"ცოცხალი რეკლამა ვარ..." - გზაპრესი

"ცოცხალი რეკლამა ვარ..."

ნათია ბედენაშვილი პროფესიით გახლავთ ექიმიც, ეკონომისტიც, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა, წამოეწყო სრულიად ახალი საქმე და დაახლოებით ერთი წლის წინ ხელნაკეთი აქსესუარების ონლაინმაღაზიაც გაეხსნა. მისი დამზადებული სამაჯურები, ყელსაბამები, სათვალის საკიდები, გულსაბნევები, საყურეები დახვეწილობითა და ფერთა საოცარი შეხამებით გამოირჩევა. სურს, მისი სამკაულით ყველა ქალბატონმა გაილამაზოს ყოველი დღე:

- თავდაპირველად სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში ჩავაბარე, მაგრამ მერე ავიჩემე, რომ რაღაც სხვა მინდოდა და ჩავაბარე მეორად ფაკულტეტზე, ეკონომიკურზე. ასეთი გრაფიკი მქონდა - დილით სამედიცინოს ლექციებს ვესწრებოდი, შუადღისას ბავშვს ვაჭმევდი და საღამოს ეკონომიკას ვსწავლობდი. ამ პერიოდში დაოჯახებაც მოვასწარი. ამჟამად მთავარ ბუღალტრად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში.

- ხელსაქმე ან ხატვა ალბათ გეხერხებოდათ. რამ გიბიძგათ სამკაულების შექმნისკენ?

- რაზე აღარ დავდიოდი - სიმღერაზე, ტანვარჯიშზე, მაგრამ ერთადერთი, რაც არასდროს მეხერხებოდა, ხატვა იყო. მიყვარდა ჩხირკედელაობა, სახლში თუ რამე იყო დასაშლელ-ასაწყობი, რასაც ნერვები და მოთმინება სჭირდებოდა, მე ვთავობდი. ბავშვობაში და მერეც, სტუდენტობისას, ერთხანს სააღდგომო კვერცხებს ვაკეთებდი. მაშინ კარგი ხარისხის მასალა არ იშოვებოდა, სუპერწებოს რომ ვეძახით, მაგას ვიყენებდი და ვერ წარმოიდგენთ, ხელები რა დღეში მქონდა, მაგრამ შედეგი მომწონდა. ერთიღა აქვს შემორჩენილი ჩემს დედამთილს, ყველა გავაჩუქე. მსიამოვნებს, ადამიანებს სიხარულს რომ ვანიჭებ.

რაც შეეხება სამკაულებს: შარშან მეგობრები ვიყავით ზღვაზე, რამდენჯერმე წავედით სეზონზე და ყოველ გავლა-გამოვლაზე ვყიდულობდით ბიჟუტერიას, ხან ფეხის სამაჯურებს, ხან ხელისას. საერთოდ, სამკაულები მიყვარს. ბოლოს ვთქვი, - სირცხვილია, ჩვენ ვიყიდეთ, რაც კი ბათუმში სამკაული იყიდებოდა და ვიცი, სად უნდა შევიძინო თბილისში ბისერები, ჩავალთ და მე აგიწყობთ რაღაცებს-მეთქი. თუ რამეს ვიტყვი, აუცილებლად ვაკეთებ. მართლაც, წავედი, ვიყიდე ბისერები და ავაწყვე. მეგობრების ჯგუფში ჩავყარე ფოტოები, თვითონ დაინაწილეთ-მეთქი. ატყდა ერთი ამბავი, ყველას მოეწონა. მერე ჩემს დისშვილსაც დავუმზადე, მეზობელსაც და ისე მომეწონა ეს პროცესი, უკვე ვეღარ ვძლებდი უსაქმოდ. მსიამოვნებდა, რომ ვაკეთებდი. თავდაპირველად ქვებსაც ვერ ვარჩევდი, რომელი იყო ბუნებრივი და რომელი - ნახევრად ბუნებრივი. სულ ვკითხულობდი და ვიწერდი სახელწოდებებს, მომხმარებლისთვის რომ მიმეწოდებინა სწორი ინფორმაცია. ახლა უკვე კარგად ვიცი, რომელი რა ქვაა და რომელი მასალაა ხარისხიანი.

- ონლაინმაღაზიის გახსნა რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემს სახლში სულ სტუმარია და ვინც მოდიოდა, ყველას ვატანდი საჩუქრად სამკაულებს. მეგობარმა გაიკეთა ჩემი ნახელავი, მეზობელმა, ნათესავმა და ყველამ მითხრა, რომ მათ გარშემო ბევრი აღფრთოვანდა და დაინტერესდა, სად შეიძინეს. მოკლედ, მოთხოვნა გაჩნდა. ბოლოს მეგობრებმა შემომთავაზეს, ონლაინმაღაზია გააკეთეო. დისშვილმა და ჩემმა უფროსმა შვილმა დამარეგისტრირეს სოციალურ ქსელებში და ბრენდის სახელწოდებაც ოჯახის წევრებმა შეარჩიეს - ჩემს სახელთან და ბისერებთან ასოცირდება, ძალიან მომწონს. თავიდან მეგონა, გავერთობოდი, მაგრამ ეს გატაცება პატარა ბიზნესში ისე გადაიზარდა, ვერც მივხვდი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, ვღელავდი, მაგრამ დიდ მოტივაციას ვგრძნობდი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან და ამიტომაც შევძელი. სრულფასოვან ბიზნესად რატომ არ აქცევო? - მეკითხებიან, მაგრამ მარკეტინგის კუთხით გამოცდილება არასდროს არ მქონია. ჩემს გვერდზე რაც დევს, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, დაწყებული სამკაულით, დამთავრებული ფოტოს გადაღებით. თან ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო განტვირთვაა - დილიდან საღამომდე ხომ ვმუშაობ, გვიან, სიჩუმეში ფილმს ვუყურებ ან მუსიკას ვრთავ, დავჯდები ხოლმე და ვიწყებ სამკაულების აწყობას. ამ დროს ყველამ იცის, რომ ჩემს სტიქიაში ვარ და ხელი არ უნდა შემიშალონ.

