როგორ მოვერიოთ 21-ე საუკუნის დაავადებას? - გზაპრესი

როგორ მოვერიოთ 21-ე საუკუნის დაავადებას?

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება მუდმივი სტრესითა და დაძაბულობითაა სავსე, სწორედ ამიტომ ნევროზი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ სერიოზულ მოვლენაზე ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი გვესაუბრება:

- ნევროზი მართლაც ძალიან გავრცელებული დაავადებაა დღევანდელ მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, რომ ის 21-ე საუკუნის დაავადებაა. თანამედროვე სპეციალისტები მას ფსიქოორგანული დაავადების სახელითაც მოიხსენიებენ და აშლილობებს მიაკუთვნებენ. ეს დაავადება უმეტესად, ფსიქიკური ტრავმის შედეგად აღმოცენდება და უგუნებობა, შფოთვა, ხასიათის ცვალებადობა და სხვა სიმპტომები ახასიათებს. ის შეიძლება ბავშვთა ასაკშიც გამოვლინდეს ლოგონევროზით, მეტყველების გაძნელებით ან ღამის ენურეზით - უნებლიე შარდვით. ზრდასრულებში მისი გამოვლინება ხშირად პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება და გარემოსთან შეგუების მექანიზმის დათრგუნვას იწვევს.

- შეიძლება ითქვას, რომ ნევროზი - ეს არის კონფლიქტი საზოგადოებასა და ადამიანს შორის?

- არა, ნევროზი არის კონფლიქტი ადამიანის მოთხოვნილებებსა და რეალობას შორის, ის წარმოიშობა მაშინ, როცა ადამიანს არ შეუძლია თავისი სურვილები დათრგუნოს, როდესაც მის მოთხოვნილებებსა და რეალურ შედეგს შორის დიდი შეუსაბამობაა. ამ სიტუაციაში დღეს ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად ვართ: განსხვავება ჩვენს მოლოდინსა და შესაძლებლობებს შორის დიდია. ამიტომ, ეს დაავადება შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. უხეშ შედარებას მოვიყვან: თუ მინდა, რომ "ბოინგი" შევიძინო, ამის საშუალება არა მაქვს, თანაც, სუსტი ფსიქიკა მაქვს, ეს თავისთავად გამოიწვევს ნევროზს. სხვათა შორის, ნევროზი ხშირად ისეთ ხალხს აქვს, რომელიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და ტვირთს აიღებს საკუთარ თავზე და ამ ტვირთს ვერ ერევა.

- უკვე ნათელია, რატომ არის ეს დაავადება ასე გავრცელებული...

- გეთანხმებით. ჩვენ განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობთ, საკმაოდ რთულ, სტრესულ სიტუაციაში და ჩვენს თავს არ ვეკუთვნით. სამწუხაროდ, იმ დონემდეც ვერ მივედით, რომ ელემენტარული პრობლემები არ გვაწუხებდეს. ადამიანისთვის ჯერ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია მთავარი: არ სციოდეს, არ შიოდეს და სექსუალური მოთხოვნილებაც დაკმაყოფილებული ჰქონდეს. თუ ეს ყველაფერი აკლია, უფრო მაღალ მატერიებზე ადამიანი ვეღარ ფიქრობს. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის 67 პროცენტი ძირითადად ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დონეზეა გაჩერებული: მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს ფიქრი იმაზე, რომ არ შიოდეს და არ სციოდეს. ბევრი იმაზეც ვეღარ ფიქრობს, აქვს თუ არა სექსუალური მოთხოვნილება, რომელიც სინამდვილეში ყველას აქვს - ბავშვსაც კი. ეს არის ფიზიოლოგია, ეს არის ნორმა. მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ უჩნდება ადამიანს დაცულობის, განათლების შეძენისა და განვითარების მოთხოვნილება: უჩნდება სურვილი, რაღაც ისწავლოს, შექმნას, რაღაც დატოვოს... მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, რომელსაც სამყაროს მოსახლეობის 15%-იც ვერ აღწევს. სამწუხაროდ, ჩვენი დონის ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობა ფრუსტრაციისთვის არის განწირული.

- რატომ?

