"სახლების უმეტესობა დანგრეულია, სად იცხოვრებენ, თავშესაფარი თუ არ ექნებათ?!" - გზაპრესი

"სახლების უმეტესობა დანგრეულია, სად იცხოვრებენ, თავშესაფარი თუ არ ექნებათ?!"

ლალხორი - მესტიის ეს სოფელი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარეების - ხალდეჭალისა და ენგურის შესართავთან, ზღვის დონიდან 1760 მეტრზე. ბოლო, 2014 წლის აღწერით, სოფელში სულ 24 ადამიანი ცხოვრობს. დიდი ხანი არ არის, რაც იქაურებს ედუარდ ხარძიანისა და სოფო გულბანის მრავალშვილიანი ოჯახიც შეემატა. ახალგაზრდა წყვილი არც უსახლკარობას შეუშინდა, არც იქაურ მკაცრ პირობებს და 5 შვილთან ერთად დაუბრუნდა სვანეთს - მამაპაპისეულ კუთხეს. უფროსი, მარიამი, 16 წლისაა, სალომე - 14-ის, მართა - 12-ის, ანა - 10-ის, გვანცა - 6-ის. ნაბოლარა, თამარი კი სწორედ მას შემდეგ შეეძინათ, რაც ლალხორში გადაბარგდნენ, ის უკვე ერთი წლისაა. თვითონაც საკმაოდ ახალგაზრდები არიან - სოფო 36 წლისაა, ედუარდი - 39-ის. ამბობენ, რომ არც ისეთი რთული ყოფილა მთაში ცხოვრება, როგორც წარმოედგინათ და თუ შრომა არ დაგეზარება, იქ, მთაში, ჯობს... როგორც სოფო ამბობს, ამ გადაწყვეტილებით კორონასაც დააღწია თავი და ყოველდღიურ პრობლემებსაც.

208867253-944779466342365-4436245442639278722-n-copy-1634821857.jpg

სოფო გულბანი:

- ძალიან რთულია მრავალშვილიანობა, მაგრამ ამაზე კარგს სხვას ვერაფერს ვერ მივცემდი ჩემს შვილებს, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. ვინც დედმამიშვილის ფასი იცის, დამეთანხმება, რომ ერთმანეთისთვის ამაზე დიდი და საიმედო ძალა არ არსებობს. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები უფრო დამოუკიდებლები არიან, ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ და ერთმანეთისგან კარგ მაგალითს იღებენ. დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა, მართალია, ბევრი სანერვიულოცაა, მაგრამ უფრო მეტი სიხარულია. დაგეგმილი არ გვქონია ამდენი შვილის ყოლა, რაღაცნაირად ასე მოხდა. ჩემი მამამთილი მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, მამაჩემის ძმას 9 შვილი ჰყავს, მე და ჩემს მეუღლეს - ორ-ორი დედმამიშვილი. ჩემი დედამთილი ხშირად ამბობდა, რომ ბევრი შვილი კარგია, ბედნიერებაა, რომ ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს... ვიღაცაზე რომ იგებდნენ, მეხუთე, მეექვსე გააჩინაო, უხაროდათ, მოსწონდათ ეს ამბავი. სულ გოგოები გვყავს. სხვათა შორის, მე უფრო მეტად მინდოდა, ბიჭი მყოლოდა, ვიდრე ჩემს მეუღლეს. მთავარია, ჯანმრთელები იყვნენ... ყველა გვეხმარება და ხელს გვიწყობს მაქსიმალურად - ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები, ნათესავები.

- მომიყევით, როგორ ცხოვრობდით თბილისში და რატომ გადაწყვიტეთ სვანეთში დაბრუნება?

