"გვგონია, რომ მაჯლაჯუნები გვებრძვიან; რომ ყველა ჩვენ გვერჩის..." - გზაპრესი

"გვგონია, რომ მაჯლაჯუნები გვებრძვიან; რომ ყველა ჩვენ გვერჩის..."

გიორგი სუხიტაშვილის აზრით, ბევრი გამონათქვამი სტერეოტიპულია, ჩარჩოშია მოქცეული, რის გამოც ამ გამონათქვამების ტყვეობაში ვიმყოფებით. საკუთარი "მე" სულ სხვა რამეს გვეუბნება, გამონათქვამი - სხვას.

ისევე, როგორც მის კოლეგებს, პანდემიის გამო გიორგისაც არ ჰქონია აქტიური მუსიკალური ცხოვრება, თუმცა, ოქტომბერში გუდაურში ჩაატარა რამდენიმე ღონისძიება, სექტემბრიდან უძღვება მუსიკალურ რუბრიკას, წერს ახალ სიმღერებსაც და ცდილობს, დრო მაქსიმალურად სწორად გამოიყენოს.

- "მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ" (ვოლტერი).

- არ უნდა დავკარგოთ სურვილი, დავრჩეთ ადამიანებად. მარტივი არაფერია, მაგრამ ისე გავზარმაცდით, იმაზე ფიქრიც გვეზარება, რა ვართ. სტომაქის დონეზე დავედით, ბევრი რამ არ გვაინტერესებს. მთელი ცხოვრება ვიტყუებით და ვიღაცის როლს ვთამაშობთ იმ იმედით, რომ ოდესმე ჩვენს როლშიც აღმოვჩნდებით, მაგრამ დრო ისე გარბის, ამას ვეღარ ვასწრებთ.

- "ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას დედის სიყვარული ჰქვია" (ზიადელი).

- მადლობელი ვარ დედაჩემის, რომ შვილების მიმართ ეგოისტური დამოკიდებულება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დედას ძალიან უყვარს შვილი, ერთგვარი მსხვერპლი და რისკი უნდა გასწიოს მშობელმა, რომ შვილი გაზარდოს სრულყოფილ ადამიანად. თუ ფილოსოფიურად მივუდგებით ამ საკითხს, საკმაოდ საინტერესო მომენტებზე შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აქ როგორი დედაშვილობა იციან. დედის ინსტინქტები მსგავსია, მაგრამ მაგალითად, სკანდინავიელი დედა სხვაგვარად გამოხატავს ამ სიყვარულს. უფრო რაციონალურად უდგება საკითხს. არასწორია, როდესაც სამხრეთელები ჩრდილოელებს ვაქილიკებთ, რომ ცივები არიან და არ უყვართ შვილები. მერე ვხვდებით, ისინი ბევრად დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ჩვენ. აქ 40-45 წლის ადამიანს ბევრს შეხვდებით, ვინც დედის "ჭიპლარზეა გამობმული". ეს არის ეგოიზმის შედეგი. უნდა შევჯერდეთ იმაზე, თუ როგორი საზოგადოება გვინდა ვიყოთ. მომხრე ვარ, შვილები გავზარდო სპარტანულად. იმას კი არ ვგულისხმობ, ხმალი მივცე ხელში, არამედ - განსაცდელი რომ შეხვდება, მასთან გამკლავება უნდა იცოდეს, რეალისტი უნდა იყოს. უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ის სამყაროც უნდა დავანახვოთ, სადაც ვიღაცებს შიათ, სწყურიათ და სადაც პირიქით, მდიდრებიც არიან. დღეს ჩვენი ქვეყანა "ნირვანაში ცხოვრობს". გვგონია, რომ მაჯლაჯუნები გვებრძვიან; რომ ყველა ჩვენ გვერჩის; რომ ვაქცინას გაგვიკეთებენ და ჩიპებს შეგვიყვანენ, ფობიები გვაქვს, მოკლედ. სისულელეებში ვკარგავთ დროს და ეს ყველაფერი არის აღზრდის ბრალი. შვილები უნდა აღზარდო, მხოლოდ გაზრდა არაფერს ნიშნავს. ჩვენ ვზრდით საზოგადოებას, რომელიც ვერ დაფრინავს. ერთხელ ბიძაჩემმა მტრედი მომიყვანა, ბუდიდან იყო გადმოვარდნილი და სულ ხელში გავზარდე. ჩემი მტრედი არ დაფრინავდა. არ მივეცი შესაძლებლობა, ფრენა ესწავლა. მიწიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრით შეეძლო ზემოთ აფრენა. ახლა დედაზე ვსაუბრობთ, თორემ ზუსტად იგივე პასუხისმგებლობა აქვს მამასაც.

