"ვინც გიცნობს, იცის, რა განსაკუთრებული ხარ..." - გზაპრესი

"ვინც გიცნობს, იცის, რა განსაკუთრებული ხარ..."

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის "მასტერსის" ფინალში გავიდა და ქემერონ ნურის დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში კი საბოლოოდ, მატჩი დათმო. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზისთვის ეს ისტორიული დაპირისპირება იყო, რადგან ასეთი დონის ტურნირის ფინალში აქამდე არ უთამაშია.

მატჩის შემდეგ, რომელიც თავიდან ბრწყინვალედ წარმართა და ბევრ ეპიზოდში მეტოქეს აშკარად სჯაბნიდა, ქართველმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილმა თავისი მარცხის მიზეზზე მინიშნება გააკეთა, თუმცა ბოლომდე "კარტი არ გაუხსნია":

sharlota-1634823674.jpg

"მესამე სეტში თამაში ჩემთვის ძალიან რთული გახდა. ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ვეცადე, კორტიდან გავსულიყავი და ცოტა ამომესუნთქა, თუმცა ეს ფიზიკური დისკომფორტი ვერ დავძლიე. წინა მატჩებშიც მაწუხებდა, მაგრამ მესამე სეტში უკვე გაუსაძლისი იყო. არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი.

ქემერონზე კი მინდა ვთქვა, რომ მენტალურად ძალიან ძლიერი იყო და დაიმსახურა მოგება. განსაკუთრებით მეორე სეტში, როცა უკუბრეიკი შეასრულა, ვერ ვიპოვე გზა, როგორ მომეგო მისთვის. ბექჰენდზე კარგად თამაშობდა და მის დასაჩაგრად დარტყმებში ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მჭირდებოდა, რაც ვერ შევძელი. მაგრამ რაღას ვიზამ, არა უშავს...

ამ კვირის შემდეგ შინ გამოცდილება მიმაქვს. კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია, სეტითა და ბრეიკით წინ ვიყავი, ვუგებდი და შემდეგ... არ ვიცი...

გავაგრძელებ შრომას, გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვეცდები, კარგად ვითამაშო და აქ მიღებული გამოცდილება მომავალ ტურნირებში აუცილებლად გამომადგება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა განცდები ჰქონდა ამ მატჩის დროს ქართველი ჩოგბურთელის მეგობარ გოგონას, შარლოტა ელენას (ეს ერთ-ერთ ფოტოზეც ნათლად ჩანს), რომელმაც ფინალის შემდეგ თავის "ინსტაგრამზე" მას ასეთი პოსტი მიუძღვნა:

"მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ჩვენ გვსურდა, შეგიძლია საკუთარი თავით იამაყო. აღფრთოვანებული ვარ შენით, რადგან ყოველთვის პოზიტიურად ფიქრობ, ყოველთვის გჯერა და არასდროს ნებდები, არასდროს წყვეტ ბრძოლას.

sharlota-33664-1634823693.jpg

კრიტიკას, სხვების მოსაზრებებს, შიშებს არ აძლევ საშუალებას, რომ გმართონ. არასდროს მინახავს, ადამიანი ყოველდღე შენსავით შრომობდეს და სწორედ ეს თვისებაა შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსიც და ყველაზე მკაცრი მწვრთნელიც.

გარშემო მყოფებისთვის ყოველთვის სახეზე ღიმილი მოგაქვს, ყოველთვის ზრუნავ საყვარელ ადამიანებზე და საკუთარ თავს ყოველთვის ბოლო ადგილზე აყენებ.

შენ ხარ იმის მტკიცებულება, რომ ბევრ შრომას აუცილებლად კარგი შედეგი მოაქვს. სამაგალითო ხარ. ვინც გიცნობს, მათ იციან, რა განსაკუთრებული ადამიანი ხარ და რა შესანიშნავი სული გაქვს. მიყვარხარ!" - წერს შარლოტა.