- მეც და ჩემი მეუღლეც თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ. პატარები ვიყავით, როდესაც დავქორწინდით - მე 19 წლის ვიყავი, ის - 22-ის. საერთო მეგობართან გავიცანით ერთმანეთი და მალევე გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა, დავდიოდი კიდეც ცეკვის წრეზე. შემდეგ სერგო ზაქარიაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯი დავამთავრე, ქორეოგრაფიული. ანსამბლ „მამულში“ ვცეკვავდი. გათხოვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვეღარ შევძელი გაგრძელება. თბილისში ორივე ვმუშაობდით - ჩემმა მეუღლემ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მშენებლობებზე მუშაობდა. მე მზარეულად ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში, მაგრამ ძალიან მიჭირდა ამდენი ბავშვის გამო. გვიანობამდე მიწევდა იქ ყოფნა, შვილებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. სხვადასხვა წრეზე დადიოდნენ და ვერსად ვერ დავყვებოდი. ყოველდღე შიშით ველოდებოდი შინ მათ დაბრუნებას. დამხმარე კი მყავდა, როგორც გითხარით, დედამთილ-მამამთილს ვუტოვებდი, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის? ჯერ მარტო ის რად ღირს, სუფთა ჰაერზე რომ იზრდებიან და ყველაფერს ნატურალურს რომ აჭმევ ბავშვებს. თუ არ დაგეზარება შრომა, იცხოვრებ მთაში. რაც ყველაზე მთავარია, შვილებთან ხარ მთელი დღე. თბილისში უმეტესობას ძიძები უზრდიან შვილებს. იღვიძებენ და დედ-მამა არ ხვდებათ სახლში - ან საზღვარგარეთ არიან, ან - სამსახურში. სამსახურიდან დაბრუნებულებს კი დაძინებული ხვდებიან შვილები. მერე გვიკვირს, რატომ არის გაბოროტებული ახალგაზრდობა. იმ ასაკში რომ არ ხარ შვილის გვერდით, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდები, ეს ბევრ რამეს ცვლის.

გარდა ამისა, ხელფასი არაფერში გვყოფნიდა, მხოლოდ გადასახადებს ვიხდიდით. ამას დაემთხვა პანდემია და ონლაინსწავლება. ყველას უნდა ჰქონოდა ლეპტოპი ან ტელეფონი, სხვანაირად გაკვეთილებს ვერ დაესწრებოდნენ. ამ ყველაფერმა ერთად გადაგვაწყვეტინა, დავბრუნებოდით სვანეთს. ამაზე ადრეც ხშირად გვიფიქრია, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდით, - ჩემს მეუღლეს მამაპაპისეული სახლი კი აქვს, მაგრამ სულ დანგრეულია, კედლებიღაა დარჩენილი. შეიძლება ითქვას, აქ გადმობარგება მისი გადაწყვეტილება უფრო იყო, რადგან ძალიან უყვარს სვანეთი. მისმა მშობლებმა ცოტა ხანს იცხოვრეს აქ და პირობების არქონის გამო დაოჯახებიდან მალევე წავიდნენ ქალაქში. მაშინ არც გზა ყოფილა და ტრანსპორტიც ვერ ამოდიოდა აქამდე, განსაკუთრებით ზამთრობით გზა საერთოდ იკეტებოდა.

- ამჟამად სად ცხოვრობთ?

- სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემი მაზლისაა, მან იყიდა. ჯერჯერობით აქ ვართ, მართალია, არანაირი პირობები არის, არც სარეცხის მანქანა მაქვს, არც სველი წერტილი, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ ოდესმე აღვადგენთ ჩვენსას. ძროხა გვყავს, ასევე - კურდღლებიც, ღორიც. ბოსტანიც გვაქვს, მიწას ვამუშავებთ, კარტოფილი მოგვყავს და აქ ამოსულ ვაჭრებს ვუცვლით სხვადასხვა პროდუქტში. გვინდა, რომ ფუტკარიც მოვაშენოთ, სათბურის გაკეთებასაც ვფიქრობთ, აქ ხომ სიცივეა და ბოსტნეულის ზოგი სახეობა ვერ ასწრებს მოსვლას. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის.

246516738-4645453372173615-7414034644375565409-n-1634821898.jpg

- არ გეშინოდათ მოსალოდნელი სირთულეების?

- ცოტა შიში მქონდა, ამდენ ბავშვთან ერთად ასეთ მკაცრ პირობებში როგორ ვიცხოვრებდით, მაგრამ თურმე ყველაფერი შესაძლებელია... აქაურები ძალიან თბილად დამხვდნენ, თუ რამ შეეძლოთ, არაფერს იშურებდნენ.

სიმართლე გითხრათ, თავიდან ბავშვებს ძალიან გაუჭირდათ, განსაკუთრებით - უფროსებს, რომლებმაც იქ დატოვეს მეგობრები. გარდა ამისა, დადიოდნენ სხვადასხვა წრეზე, აქ კი ამას ვერ ახერხებენ. პატარებზე რა გითხრათ, ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს.

