კლდეზე ცოცვაში ევროპის ერთადერთი პრიზიორი გოგო საქართველოდან
ბავშვობაში დედა მაუგლის ეძახდა. თავად ამბობს, რომ მაშინ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, მთაში ყველა ბავშვი აქტიურია. სვანეთში, სოფელ ჟაბეშში (მულახის თემი) დაიბადა და გაიზარდა, თავზე თეთნულდი დაჰყურებდა - "სვანეთის პატარძალი". კლდეზე ცოცვა 12 წლის ასაკში დაიწყო და პირველ დიდ წარმატებას 3 თვეში მიაღწია. კლდის ქიმზე განცდილ ემოციებზე, ამ სპორტის თანმდევ მუდმივ აზარტსა და ჟინზე მარიანა მარიამ იოსელიანი, როგორც ამბობენ, "ქართველი კიმ კარდაშიანი", თავად მოგვითხრობს:
- ჩემი სოფელი ზღაპრულად ლამაზია, მთებს შორის ჩადგმულ პატარა სახლებს თეთნულდი დაჰყურებს. აქ ვინც მოდის, წასვლა აღარავის უნდა. სვანეთი ძალიან მიყვარს. 2010 წელს სტუდენტი რომ გავხდი, ქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად და მშობლიურ მხარეში ცოტა ხნით ჩასვლას თუ ვახერხებდი. ჩემი სული სულ სვანეთში ყოფნას ითხოვდა და დღესაც ასეა. პანდემია რომ დაიწყო, წამოვედი და ერთი წელი დავრჩი, შემდეგ ცოტა ხნით წავედი თბილისში და ისევ დავბრუნდი. ჩემი ოჯახი 8 წევრისგან შედგება, 6 დედმამიშვილი ვართ. დედა პედაგოგია, მამა მესაზღვრე იყო, მთელი ცხოვრება გვიცავდა, მერე პენსიზე გავიდა. კლდეზე ცოცვა 2004 წელს დავიწყე. სავარჯიშოდ რომ დავდიოდი, ჩემი პატარა და-ძმაც დამყვებოდა, ცოცვა მათაც დაიწყეს. ჩემი და ფატიმა სერიოზულ კონკურენციას მიწევდა, მთავარი კონკურენტი იყო, მაგრამ აბიტურიენტობის შემდეგ მკლავჭიდზე გადავიდა, ახლა კრივით დაინტერესდა. ძალიან სპორტული და აქტიური ოჯახი ვართ. ადამიანი, ვისაც ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, არის ავღან ნავერიანი (საბჭოთა კავშირის პრიზიორი).
ცოცვის ნიჭი 4 წლის ასაკში გამოaვლინა, სახლის ბოძებზე დაძვრებოდა და ზოგჯერ სახურავზეც კი ადიოდა. პატარა მარიანას ეს ინტერესი მის მომავალ მწვრთნელს, ავღან ნავერიანს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. მაშინ უთქვამს, ამ გოგოსგან დიდი სპორტსმენი დადგებაო, და არც შემცდარა. დღეს მარიანა კლდეზე ცოცვაში ევროპის ერთადერთი პრიზიორია საქართველოდან.
- დედა ჰყვება, ბავშვობაში სიმაღლეებზე როგორ დავძვრებოდი. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მთაში ყველა ბავშვი ასეა. დედას შვილების აღზრდაში დამხმარე არასდროს ჰყოლია, ძალიან ბევრს შრომობდა, ამდენი შვილის მოვლის პარალელურად სოფლის საქმე უნდა ეკეთებინა. სულ მეცოდებოდა და ვცდილობდი, საქმე შეძლებისდაგვარად შემემსუბუქებინა. ჩვენი სახლის მეორე სართულზე რომ ახვიდე, 18 საფეხური უნდა აიარო. წყლით სავსე დიდი ვედრო ამქონდა, ოღონდ დედას გაღიმებული სახე მენახა და ეთქვა: "დედა შემოგევლოს!"
