"როცა სიტყვა "მას" მესმის, ყველაფერი მავიწყდება" - გზაპრესი

"როცა სიტყვა "მას" მესმის, ყველაფერი მავიწყდება"

წლების წინ პოდიუმი და მოდის სფერო ძალიან აქტუალური გახდა საქართველოში, შედეგად კი ბევრ მოზარდს გაუჩნდა სურვილი, მოდის ბიზნესში დაემკვიდრებინა თავი. გავიდა წლები და იმის ნაცვლად, რომ ეს სფერო კიდევ უფრო განვითარებულიყო, უცნაურად ჩაკვდა როგორც ბევრი სხვა რამ, რასაც ადრე უცილობელ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ... შესაბამისად, სოკოებივით მომრავლებული სამოდელო სააგენტოებიდან, კონკურენციას სულ რამდენიმემ გაუძლო, მათი უმრავლესობა კი გახსნიდან ცოტა ხანში იხურებოდა...

მათ შორის, ვინც კონკურენციას გაუძლო, სამოდელო სააგენტო "გრაციაა", რომელსაც შემდეგ სახელი შეუცვალეს. მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი ია დოლიძე პროფესიით იურისტია, ერთი პერიოდი ორგანოში მუშაობდა კიდეც, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფერს თავი დაანება და იმ სფეროში ამოყო თავი, რომელზეც ადრე ვერც იოცნებებდა...

- თავის დროზე ვცეკვავდი და როცა პროფესიით მუშაობაზე უარი ვთქვი, ცეკვის სტუდია დავაარსე, მაგრამ საქმე ვერ ავაწყვე, ჩემი არ იყო. იმ პერიოდში ტელევიზიით გადიოდა გადაცემა მოდის თემაზე. ვუყურებდი და ჩემთვის რაღაცებს ვინიშნავდი. დღემდე მაქვს ის რვეულები შენახული, სადაც ვიწერდი ნაბიჯებს, რომლებსაც მივუსადაგე ცეკვა, გავაკეთე ნახაზები და ისე გამოვიდა, რომ სულ 72 მოძრაობა გამოვიგონე. ეს ყველაფერი მივიტანე კულტურის უნივერსიტეტში და ამის წყალობით ამიყვანეს სამსახურში.

სამოდელო სააგენტო დაახლოებით 24-25 წლის წინ გავხსენი კულტურის უნივერსიტეტთან ერთად და "გრაცია" დავარქვით. როგორც გითხარით, დავწერე პროექტი, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობდნენ ამ სასწავლებლის მოდელირებისა და დიზაინმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები. დაახლოებით წელიწად-ნახევრის მერე გამიჩნდა სურვილი, ცალკე გამეკეთებინა სამოდელო სააგენტო. ვიქირავე რუსთაველზე მდებარე ერთ-ერთი სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი და დავიწყე აქტიური საქმიანობა. მას მერე უამრავი ბავშვი მყავს გაზრდილი, ბევრ ქვეყანაში ვართ ნამყოფი ჩვენებებზე, კონკურსებზე... მაგრამ დაახლოებით 8 წლის წინ შევიცვალეთ სახელი.

- რატომ დაგჭირდათ სახელის შეცვლა?

- იმ პერიოდში, როცა სააგენტოსთვის ეს სახელი შევარჩიეთ, მხოლოდ სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი "გრაცია" იყო და მის ხელმძღვანელთან მივედი, უფლება ვითხოვე, რამე უხერხულობა ხომ არ შეიქმნება-მეთქი. ბოლო დროს კი საქართველოში ბევრ დაწესებულებას დაარქვეს "გრაცია", თან, დავაარსეთ სატელევიზიო სკოლა, რომელსაც ეს სახელი არ მოუხდებოდა და არჩევანი შევაჩერეთ პრაიმ მოდელ მენეჯმენტზე. სატელევიზიო სკოლის ფარგლებში გვაქვს შემეცნებითი პროგრამები და ასევე, ბავშვები გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად სერიალებში მონაწილეობენ. ვფიქრობ, ეს მოზარდებისთვის კარგია - სხვა თუ არაფერი, ამის წყალობით ცოტა ხნით მაინც მოსწყდებიან ვირტუალურ სამყაროს... მართალია, ყველა ვერ გახდება მოდელი და ჟურნალისტი, მაგრამ ამ სკოლის გავლის შემდეგ, მეტყველების კომპლექსი არ აქვთ... ვთანამშრომლობთ გიორგი ვარდოსანიძესთან, მაკა შალიკაშვილთან, მარკუს მეტრეველთან, გია ჯაჯანიძესთან. ეს ადამიანები ჩვენს ბავშვებს ძალიან უყვართ.

