"ჩემი შეკერილი ყველა კაბა გაიყიდა" - გზაპრესი

"ჩემი შეკერილი ყველა კაბა გაიყიდა"

მსახიობებს, გარდა იმისა, რომ სცენაზე ავლენენ თავიანთ ნიჭიერებას, კიდევ ბევრი სხვა რამ ეხერხებათ. ზოგი მსახიობი კარგად კერავს, ქსოვს, ხატავს. მაგალითად, მედეა ჩახავა გასაოცარი კულინარი იყო, გია ფერაძე შესანიშნავ ლექსებს წერდა, რუსლან მიქაბერიძეც წერდა მახვილგონივრულ ფუნაგორიებს და საერთოდ, ბევრია დაჯილდოებული სხვადასხვა უნარით. ასმათ ტყაბლაძე მათ შორისაა, ვინც არაჩვეულებრივად კერავს და ქსოვს.

- ქალბატონო ასმათ, რა ასაკში შეიკერეთ პირველი კაბა?

- ბავშვობიდან ძალიან კარგად ვკერავდი. პირველი საზაფხულო კაბა-სარაფანი მეოთხე კლასში შევიკერე. მაინცდამაინც კარგი არ გამომივიდა, მაგრამ პაპამ თქვა: არა უშავს, რამდენჯერმე სცადოს, და ნელ-ნელა ისწავლისო. პაპას "ზინგერის" საკერავი მანქანა ჰქონდა და არასოდეს არ მეუბნებოდა უარს, მესარგებლა. უკვე მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი, როცა ძალიან მომინდა, „დუბლიონკა“ მქონოდა. ამ დროს ეკრანებზე გადიოდა ფრანგული ფილმი „ქალი და მამაკაცი, სადაც ანუკ ემეს აცვია ლამაზი „დუბლიონკა“ და ზუსტად ისეთი მინდოდა. რა ვქნა?.. დავიწყე ფიქრი. ჩემს დას ზამშის ნატურალური "პლაშჩი" დაუპატარავდა და ვთხოვე, მაჩუქე-მეთქი. მერე ვიყიდე სარჩული, დაბამბული "ვატინა" (სპეციალური ნაჭერია - სითბოსთვის). სარჩული და "ვატინა" ერთად შევკერე ოთხკუთხედად დალიანდაგებული. ვიყიდე „ციგეიკის“ ქუდი, დავშალე და კისერზე მთლიანად გარშემო საყელოდ ჩავაკერე, როგორც იმ ფილმშია; ბეწვი სახელოებზეც მივაკერე. შესაკრავებიც იმის მსგავსი გავაკეთე თოკისგან, რომელიც შევღებე. თეატრში ამ „დუბლიონკით“ გამოპრანჭული რომ მივედი, გაგიჟდნენ, - სად იყიდეო? არ ვუთხარი (იცინის). ახალ რამეს რომ შევიკერავდი, რაღაც დროის შემდეგ მბეზრდებოდა და იმ ტანსაცმელს ვყიდდი. ერთი მოვიდა და მეხვეწა: „დუბლიონკის“ გაყიდვას რომ დააპირებ, არავის არ მისცე, გავგიჟდი, ისე მომეწონაო. მართლაც, იმ ქალს მივეცი. რამე მოდელი როცა მომეწონებოდა, ასე, ჩემს ჭკუაზე მოვიფიქრებდი ხოლმე გამოსავალს.

- თარგებს იყენებდით?

- ჩემს ტანზე ისე ვიკერავდი, სანტიმეტრი ხელში არ ამიღია, ზუსტი თვალის ზომა მაქვს. ახლაც, ზეპირად რომ ვიტყვი, ამდენი სანტიმეტრი იქნება-მეთქი, გავზომავ და ზუსტად იმდენია. ერთხელ ახალი შემოსული იყო ფერადი ჯინსი. იყიდებოდა ძალიან ლამაზი ცისფერი კოსტიუმი, ჩემი ზომა აღმოჩნდა, თან ძალიან მიხდებოდა და ვიყიდე. ეტყობა, თეატრში ვიღაცა დაიბოღმა ამ კოსტიუმის გამო... ერთ დღესაც, რეპეტიციაზე ვარ, ჯერ საგრიმიოროში შევედი, სადაც გავიხადე და დავტოვე ჯინსის კოსტიუმი, მერე სარეპეტიციო დარბაზში ავედი. იქიდან რომ ჩამოვედი, რას ვხედავ?!. მაკრატლით არის ამოჭრილი ორივე - პიჯაკი და ქვედაბოლო. გავმწარდი, მაგრამ რა უნდა მექნა? ვინ არის დამნაშავე, ამას როგორ გავიგებდი? წამოვედი შინ. ვიცოდი, რომ ამ ჯინსის ნაჭერი შევინახე, ქვედაბოლო როცა დავამოკლე. იმისგან გავაკეთე სხვადასხვა აპლიკაცია და დავაკერე ამოჭრილ ადგილებში. უფრო ლამაზი გამოვიდა. თეატრში მივედი განახლებული ჯინსის კოსტიუმით და იმ რეპეტიციაზე მყოფი იგივე ხალხი როცა შევიკრიბეთ (რა თქმა უნდა, მათგან რომელიმე იქნებოდა, ვინც ასე საშინლად მოიქცა), ყველას თვალწინ და გასაგონად გამოვაცხადე: ბოროტი ვინცა ხართ და ეს ცუდი საქმე ვინც ჩაიდინეთ, ნახეთ - ნიჭიერი ქალი ვარ და კოსტიუმი რა კარგად გავაკეთე-მეთქი. ამის თქმis არ შემრცხვა იმიტომ, რომ მართლა ლამაზად გამოვიდა. ასეთი უღირსი მოქცევა მაფხიზლებს, მინდა ხოლმე, რომ ჯინაზე უფრო კარგად გავაკეთო ყველაფერი.

