"ყველას თვალებში ვუყურებ... თუ სიბრალულს ვამჩნევ, ვჩუმდები და ვითრგუნები"
თეა კაკაბაძე ბათუმში ცხოვრობს, 38 წლისაა და როგორც თვითონ მითხრა, მუდმივად სიახლის ძიებაშია. შეზღუდული შესაძლებლობები ამაში ხელს საერთოდ არ უშლის, პირიქით, უფრო მეტ ძალას აძლევს.
- არავინ იცის, მსგავს სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა და განსაცდელს როგორ გაუძლებს. დრო ყველაფერს გვაჩვევს. ბევრს ვიცნობ, ვინც სახლში ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც ეტლით მოსარგებლე გახდა, არ უნდოდათ არავისთან ურთიერთობა, სამყაროსთან კავშირი გაწყვიტეს, მაგრამ საბედნიეროდ, დღეს სხვანაირად ფიქრობენ. მეც მეგობრების დახმარებით ავიდგი ფეხი და გამოვედი გარეთ. ჩემი ტრავმიდან 18 წლის შემდეგ გავიცანი ჯერ გიორგი ძნელაძე, შემდეგ ჩემი მოგვარე - თომა კაკაბაძე. სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი ასეთი აქტიურობა დღეს.
- თვითონაც გქონდათ ასეთი პრობლემები - სახლში ჩაკეტვა, დეპრესია?
- ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სიმაღლეებზე ძრომიალი მიყვარდა. სახლის სახურავზე ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი "ომობანას". 11 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ეზოში თუთის ხიდან ჩამოვვარდი. მალები და ქვედა კიდურები დამიზიანდა, თუმცა ამaში ბევრი რამ ექიმების "დამსახურებაც" არის. ეს იყო 1996 წელი, ძალიან რთული პერიოდი ქვეყნისთვის. თბილისში გადაყვანის საშუალებაც არ მისცეს ჩემებს, გზაში არ დაგეღუპოთო, და ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს ხერხემალზე არასწორად გამიკეთეს ოპერაცია. სხვა რამეებისთვის არც მიუქცევიათ ყურადღება. მაშინ რეაბილიტაციისთვისაც არ იყო ამდენი შესაძლებლობა, რაც დღეს. მასაჟისტი შინ მოგვყავდა ხოლმე ტაქსით. ის მასაჟებიც სწორად არ ჩამიტარდა, ახლანდელი კვლევები მიუთითებს მკურნალობის ხარვეზებზე. რა დროს გავლაა, სიკვდილს გამოგგლიჯეთ ხელიდანო! - მითხრა ექიმმა. პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. 3 წელი წოლითი რეჟიმი მქონდა, საწოლში თუ წამოვჯდებოდი ცოტა ხნით. ძირითადად, სახლში ვიყავი, რადგან ეტლიც არ მქონდა. მხოლოდ ექიმთან მივდიოდი და მაშინაც ოჯახის წევრებს ხელში აყვანილი მივყავდი იქამდე. 3-4 წლის შემდეგ შევძელი ეტლით სარგებლობა.
- სწავლის გაგრძელება თუ შეძელით?
- სკოლაში, რა თქმა უნდა, ვერ დავდიოდი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი, ძირითადად - რომანებს. პედაგოგს უნდა ევლო ჩემთან, მაგრამ იმ დროს ისეთი მიზერული ხელფასები ჰქონდათ, თან ტრანსპორტიც არ დადიოდა და ამიტომ ვერ მოდიოდა. მანქანა არც ჩვენ გვყავდა. ღამის სკოლა დავამთავრე, 9 კლასის ატესტატი არც ამიღია, ვფიქრობდი, რაში გამომადგება-მეთქი?.. გვიან ავიღე ატესტატი, 2017 წელს, მომინდა მესწავლა. ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ვხვდები, მედიცინა ჩემი სფერო არ არის. 2017 წლიდან დღემდე ბევრი კურსი და ტრენინგი გავიარე, თომას წყალობით სამსახურიც დავიწყე, აქტიურად ჩავერთე შშმ პირთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტში. დღემდე ასეა, ვცდილობ, ახალბედებმა არ გამოიარონ ის გზა, რაც მე გამოვიარე და არ დაუშვან ის შეცდომები, რაც მე დავუშვი, - ამდენი დროის დაკარგვას ვგულისხმობ. თავდაპირველად ერთ-ერთ კლინიკაში ოპერატორად დავიწყე მუშაობა, მაგრამ ენის ბარიერის გამო 2 თვეში თვითონ წამოვედი. ბევრი პაციენტი იყო რუსულენოვანი, რის გამოც ხშირად მჭირდებოდა სხვისი დახმარება. ერთი სიტყვით, არ მეკუთვნოდა ის ხელფასი, რომელსაც ვიღებდი. მალევე დავიწყე მუშაობა სამაკლერო კომპანიაში, მაგრამ 2 თვეში ოფისი შეიცვალეს და არაადაპტირებული გარემოს გამო წამოსვლა მომიხდა. ამასობაში დავამთავრე კოლეჯიც, კერვა შევისწავლე და სამკერვალოში პრაქტიკაც გავიარე, მაგრამ იქაური პერსონალი მეხმარებოდა - ხელით ავყავდი და ჩამოვყავდი. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა, 2 არასამთავრობო გაერთიანდა: "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის". აქაც დამჭირდა ინგლისური ენის ცოდნა და დავიწყე ენის სწავლა 2019 წელს. პარალელურად შშმ პირთა გაძლიერების ალიანსში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ხელფასი დღესაც არ ამიღია, ცუდ სიტუაციაში მოვხვდი. დღეს-ხვალ დაგირიცხავთო, ასე გვეუბნებიან დღემდე. ამჟამად ოჯახური პატარა ბიზნესი წამოვიწყეთ. სწრაფი კვების ობიექტი გავხსენით, ეს რამდენიმე დღეა. მე ფინანსები მაბარია.