- რთული წარმოსადგენი არ არის, კლდეზე ცოცვა რამდენად დიდი აზარტი იქნება. ბუნებრივია, სიფრთხილეს იჩენთ, მაგრამ შიში არასდროს არ მოგრევიათ?
- არა, მე ხომ გაუწმენდავ კედელზე არ გავდივარ, თოკიც მიცავს. როცა ეს ყველაფერი წინასწარ მომზადებულია, როცა ყველა დეტალი გათვლილია, მერე საშიში აღარაფერია.
- არც მაშინ, კლდის ქიმს თითებით რომ ეჭიდებით?
- რამდენიმე სახის ცოცვა არსებობს. რთულ სახეობად ითვლება, როცა თავად მიგაქვს თოკი და კედელზე ამაგრებ. გაუწმენდავ კედელზე ცოცვა საშიშია, ამ დროს ქვა თუ მოწყდება, შენ ქვემოდან ექცევი, როცა თოკზე ხარ დაკიდებული, ის, რასაც ზედა დაცვას ეძახიან, შედარებით უსაფრთხოა, ავტომატურად ჰაერში გაგდებს და ქვა გორდება.
- ვარჯიში 12 წლის ასაკში დაიწყეთ და 3 თვეში დიდ წარმატებას მიაღწიეთ. მიამბეთ, ეს როგორ შეძელით?
- ფიზიკური მომზადება არის 80%, დანარჩენი ტექნიკის ათვისებაა. ეს დიდი შრომის გარეშე არ ხდება. ძალიან აქტიური, ენერგიული და ჯანიანი ვიყავი. რაც მთავარია, არ ვიცოდი, შიში რა იყო. საქართველოს ახალგaზრდულ ჩემპიონატზე უმცროს ასაკში რთულ ცოცვაში პირველი ადგილი დავიკავე და სწრაფში - მეორე ადგილი. საქართველოს ჩემპიონატის ჩასატარებლად კედელი კაცხის სვეტის მიმდებარე კლდეზე პოლონელმა ალპინისტმა გაამზადა. ეს საკმაოდ რთული გზა იყო, ახალგაზრდულში ვიასპარეზე და დიდებში არ უნდა გავსულიყავი, მაგრამ ჩემში მონაცემები დაინახეს და სატესტოდ გამიყვანეს. რთულ ცოცვაში მესამე ადგილი დავიკავე. ფიზიკურად ვერ დამღალეს, სადაც გავჩერდი და გავიჭედე, საკონტროლო დროც (8 წუთი) იქ ამოვწურე, კლდეზე ერთი თითით ვეკიდე და ჩემს თავს ვიჭერდი. უცხოელი ალპინისტი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რომ ჩამომიყვანეს, ის ნაწილი, რაშიც თოკი მაგრდება, მოიხსნა და მაჩუქა, - ეს მომენტი არ დამავიწყდება, სულ მემახსოვრებიო. ამ სპორტთან ბევრი ასეთი პატარ-პატარა და გრანდიოზული ემოცია მაკავშირებს. მქონდა გამარჯვებები, მაგრამ მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, მედლებისა და დიპლომების მნიშვნელობა არც ვიცოდი. შინ რომ მივედი, დედას ვუთხარი, ესენი (სიგელებსა და მედლებზე მივუთითe) მომცეს-მეთქი, შემდეგ დედა მიხსნიდა მათ მნიშვნელობას. ევროპის ახალგაზრდული თასის გათამაშებიდან მესამე ადგილით დავბრუნდი, თუმცა შემეძლო, პირველიც ამეღო: წასვლის წინ კლდიდან ჩამომაგდეს და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
- ჩამოგაგდეს? ეს როგორ მოხდა ან როგორ გადარჩით?
