"აფგან მუხთარლის გატაცებამ სხვები გადაგვარჩინა" - გზაპრესი

"აფგან მუხთარლის გატაცებამ სხვები გადაგვარჩინა"

დაშგინ აგალარლი ოპოზიციონერი აქტივისტია, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით, თავის დროზე, საქართველოც დაატოვებინეს. ამჟამად ლტოლვილის სტატუსით ნორვეგიული თავშესაფრიდან აგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. მისი ნაამბობი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს უკანონო პროცესს, როგორ ხდება ავტორიტარული სახელმწიფოს მხრიდან უდანაშაულო ადამიანის დევნა-შევიწროება. დაშგინ აგალარლის ნორვეგიაში დავუკავშირდით.

- თავის დროზე რამ გაიძულათ, სამშობლო დაგეტოვებინათ?

- 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური აქტიურობის გამო ხელისუფლება მითვალთვალებდა. სახსარს ყოველთვის აზერბაიჯანს გარეთ ვშოულობდი - თურქეთში, უკრაინაში და სხვა. კიევში დიასპორის წარმომადგენლებს მოვუწოდებდი, არჩევნებში დემოკრატიული ძალების კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. ვთანამშრომლობდი მედიასთან, როგორც რეპორტიორი და ექსპერტი. ბაქოში დემოკრატიული არჩევნები არ სურდათ, ფორმალური კენჭისყრა ტარდებოდა. დაგვიწყეს დევნა და ჩემს წინააღმდეგაც აღძრეს საქმე - თითქოს გადასახადების გადახდაზე უარს ვამბობდი იმ დროს, როცა აზერბაიჯანში გადამხდელი არც ვყოფილვარ, იქ 1993 წლიდან არ მიმუშავია.

- არჩევნების შემდეგ ცხოვრება სად გააგრძელეთ?

- ვიცოდი, დამაპატიმრებდნენ, პროვოკაციას მომიწყობდნენ. კიევში აზერბაიჯანიდან წერილი ჰქონდათ გაგზავნილი ჩემი გადაცემის მოთხოვნით. 2013 წლის ივლისის შემდეგ გადავედი თურქეთში, საიდანაც ასევე ითხოვდნენ გადაცემას (ალიევის ოჯახური დინასტიის კრიტიკის გამო). თურქებმა მომთხოვეს, ქვეყანა დამეტოვებინა. იძულებით საქართველოში გადმოვედი. ბათუმის მხარეს მესაზღვრეებმა დამაკავეს.

- რა გითხრეს?

- აზერბაიჯანთან დამნაშავეების გადაცემაზე ხელშეკრულება გვაქვს, იძულებული ვართ, დაგაპატიმროთო. სამი დღე ბათუმში ვიყავი დაკავებული, შემდეგ სასამართლოში წამიყვანეს, სამთვიანი პატიმრობა მომისაჯეს. ჯერ ქუთაისის, შემდეგ თბილისის ციხეში ვიჯექი. რასაკვირველია, თავშესაფრის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მივმართე. დროის გადაწევა მჭირდებოდა, რათა ახლობლებს მოვეძებნე, ვერავინ მპოულობდა. მეგობრების მიერ ქუთაისში დაქირავებული ადვოკატი ჩემთან არ მოვიდა. შემდეგ გავიგეთ, ქუთაისში აზერბაიჯანის საელჩოსთვის შინაური კაცი ყოფილა. ყველა მოატყუა, რომ ჩემთან იყო შემოსული. ჩემი ძმისა და მეგობრებისგან 5 ათასი ლარი აიღო. თანასაკნელის საშუალებით თბილისში ადვოკატი მოვძებნე. ამ დროისთვის მეგობრებმა, უფლებადამცველებმა ჩემი ადგილსამყოფელი დაადგინეს; "ადამიანის უფლებათა სახლიდან" (თბილისი) ადვოკატი თამარ ავალიანი გამომიყვეს. პატიმრობა კიდევ სამი თვით გამიგრძელდა. ადვოკატებმა დოკუმენტები შეაგროვეს და დაამტკიცეს, რომ არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური საქმეა. 29 აგვისტოს სასამართლომ ხელწერილით გამათავისუფლა.

- თბილისში ცხოვრობდით?