sop-copy-1636017639.jpg

- თქვენი მეგობრებიდან ვინ კერავდა კარგად?

- სოფიკო ჭიაურელს ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა - ქსოვა, კერვა, საჭმელების კეთება, რემონტი... მე და სოფიკო ამ მხრივ ერთმანეთს ვგავდით. ერთი ძალიან ლამაზი ფოტოა, სადაც სოფიკოს ჩემი შეკერილი კაბა აცვია და თავზე სომბრერო ახურავს. მომწონს ეს ფოტო. როგორ მოხდა ეს?.. ჩემთვის კაბა შევიკერე და ფასონი ძალიან მოეწონა, მეც მინდაო. ვუთხარი - შეგიკერავ-მეთქი. ახალგაზრდობაში გამხდრები და თითქმის ერთი ზომის ვიყავით, სოფიკო კაბას რომ იკერავდა, „პრიმერკას“ ჩემზე აკეთებდა. საკერავი მანქანა ყველგან თან დაჰქონდა, სადაც მიდიოდა. უსაქმოდ ყოფნა არ შეეძლო. საზღვარგარეთაც კი წაიღო პატარა საკერავი მანქანა და როგორც კი დროს მოიხელთებდა, იქაც რაღაცას იკერავდა.

- თქვენ და სოფიკოს ერთნაირი კაბები გქონიათ?

- მსახიობებს ყოველთვის გვიჭირდა საღამოს კაბების შოვნა. ძალიან ლამაზი კაბა ვიყიდე პარიზში. ჩამოვედი და სულ ორჯერ ჩავიცვი. მერე ასეთი რამ მოვიფიქრე - ამ კაბის მსგავსი, ხუთი სხვადასხვა ფერის კაბა შევკერე და მეგობრებს გასაყიდად გავატანე. ეს პარიზში ნაყიდი კაბაც გავაყოლე: სახალხოდ ერთი და იმავეს ჩაცმა მოსაბეზრებელია. ჰოდა, მოხდა ისე, რომ ჩემი შეკერილი ყველა გაიყიდა, ხოლო ნაყიდი კაბა უკან დამიბრუნეს, - ამას არ ეტყობა, რომ ფირმის შეკერილიაო (იცინის)... კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ისევ პარიზში, შევედი ბუტიკში და ვხედავ, ორი ერთნაირი, ოღონდ განსხვავებული ფერის, ძალიან ბრჭყვიალა კაბა კიდია. მწვანე მიყვარს და ამ ფერის კაბა ვიყიდე, მეორე იასამნისფერი იყო. ჩამოვედი და ერთ დღესაც მივედი ამ მწვანე კაბით საღამოზე. შემოდის სოფიკო, რომელსაც ზუსტად ის მეორე კაბა აცვია. თბილისში უყიდია, ეტყობა, ვიღაცამ ჩამოიტანა პარიზიდან. ძალიან სასაცილო ამბავი იყო. სხვათა შორის, მერე სპექტაკლში „გვირილა“ ეცვა, რომელიც სოფიკომ დადგა, სადაც თავად და ვერიკო თამაშობდნენ.

- ქსოვა როდის დაიწყეთ?