სოფელში მუდმივად სულ 8 კომლი ცხოვრობს, აქედან 2 ოჯახია მრავალშვილიანი - ერთს 5, მეორეს კი 4 შვილი ჰყავს. ძირითადად მოხუცები არიან. სკოლაში 16 ბავშვი დადის. ძალიან კარგი სკოლაა, საუკეთესო მასწავლებლებით. კლასში სულ რამდენიმე მოსწავლე ჰყავთ და, ფაქტობრივად, კერძოდ ემზადებიან ბავშვები. არ არის არანაირი წრე, ბავშვებს კი აქვთ სურვილი იარონ ცეკვაზე, სიმღერაზე, ხატვაზე. ამ წრეების გახსნით სტიმული მიეცემათ. ვფიქრობ, ცეკვის წრე გავხსნა, შევთავაზე და დამთანხმდნენ. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ გვაქვს არც მაღაზია, არც აფთიაქი, ეს ძალიან ცუდია. რაიონში ჩასვლას რამდენი საწვავი უნდა?!. თან, აუცილებლად მანქანა უნდა გყავდეს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ რომ დადიოდეს ტრანსპორტი, კარგი იქნებოდა. დაბრუნების სურვილი აქვს კიდევ ერთ ოჯახს, ჩვენს ახლობლებს, 4 შვილი ჰყავთ, მაგრამ არც მათ არ აქვთ სახლი.

სულ ვფიქრობ ხოლმე, ახალგაზრდების დაბრუნებაზე რომ საუბრობენ, როგორ უნდა მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? სახლების უმეტესობა დანგრეულია, სად იცხოვრებენ, თავშესაფარი თუ არ ექნებათ?! ეს არის ყველაფერზე მეტად დამაბრკოლებელი მათთვის, ვინც აქ დაბრუნებაზე ფიქრობს. იმედი მაქვს, ოდესმე შეივსება სოფელი.

- სოფო, უამრავი საქმე გაქვთ სოფელში, თან 6 ბავშვის მოვლა-პატრონობა არ არის იოლი საქმე. ძალიან რთულია, მათთვის ერთნაირად გაიღოთ სითბო, ერთნაირად ყურადღებიანი იყოთ თითოეულის მიმართ, ახერხებთ ამას?

- იტყვიან ხოლმე, სვანი კაცები მკაცრები არიანო, მაგრამ ის ჩემზე მეტად ეფერება ბავშვებს. ამიტომაც გიჟდებიან მამაზე და ძალიან დიდ პატივს სცემენ. ზოგჯერ ჩემს მეუღლეს კვირაობით უწევდა სამუშაოდ წასვლა და ძალიან განიცდიდნენ ბავშვები, ტიროდნენ, კედლებზე აკრავდნენ წარწერებს: „მამა, გვენატრები“. მე უფრო ვერ ვიცლი, უფროსი მეტყვის ხოლმე, დედა, რამდენი ხანია, არ მომფერებიხარ, ახლა ჩემთან დაწექი, ახლა ჩემთან, - ყოველდღე ამ ამბავში არიან, "მინაწილებენ" ხოლმე. ძნელია, ერთნაირად უწილადო ყველას სითბო და სიყვარული. რომ დაიძინებენ და მეც საქმე აღარაფერი მაქვს, მაშინ ვფიქრობ, მგონი, დღეს ამას დავაკელი სითბო, ამას არ მოვფერებივარ. რამდენჯერ გამიღვიძებია რომელიღაც და ჩავხუტებივარ, მიკითხავს, დღეს რომ ვერ მოგეფერე, ხომ არ გეწყინა-მეთქი?.. დედამ თანაბრად უნდა გაუნაწილოს შვილებს სიყვარული, მაგრამ პატარა ერთი წლისაა და იმას მეტ ყურადღებას ვაქცევთ. ის რომ არ ყოფილიყო, რა გვეშველებოდა, რამხელა სითბო და სიცოცხლე შემოიტანა სახლშიო, მეუბნებიან ხოლმე უფროსები. მეხუთესა და მეექვსეს შორის 5 წელია სხვაობა და თუ ღმერთის ნებაც იქნება, შეიძლება, კიდევ გავაჩინო.

ნინო ჯავახიშვილი