- იმ პიროვნებასთან არც მისაუბრია, სპორტიდან ისე წავიდა, პასუხიც არავის მოუთხოვია, რატომ გააკეთა. იმას ვერ იტყვის, რომ ეს ნაბიჯი შეგნებულად არ გადადგა, ეს არ იყო შემთხვევითობა. ამბავი ვაკის დარბაზში მოხდა. სანაკრებო წვრთნები ძირითადად ამ დარბაზში ხდება. დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამომაგდეს ხელოვნური კედლიდან. დაბლა ფიცარი იყო დაგებული, ბეტონი რომ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ თითქოს ყველაფერს ვხედავდი, რაც იქ ხდებოდა; მესმოდა, ჩემი მამიდაშვილი კიოდა. ნახევარ საათში თვალები გავახილე, მეკითხებოდნენ, - რა გტკივა? არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ვერაფერს ვგრძნობდი. რეaლურად, პრობლემა იყო ხერხემალზე, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი არც გამივლია. არ ვიცი, ვინ დავასახელო, ვის შეიძლება ჰქონდეს ისეთი დიდი ძალა, მე 12 წლის ასაკში რომ მქონდა. დედა მაუგლის ტყუილად არ მეძახდა (იცინის).
- საკვირველია, ამ მდგომარეობაში ევროპის ახალგაზრდული თასიs გათამაშებაზე წასვლა როგორ შეძელით?
- ამ ვარდნამ სიმაღლის შიში დამიტოვა. ვერ დავდიოდი, მაგრამ თავი გავიგიჟე, არ ვიცი, მშობლების დარწმუნება როგორ შევძელი, ექიმი მიკრძალავდა, მაგრამ მეორე დღეს ბულგარეთში ევროპის ახალგაზრდულ თასზე მაინც წავედი. წელს ქვემოთ 80% პარალიზებული ვიყავი. ავტობუსით ვიმგზავრეთ, მძღოლის მოსასვენებელ ადგილზე ვიწექი. იქ ასპარეზობა რამდენიმე დღეში მიწევდა და იმედი მქონდა, რომ ამ პერიოდში გამოვკეთდებოდი. 50 მეტრამდე სიმაღლის კედელი იყო. მწვრთნელმა გამაფრთხილა, იცოდე, დაბლა არ გადმოიხედოო. შუა მონაკვეთზე რომ ვიყავი, თითქოს ეშმაკი შემიჩნდა და დაბლა დავიხედე, ადამიანები ჭიანჭველებივით ჩანდნენ. ისეთი შიში ვიგრძენი, სვანურად კივილი დავიწყე, დედა მიშველე-მეთქი. დაცვას ვერ ვენდე, თოკზე არ დავჯექი და დაბლა თავად ჩამოვედი. ასპარეზობა რომ დასრულდა, ჩემთვის წყნარად ვიჯექი და უეცრად მონიტორზე გაუშვეს წარწერა; "საქართველო, მარიამ იოსელიანი". სასწაული განცდა იყო. ძალიან, ძალიან ცოტა დამაკლდა ჩემპიონობას, ამას ალბათ ვერასდროს ვერ მოვინელებ. კვარცხლბეკთან რომ მივედით, ჩემი ტრავმის გამო ფეხის ადგმა ვერ შევძელი, მეორე ადგილზე გასული ბულგარელი გოგო დამეხმარა.
- ამ სფეროში თქვენთვის მისაბაძი ადამიანები ვინ არიან?
- მიხეილ ხერგიანი და ილიკო გაბლიანი. ახლახან ბუნებრივ კლდეზე ხერგიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა. მიხეილ ხერგიანის და ესწრებოდა. სიტყვით რომ გამოვიდა, ჩემთვის იმდენად ემოციური იყო, თავი ვერ შევიკავე და ვიტირე. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები ნუთუ მართლა არსებობდნენ? ზოგჯერ მგონია, ახლაც არსებობენ, მაგრამ არ ჩანან. მიხეილ ხერგიანის ამბავი ერთდროულად ძალიან საამაყოცaa და მტკივნეულიც. ხერგიანი და გაბლიანი ჩემთვის სამაგალითოები არიან ცხოვრების წესით, ვაჟკაცობით, სულიერებით. მათთვის გუნდურობა და ძმობა იყო უპირველესი და უმნიშვნელოვანესი. დღეს ეს ამ სპორტში ნაკლებადაა.
- რატომ?
