როგორ უნდა იყო ბედნიერი? - გზაპრესი

როგორ უნდა იყო ბედნიერი?

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ქალაქის რჩეულებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის ტრადიციულად, თბილისობის დღესასწაულზე ენიჭებათ. წელს თბილისობა არ ჩატარდა, მაგრამ ქვეყანას 13 ახალი თბილისის საპატიო მოქალაქე შეემატა. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს დავუკავშირდით - გრიგოლ ჩიგოგიძეს, თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდული კინოსტუდიის "პიონერფილმის" ხელმძღვანელს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის "თბილისური აისის" დამფუძნებელს და ადამიანს, რომლის სახელიც ერთგვარი ტესტია თბილისელობაზე. იცი, ვინ არის გრიშა მასწავლებელი? ე.ი. თბილისელი ხარ, რადგან ამ ადამიანმა თავისი სამოცწლიანი ღვაწლით უზარმაზარი კვალი დაატყო თბილისს, ქვეყანას. გააკეთა მთავარი, აღზარდა თაობები, კიდევ უფრო მეტიც, არაფერს, უიმედობას, უპერსპექტივობას გამოhგლიჯა ჩვენი შვილები, ასწავლა როგორ უნდა აკეთო შენი საქმე სიყვარულით და ამით უდიდესი ბედნიერება მიანიჭო შენს თავსაც და გარშემო მყოფებსაც.

- ბატონო გრიგოლ თუ გრიშა მასწ.?

- ხშირად მიწვევენ ტელევიზიები, განსაკუთრებით დილის გადაცემებს ვუყვარვართ მე და "პიონერფილმი". დავდივარ დერეფნებში და ყველა მხრიდან მესმის: გრიშა მასწ, გამარჯობა, გრიშა მასწ, როგორ ხართ? ვინც ახლობლად მთვლის, მისთვის გრიშა მასწი ვარ.

- მოდით დავითვალოთ, ამ 60 წელიწადში რამდენი ათასი პიონერფილმელი გამოზარდეთ, ანუ ვინ გეძახით გრიშა მასწს. ეს საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ, რატომ გიცნობთ მთელი თბილისი.

- კარგი იდეაა, ოღონდ ვერ დავითვლით, რადგან მხოლოდ "პიონერფილმელების" თვლა შედეგს ვერ მოგვცემს. "პიონერფილმი" ყოვლისმომცველი ორგანიზაციაა, სადაც უშუალო წევრების გარდა, ოჯახის წევრებიც ერთვებიან. ვინც არ იცის, ავუხსნათ, რომ ოჯახი მშობლებისა და და-ძმის გარდა, ბებია-ბაბუები, ბიძა-მამიდა-დეიდები, მათი ოჯახის წევრები, იმათი ახლო-მეგობრები და ხშირად, მეზობლებიც არიან. ყველა ეს ხალხია "გაწევრებული" ჩვენთან. სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან იმ პატარა ადამიანს, რომელსაც დიდი "პიონერფილმის" წევრად ვიღებთ, ვერაფრით ამოვგლეჯ მისი ჩვეული გარემოდან. ის ჩვენთან მთელი თავისი სამყაროთი უნდა მოვიდეს. ჰოდა, მთელი ამ სამყაროსთვისაც გრიშა მასწავლებელი ვხდები. ჩვენ ერთად ვგეგმავთ ე.წ. დღის წესრიგს, ერთად ვაჯამებთ შრომის შედეგებს, ერთად გვიხარია ამ ბავშვების წარმატება, ერთად ვმღერით, ვცეკვავთ, ვჭამთ, ვსვამთ. ყველა კმაყოფილია, ამასობაში კი ბავშვები დიდ კინოსაც ეზიარებიან, საკუთარ პრიორიტეტებსაც ალაგებენ და "პიონერფილმიდან" მყარად ფეხზე მდგარნი მიდიან.

- "პიონერფილმი" გასცემს დიპლომს?

- კარგი იდეაა, უნდა დავაწესოთ, სამართლიანი იქნება, რადგან თავის ქებად ნუ ჩამითვლით, "პიონერფილმის" კურსდამთავრებულებს სიხარულით, უპრობლემოდ იღებენ სამუშაოდ ჩვენს ტელევიზიებში.

- გიყვართ, როცა გაქებენ?

- სასიამოვნოა, როგორც ყველასთვის, მაგრამ ქებას განსაკუთრებული ტაქტი სჭირდება, ძალიან ვუშლი ბავშვებს დითირამბები შემასხან. ეს თვისება მლიქვნელობაში იოლად გადადის, ამიტომ ჩანასახშივე უნდა მოსპო.