- დიახ, "ადამიანის უფლებათა სახლის" ადვოკატები მიცავდნენ, ცალკეც მყავდა, მაგრამ საქართველო პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს მეუბნებოდა. დევნილების სამინისტრომ მომწერა, თქვენს საქმეს პოლიტიკურად ვაღიარებთ, ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების მიზნით, არ შეგვიძლია ლტოლვილის სტატუსის მონიჭებაო. 23 ივნისს (უკვე 2016 წელს) თბილისის სასამართლომ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და ლტოლვილის სტატუსი მომანიჭა. დევნილთა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 21 მარტს სააპელაციომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და სტატუსი მომეხსნა. მითხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ხელზე მიღების შემდეგ ქვეყანაში ცხოვრება მაქსიმუმ, ერთი თვით შემეძლო, მაგრამ პასპორტი არ დაუბრუნებიათ. შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა დამირეკა, - გთხოვთ შევხვდეთ, მაგრამ - არა ოფისშიო. ღიად მეუბნებოდა, რომ შეიძლებოდა ხელი შეეწყო ჩემი შეხვედრისთვის მის კოლეგებთან აზერბაიჯანიდან, ანუ იქაურ უშიშროების მუშაკებთან, - ისევ თქვენი უსაფრთხოების მიზნითო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მაშინვე ადვოკატს, თამარ ავალიანს, ასევე - საქართველოში გაეროს დევნილთა კომისარიატს მივმართე. მირჩიეს, უშიშროების წარმომადგენლებს მხოლოდ ოფისში, ადვოკატების თანდასწრებით შევხვედროდი.

ერთ თვეში ჩვენი მეგობარი, აზერბაიჯანელი დიასპორის წარმომადგენელი აფგან მუხთარლი გაიტაცეს. მეორე დილით პოლიციას მივმართეთ, პრესკონფერენცია მოვაწყვეთ. პრესკონფერენციის შემდეგ ისევ დამაპატიმრეს. აფგანის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და სხვა მეგობრები იქ მოვიდნენ, ასევე - ქართველი და უცხოელი უფლებადამცველები. დიპლომატიური კორპუსიც ჩაერია. დაახლოებით სამ საათში ბოდიში მომიხადეს, გამათავისუფლეს. ლეილა მუსტაფაევასთან ერთად შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზეც ვიყავით; ბოდიში მოგვიხადა, შეცდომა იყო დაშვებულიო. ვუთხარი, შეცდომა არ ყოფილა, რადგან ჩემს პასპორტს არ მაძლევთ-მეთქი. საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა სულ ერთი თვე მქონდა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელზე 8 მაისს მომცეს, ანუ - 8 ივნისს ეს ვადა სრულდება და აზერბაიჯანში დეპორტირებას გამიკეთებთ უკვე კანონიერად, ამას ექსტრადირების სახელით მოახდენთ-მეთქი...

საქართველოში ჩვენს დასაცავად პრაქტიკულად, ყველა ფეხზე დადგა: პიკეტები მოეწყო პარლამენტის, მთავრობის სახლის, უსაფრთხოების სამსახურის წინ. ყოველდღე ვიმეორებდით, რომ აფგან მუხთარლი თბილისიდან აბსოლუტურად უკანონოდ და ძალადობრივად გაიტაცეს. 8 ივნისს დამირეკეს პროკურატურიდან, ადვოკატთან ერთად მივედით და პასპორტი დამიბრუნეს. საქართველო მაინც არ დავტოვე, რადგან აფგანის ოჯახი იქ იყო, ჩვენი მეგობრები საფრთხეში იყვნენ. დავრჩი და აფგანის გატაცებას ვასაჩივრებდით. ლეილას ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად მაშინდელ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც შევხვდით. 11 ოქტომბერს ლეილამ, ბოლოს და ბოლოს, თბილისი დატოვა და ძველი კოლექტივიდან მარტო დავრჩი. 2018 წლის 23 იანვარს ვიზა მეც მივიღე, შვილის გამო ისევ დავრჩი - შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა. დიპლომატიური კორპუსიდან გარანტიები მომცეს, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. საქართველოს ხელისუფალნი ქვეყნის დატოვებას მთხოვდნენ, რადგან ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციისთვის პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ. 24 მარტს საქართველო დავტოვე. დევნილის სტატუსის მიღების შემდეგ, მოკლე ვიზიტით გერმანიაში ჩავედი აფგანის ოჯახის მოსანახულებლად. შარშან, 6 იანვარს, დაბრუნებისას, პოლონეთში დამაპატიმრეს. მითხრეს, რომ ეს იყო აზერბაიჯანის მოთხოვნა. ნორვეგიის ხელისუფლება ჩაერია, ყველა შესაბამისი დოკუმენტი გამოგზავნა, რომ იქ დევნილი ვარ და უნდა დავბრუნდე. მიუხედავად ამისა, პოლონეთში 12 თვე დავყავი, კორონავირუსის გამო სასამართლო სხდომა შეფერხდა. ამ ხნის განმავლობაში პოლონეთში ჩარჩენილმა ინფარქტი გადავიტანე, სტენტი ჩამიდგეს. 16 ნოემბერს შევძელი ნორვეგიაში დაბრუნება. ოფიციალურად პოლიტიკური დევნილის სტატუსი მაქვს.

