ცირა ბარბაქაძე: "როცა არ მეცინება, ფოტოს არ ვიღებ!"
მისი პოეზია მიყვარს, ასევე მიყვარდა მისი ლექციები. მართალია, როცა ამას ვამბობ, სუბიექტური ვარ, თუმცა მისი სტუდენტებისა და თავისუფალი მსმენელების აზრს თუ მოვისმენთ და მათი რაოდენობით ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება, რომ ფილოლოგი, პროფესორი, პოეტი ცირა ბარბაქაძე ძალიან ბევრი ადამიანისთვის სწორედ ის პედაგოგია, რომელთანაც უკვე არაერთი წელია ახალგაზრდებს სიამოვნებთ კონტაქტი.
- ქალბატონო ცირა, მრავალი წელია, სტუდენტებთან გიწევთ ურთიერთობა, ბევრი საყვარელ პედაგოგთა შორის გასახელებთ. როდის და როგორ დაიწყო თქვენი პედაგოგიური საქმიანობა?
- ჯერ კიდევ 24 წლის შევედი აუდიტორიაში, როგორც პროფესორის ასისტენტი; უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ილიაუნის (მაშინდელი სულხან-საბა) თანამედროვე ქართული ენის კათედრის ლაბორანტი გავხდი და მერე საფეხურ-საფეხურ გავიარე პროფესიული იერარქია უმცროსი ლაბორანტიდან სრულ პროფესორობამდე, დეკანობამდე, კათედრის გამგეობამდე, სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელობამდე და ახლაც ვაგრძელებ...
- რა სხვაობაა დღევანდელ და იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებსაც 20 წლის წინ ასწავლიდით?
- ახალგაზრდებს შორის სხვაობა არ არის, სხვაობაა კონტექსტებს შორის. 20 წლის წინ ციფრული სამყარო და ახალი ტექნოლოგიები ნაკლებად იყო ჩვენს ყოველდღიურობაში; დღეს კი განათლების პარადიგმაც იცვლება; თუ უნივერსიტეტი იყო ერთადერთი ადგილი ცოდნის დაგროვების და გადაცემისა, დღეს ეს ადგილი ინტერნეტსივრცეა. უნივერსიტეტის აუდიტორია აღარაა ერთადერთი ადგილი, სადაც ცოდნას ეზიარები. კონტექსტმა შეცვალა ბევრი რამ, მაგრამ არა ახალგაზრდობა.
- თქვენ ჩემი პედაგოგიც იყავით. ეს ის დროა, როცა ბატონო ლეო კვაჭაძე ცოცხალი იყო. მეც მახსოვს ის, დიდი სათვალით, ლაბადითა და დინჯი ნაბიჯებით უმაღლესი სასწავლებლის კიბეს რომ აუყვებოდა ხოლმე. ერთ კათედრაზე მუშაობდით, "ბაბუს" ეძახდით. ყველაზე ნათლად რა გახსოვთ მისგან?
- ანა კალანდაძემ ჯგუფის ჟურნალში მიიქცია ჩემი ყურადღება იმთავითვე და რა დამავიწყებს... ჯერ სახელისა და გვარის გამო და მერე შენ გამო (იღიმის). იმდროინდელი კათედრა იყო პროფესიონალიზმის ზეიმი, მერე მსგავსი აღარაფერი მინახავს. ბატონი ლეო კვაჭაძე, ალექსანდრე ღლონტი, ზურაბ სარჯველაძე, ალექსანდრე ონიანი, გურამ კარტოზია - ერთ კათედრაზე, წარმოგიდგენიათ? ძალიან ბევრი რამ მახსოვს... და არა მარტო მახსოვს, მე მაქვს მათი არქივი. გადაღებული ვიდეოები და ჩაწერილი ხმა, ფოტოები... ხანდახან ჩუმად ვუღებდი, როგორ კამათობდნენ, მაგალითად, ლეო კვაჭაძე და ალექსანდრე ღლონტი. და იცით, რაზე კამათობდნენ? ეს შემთხვევა კინოკადრივით მაქვს დამახსოვრებული. ბატონ ლეო კვაჭაძეს და ბატონ ალექსანდრე ღლონტს ე.წ. ფანჯარა აქვთ და ამ დროს ყოველთვის ჭადრაკს თამაშობდნენ. მიყვარდა მათი მოსმენა და ყურება... ჯერ რა ამბებს იხსენებდნენ და ჰყვებოდნენ, უნიკალური იყო. ჭადრაკის თამაშის დროს კი ნამდვილი "ბრძოლის ველი" იყო ჩვენი კათედრა. ერთხელ ბატონმა ალექსანდრემ ფიგურა დამალა და ეს შენიშნა ბატონმა ლეომ... იქ ამბავი დატრიალდააა... მოკლედ, სულ შუაში ვიყავი და ორივე მიმოწმებდა: ხედავ, რა ქნა... ხედავ, რა ქნა?.. ფიგურა დამიმალა. - ვინ დამალა, მე დავმალე? - იხტიბარს არ იტეხდა ბატონი ალექსანდრე... პატარა ბავშვებივით იყვნენ. მე ვიცინოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მათი ჭადრაკული ვნება მაშინვე დასრულდებოდა, როგორც კი აუდიტორიაში შესვლის ზარი დაირეკებოდა... უცებ ხდებოდნენ სხვანაირები და აღარც ახსოვდათ, თამაშის დროს როგორ "ხოცავდნენ" ერთმანეთს... - წავედით, ბიჭო, ლექციაზე?.. - წავედით, წავედით... და მიდიოდნენ აუდიტორიებისკენ... ეს იყო საოცარი სანახაობა; მათი მეცნიერული და ყოველდღიური სიყვარულით სავსე კინკლაობები. მათი ხმები სულ მესმის და ვხედავ... და კიდევ: 100 წლის ლეო კვაჭაძე იცით, რაზე დარდობდა? 6 წლის ასაკში კაკლის ხეს რომ ქვა ესროლა და მკვდარი ჩიტი ჩამოვარდა...
- კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. ტარდება ონლაინშეხვედრები, ლექციები, გაკვეთილები... ამ დროს პედაგოგმა მუხტი არ უნდა დაკარგოს. აუდიტორიაში ეს უფრო მარტივია, მაგრამ ონლაინ ეს როგორ არის შესაძლებელი, არ ვიცი. როგორ ახერხებთ ახალგაზრდებს ინტერესი გაუღვივოთ, თქვენი ხალისი და შემართება გადასდოთ?
- თავიდან, როდესაც "შავი ყუთის" პირისპირ აღმოვჩნდი "აუდიტორიაში", სწორედ ეგ კითხვები მაწუხებდა, მაგრამ ლექციის დაწყებისთანავე, დავკარგე "დრო და სივრცე" (აუდიტორიაშიც იგივე ხდებოდა ხოლმე) და გაათმაგებულად შევეცადე სტუდენტების ყურადღების დაპყრობას... გამომივიდა, კი... სტუდენტებს ყოველთვის ვუსვამდი კითხვას ლექციის ბოლოს ამ თემაზე და მეუბნებოდნენ, რომ ეს გამოდიოდა. ზოგადად, მიყვარს გამოწვევები და სირთულეები. ონლაინსწავლებამ ის გააკეთა, რომ "აუდიტორიაში" მეტი სტუდენტი გაჩნდა; ზოგი სამსახურიდან ერთვებოდა, ზოგი - სადაც იყო, იქიდან; ხშირად ოჯახის წევრებიც ისმენდნენ ლექციებს; თუმცა, იმისათვის რომ "მუხტი არ დამეკარგა", გაცილებით დიდი ენერგია იხარჯებოდა, ვიდრე აუდიტორიაში. რა თქმა უნდა, მე "ცოცხალი" ურთიერთობების ადამიანი ვარ და აუდიტორია მირჩევნია.
- ახლა თქვენს პოეზიაზეც უნდა გკითხოთ. როგორ და როდის დაიწყო თქვენსა და "თეთრ ფურცელს" შორის დიალოგი?
- კარგი ახსნაა პოეზიისა, როგორც დიალოგის. პოეზია მართლაც დიალოგია საკუთარ თავთან ფურცლის და კალმის (კლავიატურის) დახმარებით. მახსოვს, რომ ეს იყო მეექვსე კლასში და პირველი ლექსი გაზაფხულზე დავწერე. რამდენადაც ცხოვრებაში მხიარული ვარ, იმდენად სევდიანი ვიყავი პოეზიაში, ბავშვობაში. ერთხელ ჩემი ლექსები გავგზავნე "ნორჩ ლენინელში" დასაბეჭდად და იქიდან მომწერეს, რომ ძალიან სევდიან ლექსებს ვწერდი, ეს კი არ შემეფერებოდა და სჯობდა, პიონერული ამბები მიმეწერა.
მე გამიმართლა, რომ ჩემი მასწავლებელი იყო პოეტი და მკვლევარი, მურად მთვარელიძე და ბავშვობიდან მომევლინა ჩემი შემოქმედების "პატრონად". ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჰქონდა ლიტერატურული წრე და მეც დავყავდი, ლამის ხელჩაკიდებული. "მურადის პოეზიის სკოლა" გამოიარეს პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ და ეკა ბაქრაძემაც. მურადს თავის თავზე ჰქონდა აღებული რაიონში ყველა ნიჭიერი ბავშვის მფარველობა, ასეა დღესაც... მადლობა მურად მასწავლებელს, ყველა იმ წუთისთვის, რომელიც ჩვენზე ფიქრში დაუხარჯავს და დღემდე ხარჯავს.
- რა განცდაა, როცა თქვენს სტრიქონებს სოციალურ ქსელში, ნაცნობების თუ უცნობების კედლიდან-კედელზე გადაზიარებულს აწყდებით?
- სასიამოვნო გრძნობაა და ხშირად უცხოსავით ვკითხულობ ხოლმე იმ ლექსებს, ზოგჯერ მომწონს კიდეც. გადაზიარებული ერთია და ხშირად შემხვედრია, სხვისი სახელითაც, ანუ პლაგიატორობა. გასულ წელს ჩემმა სტუდენტებმა აღმოაჩინეს ვიღაცის ფეიქ-გვერდი, რომელიც ჩემს ლექსებს პოსტავდა, როგორც თავისას. მერე შეესივნენ და დაარეპორტეს, არ გაახარეს. არადა, მინდოდა, ახალი ლექსები გამეგზავნა (იღიმის).
- დაბოლოს, ალბათ ამ კითხვაზე გაგეღიმებათ, მაგრამ მაინც გკითხავთ, ყველა ფოტოზე იცინით... ამას როგორ ახერხებთ?
- მარტივია: როცა არ მეცინება, ფოტოს არ ვიღებ!
ანა კალანდაძე