- მაშინ არ შეგაქებთ, ოღონდ ამაყი ვარ, რომ ეს წოდება მოგანიჭეს, ამისი უფლება ხომ მაქვს?

- პიონერფილმელი ხარ და ვალდებულიც, იამაყო. 1979 წელს, პირველ თბილისობაზე ლადო გუდიაშვილს და აკაკი შანიძეს მიანიჭეს ეს წოდება, მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ მეც ამ სიას შევემატებოდი. როცა ქალაქის მერმა ეს მოწმობა გადმომცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მქონდა სათქმელი, ავღელდი და ვერაფერი ვთქვი.

- როგორი იყო თბილისი მაშინ, პირველ თბილისელობაზე და როგორია ახლა?

- გეოგრაფიულად სუფთა თბილისელი ვარ, დავიბადე ბესიკის ქუჩაზე, ვსწავლობდი პირველ სკოლაში, შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში; ბავშვობიდან დავდიოდი პიონერთა სასახლეში, შემდეგ მუშაობა დავიწყე ტელევიზიაში, რომელიც მაშინ რუსთაველზე იყო "დომ სვიაზის" შენობაში, მერე ვცხოვრობდი ახლანდელ საკრებულოსთან, "ველიამინოვის" ეზოში... რა გითხრათ, გასაგიჟებელი დრო იყო. დღე არ გავიდოდა, ეზოში ვინმეს რომ არ ეჩხუბა. ერთი ონკანი იყო ეზოში და ხშირად ამაზე ჩხუბობდნენ. არაჩვეულებრივი გოგუცა დეიდა მყავდა ეზოში, ფრანგიშვილი, იმის გაკეთებულ საჭმელს არაფერი მერჩივნა, ამაზე დედა საშინლად კი ბრაზობდა, მაგრამ მაინც სიხარულით მივირთმევდი იმის მოწოდებულს. ერთადერთი მანქანა გვყავდა იმ არემaრეში, გალაკტიონ ჯიმშელაშვილის პიკაპი, დიდი მობრეცილი რამე იყო, ოღონდ საშინლად მოგვწონდა. თითქმის ცარიელ ქალაქში ვისწავლე ჩემი ძმის, მოქანდაკე გივი მიზანდარის დაფეხვილ "მოსკვიჩზე" მანქანის ტარება (დედით ვართ ძმები), მაშინ გივი კამბოჯაში იყო მივლინებული სამხატვრო აკადემიაში, მე კი მისი მოსკვიჩით, ჩვენს რეჟისორ კობა მენთეშაშვილთან ერთად წრეებს ვარტყამდი ლენინის ძეგლს. აბა, ვინ დაიკვეხნის ახლა მანქანის ტარება თავისუფლების მოედანზე ვისწავლეო? რა თქმა უნდა, კარგი დრო იყო, ახალგაზრდა ვიყავი, სხვანაირად ახლა როგორ ვიფიქრებ, ოღონდ ვერაფრით ვიტყვი, რომ ადამიანები შეიცვალნენ. ადამიანები ყველა დროში ერთსა და იმავეს გრძნობენ და იგრძნობენ, ისინი არ უნდა გააბრაზო, ცუდად არ უნდა მოექცე, არ უნდა გძულდეს და ეყვარები შენც.

- ძველთბილისურ ტრადიციებზე რას იტყვით, უფრო სწორედ, ცხოვრების წესზე. დილის ექვს საათზე დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს ხშირად ჩამოhყავდა თქვენთან სტუმრები?

- ძალიან მიყვარდა სტუმრები. 15 კვადრატულ მეტრ ოთახში ვცხოვრობდით ბესიკზე, მამინაცვლთან, ის გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე იყო, იმ ადამიანმა გამზარდა, მამა იყო ჩემი, ისე კარგად ვეტეოდით ხოლმე ჩვენს სტუმრებთან ერთად იმ პატარა ოთახში, ახლაც მიკვირს. მაგიდის ქვეშ მე მეძინა, მაგიდაზე მამას, ჰოდა ასე, მხიარულად. არასდროს შევწუხებულვარ, არც მშობლებისგან მახსოვს, ეწუწუნათ. ვახტანგ ჯოჯუა მყავს თანამშრომელი, ჩემი მეზობელიცაა, ერთი ოჯახივით ვართ. ახლახან ავტოფარეხის გადასახური თუნუქი მაჩუქა, ცოლი და ცოლისდა ხომ ჩვენი მკურნალი ექიმები არიან, შვილი, ანა პიონერფილმელია და უკვე ტელევიზიაში მუშაობს მემონტაჟედ. მათ დიდი სტუმრიანობა აქვთ: ჩამოუვა ათი კაცი სტუმრად, ჩამოუტანენ ერთ ქათამს. ვეუბნები, - ასწავლე, პირიქით ჩამოვიდნენ-მეთქი, ერთი ადამიანი და ათი ქათამი. ბევრს ვიცინით.

