ვარდების ბაღი - პატარა სამოთხე პლატოზე - გზაპრესი

ვარდების ბაღი - პატარა სამოთხე პლატოზე

შეუძლებელია ერთდროულად აყვავებული, სხვადასხვა ზომისა და ფერის ათასობით ვარდი ნახო და არ აღფრთოვანდე. მგონი, ცოტა გაუგებრად დავიწყე, მაგრამ არა უშავს, ყველაფერს გზადაგზა აგიხსნით.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ოჯახის უფროსი - ვალერი ბრეგვაძე პროფესიით დეკორატორია. როცა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა, გამწვანების დეკორაციის ფაკულტეტიდან სტუდენტები პრაქტიკაზე სანერგე მეურნეობებში ხშირად დაჰყავდათ. ბატონმა ვალერიმ თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა და მცენარის მყნობა საფუძვლიანად შეისწავლა. რადგან ვარდები ბავშვობიდანვე გამორჩეულად უყვარდა, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მშობლიურ მხარეში - ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში ვარდნარი გააშენა.

GzaPressვალერი ბრეგვაძე:

- მაშინ საძირეები არ მქონდა, ტყეში დავდიოდი და დასამყნობად ასკილის ბუჩქებს ვეძებდი. ვცდილობდი, პლანტაცია თანდათან ახალი ჯიშებით გამემდიდრებინა. როცა ჩემი ხეივანი რაიონის ხელმძღვანელებმა ნახეს, ძალიან მოეწონათ, დაინტერესდნენ, ჩემთან თანამშრომლობა მოინდომეს და რაიონის კეთილმოწყობის სამსახური ჩამაბარეს. საბავშვო ბაღების, სანატორიუმების, კულტურის სახლის გამწვანება, მოპირკეთება - ყველაფერი მე მევალებოდა, კარგი თანამშრომლები მყავდა. სხვა რაიონებიდანაც კერძო შეკვეთებს ვიღებდი. მერე კოლმეურნეობიდან ნაკვეთი ავიღე. მაშინ გლეხების დიდ ნაწილს ლობიო და სიმინდი მოჰყავდა, მე ამ კულტურების ნაცვლად ვარდები გავამრავლე. ჩემმა შემოსავალმა მათ შემოსავალს ბევრად გადააჭარბა. მოგების 30%-ს კოლმეურნეობას ვაძლევდი, დანარჩენს ვიტოვებდი. არცთუ ისე ურიგო თანხა იყო. ბოლოს ეს კოლმეურნეობაც დაიშალა და სამსახურიც გაუქმდა.

90-იანი წლებიდან, როცა ქვეყანაში მდგომარეობა აირია, როგორც თავად ამბობს, აღარავის ევარდებოდა, 2 შვილთან ერთად, დედაქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. უფროსი ქალიშვილი - მირანდა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, თავად  კი “მარშრუტკაზე” მუშაობა დაიწყო. იმ უბანში დადიოდა, სადაც ახლა ცხოვრობს, - ნუცუბიძის პლატოზე. მისი ყურადღება იმ სათბურებმა მიიქცია, რომლებიც შპს “გამწვანება 94”-ს ეკუთვნოდა (დირექტორი თემურ გელოვანი გახლდათ). სათბურებს შორიდან აკვირდებოდა, იქ მაშინ რემონტს აკეთებდნენ.

აზა ჩუბინიძე, მეუღლე:

- ამ დროს მე უმცროს ბიჭთან ერთად ჭიათურაში ვიყავი. 20 წელი პედაგოგად ვმუშაობდი, თან მეურნეობასაც ვუძღვებოდი.

ვალერი:

- 2 კვირაში ერთხელ ჩავდიოდი. სამარშრუტო ხაზზე მუშაობა ბევრ დროსა და მკაცრი გრაფიკით მუშაობას მოითხოვდა, ამიტომ თავი დავანებე და საკუთარი მანქანით “ტაქსაობა” დავიწყე. პარალელურად, ვარდების მეურნეობას მივუბრუნდი. მერე თემურ გელოვანთან მივედი და დაველაპარაკე. ამ დარგის სპეციალისტი ვარ, შემიძლია, ვარდის 4000-მდე ნერგი მოვიტანო-მეთქი. ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ახლა ეს სათბური არენდით მაქვს აღებული, უამრავი ჯიში გამოგვყავს.

- აქ რამდენი სახეობის ვარდი ხარობს?

- 250-მდე.

- ფერები?

- ბუნებაში რა ფერიც არსებობს, ყველა გვაქვს, მაგალითად: ყვითელი ვარდის 7 სახეობა გვაქვს; ისეთი ვარდებიც გამოვიყვანეთ, რომლის ყვავილიც ზოლებად 2 ფერში ყვავის; ერთ ბუჩქზე შინდისფერი და ყვითელი ვარდი იშლება და ა.შ.