- როგორ შეეგუეთ ახლანდელ საცხოვრებელ ადგილს, რა პრობლემები გაქვთ მიგრანტებს?

- უსაფრთხოების პრობლემა არ დგას, რადგან სამშობლოდან ძალიან შორს ვარ. აქ ბევრი ემიგრანტი აქტიურ პოლიტიკურ მუშაობას არ აგრძელებს ისე, როგორც ადრე აკეთებდა. აზერბაიჯანი ყველას თვალყურს ადევნებს, ხშირად სხვადასხვა ინსტანციას, სასამართლოს მიმართავს, ინტერპოლს გადასცემს. სამწუხაროდ, ინტერპოლი ავტორიტარულ რეჟიმებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათი განცხადების საფუძველზე ადამიანები ძებნილთა სიაში შეჰყავთ. რა თქმა უნდა, ევროპაში ხანგრძლივი დაკავება არ ხდება, ექსცესები უფრო აღმოსავლეთ ევროპაში გვხვდება. მაგალითად, უკრაინასა და თურქეთში ბევრი ჩვენი აქტივისტი დააკავეს, ზოგიერთი გადასცეს კიდეც. ასე იქცეოდა თურქეთი. უკრაინამ დააკავა, მაგრამ არ გადასცა; ვინც გადასცა, მათ ლტოლვილის სტატუსი არ ჰქონიათ.

- საქართველოში აფგან მუხთარლის გარდა, გადაცემის სხვა შემთხვევა ხომ არ ყოფილა?

- ექსტრადიციის შემთხვევა არ მახსოვს. ჩემთან დაკავშირებით იყო ეს საფრთხე, მაგრამ მუხთარლის გატაცებამ სხვები გადაგვარჩინა. ამ მომენტისთვის ძლიერი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი საქართველოში აღარ არის ან ძალიან ცოტანი არიან. სულ ორი ვიცი. ამას წინათ ერთ-ერთი მათგანი, ბლოგერი-ჟურნალისტი გუსეინ ბაქიხანოვი დაიღუპა, სასტუმროდან თავი გადმოიგდო თუ გადმოაგდეს. საეჭვო ამბავია.

aqcia-saelchostan-copy-1634822609.jpg

- მეორე შემთხვევა რომელია?

- ასევე დააპატიმრეს ავთანდილ მამედოვი. მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ მომენტისთვის "ტვ ობიექტივში" მუშაობს. სწრაფადვე გაათავისუფლეს, 3 ათასი ლარის გირაო გადაიხადა... სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული გზიდან გადაუხვია, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. გვესმის, ეკონომიკური თანამშრომლობა საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური თანამშრომლობისას ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს. ივანიშვილი პრაქტიკულად, ვაჭრობს აზერბაიჯანთან როგორც წარმატებული ბიზნესმენი. ეს ხაზი პოლიტიკაშიც გრძელდება.

- სამშობლოში არსებულ მდგომარეობას როგორ აფასებთ?