- არ ვიცი. ახლახან რეკორდი მოვხსენი, 35 მეტრამდე ასვლა წუთსა და 14 წამში შევძელი, მანამდე რეკორდი 2 წუთი და 43 წამი იყო. მეგონა, ჩემი კონკურენტები მოვიდოდნენ, მომილოცავდნენ, ჩამეხუტებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
- კლდის ქიმზე ყოფნა, იქ განცდილი ემოცია რას შეგიძლია შეადაროთ?
- ძალიან რთული სათქმელია. იქ ვერ ფიქრობ ვერაფერზე, არ გესმის არავისi ხმა, არ გაქვს შიშის განცდა, თითქოს დედამიწაზე არც ხარ. არ ვიცი, ამ განცდას რა დავარქვა. მესტიაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს. ახლახან თეატრში, ერთ სპექტაკლშიც ვცადე ბედი და ამ სფეროდან ბევრი გულშემატკივარი შევიძინე. საგულშემატკივროდ იმდენი ადამიანი მოვიდა, მათგან ისეთი ენერგია, მუხტი მივიღე, საოცარი შემართება მქონდა, კლდეს ფეხი მივადგი თუ არა, თითქოს ჩემმა ქვეცნობიერმა მითხრა, შენ ჩემპიონი ხარ! შედეგით ძალიან გავიხარე, ბოლო 4 თვე არც მივარჯიშია, მხოლოდ დავრბოდი. წაგება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ყოველი სტარტის აღება არის სიკვდილის ტოლფასი, ნერვიულობისგან ძალა მინახევრდება. საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი რომ დავიკავე, პირველ ადგილზე გასულს პირველმა მე მივულოცე. იმ გოგომ დამსახურებულად მოიგო.
- მარიანა, თავის დროზე, რომ არა ავღან ნავერიანის მონდომება, როგორ ფიქრობთ, დღეს სად იქნებოდით?
- არ ვიცი. ბატონი ავღანი იყო მწვრთნელი, რომელთანაც უამრავი ბავშვი ვარჯიშობდა. მთელი ცხოვრება მისი უზომოდ მადლიერი ვიქნები, ჩემზე ყოველთვის მამასავით ზრუნავდა.
- კლდეზე ცოცვა ოლიმპიური სახეობა რომ გახდა, თქვენთვის ეს დამატებითი სტიმული არ არის?
- ჩემთვის ყველაფერი სტიმულია, თქვენ რომ მომძებნეთ, დაინტერესდით და დამირეკეთ, ესეც სტიმულია, მაგრამ ცხოვრება ძალიან გაძვირდა. მე რომ ინსტრუქტორი ავიყვანო, სისტემატურად ვივარჯიშო, სათანადოდ ვიკვებო, თვეში მინიმუმ 2.000 ლარი მაინც უნდა მქონდეს ამ საქმისთვის გადადებული, ახლა ჩემთვის ეს შეუძლებელია. ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაა ამ სპორტში, ერთი 15 წლის ბიჭია, მას რომ პატრონი გამოუჩნდეს, 1 წელში საქართველოს სახელს მსოფლიოს წინაშე ღირსეულად გაიტანს. ხერგიანის ტურნირზე ნიქოზიდან საოცარი ბავშვები ჩამოვიდნენ. პატარა დარბაზი აქვთ, 5-მეტრიან ხელოვნურ კედელზე ვარჯიშობენ, კარგი შედეგი აჩვენეს. თეა წულუკიანის დიდი იმედი მაქვს. წლების შემდეგ იმედი პირველად მომეცა, მინდა, პირადად შევხვდე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრო.
- მითხარით, ერთ-ერთ სპექტაკლში ბედი ვცადეო. სამსახიობო გამოცდილებაზეც გვიამბეთ.