- "დღეს ჩემი ქვეყანა ჰგავს პატარა საგიჟეთს, რომელსაც ექიმი ესაჭიროება, მაგრამ ამ ექიმებს თვითონ ესაჭიროებათ ექიმი და აღარ ვიცი, რა ვუშველო ჩემს საბრალო ხალხს" (მიხეილ ჯავახიშვილი).

- ისეთი დროა, ექიმს რომ ექიმი ესაჭიროება, მერე იმ ექიმს კიდევ ექიმი და ასე უსასრულოდ... სარკესთან სარკე დაგიჭერიათ ოდესმე?.. უდიდესი ღრმული და სიბნელე ჩნდება, ბავშვობაში ვთამაშობდი ხოლმე ასე. ზუსტად ამას მაგონებს ჩვენი დაუსრულებელი ამბავი. საგიჟეთს ხშირად ჰგავს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ახლა - განსაკუთრებით, რადგან ვეღარ ვიგებთ, სად იწყება ეს საგიჟეთი და სად მთავრდება რეალური ცხოვრება. ჩემთან ახლოს, სადაც ვცხოვრობ, ფსიქიატრიულია. რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ჩემი მეგობარი მუშაობს. იქ რომ შედიხარ, ხვდები, სულ სხვა სამყაროში მოხვდი. კაი ხანია არ მივსულვარ, ეს ბოლო 1-2 წელი და ახლა რომ შევიდე, შეიძლება, სხვაობა ვერც კი ვიგრძნო. სოციალურ სივრცეში აქტიური ვარ და ერთ რამეს მივხვდი - არის ადამიანების კატეგორია, რაც უნდა გააკეთო, მაინც არაფერი მოსწონს და გაგინებს. მაგალითად, სოფელში წელს 25 ხე დავრგე. ეს ხომ კარგი რამეა და არავის არაფერს ვუშავებ? ამის გამოც გამლანძღეს: ვის არ დაურგია, მოგცლია, მეტი სადარდებელი არ გაქვს, ამდენი პრობლემაა ქვეყანაში და ა.შ. მერე ხმელი ხეები მოვჭერი და მაგაზეც მეჩხუბნენ, რატომ მოჭერი, იქნებ გაეხარაო?

- "ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის, კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით" (ნოდარ დუმბაძე).

- რა ვთქვა, არ ვიცი... დიდ პატივს ვცემ ნოდარ დუმბაძის ოჯახს, თუმცა, მისი შვილი "ქართული ოცნების" წევრია და მან კარგად იცის, რა არის გულწრფელი სიყვარული ქვეყნისა და რა არის ფარისევლობა. დღეს ადვილია სადღეგრძელოების თქმა. გვგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან გვიყვარს და ამ დროს სადღაც გვეკარგება ხოლმე სამშობლო - სადღაც მანკიერება ჭარბობს, სადღაც - მლიქვნელობა, ღალატი, მატერიალიზმი, შიში და საბოლოო ჯამში ვხვდებით, რომ სამშობლო კი არ გვიყვარს, არამედ სამშობლოს კარგად ვიყენებთ. სიყვარული სად ჩანს? ქვეყანა რა არის, მხოლოდ მიწაა? ადამიანი არ არის ქვეყანა? ვის რაში სჭირდება ცარიელი მიწა, ხალხი თუ არ იქნება? ჩემი ყველა ვიდეოს ქვემოთ ისეთი ლანძღვა-გინება მიდის, რომ 300 კაცის დაბლოკვა მიწევს, ომი რომ არ დაიწყოს ხოლმე. ვიღას სწამს ან ხატის, ან ადამიანის?! ხალხი და მათ შორის სასულიერო პირების უმეტესობაც ისეთ ფარისევლობაშია ჩაფლული, ისეთ მომხვეჭელობასა და მანკიერებაში, რა ქვეყნის სიყვარულზეა საუბარი?! სად არის კაცთმოყვარეობა და სათნოება, ამის მაგალითს ვინ გვაძლევს? ვეცდები, ჩემი სიმღერით და ცხოვრებით დავამტკიცო ეს სიყვარული. ნოდარ დუმბაძე მართალი კაცი იყო და ბედნიერი წავიდა ამ ქვეყნიდან, სიმღერით გარდაიცვალა.

- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული, მეგობრობა კი - არა" (ოსკარ უაილდი).

- ვერც ვეთანხმები და ვერც უარვყოფ, გააჩნია, დღის რა მონაკვეთია და როგორ ქალთან გიწევს მეგობრობა (იცინის)... ხომ იცით გამოთქმა, - ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამებაო. ეს ინტელექტზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ ვაკონტროლებთ თავს, ინსტინქტებს, ემოციებს და რამდენად შეგვიძლია ვმართოთ ვნებები, თორემ ხანდახან შეიძლება თვალი გაგექცეს.

- "ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).

- ქალი კი არ ჭკვიანდება, პოზას იჭერს, რომ ჭკვიანია, თორემ გაგიჟებით, ორივე გიჟდება - ერთი ჩუმად არის გაგიჟებული, მეორე - ხმაურიანად. ჰოდა, როგორც კი ეს "ხმაურიანი" იტყვის, დავიღალეო, მერე გიჟდება ქალი, - რას ჰქვია, რატომ აღარ არის ჩემზე გაგიჟებულიო?!

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).

- წონასწორობა ბევრჯერ დამიკარგავს. ტემპერამენტით სამხრეთელი ვარ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით და, ვინც წაიკითხავს, იქნებ გაითვალისწინოს - ყოველთვის ეცადეთ, თქვენზე ჭკვიანი პარტნიორი გყავდეთ. კამათის დროს უტვინო ადამიანი ისეთ პასუხს გაგცემთ, შეიძლება ფანჯარა გამოაღოთ და გადახტეთ. თვითონაც უნდა ვითარდებოდეთ მუდმივად და პარტნიორიც საინტერესო, ჭკვიანი უნდა გყავდეთ. მოძალადე ადამიანს ფსიქიკური პრობლემა აქვს ან არ იცის, რა არის ადამიანობა. სწორედ ასეთები არიან პედოფილები, სასტიკები, ფსევდოპატრიოტები, მარტო სადღეგრძელოებს რომ ურახუნებენ, "მაგარი ბიჭები".

245058310-409560067410332-2801680569195821205-n-copy-1636021879.jpg

- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად გამეორდება" (მარკუს ავრელიუსი).

- მეორე შანსი თუ არ მიეცი ადამიანს, ვერასოდეს გაიგებ, იმსახურებდა თუ არა ამ შანსს. ეს იოლი არ არის, მაგრამ უნდა შეძლო. ფაქტის წინაშე არ აღმოვჩენილვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, მაგრამ ღალატიც არის და ღალატიც - ზოგისთვის ღალატია, როცა გეგმები შეგეცვლება და დაპირებისამებრ, ჭიქა ყავის მისართმევად ვერ წახვალ, ზოგისთვის კი ისიც არ ითვლება ღალატად, ჩვენ თვალწინ ქვეყანა რომ გაყიდეს. ეს ხომ პოლიტიკაა... ჩემი აზრით, შანსი უნდა მისცე და მერე მიხვდები, ის ამას იმსახურებდა თუ არა.

- "საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია" (სოფოკლე).

- არ შემიძლია არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ჭკვიან ადამიანებსაც უწევთ, დაამტკიცონ, რომ ჭკვიანები არიან. მათი ადგილი აღარ დარჩა და ამიტომ. ვიღაც, შენზე ნაკლები კვალიფიკაცია რომ აქვს და შენ წინ აღმოჩნდება, რა უნდა ქნა? არ იმსახურებ, მაგრამ ასე ხდება.

- "მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას - ფრთებს, შენს ფანტაზიებს - ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი - ყველაფერს" (პლატონი).

- ჩემთვის მუსიკა ყველაფერია: სული, გრძნობა, ემოცია, აღმაფრენა, ღმერთიც, სატანაც - ყველაფერია, მთელი სამყაროა.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- ყველა ადამიანს ეშინია რაღაცის. რომ იტყვიან, უშიშრად წავიდა ომშიო, ეს რას ნიშნავს?.. ყველას ეშინია, მაგრამ ცდილობენ, ამ შიშზე გაიმარჯვონ. ჭკუიდან რატომ გადადიან ომში და არა - ომამდე? იქ ზღვარს მიღმა ხდება რაღაცები და ამიტომ. მე ზოგჯერ არ მეშინია სიკვდილის, გააჩნია, რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ: დამიჭერია საკუთარი თავი, ხან რაღაცის მეშინია და ხან - არა.

ნინო ჯავახიშვილი