- დავანებოთ თავი "ბოინგის" შეძენას, რადგან, მთელი ცხოვრება რომ ვიმუშაო და თანხა ვაგროვო, ამ ოცნებას მაინც ვერ ავისრულებ, მაგრამ ხომ შეიძლება უფრო მარტივი სურვილები ამისრულდეს? მაგალითად: მქონდეს კერძო სახლი და აგარაკი, მაგრამ არც ერთი მაქვს და არც - მეორე. მე ფსიქოთერაპევტი ვარ და ჩემი დიდი ხნის ოცნებაა მქონდეს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ და ათასობით ადამიანს დავეხმარები. ამ სურვილებს ვერ ვისრულებ, რადგან ამის შესაძლებლობა არა მაქვს. სწორედ ეს იწვევს ფრუსტრაციას, ხოლო ისეთ ადამიანს, რომელსაც შინაგანი წონასწორობა დარღვეული აქვს, ნევროზი კი არა, შესაძლოა, ფსიქოზიც ჩამოუყალიბდეს. აქვე ვიტყვი, რომ ნევროზის შემთხვევები ქალებს შორის უფრო ხშირად გვხვდება, მამაკაცებში - შედარებით ნაკლებად. რაც შეეხება ასაკს, ამ დაავადების ასაკი უმეტესწილად, 25-45 წელზე მოდის.

- რისი ბრალია, რომ ნევროზი მდიდარ ქვეყნებშიც ბევრს აწუხებს?

- განვითარებულ ქვეყნებში სულ სხვა მიზეზებია: ადამიანები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ და ურთიერთობის დეფიციტი აქვთ. შეიძლება ადამიანი ყველა სურვილს იკმაყოფილებდეს, მაგრამ თუ ურთიერთობები აკლია, ძალიან უჭირს: ის ხომ სოციალური არსებაა და კონტაქტები სჭირდება.

manana-s-1635496481. - Copy.jpg

- ამ დაავადების დროს ადამიანი უფრო პასიურია თუ აქტიური?

- შეიძლება ორივე უკიდურესობა ახასიათებდეს, უგუნებობა სჭირდეს და ძალიან ჭირვეული იყოს ან საწოლში ჩაწვეს და არაფრის სურვილი აღარ ჰქონდეს. შესაძლოა, ადამიანებთან ურთიერთობისას სერიოზული პრობლემები დაეწყოს. კიდევ ერთი სიმპტომი არაადეკვატური თვითშეფასებაა: ადამიანს ან ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ან - პირიქით, დაბალი. ნევროზს ხშირად ახლავს შფოთვა, შიში, ცუდი წინათგრძნობა, ფობიები, პანიკური შეტევები და არასტაბილურობა, ადამიანს უჭირს წყენის, გაღიზიანების და სტრესის გადალახვა. ნევროზის მიზეზი ხშირად რაღაც ტრაგედიაც ხდება, ისინი ამ ამბავზე ჩაიციკლებიან და მდგომარეობიდან გამოსვლას არც კი ცდილობენ. მაგალითად: ახლობელს ან ოჯახის წევრს დაკარგავენ და სულ მის ირგვლივ ტრიალებენ, ძაძებს არ იხდიან და წარსულში ცხოვრობენ. გარდა ამისა, ხშირად ახასიათებთ ძილის დარღვევა, თავის, გულის ან სხვა ორგანოების ტკივილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება, იოლი დაღლა, მადის გაძლიერება ან დაქვეითება. მოკლედ, სიმპტომების ჩამონათვალი ვრცელია.

- ესე იგი, ნევროზი ფიზიკურად და სულიერად ანგრევს ადამიანს?

- რასაკვირველია, ყველა ორგანოს ითრევს, ნერვული სისტემა ხომ ისედაც ჩათრეულია და ადამიანს ფსიქოლოგიური წონასწორობა დარღვეული აქვს, მაგრამ პაციენტს შეიძლება სხვა პათოლოგიებიც ჩამოუყალიბდეს. ამ დაავადებას ხშირად ახლავს: წნევის ცვალებადობა, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ადამიანს ჰგონია, რომ იხრჩობა, აწუხებს ქოშინი, კიდურების დაბუჟება, ამნეზია და ა.შ. შესაძლოა, ამ დაავადების მწვავე ფორმის დროს ადამიანი ლეტალურ შედეგამდეც მივიდეს.

- როგორ მკურნალობენ ნევროზს?