ვალერი ბრეგვაძე დღესდღეობით ერთადერთია საქართველოში, ვისაც ვარდების ასეთი დიდი მეურნეობა აქვს. ამ საქმეში მთელი ოჯახია ჩაბმული. მირანდამ სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პროფესიით მუშაობაზე უარი თქვა და მამის კვალს გაჰყვა.

ვალერი:

- ერთ დღეს მითხრა, - მამა, მე საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში საბუთები შევიტანეო. ახლა თეორიულად, ის ჩემზე უკეთესი პროფესიონალია. მყნობა ჩემმა ბიჭმაც იცის, უნივერსიტეტში IV კურსის სტუდენტია. ასე, ერთობლივად ვშრომობთ ყველანი. ვარდებს ერთი წუთი ვერ ვტოვებთ - მორწყვა, გასხვლა, გასუფთავება შრომეტევადი საქმეა.

- დღეს ეს ბიზნესი ისეთივე მომგებიანია, როგორიც კომუნისტების პერიოდში იყო?

- შეიძლება, უფრო მეტადაც, მთავარია, მოთხოვნა იყოს. თუ უცხოური ბაზარიც გაიხსნება, ამას რა აჯობებს.

- წლის მანძილზე სარეალიზაციოდ დაახლოებით რამდენ ძირ ვარდს ახარებთ?

- 10 ათასამდე. თუ მოთხოვნა იქნება, შეგვიძლია, ეს ციფრი 50 ათასამდეც კი გავზარდოთ. დიდი შეკვეთების მიღების შემთხვევაში, ხალხსაც დავასაქმებ: ამდენს მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებთ. რაც მთავარია, საქმე ვიცი და საძირეები მაქვს.

- დღესაც ყველა ძირს ასკილზე ამყნობთ?

- დიახ. თუ შტამბოვანი (რომელიც ხესავით იზრდება და თავზე ბუჩქივით იკეთებს) ვარდი გინდა, ასკილი უნდა გაზარდო, საამისოდ რომ გამოდგეს, 3-4 წლის მაინც უნდა იყოს. სპეციალური პლანტაციები იმერეთშიც მაქვს.

- უმეტესად რა სახის შეკვეთები გაქვთ?

- ყველაზე ხშირად, ეზოების გამწვანებას გვიკვეთენ.

მირანდა:

- ეკლესია-მონასტრებთან გვაქვს ურთიერთობა. რამდენიმე წლის წინ, კათოლიკოს-პატრიარქი გვესტუმრა: მისი უწმინდესობისთვის თურმე ჩვენი არაერთი ნერგი საჩუქრად მიუტანიათ. პატრიარქს ნერგისთვის შეუხედავს თუ არა, დედაოსთვის უთქვამს, - ჩემთვის მორთმეული ვარდები ერთი ხელიდან მოდის; ვინ არის, იქნებ მომიძიოთო. მერე დედა სოფიომ ჩემს მეგობარს ჰკითხა, საიდან ჰქონდა მიტანილი, მან კი ჩვენი ოჯახის შესახებ უამბო. ერთ დღეს დედა სოფიო მართლაც გვესტუმრა, ვარდების პლანტაცია დაათვალიერა და წასვლისას გვითხრა, აქ პატრიარქი უნდა მოვიდესო; 2 კვირის შემდეგ უწმინდესი მობრძანდა: ეს 5 წლის წინ, გიორგობის დღესასწაულის მეორე დღეს - 7 მაისს იყო. აქაურობა საოცრად ლამაზი გახლდათ, ყველა ვარდი ყვაოდა.

- ცნობილია, უწმინდესს ყვავილები განსაკუთრებით უყვარსო...

- აღფრთოვანდა და თქვა, უცხოელ სტუმრებს ამაზე კარგი რა უნდა ვაჩვენოთო?! დაგვლოცა, კურთხევა მოგვცა, რომ გამოფენები გავაკეთოთ. ამის შემდეგ ჩავაბარე საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში. მერე უწმინდესმა დამიბარა, 2 ბეჭედი მაჩუქა წარწერით: “ღმერთმა დაგლოცოს. ილია II”. სულ მიკეთია, მხოლოდ მუშაობის დროს ვიხსნი. საპატრიარქოს ბაღი და პატარა ორანჟერეა ჩამაბარა. სამებაში ვარდების მომვლელებს კონსულტაციას ვუწევდი, იქ ძალიან ბევრი ვარდი ხარობს, რამდენიმე სახეობა გერმანიიდანაც ჩამოიტანეს. საპატრიარქოში სასულიერო პირებს დავუახლოვდი, მონასტრების წინამძღოლებთან ახლაც მაქვს ურთიერთობა. ახლახან ვარდები შევწირეთ სვეტიცხოველს. ხშირად ჩავდივარ ბოდბის მონასტერში, დედაოებს ყვავილების მოვლაში ვეხმარები. ალავერდში წითელი ხვიარა ვარდების ხეივანი გავაკეთეთ.

