდარი ბიბლიოთეკებით, რომელთა სარგებლობის საშუალებას უშურველად აძლევდნენ მსურველებს, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობას. კლასგარეშე მასალას რომ გავცნობოდით, სკოლისა და სოფლის ბიბლიოთეკებიც მზად იყო, მაგრამ ის ოჯახებიც გარკვეულ როლს ასრულებდნენ ჩვენთვის საინტერესო ლიტერატურით უზრუნველსაყოფად. ჩემს მეხსიერებას შემორჩნენ და კეთილი კვალი დატოვეს სოლომონ გვასალიამ და აკაკი ცანავამ, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან.
- ისტორიით სკოლის ასაკიდანვე დაინტერესდით?
- მე-9 კლასამდე ყველა საგანი ერთნაირად მიყვარდა. მე-10 კლასში გადავედი და ამ დროს, ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლებმა წამიყვანეს ანაკლიის არქეოლოგიურ გათხრებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაშინ პროფესორი და დღეს აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი. დამაინტერესა გათხრის პროცესმა, არქეოლოგიურმა მასალამ. შევესწარი, როგორ ამოჰქონდათ მიწის წიაღიდან ნივთები, შემდეგ ბატონი დავითი როგორ აკეთებდა კომენტარებს... გადავწყვიტე ისტორიკოსი გავმხდარიყავი. ვიწრო სპეციალობით არქეოლოგია არ ამირჩევია, მაგრამ ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი. დღესაც არაფერს ვნანობ.
- მაშინ დავით მუსხელიშვილთან პირადად გქონდათ ურთიერთობა?
- სკოლის მოსწავლე მის მიმართ მორიდებული ვიყავი, თვითონ გამესაუბრა რამდენჯერმე. როცა უნივერსიტეტში ჩავირიცხე, სტუდენტობის დროს უკვე კარგად ვიცოდი, ვინ იყო ბატონი დავითი - საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის დარგის ხელმძღვანელი, რომლის წიგნებით სტუდენტები ვსარგებლობდით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ისტორიის ინსტიტუტში მივედი სამუშაოდ, სადაც ბატონი დავითი ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ და კონსულტაციისთვის არაერთხელ მიმიმართავს. როცა ინსტიტუტის დირექტორი გახდა, იმ პერიოდში სამსახურებრივი ურთიერთობა მქონდა. დღესაც გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ახლახან, ჩემი პატარა ბროშურა (ცრუგანგაში "ქართლის ცხოვრების" გარშემო) გამოვიდა, რომლის რედაქტორი ბატონი დავით მუსხელიშვილი ბრძანდება.
- ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას ისეთ მასალას თუ წააწყდით, რამაც სხვა კუთხით დაგანახვათ რაიმე ფაქტი?
- ასეთი მოულოდნელობები, ვინც ძველი ისტორიის საკითხებზე მუშაობს, ყველას აქვს და მეც, მათ შორის ვარ. ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როცა ვმუშაობდი ქსნის (იგივე ცხრაძმის, მაშინ ასე ერქვა) ერისთავთა მატიანეზე, როგორც ისტორიულ წყაროზე. მატიანეს ტექსტში გვხვდება თითო-ოროლა თარიღი. ასეთ ვითარებაში, მასში გადმოცემული ამბების დასათარიღებლად, მნიშვნელობა ენიჭება მატიანეში მოხსენიებული ისტორიული პიროვნებების ვინაობისა და ქრონოლოგიის დადგენას. ამავე დროს მაინტერესებდა, ამ ძეგლში დასახელებული ისტორიული პიროვნებების შესახებ პარალელურ წყაროებში რა მასალა მოიპოვება (მათ შორის, ქსნის ერისთავებზე), რომ ესენი შევაჯერო და შევამოწმო ჩემი მთავარი შესწავლის ობიექტის სანდოობა. მოულოდნელი იყო ჩემთვის, როცა ერთ-ერთ სვინაქსარში (საეკლესიო მწერლების თხზულებები), რომელსაც სამოქალაქო ისტორიასთან ნაკლები შეხება აქვს, შემთხვევით წავაწყდი მინაწერს, რომელიც "ძეგლი ერისთავთას" ერთ-ერთ ინფორმაციას (ისტორიული პირების იდენტიფიკაციას) ადასტურებდა.
- ბატონო გონელი, მრავალრიცხოვანი კვლევების გარდა, სტატია გაქვთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შესახებ. ეს ბაღი პირველად ალბათ, ბავშვობაში დაათვალიერეთ...
- ზუგდიდი ჩემი მშობლიური ქალაქია და ცხადია, ბავშვობიდან მქონდა შეხება მუზეუმთან და ბოტანიკურ ბაღთან, ასაკს ვერც აღვიდგენ ზუსტად. ნებისმიერ ზუგდიდელს სტუმარი, პირველ რიგში, იქ მიჰყავს. თავადაც, ადრეული ასაკიდან დაწყებული, სტუდენტობის დროს და მერეც, არაერთხელ წამიყვანია მეგობარი, ნაცნობი თუ უცხოელი სტუმარი მუზეუმისა და ბაღის დასათვალიერებლად.