- ჩემი ოცნება იყო, მსახიობი ან ჟურნალისტი გამოვსულიყავი, მამაჩემი ამ ორივე სპეციალობის წინააღმდეგი იყო, სამართლის სკოლა მისი სურვილის გათვალისწინებით დავასრულე, სამართალმცოდნე ვარ, მაგრამ ამ პროფესიაში ჩემს თავს საერთოდ ვერ ვხედავ. დაახლოებით 3 წლის წინ გეგი ფალიანი სვანეთში ჩამოვიდა და მესტიის კულტურისა და ხელოვნებიs ცენტრი ჩაიბარა. ეს მსახიობი "ტიფლისიდან" მახსოვდა, სოციალურ ქსელში მეგობრებში დავიმატე. არც ვიცოდი, ჩემს გვერდს თვალს თუ ადევნებდა, ბევრი ვიდეო მაქვს ატვირთული. ერთ დღეს დამირეკა, - შენი ოჯახის წევრებს ველაპარაკე, ახლა ვიცი, ჩემპიონატზე გადიხარ, არ მინდა, ზედმეტად დაგტვირთო, როგორც კი ჩემპიონატი დასრულდება, შენთვის სიურპრიზი მაქვსო. მაშინ მეგობრებთან ვხუმრობდი, თეატრიდან დამირეკეს, ვერ გავიგე, რა უნდათ, მგონი, ქალღმერთი უნდა გავხდე-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს ბოლო წინადადება ხუმრობით ვთქვი და ხუმრობა სულაც არ აღმოჩნდა. სპექტაკლში "ბეთქილი" ქალღმერთ დალის როლს მსახიობი თაკო ცქვიტინიძე ასრულებს, მე დუბლიორი ვარ. თაკოს დატვირთული გრაფიკი აქვს, სვანეთში ჩამოსვლას ყოველთვის ვერ ახერხებს და მე ვთამაშობ.
- ამჯერად მამას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია?
- არა, თუმცა სპექტაკლიც არ უნახავს, მხოლოდ დედაჩემისთვის უთქვამს, - გადაიღეთ, მაჩვენეთ, რას აკეთებსო. 2004 წლიდან არაერთი წარმატებისთვის მიმიღწევია, მაგრამ ჩემი მუნიციპალიტეტიდან გამოხმაურება, არანაირი წახალისება არ ყოფილა. გეგი ფალიანი ის ადამიანია, რომელმაც ბედნიერი დღეები მაჩუქა, ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები.
- თქვენსა და კიმ კარდაშიანს შორის მსგავსება პირველად ვინ აღმოაჩინა?
- ბაქოში ვიყავი, 2-კვირიანი კურსები გავიარე, სადაც იყო UIAA (ცოცვისა და მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაცია) ვიცე-პრეზიდენტი. დაჯილდოების დღის ფოტოები ოფიციალურ საიტზე რომ დაიდო, მან ჩემი ფოტო საკუთარ გვერდზე დადო წარწერით: "კარდაშიანი საქართველოდან", შემდეგ პირადში მომწერა, - არ მიწყინო, ბევრად უფრო მეტი ხარ, ვიდრე კარდაშიანიო. სქრინები მაქვს შენახული. შემდეგ სვანეთში ტურისტები, მიყურებდნენ, ერთ-ერთის ყურადღება ძალიან თვალში საცემი იყო. უკაცრავად რა ხდება-მეთქი? - არ მიწყინოთ, კიმ კარდაშიანს მიგამსგავსეთო. საწყენი რა არის?.. მადლობა გადავუხადე.
- დაბოლოს, სამომავლო გეგმებიც გაგვიზიaრეთ.
- ძალიან მინდა, სპონსორი მყავდეს, გაცვლითი პროგრამით მინდა ამერიკაში, ფლორიდაში წასვლა. არ ვიცი, რამდენად გამომივა, ინგლისურენოვანი პროგრამაა. იმ პერიოდში იქნებ იქ სპორტდარბაზი ვნახო და ვივარჯიშო.
- სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე გიფიქრიათ?
- პატრიოტი ვარ, სამშობლოს სიყვარულში ნებისმიერს გავეჯიბრები. სხვა ქვეყანა თუ მომხედავს და მიპატრონებს, შემდეგ მათი დროშის ქვეშ გამოსვლა მომიწევს, ეს ჩემთვის უხერხული იქნება.
თამუნა კვინიკაძე