- ახლა რომ მოგადგნენ დარეკვის გარეშე, დილის ექვს საათზე სტუმრები, გაიხარებთ?

- რა თქმა უნდა, ოღონდ არავინ მოდის. სტუმრები ძალიან მომენატრა, მხოლოდ ძმისშვილები თუ შემომივლიან. ხანდახან ირინასთან დავდივარ, ჩემს დასთან. ის პუშკინის ქუჩაზე, საბავშვო კბილის პოლიკლინიკაში მუშაობდა მთავარ ექიმად, ახლა იქ რკინის ჩონჩხი დგას და არ იციან რა უყონ. ლუდი გვიყვარს ორივეს, მე ლუდით მივდივარ, ის კუპატებს მახვედრებს და ნამცხვრებს მიცხობს. ვართ ასე, ვეფერებით ერთმანეთს.

- "თბილისი იყო ურთიერთობა", ეს გაცვეთილი ფრაზა ეგებ ახსნათ...

- გავიმეორებ, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ახალგაზრდები ვიყავით, ცოტა მანქანა დადიოდა და მეტი ჰაერი იყო ქალაქში, ადამიანები იგივენი დავრჩით. ახლა ბახტრიონზე ვცხოვრობ რა ხანია, კორპუსში, აქაც იგივე არაჩვეულებრივი ურთიერთობა, მეგობრობა და მეზობლობა მაქვს, როგორც ადრე, ბესიკზე გვქონდა. ადამიანზეა ეს დამოკიდებული და არა დროზე.

- სუფთა ქალაქიც იყო და მეტი სივრცეც. ვიცი, საპატიო მოქალაქის წოდებას უფლებები არ მოჰყვება და ვერაფერს შეცვლით, მაგრამ იქნებ გინდათ რამე შეცვალოთ?

- რა თქმა უნდა, საჭიროა ცვლილებები, ქალაქში აღარც სივრცე დარჩა და აღარც ჰაერი. მეტი სიმკაცრეა საჭირო განაშენიანებასთან დაკავშირებით, ქალაქის ძველ უბნებში მშენებლობებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, არავინ ზრუნავს სიმწვანეზეც. ბახტრიონზე რასაც ვხედავ, იმას გეტყვით: სულ მეშინია რომ იპოდრომზე სახლებს ჩადგამენ; ბუკიას ბაღისაც მეშინია, ოაზისის, რომლის გაღებაზეც მუდმივად გაჰყვირის ყველა. იმდენი ქნეს, რომ მაინც ჩადგეს სახლი ამ ოაზისში. სამწუხაროა, არ შეიძლება ასე მოექცე ქალაქს. ჩემი სახლის გვერდით პატარა სკვერი იყო, ამ სკვერში სამსართულიანი შენობა, პიცერია გაჩნდა და სრულიად შეუძლებელია ახლა ჩვენს სახლში ცხოვრება, ისეთი სუნია, გეგონება სახაჭაპურეში ცხოვრობ. ვის არ მივმართეთ მეზობლებმა, ამაოდ. თბილისელს არ უნდა გქონდეს განცდა, რომ შენი აზრი არავის აინტერესებს შენს ქალაქში, რომ არაფერი შეიცვლება...

- გრიგოლ ჩიგოგიძე აფხაზეთის ომის ვეტერანი ჟურნალისტია.

- თითქმის სამი თვე გავატარე აფხაზეთში, ახლა იმ დროიდან შემორჩენილი 12 კასეტა და ბევრი მოგონება დამრჩა. დილით გავაცილებდით ბიჭებს ბრძოლაში, რამდენიმე დღეში კი უკან ნახევარი მოდიოდა... მიუხედავად იმისა, რომ იმ ომში ჟურნალისტებიც დაიღუპნენ, ვეტერანის მოწმობა არ ავიღე. ვიფიქრე, - აბა, როგორ გავუყო ის "კაპიკები" იმათ, ვინც საკუთარი სისხლით იცავდა სამშობლოს-მეთქი, თუმცა ომი არსად წასულა, აქაა, გონებაში. სოხუმიდან სამახსოვროდ დანგრეული სასტუმროს "ჰოტელ რიცას" ბანერი მაქვს. როცა აფხაზეთი დაგვიბრუნდება, იმედი მაქვს, ამ სასტუმროს ისევ ააშენებენ, მე კი ამ ბანერს სამახსოვროდ გადავცემ. ვინახავ, ვუფრთხილდები, კედელზე მაქვს გაკრული.