რამდენიმე წელი ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელად ვიმუშავე, რომლის განუყოფელ ნაწილს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს. სწორედ ამან განაპირობა, რომ სტატია - ზუგდიდის დადიანების სასახლის და ბოტანიკური ბაღის შესახებ დამიკვეთა ენციკლოპედია "საქართველოს" რედაქციამ. ბაღის შექმნა და მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპი საინტერესოდ აღწერა იონა მეუნარგიამ. მუზეუმის სწავლულმა მდივანმა ილია გოგიამ, გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, სპეციალური ნაშრომი გამოაქვეყნა ბოტანიკური ბაღის ისტორიაზე. ასევე, არაერთი კატალოგი გამოაქვეყნეს ბოტანიკოსებმა სხვადასხვა დროს. ასე რომ, ეს საკითხი არაა "თეთრი ლაქა". უბრალოდ, თავი მოვუყარე ყველა იმ მასალას, რაც სამეცნიერო ლიტერატურაში დაგროვდა და ენციკლოპედიის მკითხველს სრული ინფორმაცია მივაწოდე.
- საქართველოს ისტორიიდან რომელია თქვენთვის გამორჩეული ეპიზოდი?
- ნებისმიერი ქართველისა და საქართველოს მოქალაქისთვის, ოქროს ხანა ძალიან მიმზიდველია, რომელიც მუდმივად გვამხნევებს და მომავლის იმედს გვისახავს. ამ დროის მეფეები კონკურსგარეშე არიან, მაგრამ ჩემთვის ემოციურად გამორჩეული მეფეა გიორგი VII. ის განსაკუთრებული შეუპოვრობით გამოირჩევა. არ იყო მაშინ ძალა, რომელიც თემურ ლენგს წინ აღუდგებოდა. სადაც მან გაიარა, ყველგან ნანგრევები დატოვა. გიორგი VII, ცხადია, მას გენერალურ ბრძოლას ვერ გაუმართავდა, მაგრამ პარტიზანული ბრძოლებით მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. არის აზრი, რომ გიორგი VII-ს ასეთმა შეუპოვრობამ გამოიწვია თემურ ლენგის მიერ საქართველოს ნგრევა. იმ პერიოდის მასალებს თუ სხვა კუთხითაც შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თემურ ლენგი ის დამპყრობელი იყო, რომელთანაც დიპლომატიას აზრი არ ჰქონდა, თორემ ქართველ მეფეებს დიპლომატიისა და ხმლის შენაცვლების პრობლემა არასოდეს ჰქონიათ. თემურ ლენგი მოდიოდა იმისთვის, რომ საქართველო გაენადგურებინა და გიორგი VII-ს დადანაშაულება, რომ დიპლომატია არ მოიმარჯვა და მტერს უშედეგოდ ებრძოდა, ჩემი აზრით, არასწორია. მეფეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ის უშიშრად იბრძოდა.
ფარნავაზიანების და ბაგრატიონების დინასტიები გამორჩეულები რომ არ ყოფილიყვნენ განათლებითა და მხედართმთავრობის ნიჭით, ჩვენ აქამდე ვერ მოვაღწევდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართული სამეფო კარი იყო ქართული კულტურის უპირველესი ცენტრი და მაგალითის მიმცემი - არა მარტო ტერიტორიებს, აგრესორებისგან საკუთარ კულტურასაც იცავდა. მაგალითად, ვახტანგ VI გახლდათ უზარმაზარი მოამაგე ქართული კულტურისა, მრავალმხრივ გამორჩეული მოღვაწე და თავადაც უდიდესი ერუდიტი. შაჰ აბასი იმავეს იმეორებდა, რასაც თემურ ლენგი. მას შემდეგ, რაც ქართლსა და ირანს შორის კომპრომისი შედგა, ქართლში მმართველად ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი რჩებოდა, ოღონდ გამუსლიმებული. 1633 წლიდან ქართლის პირველი მუსლიმი მეფე როსტომ ხანი გახდა. ირანში დაბადებულ-აღზრდილი როსტომი შორს იყო ქართული კულტურისგან, მაგრამ მისი მეუღლე მარიამ დადიანი, იმ დროის კვალობაზე, წარმატებით ახორციელებდა ქართული კულტურისა და ეკლესიის მფარველობას, რაშიც მეფე - გონიერი მმართველი ხელს არ უშლიდა. სამეფო კარზე ირანული ეტიკეტი გაბატონდა, შეიცვალა სამოხელეო ტერმინოლოგია, კანცელარია ირანულადაც იწარმოებოდა... ქართული კულტურის პოზიციები შეირყა ქართლის სამეფო კარზე. ვახტანგ VI, სულხან-საბას და მისი დასის მოღვაწეობა სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ ქართულ სამეფო კარს დაებრუნებინა ქართული კულტურის ცენტრისა და მეცენატის როლი, რაც ბრწყინვალედ აღასრულეს. შთამომავლობამ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს მეფეებს, მათ საქართველო XIX საუკუნის დასაწყისამდე მოიყვანეს. საქართველოს მეფეებს შორის, გიორგი VII-ს მიმართ დიდი პატივისცემა და სიმპათია გამაჩნია, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორიკოსებს ყველა მეფე თანაბრად გვიყვარს.
ნანული ზოტიკიშვილი