- ადრე იყო კორუფცია და რეპრესია. დღეს არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა: 44-დღიანი ომის შემდეგ ხელისუფლებას ერთგვარი გმირული იმიჯი ჰქონდა და ბევრი უკანონობის ჩადენა შეეძლო. მათ ნაკლებად აკრიტიკებდნენ, გამარჯვებულებს ხომ არ განიკითხავენ. ეს იყო მცდარი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ტერიტორიები ოკუპაციიდან გაათავისუფლეს. ადრე თუ გვიან ასე მოხდებოდა, სომხეთიც აღიარებდა, რომ ეს მიწები ბუფერულ ზონებად დაიპყრეს ყარაბაღის უსაფრთხოებისთვის. მაგრამ ორივე მხარემ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ. შედეგად, ყარაბაღში რუსული ჯარები ჩადგნენ. ეს უკვე რეალური საფრთხეა მთელი კავკასიისთვის. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი წაიღო, იქ გამაგრდა, სომხეთშიც იყვნენ, აზერბაიჯანში არ ყოფილან. ეს იძლეოდა იმედს, რომ ადრე თუ გვიან მთელ კავკასიას დატოვებდნენ. დღეს არათუ წავიდნენ, ახალ ადგილებზე მოვიდნენ ყარაბაღში, სადაც სამომავლოდ ომის საფრთხე ისევ რჩება.

ეს ომი რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იყო შეთანხმებული. მოსკოვმა იცოდა, თანხმობას რატომ აძლევდა, ყარაბაღში თავის ჯარს შეიყვანდა; დასჯიდა ფაშინიანს, რომელიც ცოტათი ევროპისკენ იხედებოდა. ის ხალხის მიერ იყო არჩეული. ვისაც დემოკრატიული იმიჯი აქვს, იმას რუსეთი ყოველთვის მტრად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რეგიონში რუსეთის ფორპოსტია, ხალხმა გამონახა ძალა, პრორუსული ხელისუფლება დემოკრატებით შეეცვალა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში პრორუსული ხელისუფლებაა; რუსეთის ფორპოსტი არ ყოფილა, რადგან ყოფილმა ხელისუფლებებმა ქვეყანა რუსული ჯარებისგან დაიცვეს. სადაც რუსული ჯარი დგას, ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, დიქტატურა და სისხლია. ეს საკუთარი გამოცდილებითაც კარგად მოგეხსენებათ. ალიევმა თანხმობა მისცა, რადგან იცის, ადრე თუ გვიან ხალხი მას გააძევებს. ამ დროს საკუთარმა ჯარმა შეიძლება ხალხზე ხელი არ აღმართოს და რუსეთის ჯარს გამოიყენებს, ამის მეშინია. სხვა ახსნა არ მაქვს, როცა წარმატებული სამხედრო ოპერაციისას ყარაბაღში რუსული ჯარები მოდიან არა ხელშეკრულების, არამედ პუტინ-ალიევის (იძულებით - ფაშინიანის) ზეპირი განცხადების საფუძველზე.

- საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციაზე, სააკაშვილის დაპატიმრებაზე რას გვეტყვით?

- ვიცი, რომ სტრატეგიულ ადგილებში მეორე ტური გაიმართება. ამ დროს სააკაშვილი ბრუნდება საქართველოში, გაბედულ ნაბიჯად მივიჩნევ. ის არაერთმნიშვნელოვანი პოლიტიკოსია. 21-ე საუკუნის კავკასიაში, მთელ რეგიონში რეფორმების ლიდერია. უსისხლო გზით ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამხო, სამართლებრივ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. ქვეყანამ სწრაფად დააღწია თავი კორუფციას და დანაშაულებრივი სამყაროს გავლენას, მაგრამ ყოველთვის იყო დემოკრატი და კანონების მიხედვით მოქმედებდა? თბილისური პერიოდიდან ვიცი, მის დროსაც ბევრი უკანონობა ხდებოდა. რაღაცაში იძულებული იყო, რაღაცაზე თვალს ხუჭავდა და ა.შ. მაგრამ იყო და დღესაც რჩება რევოლუციური რეფორმების ლიდერად რეგიონში. დაბრუნება სწორი ნაბიჯია, ყოფილი ქვეყნის ხელმძღვანელი საზღვარგარეთ დიდხანს არ უნდა იმყოფებოდეს. ძალიან ბევრი იცის და ამ ქვეყნის სიმბოლოა. ოდესის გუბერნატორად დანიშვნის დროსაც ამის წინააღმდეგი ვიყავი. მივწერე კიდეც, არ ვიცი, წაიკითხა თუ არა. მისი დაპატიმრება ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულია, საქართველოს შეურაცხყოფაა. ამიტომ ვითხოვთ მის გათავისუფლებას უფრო დემოკრატიული და ძლიერი საქართველოსთვის.

გიორგი მეფარიძე