- ახლა "თბილისური აისისთვის" ემზადებით. პანდემია ხელს არ გიშლით?

- "თბილისური აისიც" თბილისს ეძღვნება. პანდემია ხელს გვიშლის, წელს არავინ ჩამოვა უცხოეთიდან, მხოლოდ ფილმები გამოგზავნეს საკონკურსოდ. მთავარი ის არის, რომ არ ვჩერდებით, რაღაცნაირად მოვერგეთ რეალობას, წინა სასწავლო წელი ონლაინშეხვედრებით გადავაგორეთ, ბევრი საინტერესო ადამიანი შევახვედრე ბავშვებს. ფილმებს ვურჩევდი მათ, ვუყურებდით და შემდეგ სტუმრებთან ერთად ვმსჯელობდით. წელს, როგორც ხედავთ, ფესტივალსაც ვაწყობთ, რომელიც ტრადიციულად ოთხ წელიწადში იმართება და წელს რიგით მეთოთხმეტეა.

- ვიცი, ქება არ გიყვართ, მაგრამ ძალიან გახარებთ საჩუქრები.

- დიახ, პიონერფილმს მუდმივად სჭირდება დახმარება. ჩვენი საქმე დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, განსაკუთრებულად გვიჭირს ტექნიკა, ამიტომ სიხარულით ვიღებთ საჩუქრებს მეგობრებისგან.

- იქნებ მერია უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ამ მიმართულებით?

- მერია ახლა სასახლეს არემონტებს, მეტს ვერ მოვთხოვ, თუმცა არც ტექნიკაზე ვიტყოდით უარს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მოფხავებული ტექნიკა გვაქვს. იმისთვის, რომ ხარისხიანი კინო "აკეთო", არ უნდა ჩამორჩე ტექნიკურ პროგრესს.

- ყველაზე უცნაური და სასიამოვნო საჩუქარი გაიხსენეთ.

- ჩვენს დაძმობილებულ ქალაქში, საარბრიუკენში თბილისის მოედანი გახსნეს 1979 წელს, მიწვეული ვიყავი. რა თქმა უნდა, თან კამერა მქონდა, "დენიკინის დროინდელი". ეს საარბრიუკენის მერმა, ოსტაპ ლაფონტენმა დაინახა და საოცარი კამერა, "არიელფლექსი" მაჩუქა. ჰო, დიდებული რამე იყო, იმ კამერით ბევრი ბავშვი გავზარდე. საარბრიუკენში ოჯახში ვცხოვრობდი, მათ „მერსედესი“ ჰყავდათ. მახსოვს, ვფიქრობდი, ოდესმე ასეთი თუ მეღირსება-მეთქი? როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, პირველი „მერსედესი“ ვიყიდე, ახლაც „მერსედესი“ მყავს... კიდევ უფრო სასიამოვნო საჩუქარიც მახსოვს, 40 ლიტრი წითელი ღვინო - რაც ჰქონდა, ის მომიტანა ადამიანმა. შევინახეთ სტუმრებისთვის და ძალიან დიდხანს ვუმასპინძლდებოდით. მოკლედ, ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი გულით მორთმეულია.

252866805-618313869311124-2498228181412111920-n-1636639312.jpg

- გასაოცარი ხასიათი გაქვთ, მხოლოდ პოზიტივს აფრქვევთ.

- წუწუნი ცუდი თვისებაა. დაკვირვებული ვარ, ნამდვილი თბილისელები არასდროს წუწუნებენ.

- ვიცი, ამ თქვენი ხასიათის გამო სასახლის ყველა დირექტორს უყვარდით.

- მათ "პიონერფილმი" უყვართ. აი, ჩვენი "ყინულმჭრელი" ახლანდელი დირექტორიც, თიკა რუხაძეც ყველაფერს აკეთებს "პიონერფილმისთვის", რაც კი შესაძლებელია, ზოგჯერ შეუძლებელიც.

- ბედნიერების ფორმულა ამოხსნილია, მთავარია საყვარელი საქმე აკეთო, ადამიანებს გაუფრთხილდე, ნათელი ეძებო და იპოვო. სულ ეს არის?

- ასე გამოდის.

დეა ცუცქირიძე