- ოჯახში ვინ გყავთ?
- მე და დედა ერთად ვცხოვრობთ, ჩემი ძმა თავის ოჯახთან ერთად - ცალკე, მყავს და, სიძე, დისშვილები. მამა 11 წლის წინ გარდაიცვალა. მაშინ ჯანმრთელობის ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა. სეფსისი აქვს, შეიძლება თბილისამდეც ვერ ჩააღწიოსო, - პირდაპირ უთხრეს ექიმებმა. ამაზე ძალიან ინერვიულა და დილით ვნახეთ გარდაცვლილი საწოლში, გულის შეტევით. ოჯახი იყო და არის ის სტიმული, რომ კარგად ვყოფილიყავი. განსაკუთრებულად ვუყვარვარ და მიფრთხილდებიან, მხარში მიდგანან და ბევრი რამ სწორედ მათი დამსახურებაცაა. დღეს დამოუკიდებელი ვარ, სადაც მინდა, იქ შემიძლია წავიდე. პატარ-პატარა კომპლექსები მაინც მაქვს - მაგალითად, ძალიან მიჭირს აუდიტორიასთან საუბარი ჩემ შესახებ, საერთოდ, შშმ პირების პრობლემების შესახებ.
- რატომ, რა არის ამის მიზეზი?
- ყველას თვალებში ვუყურებ, ვის როგორი რეაქცია აქვს და თუ სიბრალულს ვამჩნევ, ვჩუმდები და ვითრგუნები. არ მომწონს, როდესაც სიბრალულს ვგრძნობ, ამიტომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება. რამდენჯერ მომხდარა, ეტლით რომ დავუნახავვარ ვინმეს და ფულის მოცემა უცდია. ამაზე უკვე მეცინება. რადგან ეტლით გხედავენ, ფიქრობენ, რომ დახმარებას ითხოვ. ამას წინათ ერთი ბაბუა ამოვიდა გადაჭედილ ავტობუსში და რომ დამინახა, ხმამაღლა მითხრა, შვილო, შენ აბაზანა გჭირდება აუცილებლადო: ახტალის ტალახით მკურნალობას გულისხმობდა. მე კი მივხვდი, მაგრამ სხვები რას მიხვდებოდნენ?..
- თეა, რამდენად ადაპტირებულია თქვენი ქალაქი და რის შეცვლას ისურვებდით?
- ბათუმი ახლა უფრო ადაპტირებულია, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ მაინც არის პრობლემები - ბევრგან ან საერთოდ არ არის, ან არასწორად არის გაკეთებული პანდუსები. სწრაფი კვების ობიექტისთვის რა ფართobიც ვიქირავეთ, ისეთი ყირამალა პანდუსია, რომ 3 ადამიანის დახმარება მჭირდება. არ გვაქვს შესაძლებლობა, ვივარჯიშოთ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ერთხანს ნიჩბოსნობით დავინტერესდი, მაგრამ არ არის შესაბამისი პირობები. მიხარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით მალე ამოქმედდება ერთი ძალიან კარგი პროგრამა - ასისტენტის პროგრამა: ვისაც ეტლის ტარება არ შეუძლია და დამხმარე სჭირდება, მათთვისაა გამიზნული. ეს უფრო აქტიურს გახდის ბევრ შშმ პირს, ვინც აქამდე ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გარეთ გამოსვლას.
ნინო ჯავახიშვილი