- კერვის მსგავსად, ქსოვაც სკოლის ასაკიდან დამოუკიდებლად ვისწავლე. სტუდენტობის დროს, მართალია, ლენინის სტიპენდიატი ვიყავი, უკვე ვყიდდი ნაქსოვებს იმიტომ, რომ ქირით ვცხოვრობდი და დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა. მოწაფეები მყავდა, მუსიკაში ვამეცადინებდი (ქალბატონ ასმათს მუსიკალური ტექნიკუმი აქვს დამთავრებული. - ავტ.). ვქსოვდი შარფებს, ქუდებს, ჯემპრებს... სესილია თაყაიშვილთან ვმეგობრობდი, რომელიც მეხმარებოდა ჩემი ნაქსოვების გაყიდვაში, შეკვეთებს მიგროვებდა ხოლმე. დამირეკავდა და, ვთქვათ, მეტყოდა: ასმათ, მოქსოვე სამი შარფი და ორი ქუდი. თავადაც ქსოვდა, თავისი მოქსოვილი ძალიან ლამაზი შალი მაჩუქა.

f0f1d8a4e821df0a3bf6de8c0ec96d25-copy-1636017654.jpg

- ქალბატონები - ვერიკო და სესილია თქვენი უფროსი მეგობრები იყვნენ. მათ რა ეხერხებოდათ?

- ვერიკო საჭმელებს აკეთებდა კარგად. მინახავს, მაგალითად, კატლეტებს როგორ ამზადებდა... სტუმრად მისულს, ყოველთვის მერიდებოდა - ის ფეხზე იდგა და უნდა გამმასპინძლებოდა. ერთხელ ვეუბნები, - ქალბატონო ვერიკო, მოგეხმარებით-მეთქი. - დაჯექი და დაიმახსოვრე, ვინ გემსახურება, - ვერიკო ანჯაფარიძეო! ჩემთვის სატრაბახოა, როცა ამას ამბობს ვერიკო... არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათი ოჯახიდან გამასპინძლების გარეშე წამოვსულიყავი, სტუმარი უყვარდათ. ბებიაჩემმა იცოდა თქმა, საჭმელი რაცა გაქვს, სტუმარს ყველაფერი უნდა შესთავაზო, თორემ გაგიფუჭდებაო. ისე აგიცხადდათ ყველაფერი კარგი: ხიზილალა მქონდა და ერთხელ, იმის გარდა, ყველაფერი გავიტანე სუფრაზე. მერე დამავიწყდა ხიზილალის არსებობა და გამიფუჭდა. გამახსენდა ბებიაჩემი, ბრძენი ქალი, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით... ასეთი იყო ვერიკოს ოჯახი - აბსოლუტურად ყველაფრით გაგიმასპინძლდებოდნენ. ერთი ისტორია ვიცი მონაყოლით. სამამულო ომის დროს მსახიობებს სპექტაკლის შემდეგ ყოველთვის უნდოდათ დასხდომა და ერთად ყოფნა. ერთხელაც ვერიკოსთან წასვლა გადაუწყვეტიათ. მივიდნენ და სახლში მხოლოდ პური და მცირედი საჭმელი ჰქონია. გაუწყვიათ მაგიდა საუკეთესო სერვიზით და ჭიქებით, სადაც წყალი ჩაუსხამთ, ღვინოც არ ჰქონდათ, და ასე, ვითომ ქეიფი ჩაუტარებიათ, მაგრამ საუბრისას საუკეთესო დრო გაატარეს.

სესილია სადილებს აკეთებდა და ბაზარში დადიოდა, მაგრამ ცხობა არ გამოსდიოდა. არაჩვეულებრივი რძალი ჰყავდა, ულამაზესი ნელი გიორგობიანი, რომელსაც ეუბნებოდა: ხელი არაფერს არ ახლო, შენ არ გააკეთოო. ყველაფერს სესილია ამზადებდა. ვიღაცამ ასწავლა ვაშლის ფხვიერი "პეროგი", გამოაცხო და ოჯახის წევრებმა დაუწუნეს - არ ვარგაო. მერე მე დამირეკა: "პეროგი" გამოგიცხვე და მოდიო. გავსინჯე და მომეწონა, - ვაიმე, რა გემრიელია-მეთქი, - დავიწყე ქება. სესილიამ იმათ დაუძახა: აი, ასმათს მოსწონს და თქვენ როგორ არ მოგეწონათო?! ვითომ დიდი ექსპერტი ვიყავი. მიცხობდა და მიცხობდა ამ "პეროგს" (იცინის). რა საოცარი დრო და ხალხი იყო!.. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი იმისთვის, რომ მათ ვყვარებოდი. სიყვარულსა და მეგობრობას ვერავის დააძალებ.

ცოტა ხნის წინ ჩემი ერთგული მეგობარი, ჩემი „ძმა“ - ავთო მიქაძე გარდაიცვალა. ძალიან მატკინა გული. ის ყოველთვის ამბობდა: მე ერთი და მყავს, მეორე და კი ასმათი არისო. ჩემთვის თეატრი მთავრდება, საერთოდ კი არა, ის თეატრი, სადაც ბევრი მეგობარი მყავდა...

ნანული ზოტიკიშვილი