- ყოველთვის იცით წინასწარ, რისი გაკეთება გინდათ, თუ მუშაობის პროცესში ჩნდება იდეები?

- წინასწარ არასდროს არ ვიცი, რას გავაკეთებ. ვარჩევ მასალას - ზოგის ფერი მომწონს, ზოგის ფორმა და მერე ვაწყობ. აუცილებლად უნდა ვიყო ამის ხასიათზე. შეიძლება 2 კვირა ისე გავიდეს, ვერაფერი გავაკეთო. იძულებით არაფერი გამომდის. ახლის შექმნის ინსპირაციას მაძლევს ფერიც. ერთხელ ვნახე მწვანეს შეხამება ბორდოსფერთან და ისე მომეწონა, რომ ამ ორ ფერში ყელსაბამი ავაწყვე. არ მიყვარს ერთი და იმავეს კეთება. თქვენ რომ უყუროთ ჩემს ემოციებს მაშინ, თუ ყელსაბამი დამეშალა... რამდენჯერ ყოფილა, რომ უკვე შეკვრა უნდოდა, მაგრამ ამ დროს გამვარდნია ხელიდან. წვრილი ბისერები წამში იშლება და იბნევა მთელ ოთახში. ბევრჯერ შემიგროვებია შუაღამისას. წარმოიდგინეთ, როდესაც ფერებსa da ფორმებს უხამებ ერთმანეთს, დეტალებს ურჩევ და ამ დროს ძუაღა შეგრჩება ხელში!.. თუ ვყვირი, ესე იგი, რაღაც ამდაგვარი დამემართა. ოჯახის წევრები ამას მიჩვეულები არიან.

image21-1636018867.jpeg

- რაც შეეხება მასალას - რას იყენებთ ხშირად?

- ძალიან მიყვარს მარგალიტი, სხვადასხვა ფერის. ასევე: ამეთვისტო, ავანტურინი, სადაფი, აქატი, იასპი... დაახლოებით ერთი საათი ვუნდები ერთი ნივთის დასრულებას, შეიძლება უფრო ნაკლებიც. როდესაც ზუსტად იცი, რას აკეთებ, ბევრი დრო არ გჭირდება, მაგრამ როდესაც ფიქრობ განსხვავებულზე, ამას დრო მიაქვს. მიყვარს ძველი სამკაულების გაცოცხლება. მეგობრებსა და ახლობლებს მოაქვთ ჩემთან ასეთი სამკაულები, ვშლი და ვაწყობ ახალსა და განსხვავებულს. ამას წინათ დეიდაჩემის ძველი ყელსაბამი დავშალე, სერდოლიკის ქვებით იყო და გავაკეთე რამდენიმე ბროში.

მქონდა რამდენიმე ნივთი, რომელსაც არ ვყიდდი, მაგრამ ბოლოს მაინც გავიმეტე. როდესაც ჩემთვის საყვარელი ყელსაბამის გაყიდვა მთხოვა მომხმარებელმა, რომელსაც ჩემი უამრავი ნივთი აქვს, უარი ვერ ვუთხარი. ყოველ დილით სხვადასხვა აქსესუარს ვიკეთებ, ცოცხალი რეკლამა ვარ, მოკლედ (იცინის)... ამას წინათ რიგში ვიდექი და ერთ გოგოს ეკეთა ყელსაბამი. ვისია-მეთქი? - ვერ მოვისვენე და ვკითხე. ჩემი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ვიცანი, მაგრამ მაინც დავაზუსტე. ერთხელ მაღაზიაში გოგო ეკითხებოდა გამყიდველს, ასეთი დეტალი მინდაო და ჩემი ყელსაბამის ფოტოს აჩვენებდა. ეს ჩემი გაკეთებულია-მეთქი, - ვუთხარი. მე თქვენ მოგწერეთ 2 დღის წინ, ფასდაკლება გთხოვეთ, მაგრამ არ გამიკეთეთ და გადავწყვიტე, თვითონ ავაწყოო. წარმატება ვუსურვე. იტალიაში, ამერიკაში, ასევე, ლონდონსა და პრაღაში გავგზავნე შეკვეთები - უცხოელებმა შეიძინეს. რომ მოსწონთ, ეს მაბედნიერებს.

ნინო ჯავახიშვილი