- ახლა ქართული სამოსის წარმოჩენაზეც ზრუნავთ. ამ პროექტზე გვიამბეთ...

- უამრავი დიზაინერი ქმნის კარგ კოლექციას და გაგვიჩნდა სურვილი, წინ წამოგვეწია ქართული სამოსელი. ვფიქრობ, წარმატებული პროექტი იქნება. დიდი ხანი არ არის, რაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ უკვე გვაქვს იტალიიდან მოწვევა, ამერიკაშიც ვაპირებთ წასვლას დეკემბერში, სადაც იგეგმება ჩვენება. გვინდა საზღვარგარეთ ღირსეულად წარვადგინოთ ქართული სამოსელი.

- დიზაინერები თქვენთან თანამშრომლობაზე ადვილად მოდიან?

- რატომ უნდა თქვან უარი? შენი გზით რომ წახვიდე, გჭირდება ფოტოგრაფი, ოპერატორი, მოდელები და კავშირები. ჩვენ კი მათ ამ ყველაფრით უზრუნველვყოფთ და საქმეს ვუადვილებთ. ამ პროექტის ფარგლებში წარმატებით ჩაიარა ნინო ჭყონიას ნამუშევრების ფოტოსესიამ. ნინო ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავეა. ბევრი ქართულ ანსამბლს მისი დიზაინით აცვია. ბევრი გამოჩენილი ადამიანი ჰყავს მეგობრებში და ბევრი "გამომწერი" - სოციალურ ქსელებში, ანუ პოპულარობა არ აკლია, მაგრამ როცა ჩვენ ავუხსენით, რის გაკეთებას ვაპირებდით, სიამოვნებით დაგვთანხმდა პროექტში მონაწილეობაზე. ქართული საქმის კეთება ყველა ჩვენგანს მოსწონს და უფრო მეტიც, ეს ჩვენი მოვალეობაა... ასევე, გვაქვს რამდენიმე კონკურსის იდეაც, ისევ ქართული ტრადიციების გათვალისწინებით. პროექტი უკვე დაწერილი მაქვს. გულახდილად გეტყვით, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელს, ძალიან მომბეზრდა ისეთი კონკურსები, რომლებიც დღესდღეობით იმართება საქართველოში.

244979379-298118715168373-3824575788858045133-n-copy-1634823951.jpg

- წლების წინ, მოდის სფერომ წინ წაიწია, ქართველი მოდელები აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენებებში და იმ პერიოდმა ბევრი მოდელი შესძინა ქართულ მოდის ბიზნესს. მერე რა მოხდა, ეს სფერო რატომ ვეღარ განვითარდა უფრო მეტად?..

- მართლაც, ბევრი სამოდელო სააგენტო გაიხსნა 10-12 წლის წინ, მოტივაციაც იყო, ყველას უნდოდა მოდელობა და ფოტომოდელობა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელს, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ბევრი მათგანი დაიხურა არასწორი მართვის გამო, ვერ გაუძლეს კონკურენციას. შედეგად, ბევრ მომავალ მოდელს გაუცრუვდა იმედი. მერე ამას დაერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაც, დიზაინერები ვეღარ ქმნიდნენ "ლუქებს". მხოლოდ რამდენიმე სააგენტომ გაუძლო კონკურენციას და დღემდე ვმუშაობთ.

- მოდელების იმედგაცრუებაში იმასაც ხომ არ გულისხმობთ, რომ იმ პერიოდში კონკურსებიც ხშირად იმართებოდა და როგორც ამბობდნენ, ჩაწყობებიც არავის უკვირდა...

- ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: ერთადერთი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ვარ, რომელიც კარგა ხანია კონკურსებს არ ატარებს. 2006-2007 წელს გავაკეთე "სპორტული საქართველო", სადაც ვიქტორ გეგეშიძემ გაიმარჯვა და მაშინ მივხვდი, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა გამეკეთებინა. დარღვევას არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ კონკურსში უამრავი კარგი მოდელი მონაწილეობდა, თუმცა ცხადია, ყველა ვერ გაიმარჯვებდა. ჰოდა, რომ ვნახე იმ ბავშვების იმედგაცრუება, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს, მას მერე კონკურსი არ გამიკეთებია.

- თუმცა კონკურსები კარგია იმისთვის, რომ კონკურენციას შეეჩვიონ.

- აუცილებელი არაა ყველამ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. არ მინდა კარგი მონაცემების მქონე გოგონებსა თუ ბიჭებს წარმატების მიღწევის იმედი ერთი კონკურსის გამო დაეკარგოთ და ხელი ჩაიქნიონ, ეს არ არის სწორი...

- სამოდელო სააგენტოში ბევრი დადის, მაგრამ ყველა ვერ გახდება პროფესიონალი მოდელი, ასე არ არის?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი ბევრ მნიშვნელოვან რამეს სწავლობენ: ვიზაჟს, მეტყველებას, ჯდომას, დგომას, ჭამის წესებს - ეს ყველაფერი მომავალში გამოადგებათ. დაკავებულები არიან აერობიკით, ფიტნესით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგებს მათ მომავალშიც. ასევე მონაწილეობენ დეფილეში, ფოტოსესიებში...

ჩვენ იმასაც ვცდილობთ, რომ მოსწავლეებმა მდარე ხარისხის ჩვენებებში არ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ თუ ვინმეს ძალიან მოუნდება რომელიმე ჩვენებაზე გასვლა, ყველანაირი ჯარიმის გარეშე ვუშვებთ და იქვე ვასრულებთ მასთან თანამშრომლობას. გახსოვთ ალბათ, ერთი პერიოდი არცთუ კარგი რეპუტაციის ქვეყანაში მიჰყავდათ ქართველი მოდელები, იყო ამაზე მოთხოვნა და მშობლებიც სიხარულით უშვებდნენ შვილებს იმ იმედით, რომ მომავალში მათ დიდი კარიერა ელოდათ. სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები სულ სხვა რამეზე იყო გათვლილი. ჩემი აზრით, არასრულწლოვანი, რაც უნდა კარგი შემოსავალი შესთავაზონ, მარტო არ უნდა გავუშვათ საზღვარგარეთ. ზუსტად ვიცი, წლების წინ გოგონებთან როგორი ხელშეკრულებები იდებოდა და ამას ამიტომაც ვამბობ. აი, ჩემ უკან კი ვერანაირ საეჭვო კონტრაქტს ვერ იპოვით.

245200325-559105935196066-7750592530075168570-n-copy-1634823936.jpg

- თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნიათ?

- დაახლოებით 4 წლის წინ ვიყავით საფრანგეთში, კონკრეტულად პარიზში, სადაც გვქონდა ჩვენება და ფოტოსესია ლუი ვიტონის მოდის მუზეუმში, რის შემდეგაც ხელშეკრულებები გაფორმდა რამდენიმე მოდელთან, მაგრამ მერე საფრანგეთში არეულობა დაიწყო და ეს საქმე ჩაიშალა. თუმცა, ეს მაინც წარმატებად მიმაჩნია და ალბათ მიხვდებით, რატომაც... წარმატებაა ისიც, რომ ამდენი წელია ვარსებობთ და ვუძლებთ ყველანაირ კონკურენციას. წარმატებაა, როცა მოდის ყოფილი მოსწავლე და მეუბნება, - მენატრება ის წლები, როცა თქვენთან ვსწავლობდიო. ძალიან მიყვარს ბავშვები და ჩემს შვილებსაც უთქვამთ, - დედა, შენ ჩვენზე მეტად მგონი, მოსწავლეები გიყვარსო. უფრო მეტად არა, მაგრამ ნაკლებადაც არ მიყვარს თითოეული აღსაზრდელი. არ მიყვარს აგვისტო, რადგან ამ პერიოდში არ მესმის სიტყვა "მას".

რაც უნდა მტკიოდეს, რაც უნდა ცუდად ვიყო, კარს რომ გავაღებ და ბავშვებს დავინახავ, სიტყვა "მას" მესმის, ყველაფერი მავიწყდება. ბავშვები ჩემთვის ყველაფერია.

- რა თვისებაა საჭირო საიმისოდ, რომ პატარების გული მოიგო?

- სულით უნდა იყო მასწავლებელი და როცა შენთან ბავშვი მოდის, არ მოატყუო. მასთან მართალი უნდა იყო. გენდობა და ეს ნდობა უნდა გაამართლო. იმათი სიხარულით მე ვარ ბედნიერი. იცით, თავის დროზე, როცა პროფესიული არჩევნის წინაშე ვიდექი, მამამ მირჩია, პედაგოგიურზე ჩამებარებინა. - მე და მასწავლებელი? არა-მეთქი, - მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა, რომ მამას სურვილი შესრულდა.

ლიკა ქაჯაია