პრემიერა - გზაპრესი

პრემიერა

ახლახან კინოთეატრებში ახალი ქართული მხატვრული ფილმის, "ნამცეცას და გულივერას თავგადასავალი", პრემიერა gaimarTa. ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონით" შთაგონებული სცენარის ავტორი - მსახიობი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილია. ახალ ქართულ კომედიაზე ეროტიკული ელემენტებით გიორგისთან ერთად, რეჟისორმა ბესო კვარაცხელიამ იმუშავა. სათავგადასავლო მისტიკა სამი სხვადასხვა სცენარის ერთიანობაა.

ფილმი პანდემიის მკაცრი რეჟიმის პირობებშია გადაღებული. თემა თავად ნამუშევარშიც გვხვდება. ფილმში მონაწილეობას სხვადასხვა ჟანრის პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იღებენ. მაყურებელი კვანძის საბოლოო გახსნამდე არაერთ ინტრიგას, მოულოდნელობას, შეუსაბამობას ხედავს.

"ნამცეცას და გულივერას თავგადასავალს" მალე საფესტივალო ჩვენებებზე წარადგენენ.

გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი, რეჟისორი:

- როცა პანდემია დაიწყო და ჩავიკეტეთ, მეგონა, ეს აღარასოდეს დასრულდებოდა. ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო იზოლაციის პირობებში. ახლაც არ ვიცი, მაინცდამაინც მაშინ რატომ მომინდა ფილმის გადაღება. თითქოს, ამით კოვიდპანდემია დუელში გამოვიწვიე. ურთულესი პერიოდი იყო, ღამის კადრების გადაღების უფლებას კულტურის სამინისტროსგან ვითხოვდით და მადლობა მათ. უფრო მეტი დრო იხარჯებოდა ადამიანების შეკრებაში, ვიდრე გადაღებებისას. მეც და ბესოსაც გაგვიჩნდა ინტერესი გაგვეგო, ვაჯობებდით თუ არა პანდემიას.

- გადაღებისას ვირუსს გადაურჩით?

- როლი, რომელსაც ფილმში ვასრულებ, ცისანა სეფიაშვილს უნდა მოერგო, მაგრამ „კოვიდის“ დადასტურების გამო, გადასაღებ მოედანზე ვეღარ გამოცხადდა. ეშმაკის როლზეც სხვა მსახიობი იყო. სხვა პროექტებში სიამოვნებით ვთანხმდები როლს, მაგრამ ჩემს ფილმში თამაშისას მგონია, რომ როგორც რეჟისორი, საქმეს რაღაცას ვაკლებ. სხვა გზა არ იყო და იძულებული გავხდი, როლი მომერგო.

- ფილმში საკმაოდ ბევრი პროფესიონალი მსახიობი და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ ფილმი შედგა, მეგობრული თანადგომაა?

- სულ ვამბობ, რომ ცხოვრების გზაზე შემხვედრ ადამიანებში მიმართლებს. გადაღებისას ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, რა მაგარია, რომ აქ დგანან და არ მიდიან-მეთქი. კადრები მცირე დროში, ორ კვირაში გადავიღეთ. ამ ხალხის არა მხოლოდ პროფესიონალიზმმა, არამედ ადამიანურმა ღირებულებებმა ფილმის შექმნისა და სრულყოფის პროცესში უდიდესი წვლილი შეიტანა.

247249995-1545402035826031-8145514899157805013-n-copy-1636019042.jpg

- მაყურებლის ფიქრი მარტივად ვერ მიჰყვება ფილმის სიუჟეტის განვითარებას...

- ერთმანეთს რამდენიმე სცენარი გადავაბი, სხვადასხვა სცენარით ერთი ფილმი "მოვქსოვე". ეს პროდუქტი მარტივად აღსაქმელი არაა, დასაფიქრებელია. ფილმს კრიტიკაც მოჰყვა, - მითხრეს, რომ ზედმეტი ბილწსიტყვაობაა, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა და ის ზუსტად ასეთია, ანარეკლია ჩვენი საზოგადოების, ყოფის. ფილმის მიმდინარეობისას ბევრი მინიშნებაა, რომ ეს რეალობა არ არის, თუმცა, კვანძი საბოლოოდ, ფილმის დასასრულს, სულ ერთ კადრში იხსნება.

- ფილმმა საფესტივალო მოგზაურობა უკვე დაიწყო?

- ამისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. საერთაშორისო კულტურის ცენტრი "არტ ლიგა", ახალი პლატფორმით - "ქართული კინო საზღვრებს გარეთ" და ნატალი სტუარტ ფოქსი ფილმის ე.წ. პოსტპროდაქშენში დაგვეხმარებიან. ნატალი დიდი ხანია უცხოეთში ქართულ ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა. ამჯერად თავის გუნდთან ერთად იზრუნებს, რომ ფილმი სხვადასხვა ფესტივალზე წარდგეს. ამ პლატფორმას გვერდით ქართველი ემიგრანტები უდგანან. მინდა მათ შორიდან მოვეფერო და მადლობა გადავუხადო.

ბესო კვარაცხელია, რეჟისორი, ოპერატორი:

- მე და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. რამდენიმე სცენარი მაჩვენა და მითხრა, რომ სამი სცენარის გაერთიანება სურდა. ქაოsური, მაგრამ ძალიან საინტერესო იდეა იყო და მუშაობა დავიწყეთ. მსახიობები უკვე შერჩეული გვყავდა, როცა პანდემია გამწვავდა. შევჩერდით, თუმცა მალევე მივხვდით, რომ ამ პროცესს ბოლო არ უჩანდა და ფილმის გადაღება საკუთარი ძალებით დავიწყეთ. ყველანაირი ტექნიკური საკითხი, რეჟისორობა, ოპერატორობა, გამნათებლის ფუნქციაც კი საკუთარ თავზე ავიღეთ.

- ფილმის გამოსვლას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- იყო კრიტიკაც და ეს მისაღებია. ფილმი უფრო საფესტივალოა, ვიდრე მასობრივ მაყურებელზე გათვლილი. ძალიან სასიამოვნო და კომფორტული იყო გიორგისთან თანამშრომლობა. კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს. ამჟამად ვმუშაობთ ფილმზე, სადაც გიორგი თავად თამაშობს. მაყურებელს პერიოდულად ბევრ კარგ პროდუქტს შევთავაზებთ.

შორენა ლაბაძე