- მირანდა, ახალი ჯიშები საზღვარგარეთიდან შემოგაქვს?

- დიახ, ინტერნეტით მოვიძიებ ხოლმე. ერთხელ აქ მოვიდა ადამიანი, რომელიც ვარდებით არის დაინტერესებული. დავმეგობრდით. ის სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მოგზაურობს, ჩემი თხოვნით ჩამოაქვს ხოლმე. საერთოდ ნერგებს აკლიმატიზაციის პერიოდი რთულად გადააქვს, მაგრამ გარემოს ნელ-ნელა ვაგუებთ.

- თქვენს სათბურში არაერთი უნიკალური ჯიში ხარობს, განსაკუთრებით მწვანე ვარდი მომეწონა, ის როგორ მოხვდა საქართველოში?

- მწვანე ვარდიც მან ჩამოგვიტანა, მაგრამ იმდენად პატარა იყო, მამაჩემის გარდა ალბათ ვერავინ გადაარჩენდა.

ვალერი:

- დღე და ღამე ვუტრიალებდი, არ ვშორდებოდი, მერე მისგან 8 ძირი გამოვიყვანე და გავამრავლე.

- ქალბატონო აზა, სანამ დაოჯახდებოდით, მომავალი მეუღლე ვარდების თაიგულით არ განებივრებდათ?

აზა:

- როგორ არა?! ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ, ერთი სკოლა გვაქვს დამთავრებული, სტუდენტობის დროს თბილისიდან რაიონში უმეტესად მატარებლით ჩავდიოდი, სადგურზე ვარდების ვეებერთელა თაიგულით მხვდებოდა, გოგონები შემომნატროდნენ, რა ბედნიერი ხარო.

ვალერი:

- ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი 6 წელს გრძელდებოდა, ვპირდებოდი, ოღონდ გამომყევი და სულ ვარდებში გაცხოვრებ-მეთქი.

- ვარდი ის ყვავილია, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს უყვარს, თავად რა უყვარს ყვავილების დედოფალს?

- მოვლა. ბევრი წყალი არ უნდა დაუსხათ, ნიადაგი უნდა გაუფხვიეროთ. ის ცოცხალი ორგანიზმია, მისი უნდა გესმოდეს. ისეთი ჯიშები მაქვს, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ არსებობდა.

მირანდა:

- თავიდან მხოლოდ 15 სახეობა გვქონდა, ერთ-ერთის სახელი მე მქვია, მირადი - ეს არის ცნობილი შავი ხავერდისებური სურნელოვანი ვარდი, 1945 წელსაა გამოყვანილი და სახელი - “მირანდა” მამამ ამ ვარდის გამო დამარქვა. ჩვენ გვაქვს: სუპერსტარი, როიალ სანსეტი, ნიუ დაუნი... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

- უმეტესად რომელი ქვეყნიდან შემოგაქვს ხოლმე?

- გერმანიიდან, რუსეთიდან. საქართველოში არაერთი კოლექციონერია, რომელიც ვარდების სახეობებს აგროვებს.

- შემოტანა ძვირი გიჯდებათ?

- ადგილზე ძვირი არ ღირს, განბაჟება უფრო მეტი ჯდება. მწვანე ვარდში 70 ევრო გადავიხადეთ.

- თავად როგორ ყიდით?

- ჩვენთან 10-დან 50 ლარამდე ღირს, ძირს გააჩნია.

- სულ ვარდის რამდენი სახეობა არსებობს?

- ხვიარა, რომელიც ნიადაგს ფარავს, მინიატიურული ანუ ოთახის ვარდი, ბუჩქოვანი, რომელსაც გაზონებისთვის იყენებენ, ხვიარის მეორე სახეობა, რომელიც კარგია შენობების ფასადის გასაფორმებლად და შტამბოვანი, რომლითაც ეზოებში ხეივნებს აკეთებენ.

- რომელი ფერის ვარდზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

- ჭრელ ვარდებზე. ზოლიანი ვარდები მოსწონთ, ორფეროვანიც და შინდისფერი, ყვითელზოლიანიც მოსწონთ.

- შენ თუ გიყვარს გამორჩეულად რომელიმე?

- ჯუჯა ვარდები მიყვარს. ზამთარში აივანზეც რომ დატოვო, არ იყინება. გაზაფხულიდან ნოემბრის ბოლომდე ყვავის და ძალიან ლამაზია.

თამუნა კვინიკაძე