- ნევროზის მკურნალობის ძირითადი მეთოდები ფსიქოთერაპია და მედიკამენტური თერაპიაა. ეს ორი მეთოდი ერთდროულად გამოიყენება. მკურნალობის ხანგრძლივობა ნევროზის ფორმაზეა დამოკიდებული. ცხადია, ამ დროს არ შეიძლება ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შემცველი პრეპარატების მიღება. სასურველია, პაციენტმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, თამბაქოს მოწევას თავი დაანებოს და სპორტის იმ სახეობას მისდიოს, რომელიც მოსწონს.

- დავუშვათ, დაავადების მიზეზი ოჯახური ძალადობა და ახლობლებთან მუდმივი კონფლიქტია. ამ შემთხვევაში ხომ არ ჯობია, რომ პაციენტი სტრესულ გარემოს მოშორდეს?

- ეს კარგია, მაგრამ ოჯახის დანგრევას ფსიქოლოგები ვერავის ვერ ვურჩევთ. შეიძლება დროებით დაშორდნენ და თუ პარტნიორი თავის ქცევას შეცვლის, მერე შერიგდნენ. 10 წელი ვიმუშავე ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ცენტრში და წყვილს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ოჯახი გადაერჩინა, როცა ამის პოტენციალი იყო. ზოგჯერ ვხედავდი, რომ ამის შანსი არ იყო, მაგრამ კატეგორიულად მაინც ვერ ვეუბნებოდი. ასეთ დროს ადამიანმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ფსიქოლოგი თავის პაციენტს მზამზარეულ რეცეპტს ვერ მისცემს. ასეთ დროს, მე ორივესთან ცალ-ცალკე ვმუშაობ და ვხედავ, რომ ხშირად ორივე მხარეა დამნაშავე. ამიტომ ვეუბნები, დროებით დაისვენონ ერთმანეთისგან და ცხელ გონებაზე გადაწყვეტილება არ მიიღონ...

- რა კავშირშია ნევროზი და ფობიები?

- ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სხვათა შორის, არსებობს ფობიური ნევროზი, როდესაც ადამიანს სრულიად უმიზეზოდ პანიკური შიში ეუფლება. ნევროზის დროს პაციენტებში მეც ათასგვარი შიში შემხვედრია, თუმცა, ფობიები ისედაც ფართოდ არის გავრცელებული. ყველაზე ხშირია სიმაღლის შიში, დახურული სივრცის შიში, ფრენის შიში და ა.შ. ფობია ეს გაუცნობიერებელი, გაზვიადებული შიშია, რომლის მიზეზების ახსნა რთულია.

- როგორ უნდა დასძლიოს ადამიანმა, მაგალითად, ფრენის ან სიმაღლის შიში?

- ფრენის შიში დღეს ერთ-ერთი გავრცელებული ფობიაა და ემყარება განწყობას, რომ ფრენისას შესაძლოა ავარია მოხდეს. ამ დროს ადამიანს თვითმფრინავით მგზავრობა უჭირს. მარტო თვითმფრინავის კი არა, ზოგიერთს მეტროთი და ავტომობილით მგზავრობის შიშიც აქვს. ფობიების განკურნება კოგნიტური თერაპიით შეიძლება, რაც საკმაოდ გამოცდილი მეთოდია. ეს მეთოდი ძალიან კარგია კლაუსტროფობიის დროს ანუ როცა პაციენტს დახურული სივრცის შიში აქვს. ამ დროს პაციენტი ჯერ ფსიქოთერაპევტთან ერთად შედის ბნელ, დახურულ ადგილებში, მერე კი ამას მარტოც ახერხებს და ეს შიში ნელ-ნელა ეხსნება. იმავე მეთოდით მარცხდება სიმაღლის ან ცურვის შიში. მოკლედ, კოგნიტური მეთოდი გულისხმობს, რომ ადამიანმა "შიშს თვალებში უნდა ჩახედოს". თანამედროვე ფსიქოთერაპევტების უმეტესობა ფობიების წინააღმდეგ სწორედ ამ მეთოდს იყენებს. მთავარია, ადამიანმა გაიაზროს რისი ეშინია, მერე კი, ფსიქოლოგიური დახმარების წყალობით, სასურველ შედეგსაც მივიღებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე